ნატოს დახმარების გჯეროდეს, მაგრამ რუსეთთან საზღვარი მაინც დანაღმე... - კვირის პალიტრა

ნატოს დახმარების გჯეროდეს, მაგრამ რუსეთთან საზღვარი მაინც დანაღმე...

რიგაში შეხვედრისას ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის თავდაცვის მინისტრები 19 იანვარს შეთანხმდნენ, რომ დაიწყონ თავდაცვის ზღუდეების აგება აღმოსავლეთით, რუსეთთან საზღვარზე... ბალტიისპირეთის ეს ქვეყნები ზუსტად 20 წლის წინ, 2004 წლის 29 მარტს, გახდნენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრულუფლებიანი წევრები, მაშინ, რისღა ეშინიათ, ნუთუ "ნატოს თავდაცვის ქოლგის" ქვეშ მაინც ვერ გრძნობენ თავს უსაფრთხოდ?

ერთს, ჩემი თვალით ნანახსა და ჩემი ყურით მოსმენილს გავიხსენებ - 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან მეოთხე თვის თავზე ქართველ ჟურნალისტთა მცირე ჯგუფი რიგაში თავდაცვისა და უსაფრთხოების თემაზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე ჩავედით და ისე დაემთხვა, რომ ლატვიის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ აღლუმსაც დავესწარით, სადაც ლატვიის არმიის საბრძოლო ტექნიკამ და შეიარაღებამ არცთუ დიდი შთაბეჭდილება დატოვა - აგვისტოს ომში დამარცხებისა და სამხედრო ტექნიკის არცთუ მცირე რაოდენობის დაკარგვის მიუხედავად, ქართული არმია ლატვიისაზე ათი თავით მაღლა იდგა. იმ მომენტისთვის ლატვია და ბალტიისპირეთის კიდევ ორი მეზობელი ქვეყანა უკვე ოთხი წლის "შეყუჟული" გახლდნენ "ნატოს ქოლგის" ქვეშ და ვიფიქრე, ეტყობა, ამის იმედზე არიან-მეთქი, თუმცა ერთმა ლატვიელმა გენერალმა პირად საუბარში კბილებში გამოცრა - სანამ ნატო გერმანიიდან თავის "აბრამსებს" გადმოისვრის ლატვიის დასახმარებლად, რასაც ორ კვირაზე მეტი დრო მაინც დასჭირდება, საზღვართან დილას დაქოქილი რუსული ტანკი საღამოს უკვე ბალტიის ზღვის პლაჟზე გამორთავს ძრავას და გადაგვივლის მთელ ლატვიას. თქვენ, ქართველებს, რუსული ტანკებისგან დასაცავად ღმერთმა გიბოძათ ბუნებრივი ფარი კავკასიის ქედის სახით და როგორ ვერ გამოიყენეთ ეს დიდი უპირატესობაო.

ის ლატვიელი გენერალი მართალი გახლდათ - ჩვენ ვერ შევძელით როკის გვირაბის ჩაკეტვა, ბალტიისპირელებს კი მხოლოდ... ერთი საბჭოთა ტანკი ჰყავდათ შემორჩენილი, რომელსაც რიგრიგობით ათხოვებდნენ ერთმანეთს, რათა სამხედრო სწავლებების დროს შეტევაზე გადასულ რუსულ ტანკზე წარმოდგენა მაინც შეექმნათ თავიანთი მებრძოლებისთვის.

მას შემდეგ ორი ათეული წელი გავიდა და რა შეიცვალა ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე, იქ, სადაც ალიანსის წევრი ბალტიისპირეთის ქვეყნები უშუალოდ რუსეთს ესაზღვრებიან? ძალიან ბევრი, მაგრამ მაინც... არასაკმარისად!

დავიწყოთ იმით, რომ ესტონეთს რუსეთთან 333,7 კმ სახელმწიფო საზღვარი აქვს, ლიტვას - 270,5 კმ, ლიეტუვასა და პოლონეთს რუსეთის კალინინგრადის ოლქთან, შესაბამისად, 266 და 232 კმ. ამას დაემატა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 31-ე წევრად მიღებული ფინეთის 1 271,8 კმ საზღვარი რუსეთის ფედერაციასთან (ისე, ინფორმაციისთვის: პირველი "ცივი ომის" დროს საბჭოთა კავშირი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს მხოლოდ საქართველოსა და სომხეთის თურქეთთან საზღვრით "ემეზობლებოდა").

samx2-1705844278.jpg
პუტინის გასაფრთხილებლად ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ამ კვირას იწყებს და მაისამდე გააგრძელებს პირველი "ცივი ომის" შემდგომ ნატოს ყველაზე მრავალრიცხოვან სამხედრო სწავლება Steadfast Defender 2024-ს, რომელიც გერმანიის, პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების ტერიტორიებზე გაიმართება და მასში 90 ათასი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას...

