„მაინც ვერ მივიღე ცხოვრებისგან მთავარი გაკვეთილი, დღემდე ისეთივე მიმნდობი, მიამიტი და გულწრფელი ვარ“
ტელეწამყვანი ემა ტუხიაშვილი 20 წელზე მეტია, "პალიტრამედიაში" მუშაობს და ამ დროის განმავლობაში მისი საქმიანობა ძალიან მრავალმხრივი და მრავალფეროვანი იყო. აქტიურ ჟურნალისტიკაში მისი პირველი ნაბიჯები ბეჭდურ გამოცემებს უკავშირდება - ჟურნალს "გზა" და გაზეთ "კვირის პალიტრას", მოგვიანებით, ვებგვერდ "ბიზნესპრესნიუსს", რასაც უფრო საინტერესო აღმასვლა მოჰყვა - ჯერ რადიოგადაცემები ეკონომიკურ თემებზე, შემდეგ კი - ტელევიზია და პოლიტიკური ტოქშოუ. საქმიან და ძლიერ ქალს, რომელსაც ეკრანზე ერთი შეხედვით მკაცრი იმიჯი აქვს, სირთულეებით, მაგრამ, იმავდროულად, საინტერესო ამბებით დატვირთული ცხოვრების გზა აქვს განვლილი, რასაც ჩვენთან საუბარში ემოციურად იხსენებს:
- "ემას შოუ" ერქვა გადაცემას, რომლითაც პირველი სატელევიზიო გამოცდილება მივიღე. ბევრი დასამახსოვრებელი რესპონდენტი მყავდა. მაგალითად, იქ თქვა ცნობილი ფრაზა გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც მაშინ განათლების მინისტრი იყო - "მე პლასტელინივით კაცი ვარ და სადაც მიმაგდებ, იმ ფორმას მივიღებ"; ცხონებულმა ნოდარ ხადურმა კი ასეთი რამ თქვა, "ჩვენ შოკები კი არა, შოკუნიები გვაქვს"; ჩემი და კახა ბენდუქიძის ცნობილი ფრაგმენტიც კარგად მახსოვს, რას... მეკითხებიო...
- შენს ამჟამინდელ გადაცემაზე ვისაუბროთ - თოქშოუ "360 გრადუსი".
- "360 გრადუსი" კონკურსით შერჩეულ წამყვანს მიჰყავდა, რომელიც უცხოეთში წავიდა და ტელევიზიის ხელმძღვანელობამ ამ გადაცემის წაყვანა მე შემომთავაზა. ვინაიდან პოლიტიკა ჩემთვის უცხო სფერო იყო, დროთა განმავლობაში ბევრი რამ დავხვეწე, ანალიტიკური აზროვნება, უნარ-ჩვევები განმივითარდა და ახლა ყველაფერი შედარებით გამარტივდა, თუმცა მუშაობა გაცილებით საპასუხისმგებლოა.
- მკითხველისთვის საინტერესო იქნება "360 გრადუსის" შიდა სამზარეულოსთვის თვალის შევლება. როგორ იქმნება გადაცემა?
- აქ არ არსებობს, დღეს გადაცემა არა მაქვს და ამაზე არ ვფიქრობ, ან შაბათ-კვირაა, ახალი წელია და ვისვენებო. ხშირად ღამით გამღვიძებია და საკადრო ტექსტი, საკვანძო ფრაზები უცებ დამიწერია მობილურში. ეკრანზე მხოლოდ მე ვჩანვარ, თუმცა ეკრანს მიღმა ძალიან ბევრი ადამიანის უდიდესი შრომაა - პროდიუსერების, ტექნიკური ჯგუფის, საეთეროს, ყველა ადამიანი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი პროდიუსერი თაია არდოტელია, რომელზეც მოდის მთელი ტვირთი - სტუმრების შეთანხმება, რაც არც ისე მარტივია საქართველოში, სადაც ბევრი ტელევიზიაა, პოლიტიკოსები კი ყველას სჭირდება და ეთერიდან ეთერში გადადიან; ზოგჯერ მიკვირს კიდეც, როგორ შეუძლია თაიას ასე დაჟინებით რეკოს, დაითანხმოს სტუმარი, თანაც ყველა მათგანს მისთვის დამახასიათებელი მოთხოვნები აქვს, ზოგს არ უნდა დებატებში მონაწილეობა, ზოგს უნდა პირველი სტუმარი იყოს, ზოგს - თვითონ დახუროს გადაცემა.
ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი რგოლია ნიჭიერი და შეუპოვარი გიორგი გოგოლაძე, რომელსაც შეუძლია ძალიან საინტერესო ინფორმაცია მოიძიოს რესპონდენტებზე, "გამოსტყუოს" და მერე ყურში ჩუმად მითხრას, ეთერს მიღმა ასეთი რამ თქვა და დაელაპარაკე, იქნებ ეთერშიც გითხრასო.
აქტუალური პოლიტიკური თემების გაშუქება აზარტთანაცაა დაკავშირებული და მაგ დროს დაღლას ვერ გრძნობ. მაგალითად, აქციებზე როცა მუშაობ, დროის შეგრძნება დაკარგული გაქვს. მახსოვს, ყველაზე რეკორდული იყო სპეცოპერაცია, როცა აჰმედ ჩატაევის დაჯგუფება აიყვანეს - ექვსი საათის განმავლობაში რეკლამაზეც კი არ გავსულვართ, პროდიუსერი დროდადრო ცხელ ყავასა და ჩაის მაწვდიდა. ეს იმხელა დრაივია, დაღლას ვერ გრძნობ.
- მძიმე ეთერებიდან ყველაზე მძაფრად რომელი გახსენდება.
- გიორგი შაქარაშვილის თემა ჩემთვის ძალიან მძიმე იყო... ყოფილა შემთხვევა, გინდა იტირო ეთერში, ხმა გებზარება, მაგრამ ყელში მოწოლილი ემოცია უნდა "გადაყლაპო" და ეთერი გააგრძელო. ძალიან მძიმე იყო თამარ ბაჩალიაშვილის თემა, როდესაც მის მშობლებს პირდაპირ ეთერში ვრთავდით. ასევე, დიდ დიღომში დაღუპული 12 წლის ანასტასია იანუშაიტიტეს ამბავი, როცა გამწარებული დედა გელაპარაკება და შენ ათას შეკითხვას უსვამ... ასეთ დროს ძალიან მოზომილი უნდა იყო, ფაქიზი თემაა, თან გერიდება, რადგან ადამიანი ამხელა სულიერი და ფიზიკური ტრავმით ეთერში გიზის და შენ გელაპარაკება.
ჩემთვის, პიროვნულად, კიდევ ერთი გადაცემა იყო ძალიან მძიმე... დღემდე მახსოვს, ვინ მყავდა სტუმრად მოწვეული. ეთერამდე 10 წუთი იყო დარჩენილი, უკვე წამყვანის მაგიდასთან ვიჯექი და ტელეფონზე მირეკავს ნათესავი... რატომღაც ვუპასუხე და არ ვიცი, მან რატომ გადაწყვიტა პირდაპირ ეთქვა, რომ... მამაჩემი გარდაიცვალა... მახსოვს პროდიუსერის შეკითხვა, რა ვქნათ, გავაჩეროთ გადაცემა? არა, სტუმრები მოსული არიან და გადაცემა უნდა გავიდეს-მეთქი, ვუთხარი. ის დღე არასდროს დამავიწყდება...
მას შემდეგ სტრესის მართვა ვისწავლე, ასეთი შემთხვევები სხვანაირად გაძლიერებს... გამოცდილების ამბავია... ეთერში ეს ყველაფერი არ ჩანს. როცა მითქვამს, რომ სიცივის აუტანლობა მაქვს, აუტოიმუნური დაავადება, მე ხომ მძიმე პერიოდი გავიარე-მეთქი, მეუბნებიან ხოლმე, ეთერში ეს არასდროს გეტყობოდაო. ჰო, ასეა. როცა მორალურად მძიმე პერიოდი მქონია, პროდიუსერებს უთქვამთ, ხომ არ გინდა ვინმემ შეგცვალოსო, მაგრამ არა, ყველა პრობლემას სტუდიის კართან ვტოვებ და იქ აბსოლუტურად სხვა ემა ვხდები, სხვა პასუხისმგებლობა მაქვს ჩემს მაყურებელთან, რომელიც მართლა გრძნობს, რომ ძალიან მიყვარს და ამ სიყვარულს ქუჩაში უკანვე მიბრუნებს დიდი სითბოთი, ეს კი საოცარ ძალას მმატებს, უდიდესი სიხარული, ბედნიერებაა.
