რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ კლიმატური ცვლილებების გამო - კვირის პალიტრა

რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ კლიმატური ცვლილებების გამო

კლიმატის ცვლილების გამო მსოფლიოს არაერთ ურთულეს პრობლემასთან უწევს გამკლავება. როგორც ქართველი კლიმატოლოგები ამბობენ და მოვლენებიც ცხადყოფს, ბოლო ათწლეულში ატმოსფერული ნალექების ინტენსივობის მატებამ მნიშვნელოვნად გაზარდა წყალმოვარდნების შემთხვევათა რიცხვი. მათივე თქმით, ქვეყნის რთული კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, წყალდიდობა-წყალმოვარდნების საფრთხე კვლავ დიდია. ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა მყინვარების დნობა და ეს თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა შოვის ტრაგედიის შემდეგ, რომელიც, როგორც გაირკვა, გლაციალურმა ღვარცოფმა გამოიწვია.

როგორ აისახება კლიმატის ცვლილება საქართველოზე და რამდენად გაზრდილია მისგან მომდინარე საფრთხეები, "კვირის პალიტრასთან" ჩვენი რესპონდენტები საუბრობენ:

"თუ კლიმატის ცვლილება ასეთი ტემპით გაგრძელდა, მდინარეებში წყლის რესურსების გადაფასება მოგვიწევს"

ლაშა სუხიშვილი, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი:

- რამდენიმე წლის წინ კლიმატის ცვლილება უფრო პროგნოზის ეტაპზე იყო, დღეს კი მართლა ხდება ის პროცესები, რაზეც კლიმატოლოგები ადრე მომავლის პერსპექტივით საუბრობდნენ. ახლო მომავალში აღმოსავლეთ საქართველოში შემცირდება ნალექები, ანუ 20-30-წლიან პერიოდში წვიმის დაახლოებით 10-20%-ის კლებაა ნავარაუდევი, მაგრამ გაიზრდება წვიმის ინტენსივობა - წლის განმავლობაში ნაკლები წვიმა მოვა, მაგრამ როცა მოვა, იქნება ძალზე ინტენსიური. რეალურ ცხოვრებაში ეს ნიშნავს, რომ: 1. გაიზრდება გვალვიანი დღეების რაოდენობა, რაც ძალზე მტკივნეული იქნება სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოსთვის (განსაკუთრებით კახეთისა და ქვემო ქართლისთვის). მდინარეებს მოუწევთ ახალი ჰიდროლოგიური რეჟიმის ჩამოყალიბება, რაზეც, სავარაუდოდ, არ იქნება ადაპტირებული ჩვენი განსახლების არეალები - მდინარეები ჩამოაყალიბებენ დიდი რაოდენობით წყალს, წყალმოვარდნას და დატბორავენ ისეთ ტერიტორიებს, რომლებიც აქამდე არ დაუტბორავთ. ბოლო წლების მაგალითისთვის შეიძლება ავიღოთ ვერეს ხეობაც. ამასვეა მიბმული ფერდობების სტაბილურობა - ფერდობები ძველ კლიმატთან მიმართებაში მეტ-ნაკლებად სტაბილურ მდგომარეობაში იყვნენ, მაგრამ როცა ნალექის რეჟიმი იცვლება, შეიძლება ფერდობებიც გამოვიდნენ წონასწორობიდან (ეს იყო ვერეს ხეობის მაგალითი, როცა ხანგრძლივმა და ინტენსიურმა წვიმამ მდინარის კალაპოტში მილიონ კუბურ მეტრზე მეტი მეწყრული მასალა ჩაიტანა).

დასავლეთ საქართველოში ამას ემატება მყინვარების დნობა, რაც, ცხადია, აღმოსავლეთ კავკასიონზეც ხდება, თუმცა დასავლეთში უფრო მეტი მყინვარი და მდინარეა, რომლებიც მყინვარის ნადნობი წყლით იკვებებიან. დღეს დროებით ილუზია გვაქვს, რომ ამ მდინარეებში წყლის რაოდენობა საკმარისია, მაგალითად, ჰიდროენერგეტიკისთვის, მაგრამ მყინვარების დნობა არ არის ულევი პროცესი, მათ თავისი ლიმიტი აქვს. აღმოსავლეთ საქართველოში არის მყინვარები, რომლებიც უკან იხევენ, ფაქტობრივად, ქრებიან, დასავლეთ საქართველოში უკან იხევენ და ორად იყოფიან.

თუ კლიმატის ცვლილება ასეთი ტემპით გაგრძელდა, მდინარეებში წყლის რესურსების გადაფასება მოგვიწევს, ჰიდროენერგეტიკას სხვა თვალით უნდა შევხედოთ და ა.შ.