ნატოს წევრმა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა რუსული "მსუბუქი ძალიდან" მომდინარე რეალური საფრთხე პირველად რამდენიმე წლის წინ იგრძნეს, როდესაც პუტინ-ლუკაშენკოს ერთობლივი საიდუმლო გეგმის თანახმად, რუსეთისა და განსაკუთრებით ბელარუსის საზღვრებიდან ლიეტუვასა და პოლონეთს ავღანელი, ერაყელი თუ სირიელი მიგრანტების არმიები შეუსიეს და ბელარუს მესაზღვრეებს მიგრანტების ჯგუფები ღამღამობით თავად მიჰყავდათ ნატოს წევრი ამ ქვეყნების საზღვრებთან და მათ უკანონოდ გადალახვაშიც ეხმარებოდნენ.

პოლონელები, ლატვიელები და ლიეტუველები იძულებული შეიქნენ ჯერ მავთულხლართები, შემდეგ რკინის მესერი გაევლოთ სახელმწიფო საზღვრის უმეტეს ნაწილზე, რამაც მეტ-ნაკლებად კი შეაკავა ახლო აღმოსავლეთიდან ლუკაშენკოს მიერ "მიწვეული" მიგრანტების "ტალღების" შეღწევა, მაგრამ რკინის მესერი 45-ტონიან რუსულ ტანკს ვერ შეაჩერებს.

ოცი წლის წინანდელი სიტუაციისგან განსხვავებით, დღეს ალიანსის წევრი ბალტიისპირეთისა და პოლონეთის ტერიტორიებზე უკვე ბაზირებენ ნატოს სხვა წევრი ქვეყნების დანაყოფები მძიმე ჯავშანტექნიკით, არტილერიითა და საავიაციო ესკადრილიებით, რაც გამორიცხავს რუსული სატანკო იერიშების მოულოდნელობის ეფექტს, მაგრამ არც იმის სრულ გარანტიას იძლევა, რომ რუსულმა სახმელეთო დაჯგუფებამ ვერ შეძლოს თავისი ანკლავისკენ, კალინინგრადის ოლქისკენ გაჭრა, მათ შორის "სუვალსკის დერეფნის" დაკავებით, რომელიც პოლონეთს ლიეტუვასთან აკავშირებს და მისი დაკარგვის შემთხვევაში ნატოს სახმელეთო გზას ჩაეჭრება თავის ბალტიისპირელ წევრებთან ლიეტუვასთან, ლატვიასა და ესტონეთთან.

ის, რომ ნატო-რუსეთის შეიარაღებული დაპირისპირების დაწყება უახლოეს ხუთ ან უფრო მეტი წლის შემდეგ შეიძლება გარდაუვალი გახდეს, ამას თავად ნატოს სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობაშიც აღარ მალავენ, ისევე როგორც, მაგალითად, გერმანიის ბუნდესვერი კონკრეტულ სცენარებს განიხილავს, თუ რომელ მიმართულებებზე და რა ძალებით მოახერხოს აღმოსავლეთ ევროპაში შეჭრილი რუსული სატანკო დაჯგუფებების შეჩერება.

ამიტომაც უკვე გასაკვირი აღარც არის, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები ცნობილ გამონათქვამს, ღმერთის იმედი გქონდეს, ოღონდ შენც ხელი გაანძრიეო, ითვალისწინებენ მცირე ინტერპრეტაციით - ნატოს დახმარების გჯეროდეს, მაგრამ რუსეთთან საზღვარი მაინც დანაღმე, ბუნკერები ჩადგი, სიფრთხილეს თავი არ სტკივაო.

ესტონეთი აპირებს რუსეთთან 333,7 კმ სიგრძის სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთებზე 600-ზე მეტი 30-35 კვმ ანუ "ხრუშჩოვკის" ერთოთახიანი ბინის მოცულობის რკინა-ბეტონის ბუნკერები ჩაფლას, თითოეულ მათგანში ათი მებრძოლი განთავსდება მოწინააღმდეგის საარტილერიო და საავიაციო დაბომბვების მომენტში და დაზღვეული იქნება 152 მმ კალიბრის საარტილერიო ფუგასური ჭურვის პირდაპირი მოხვედრისას წარმოქმნილი აფეთქების ტალღისა და ნამსხვრევებისგან.

ესტონელების ინიციატივას უერთდებიან ლიეტუველი და ლატვიელი სამხედროებიც, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გასულ წელს ცხადი შეიქნა, რომ რუსი ოკუპანტების შექმნილმა ნაღმურმა ველებმა და სხვა საფორტიფიკაციო-საინჟინრო საშუალებებმა ფაქტობრივად ჩაშალა უკრაინის არმიის ის კონტრიერიშები, რომელთა შედეგს უკრაინელებზე არანაკლებ ნატოშიც მოელოდნენ.