"360 გრადუსის" წამყვანობას დედაჩემი ვერ მოესწრო, 63 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. კლინიკაში თიაქრის დიაგნოზით შევიყვანეთ, მეორე დღეს ოპერაცია უნდა გაეკეთებინათ და დილით, სამსახურში მოსულმა გავიგე, რომ დაიღუპა... ერთია, ასეთი ახლობელი ადამიანის დაკარგვა და მეორე, როცა საკუთარ თავს ადანაშაულებ, რომ მისი გადარჩენა ვერ შეძელი... დედას გარდაცვალებიდან ძალიან მალე გამოჩნდა "360 გრადუსი" ჩემს ცხოვრებაში და თავიდან ბოლომდე გადავერთე.
კიდევ უფრო მაძლიერებენ ჩემი შვილები და შვილიშვილი. ჩემსა და ანას შორის ასაკობრივი სხვაობა 19 წელია, ნიკა 30 წლის ასაკში გავაჩინე. მას კალათბურთი უყვარს და მისი დამსახურებით ცნობილი კალათბურთელების ბიოგრაფიიდან ბევრი საინტერესო რამ ვიცი და ჩემს რესპონდენტებთან თავს ვიწონებ ხოლმე.
- ასეთი დატვირთული სამუშაო გრაფიკის მიღმა, საოჯახო საქმეებს როგორ უმკლავდებოდი?
- სამსახურიდან სახლში რომ მივდივარ, პროდუქტების ყიდვა-მოტანა იქნება, სადილის მომზადება, დალაგება თუ სხვა საოჯახო საქმე, ყველაფერს ვაკეთებ; მანქანას ზეთი და "კალოდკები" როდის აქვს გამოსაცვლელი, ანტიფრიზი ჩასასხმელი, ყველაფერს ვაგვარებ; ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ქალს აუცილებლად უნდა ჰყავდეს გვერდში ძლიერი მამაკაცი, ძლიერი ზურგი, რადგან ეს ფუნქციები გადანაწილებული უნდა იყოს. ჩემი შვილი, ნიკა, უკვე იმ ასაკშია, რომ ამ ძლიერ ხელს უკვე ვგრძნობ და ნელ-ნელა ამ ფუნქციებს ჩემთან ერთად ინაწილებს. ანა რომ არ მყოლოდა, კარიერაში ამდენს ვერ მივაღწევდი, იმიტომ, რომ მან გაზარდა ნიკა, დედა შეუცვალა. მისი დამსახურებაა, რომ ვარჯიში დავიწყე. ანა ყოფილი მოდელია და იცის, როგორ იმუშაოს საკუთარ თავზე. სხვათა შორის, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 20 კილოგრამზე მეტი დავიკელი შინ სისტემატური ვარჯიშით.
- როგორ ფიქრობ, ძლიერი ქალი ხარ?
- 50/50-ზე.
- ძლიერი ქალი თავისი სისუსტეებით?
- შეიძლება ითქვას... ახლობლები მეუბნებიან ხოლმე, ნუ ტირი, ცრემლები არავინ დაინახოსო, მაგრამ მგონია, რომ ტირილიც სიძლიერის ნიშანია, როცა შეგიძლია შენი ემოცია არ დამალო და გამოხატო.
- ემოციური ხარ?
- ჩემს დაავადებას ემოციურობა ახასიათებს... თუ რაღაც ისეთი არ მოხდა, ყოველთვის შემიძლია საკუთარი თავის მართვა, თუმცა არის პერიოდები, როცა მიჭირს, ყველაფერი გულთან მიმაქვს.
- ახალგაზრდა ბებია ხარ და რა შეგრძნება იყო, როცა პირველად გააცნობიერე ეს ახალი ამპლუა?
- ჩემი შვილიშვილი ახლა 1 წლის და 4 თვისაა, აბსოლუტურად სხვა სამყაროში გამიხსნა კარი, მასთან ერთად ჩემი სრული გარდასახვა ხდება. ძალიან მიხარია, რომ ბებო ვარ.
- ემა, როგორც ვიცი, ყაზახეთში დაიბადე.
- მამა სამხედრო ქალაქში მსახურობდა. მინუს 40 გრადუს ყინვაში გავიზარდე. ჩემი ძმაც იქ დაიბადა და დაახლოებით 7 წლამდე ყაზახეთში ვცხოვრობდით. ზაფხულს საქართველოში, ბებიასთან ვატარებდით მუხრანში. მადლობელი ვარ მამაჩემის იმისთვის, რომ ოჯახში სულ ქართულად გველაპარაკებოდა.