გვალვიანი და მზიანი დღეების რაოდენობა, ჰაერის ტემპერატურა პირდაპირ კავშირშია ტყისა და ველის ხანძრებთან. სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც ტყე არ არის, ხშირია ინტენსიური ველის ხანძრები. ამას ემატება ხელოვნურად გაჩენილი ხანძრები. ასევე, უნდა ვახსენოთ სეტყვაც, რომელიც ხშირად მოდის აღმოსავლეთ საქართველოში და რომლის ინტენსივობაც გაიზრდება. როცა კლიმატის ცვლილებაზეა საუბარი, ეს ნიშნავს, რომ რაღაც მომენტში შეიძლება საპირისპირო სურათი დადგეს, ანუ უფრო აგრილდეს, ამინდი უფრო ტენიანი და ნალექიანი გახდეს. არსებობს კლიმატის ცვლილების მოდელები, რომლებიც დამოკიდებულია ატმოსფეროში სათბურის ეფექტის მქონე აირების გაფრქვევის ინტენსივობაზე. თუ გაფრქვევების რაოდენობა ნაკლები ტემპით გაიზრდება, დასტაბილურდება ან შემცირდება, სხვა სცენარი მოქმედებს, მაგრამ საბოლოოდ მეტ-ნაკლებად ის სურათი იქმნება, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ.

"სეისმური საფრთხე ჩვენთან ყოველთვის არსებობს"

ზურაბ ჯავახიშვილი, სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სეისმოლოგი:

- არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში აღინიშნება კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საფრთხეები. ესაა წყალდიდობები, წყალმოვარდნები, ღვარცოფი, მეწყერი, ზვავები, გვალვა, სეტყვა, ექსტრემალური ამინდები - დაბალი და მაღალი ტემპერატურის დღეები... მთაგორიან ადგილებში ძალიან დიდია მეწყრის, წყალმოვარდნის საფრთხეები (არა მარტო მყინვარების დნობით, არამედ თოვლის დნობით, წყალდიდობით, შემოდგომაზე ნალექების გაზრდილი რაოდენობით გამოწვეული და ა.შ.), რის შედეგადაც მატულობს კატასტროფები. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ადამიანი ყველგან დიდ ფართობს იყენებს ინფრასტრუქტურისთვის, სოფლის მეურნეობისთვის, საცხოვრებლადაც და შესაბამისად, ადამიანებიც ვზრდით ამის საფრთხეებს.

მსოფლიოში მყინვარების დნობა ზღვის დონის აწევასაც იწვევს და კლიმატის ცვლილების გამო გრიგალების, ციკლონებისა და შტორმის ინტენსივობაც მატულობს. საბედნიეროდ, ეს ჩვენთვის არ არის იმდენად საფრთხე, რადგან შავი ზღვა შიდა ზღვაა, მაგრამ სანაპიროსთან დაკავშირებული პრობლემები აქაც მატულობს - უკვე იყო და იქნება შტორმები. რაც შეეხება მიწისძვრას, ჯერ ამ მხრივ არაფერი შეიცვლება. თუმცა, სეისმური საფრთხე ჩვენთან ყოველთვის არსებობს და ამასაც დიდი ყურადღება უნდა მიექცეს.

"სტიქიამ არაერთხელ შეგვახსენა თავი და ყოველ ჯერზე დიდი ზარალით დასრულდა"

ლევან ტიელიძე, გლაციოლოგი:

- კავკასიონის მყინვარების სისქეში შემცირება მატულობს, რაც ნიშნავს, რომ მყინვარები ნაკლებად სიცოცხლისუნარიანები ხდებიან, ყინული თხელდება და სიმტკიცეს კარგავს, შესაბამისად, ირღვევა მათი სტაბილურობა, ისინი სტიქიური პროცესების მიმართ საშიში ხდებიან. მყინვარების დნობის სწრაფი ტემპი ტემპერატურის მატებამ განაპირობა. მყინვარების მასის ბალანსის კვლევამ ცხადყო, რომ კავკასიონზე მყინვარების დნობის ინტენსივობა ძალიან მომატებულია. მასის ბალანსი იმის მიხედვით იცვლება, თუ როგორია მყინვარების ფართობისა და მათი სისქეში შემცირების ინტენსივობა. ამ დროს, გარდა იმისა, რომ მყინვარის დნობა მატულობს, მის გარშემო წლების განმავლობაში გაყინული ფერდობებიც იწყებენ ლხობას და კარგავენ სიმტკიცეს. ე.ი. მყინვარების დნობის პარალელურად, ლხვება კავკასიონის ფერდობებიც, რომლებიც ძირითადი ქანებითაა აგებული და რომლებიც გლაციალურ-მყინვარულ ზონაში გვხვდება. შესაბამისად, განსაკუთრებით ზაფხულში, ცხელ ამინდებში გაყინული ფერდობები ლხვება, სიმტკიცეს კარგავს და გრავიტაციის პირობებში მოსალოდნელია მათი ჩამოქცევა და შეიძლება დაილექოს მყინვარის ზედაპირზე და ჩამოიშალოს მდინარეთა ხეობებშიც, ან დროებითი ტბები შექმნას. გლაციალური ღვარცოფის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი სწორედ ამ ფერდობების ჩამოქცევა და ხშირ შემთხვევაში მყინვარების ინტენსიური დნობის შედეგია. დნობა განსაკუთრებით ინტენსიურად მიმდინარეობს იქ, სადაც მყინვარების ენებია (დაბოლოებები, საიდანაც მდინარეები გამოედინება), და იქ დროებითი ტბები წარმოიქმნება. ნოემბერში გადაღებული კავკასიონის სატელიტური სურათების მიხედვით შემიძლია გითხრათ, რომ რამდენიმე დიდი ზომის ტბაა წარმოქმნილი ლეხსირისა და წანერის მყინვარზე (ორივე მესტიის მუნიციპალიტეტშია). ისინი საქართველოს უდიდესი მყინვარებია და ორივეგან საკმაოდ დიდი ტბებია გაჩენილი. როცა ტბის ჯებირი გაირღვევა, ამას მოსდევს წყალმოვარდნა და ღვარცოფის წარმოქმნა, რისი მომსწრენიც შოვში გავხდით. ზოგ შემთხვევაში ისეც ხდება, რომ ტბა შეიძლება არც გაჩნდეს და უეცარი კლდეზვავის შედეგად ღვარცოფი წარმოიქმნას. ისეთი სტიქია, რომელიც ტბის გარღვევას ახლავს, როგორც წესი, უფრო მასშტაბურია. შოვის სტიქია ძალზე კატასტროფული იყო, მაგრამ ისეთი შემთხვევებიც არის, როდესაც მყინვარული ტბა ირღვევა და უფრო დიდ მასშტაბს იძენს. მაგალითად, 2002 წელს კოლკას მყინვარზე, ჩრდილოეთ კავკასიაში (მყინვარწვერის მასივზე), მსოფლიოში ერთ-ერთი დიდი გლაციალური ღვარცოფი დაფიქსირდა და სტიქიამ 125 კაცი იმსხვერპლა.