თუკი საქართველოსთან გავავლებთ პარალელს, ბევრს გაახსენდება აგვისტოს ომის შემდგომ მაშინდელი ხელისუფლების დაწყებული ბუნკერების მშენებლობის ბუმი გორი-თბილისის გზის გაყოლებით და თბილისისკენ შემომავალ სხვა მარშრუტებზეც. ამ ბუნკერების ნაწილი დაუმთავრებელი დარჩა, დამთავრებულები დაკონსერვებულია, შეიძლება იმიტომაც, რომ მათი დანიშნულება, თბილისისკენ შეტევაზე გადმოსული მოწინააღმდეგის ჯავშანსატანკო ჯგუფების შეჩერება ამ უზარმაზარი ბუნკერების (რომლებშიც ტანკები და ქვემეხები უნდა ჩაეყენებინათ) ამბრაზურებიდან გაყოფილი ტანკის ლულებიდან სროლით ძნელად წარმოსადგენი გახლდათ, რადგან დიდი გაბარიტების გამო ეს ბუნკერები საუცხოო სამიზნეა მოწინააღმდეგის საავიაციო დაბომბვებისა და საარტილერიო დარტყმებისთვის. ამასთან, შვეულმფრენებიდან გადმოსხმულ მტრის სადაზვერვო-დივერსიულ ჯგუფებს იოლად შეუძლიათ მათი ზურგიდან მოვლა, თანაც დეტონირებადი რეაქტიული "შმელებითაც" თუ იქნებიან აღჭურვილი, ორასი მეტრიდან გაშვებული რაკეტის "შეგდება" ადვილია იმ ამბრაზურაში, საიდანაც ტანკის ლულაა გამოყოფილი, ხოლო რა კატასტროფული ძალა აქვს ბუნკერის დახურულ სივრცეში აფეთქებისას ასეთ "ვაკუუმურ ბომბს", წარმოდგენაც არ ღირს.

ჩვენი სიტუაციისგან განსხვავებით, ბალტიისპირელები "სასაზღვრო" ბუნკერების მიწაში ღრმად ჩაფვლას აპირებენ, ბუნკერებს სანგრებში გასასვლელი ექნება, თუმცა ეს რუსული ტანკებისგან ქვეყნის დაცვის პანაცეად არ განიხილება - მათი მთავარი საბრძოლო ამოცანაა საზღვრისპირა რაიონში რუსული ტანკების რაც შეიძლება მეტი ხნით შეჩერება, რათა მოიგონ დრო ალიანსის მთავარი ძალების მობილიზაციისთვის.

რამდენად რეალური იქნება და როდის შეიძლება დაიწყოს რუსული ან რუსულ-ბელარუსული აგრესია ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის მიმართულებით, ამაზე დღეს პასუხი, ბუნებრივია, არავის აქვს, თუნდაც იმიტომ, რომ ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა მოხდება რუსეთ-უკრაინის ომში სწორედ 2024 წელს.

ამისთვისაც სამი მთავარი პროგნოზი არსებობს:

პირველი - გაგრძელდება პოზიციური საბრძოლო მოქმედებები ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთზე დროდადრო სიტუაციის გამწვავებით, მაგრამ ფრონტის ხაზის დიდი ცვლილებების გარეშე;

მეორე - უკრაინა დასავლეთის ბევრად გაძლიერებული სამხედრო დახმარების წყალობით ისევ კონტრშეტევაზე გადავა და შეძლებს ოკუპირებული ტერიტორიების დიდი ნაწილის დაბრუნებას;

მესამე - დასავლეთს აღარ ეყოფა რესურსი უკრაინის არმიის დასახმარებლად, რუსეთის საოკუპაციო ძალები საბრძოლო ინიციატივას ჩაიგდებენ ხელში და გააგრძელებენ უკრაინის დარჩენილი ტერიტორიის თანდათან დაპყრობას, უკრაინის სრულიად დამარცხებამდე.

ამ არასასურველი, მესამე პროგნოზის შემთხვევაში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთი ფლანგი უფრო მალე აღმოჩნდება რუსულ-ბელარუსული სამხედრო აგრესიის საფრთხის წინაშე, რადგან უკრაინაზე გამარჯვებული პუტინი თუ მისნაირი კრემლის ახალი ბინადარი აუცილებლად "გაუხსენებს" ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და განსაკუთრებით კი პოლონეთს, უკრაინისთვის გაწეულ სამხედრო დახმარებას და შურისძიებას შეეცდება.

არსებობს მოსაზრება, რომ რუსეთი უკრაინასთან ომში უფრო და უფრო ზემობილიზებული ხდება - მნიშვნელოვნად ზრდის არმიის რიცხოვნობას, აფართოებს სამხედრო მრეწველობას, მიუხედავად უამრავი დასავლური სანქციისა, და ამ ყველაფრისთვის მილიარდებს შოულობს ნავთობისა და ბუნებრივი აირის უპრობლემოდ და უფრო დიდი რაოდენობით გაყიდვით მთელ მსოფლიოში, ეს კი კიდევ ერთხელ ამტკიცებს ძველ რუსულ ანდაზასა და ასევე მეოცე საუკუნის დასაწყისში გერმანიის კანცლერ ოტო ფონ ბისმარკის დანანებით ნათქვამს: Русские долго запрягают, но быстро едут - ანუ რუსები დიდხანს ემზადებიან, მაგრამ შემდეგ სწრაფად მოქმედებენო.

"ომი გამოფიტვამდე", რისი დიდი იმედიც ჰქონდათ დასავლეთში, ჯერ ისევ სწორედ დასავლეთს უქმნის პრობლემებს, ვიდრე აგრესორ რუსეთს.