„ხმას ამოიღებ, ვაია, ჩუმად იქნები, უი, ვინც ლაპარაკობს, ხომ ტყუის, ვინც დუმს, ის უფრო ტყუის“
მუშაობს თუ არა ქვეყანაში კანონი, ამ კითხვაზე პასუხს რეგიონების მაგალითზე წარმოგიდგენთ, სადაც პასუხი ასეთია: კანონი მხოლოდ ნაწილობრივ მუშაობს, იქ კი, სადაც კანონის აღსრულებაზე კონტროლი ნაკლებია, კანონს შეუძლია სულაც არ იმუშაოს. მაგალითად, ხევსურეთის სოფელ ბარისახოში, რომელიც მთელი ხევსურეთის საყრდენია, ერთადერთი სკოლა-პანსიონია, სადაც ბავშვები ახლომახლო სოფლებიდან სწავლობენ. ამ დროს სოფელი მთის მკაცრ ზამთარში სანახევროდ ელექტროენერგიისა და წყლის გარეშეა. სკოლა-პანსიონიც კი სამწლიანი რემონტის შემდეგ გათბობის ქვაბის გარეშე აღმოჩნდა. ყოველივე ამის შესახებ ბარისახოდან გოგი ჭინჭარაული გვწერს:
"ხმას ამოიღებ, ვაია, ჩუმად იქნები, უი, ვინც ლაპარაკობს, ხომ ტყუის, ვინც დუმს, ის უფრო ტყუის", - მუხრან მაჭავარიანის ამ ლექსის არ იყოს, დუმილი ჩემთვისაც დანაშაულია, ამიტომაც გწერთ. დღეს მართლაც ბევრი რამ კეთდება და ამის დაუნახაობა არ ეგების. მათ შორის, დუშეთის სკოლებსაც ჩაუტარდა რემონტი, მაგრამ საკითხავია, როგორ?! როდესაც ნაკეთები გარედან მტერს უბრმავებს თვალს და შიგნით მოყვარეს, ეს უკვე გულსატკენია. მათ შორის ჩვენს სკოლა-პანსიონშიც ასეა და ბავშვებიც სამწლიანი რემონტის შემდეგ გათბობის ქვაბის გარეშე დარჩნენ. სოფელი კი პერიოდულად გზისა და შუქის გარეშეა. ეს იმ დროს, როდესაც, რემონტის არ იყოს, თითქოს ელექტროკომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიამაც" იმუშავა და დამპალი ხის ელექტრობოძები რკინაბეტონით შეცვალა. ამ ყველაფერთან ერთად კი მიუსაფარი ცხოველების მძიმე პრობლემა გვაქვს, რაზეც მოგვიანებით გეტყვით.
პატივისცემით, გოგი ჭინჭარაული".
ჩვენ დავუკავშირდით ბატონ გოგი ჭინჭარაულს, რომელიც უპირველესად ბარისახოს სკოლა-პანსიონის მდგომარეობაზე გვესაუბრა.
- ბატონო გოგი, თქვენს წერილში მართლაც უამრავ პრობლემაზეა საუბარი, მაგრამ მკაცრ ზამთარში სკოლის გათბობის ქვაბის გარეშე დატოვება, მიუტევებელია. ეს როგორ მოხდა?
- მოხდა უპასუხისმგებლობისა და დაუსჯელობის იმედის გამო. სამი წელიწადი არემონტებდნენ სკოლას, 10 "პრარაბი" გამოიცვალა, ზედამხედველობის სამსახურიც მოდიოდა სამუშაოს შესაფასებლად, მაგრამ მაინც ეს შედეგი მივიღეთ. ან როგორ უნდა ყოფილიყო, როდესაც თავად მუშები ამბობდნენ ე.წ. ზედამხედველზე, ისე იცის საქმე, როგორც ჩვენ ჩინურიო. კომპანიის უცოდინარობას მათივე შესრულებული სამუშაოები აჩვენებს: სანტექნიკა და კანალიზაცია იმდენად უხარისხოდ არის დამონტაჟებული, შეიძლება მოხმარებისას ნაწილი მოსძვრეს. გათბობის ქვაბი ხომ საერთოდ არ მუშაობს. მართალია, ბარისახოში გაზმომარაგება არ არის, მაგრამ შეშის ქვაბზეა საუბარი, რომელსაც მთელი სკოლა-პანსიონი უნდა გაეთბო და ამ დროს ქვაბი არც ამუშავდა.