კავკასიონის მყინვარების ფართობი იმდენად შემცირდა, მომდევნო წლების განმავლობაში უნდა ველოდოთ, რომ მოიკლებს მდინარეული ჩამონადენი. დნობის პარალელურად, მყინვარების მიმდებარე ფერდობებიც განიცდის ლხობას და ეს სტიქიის წარმოქმნა-გააქტიურების პირველწყაროა. ამის შედეგია მყინვარული ღვარცოფები, რომელიც შეიძლება იყოს ისეთი, როგორიც შოვში ვიხილეთ, ფერდობის ჩამოქცევის შედეგად ღვარცოფად რომ წამოვიდა. არის ისეთი სტიქიებიც, რომლებიც მყინვარების დაგუბებული ტბების გარღვევის შემთხვევაში ხდება. დიდი ალბათობით, ტბის გარღვევას მოჰყვა 2019 წელს ნენსკრას ხეობაში სტიქია - სავარაუდოდ, მოხდა მყინვარული ტბის გარღვევა, წყალი გადმოიღვარა და მთლიანად ხეობაში გამოვარდა. ეს ორი სხვადასხვა ტიპის ღვარცოფი და წყალმოვარდნა შეიძლება მყინვარის დნობას მოჰყვეს.

სტიქიამ არაერთხელ შეგვახსენა თავი და ყოველ ჯერზე ის დიდი ზარალით დასრულდა. უნდა ველოდოთ, რომ მსგავსი სტიქიური უბედურებები კიდევ იქნება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.

ეს ისეთი თემაა, სახელმწიფომ ამაში რესურსი არ უნდა დაზოგოს - არც მატერიალური, არც ადამიანური და არც ფინანსური. პრევენციის საშუალებებია მონიტორინგი და წინასწარი შეტყობინების სისტემები, ასევე, მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირებულობაც. შეიძლება ახლა თქვან, ხალხს ნუ აშინებთო, მაგრამ ამაზე თვალის დახუჭვაც არ შეიძლება. როგორც ვიცით, დევდორაკი ისტორიულად საშიში მყინვარია და არის მონიტორინგის სისტემა, სხვაგან კი რას აკეთებენ, არ ჩანს... სტიქია რომ მოხდეს, არიან მზად მოსახლეობის ევაკუაციისთვის, აქვთ გათვლა, რა ფართობი შეიძლება დაფაროს ღვარცოფმა, რომელი სოფელი შეიძლება მოხდეს სტიქიის ზონაში და სხვა? ბოლო ინვენტარიზაციით დადგენილია, რომ 2020 წლის მდგომარეობით, კავკასიონზე 2000-მდე მყინვარია. მყინვარები მტკნარი წყლის მარაგია, საქართველოში დიდი მდინარეები მყინვარებიდან გამოედინება. მართალია, ისინი მყინვარებით იკვებებიან, მაგრამ მათ გარეშეც იარსებებდნენ, თუმცა მდინარეული ჩამონადენი უფრო ნაკლები იქნებოდა. თუ ასე გაგრძელდა, 2100 წლისთვის აღმოსავლეთ კავკასიონის ძირითადი მყინვარები გაქრება. თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ სანამ ისინი გაქრება და სანამ წონასწორობის პროფილი გამომუშავდება, თან ბევრ რამეს გაიყოლებს - მათ ქრობას მოჰყვება სტიქიური პროცესები და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.