ბევრი მეკითხება, რატომ მქვია ემა, ეს სახელი მამამ დამარქვა. გერმანელი სამხედრო ქალი იყო ემა, რომელიც მოსწონდა.
- რას ეტყოდი იმ ემას, რომელიც იყო 17 წლის და პირველ ნაბიჯებს დგამდა ცხოვრების დიდ ასპარეზზე?
- იმ ემას ვეტყოდი, რომ არასდროს არ უნდა იყო ისეთი მიმნდობი და მიამიტი, როგორიც ხარ. იყავი უფრო ფრთხილი, უფრო დისტანცირებული და მეტად შეიყვარე საკუთარი თავი, შენს ინტერესებზე იყავი ორიენტირებული. ამას ვეტყოდი 17 წლის ემას, რომელიც ჩამოვიდა თბილისში სასწავლებლად, ქირით ცხოვრობდა და სასწავლებელში ფეხით დადიოდა; ზამთარში საჯარო ბიბლიოთეკაში უწევდა მეცადინეობა თბილი ჟაკეტით, იმიტომ, რომ ლაბადა არ ჰქონდა... 17 წლის ემა რას ეტყოდა 47 წლის ემას? ეტყოდა, რომ 30 წლის განმავლობაში შენ მაინც ვერ მიიღე ცხოვრებისგან მთავარი გაკვეთილი, დღემდე ისეთივე მიმნდობი, მიამიტი და გულწრფელი ხარ...
- როგორ გადალახე ის სირთულეები, რაც იმ პერიოდს ახლდა თან.
- მაშინ ჩემმა მშობლებმა შეუძლებელი გააკეთეს. მახსოვს, იმისათვის, რომ თბილისში მესწავლა და მეცხოვრა, დედამ თავისი სამკაულები ნელ-ნელა გაყიდა. სანამ ცოცხალი იყო, ყოველთვის მადლობას ვუხდიდი ამ ამაგისთვის. დღემდე ფსიქოლოგიური ბარიერი მაქვს, მის საფლავზე ვერ მივდივარ... 2015 წელს გარდაიცვალა და მისი დასაფლავების შემდეგ, შარშან, მაისში ავედი პირველად, როდესაც ბიძაჩემი მის გვერდით დავკრძალეთ. დედის საფლავის დანახვისას ზუსტად იგივე რეაქცია მქონდა, როგორიც მისი დასაფლავების დღეს.
- რა არის შენთვის ყველაზე ღირებული ურთიერთობებში?
- ადამიანური თვისებები და ღირებულებები და არა მატერიალური მხარე. მთავარია, სიყვარული ადამიანებს შორის, მეგობრობა, ურთიერთგატანა. ვთვლი, რომ ყველაზე დეფიციტური სწორედ ადამიანობაა. რასაც გავცემ ჩემთვის ძვირფასი ადამიანებისთვის, იშვიათად ვიღებ მათგან იმავეს და სამწუხაროდ, იმედგაცრუება არ მთავრდება...
- და ბოლოს, რას ელი 2024 წლისგან?
- 2024 წელი დაიწყო იმით, რომ წინა პლანზე მძიმეწონიანი აქტორები გამოდიან და დიდი ენთუზიაზმითა და ჩართულობით ველოდები მოვლენების განვითარებას. ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა მაყურებელს საინტერესო მსჯელობა შევთავაზოთ ეთერში.
სულ ცოტა ხნის წინ ჩემმა ფეხბურთელმა სიძემ, თორნიკე ძოწენიძემ, სლოვაკეთის ერთ-ერთ საფეხბურთო გუნდთან კონტრაქტი გააფორმა და პირველად მომიწევს ჩემს შვილსა და შვილიშვილთან ამდენი ხნით განშორება, ამას განვიცდი... ნიკა აბიტურიენტია, თან სპორტითაა დაკავებული და ძალიან დატვირთულია. სულ ვარიგებ, მთავარია, მოინდომო და ყოველდღე გუშინდელ შენს თავს აჯობო, წარმატების სხვა რეცეპტი ცხოვრებაში არ არსებობს.
სხვა მხრივ, ნებისმიერი გამოწვევისთვის მზად ვარ. ჩემს პროფესიაში კიდევ ბევრის თქმას ვაპირებ.