- ამჟამად ბავშვები რით თბებიან?
- ღუმელებით, შეშის ნაცვლად ახლა დაწნეხილ ნახერხის ფილებს წვავენ.
პანსიონი სამი წელი არემონტეს, მაგრამ სასიცოცხლო სისტემები უხარისხო დატოვეს. კანალიზაციაც ხშირად გამოდის მწყობრიდან. უწყლობისას განსაკუთრებით აუტანელია ეს მდგომარეობა.
- ხევსურეთში წყლის პრობლემა რატომ უნდა იყოს, როდესაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე წყაროა?
- იმიტომ, რომ ხუთი წლის წინ სოფლის წყალგაყვანილობის რეაბილიტაციაც სრული გულგრილობით ჩატარდა. პროცესს რეაბილიტაცია დაერქვა, თორემ არც ძველი, 50 წლის წინანდელი მილები გამოუცვლიათ, არც წყალშემკრები აუზი მოუწყვიათ, არც წყალგამანაწილებელი სისტემები შეუცვლიათ. ისევე როგორც "ენერგო-პრო ჯორჯიამ" რომელმაც ელექტროგაყვანილობის დამპალი ბოძები ბეტონის ბოძებით ჩაანაცვლა, მაგრამ დიდი თოვლის ან წვიმის დროს ან ეს ბოძები იქცევა, ან ელექტროხაზები წყდება და ძირს ცვივა. კომპანიის თანამშრომლები მოდიან და 2-3 დღე უნდებიან შერემონტებას. ცხადია, ამ დროს სოფელს შუქი არა აქვს.
- ალბათ, მოსახლეობა მასობრივად არ რეაგირებს, თორემ კომპანიებს აიძულებდა კანონით ნაკისრი ვალდებულებები შეესრულებინათ.
- ხალხი იღლება ბრძოლით და ჩერდება. იცით, სოფლებს რამხელა პრობლემები აქვს? მათ შორის მიუსაფარი ცხოველების პრობლემებიც დაემატა და სულ იმის გამო, რომ სახელმწიფოს არ სურს, არ ეხალისება ამ პრობლემის მოგვარება. ამიტომაც მიანდო არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ცხოველებს მაშინ იცავენ, როდესაც ბავშვებს გლეჯენ, ნაცვლად იმისა, მთავრობას მოჰკითხონ საბრალო მშიერი ცხოველების მკაცრად აღრიცხვა, გამრავლების ზედამხედველობა და ქუჩაში მათი გაგდების კონტროლი. ვიცი, რომ ყველგან ასეა, მაგრამ ჟინვალში, მგონი, უფრო მეტი პატრონისაგან განწირული და გადაგდებული ძაღლია, ვიდრე ადამიანი ცხოვრობს. ტრასაზე ყრიან ძაღლებს და დამშეულები ადამიანებს გლეჯენ. მეც ისე დამკბინა მიუსაფარმა ძაღლმა, რომ ერთი თვე აცრებზე ვიარე. პარალელურად თან მშიერი ძაღლები მეცოდებოდა და თან სახელმწიფოზე ვბრაზობდი, სახელმწიფოზე, რომელიც რიგითი მოქალაქის დაცვის გარდა, მგონი, ყველაფერს იცავს. თუ რატომ, პასუხი ვერ ვიპოვე, ეგებ თქვენ დამეხმაროთ... ჩვენ შევპირდით ბატონ გოგი ჭინჭარაულს, რომ ამ საკითხებზე შესაბამის ორგანიზაციებს დავუკავშირდებოდით, თუმცა, სამწუხაროდ, არც ერთმა არ ისურვა პასუხის გაცემა: არც განათლების სამინისტრომ და არც "ენერგო-პრო ჯორჯიამ".