ნაგავსაყრელი სავარგულების გვერდით და წყალში ჩაყრილი შრომა?!
ადამიანებს რწმენას ყველაზე მეტად უსამართლობის განცდა ურყევს, მათ შორის თავად სახელმწიფოს ურეაქციობა, რისი მოწმეც არაერთხელ ვყოფილვართ. ისევე, როგორც კასპში მცხოვრები დავით პირანიშვილი, რომლის საქმიანობა შრომაა და სწორედ ამის შესაძლებლობა ეზღუდება სახელმწიფოს უმოქმედობის გამო. არადა, სახელმწიფო ამ სფეროს განსაკუთრებულად უნდა იცავდეს. ამის შესახებ ბატონი დავითი გვწერს:
"გამარჯობა. თქვენი დახმარების იმედი მაქვს. თუმცა არ იფიქროთ, რომ მხოლოდ ამ წერილის იმედზე ვარ და სხვა გზა არ მიცდია სამართლის საძიებლად. საქმე ის არის, რომ 2000-იან წლებში კასპში აუქციონის წესით შევიძინე 15 ჰექტარი მიწა ე.წ. ახტალების ტერიტორიაზე. მიწის ფასი იმ დროისათვის მიზერული იყო. გარდა იმისა, რომ იმ დროს ხალხს მიწა მიტოვებული ჰქონდა, თავად მიწებიც არ ითვლებოდა ნაყოფიერად. ვგულისხმობ იმას, რომ ნიადაგი მწირია და მხოლოდ ხორბლის ან ქერის სათესად უნდა იყოს გამოყენებული. შესაბამისად, მეც ნაკვეთებში მარცვლეულის დათესვა გადავწყვიტე და ასეც მოვიქეცი მიწის შეძენის პირველ წელს. თუმცა ჩემი ეს საქმიანობა, სამწუხაროდ, იქვე დამთავრდა. მიზეზი ორია: პირველი ის, რომ ტერიტორიის ახლოს მოულოდნელად ნაგავსაყრელი გახსნეს, საიდანაც ქარმა მთელი ნაგავი ჩემს ნაკვეთში წამოიღო, პრაქტიკულად ისიც ნაგავსაყრელად აქცია და მეორე კი მეცხოველეობის პრობლემაა. არ ვიცი, როგორ მოხდა, მაგრამ ჩემს შეძენილ მიწაზე მეცხვარეებმა საძოვრის ტრასა გაჭრეს და უკვე წლებია ამ ტრასით ოთხი რაიონის მეცხვარეები სარგებლობენ, მათ შორის იორმუღანლოს მწყემსებიც, რომელთაც ვესაუბრე და მიპასუხეს, ჩვენ არაფერი ვიცით, აქ მინდორია, ცხვარს ვაძოვებთ და ამისთვის არანაირ გადასახადსაც არ ვიხდითო. ალბათ, თქვენ შემეკითხებით, რატომ არ შევღობე კუთვნილი ნაკვეთები. მე კი გიპასუხებთ, რომ ჩემს მდგომარეობაში მყოფი ადამიანისათვის ეს შეუძლებელი იყო. პირველ რიგში იმიტომ, რომ ნაკვეთს რამდენიმეკილომეტრიანი ღობე სჭირდება, რისი დაფინანსებაც ამ ეტაპზე არ შემიძლია და ვერც კრედიტით გადავიხდი, მე ხომ მუშაობის საშუალება არ მომეცა.
გთხოვთ, დამეხმაროთ, რომ სამართალს მიმაგნებინოთ, სახელმწიფომ უნდა დაიცვას ჩემი უფლებები,A ან პრობლემები მოგვაშოროს, რომ მე და ჩემისთანებმა მიწის დამუშავება შევძლოთ, ან ის გადაგვახდევინონ, რაც მწირ ნიადაგებზეა დაშვებული. მე კი შევეცდები თანხა შევაგროვო და ნაკვეთი შევღობო.
პატივისცემით, დავით პირანიშვილი".
ჩვენ დავუკავშირდით ბატონ დავითს:
- ნაკვეთები მაშინ შევიძინე, როდესაც მიწა ყველას მიტოვებული ჰქონდა. მეგონა, დავამუშავებდი, თავსაც ვარგებდი და ქვეყანასაც, მაგრამ სულ ტყუილად...
- არ იბრძოლეთ, რომ სანაგვე სხვაგან გადაეტანათ?
- როგორ არ ვიბრძოლე, სასამართლოშიც შევიტანე განაცხადი, თანხაც გადავიხადე, მაგრამ ამაოდ. სახელმწიფოს ბევრად ძლიერი ადვოკატი ჰყავდა და მისთვის გადახდის შესაძლებლობაც ჰქონდა, ამიტომ დავმარცხდი. მიუხედავად იმისა, რომ "მწვანეები" მეხმარებდნენ, ისინიც ვერაფერს გახდნენ იმ უსულგულო ადამიანებთან, ვინც ეს დაუშვა, რომ სანაგვე სავარგულების გვერდით გადმოეტანა. ამ სიტუაციაში გამოსავალი ის ვნახე, რომ სანაგვის მიმდებარე ნაკვეთი გავყიდე. ისეთ პირს მივეცი, რომელსაც იმედი ჰქონდა, რომ სანაგვის გადატანას მიაღწევდა, თუმცა, სამწუხაროდ, ისიც ამაოდ იბრძვის ამ საქმისთვის. ამის შემდეგ მინდოდა დარჩენილი მიწა მაინც დამემუშავებინა, მაგრამ ვერც ეს შევძელი, რადგან ამ ტერიტორიებისაკენ რატომღაც საძოვრების ტრასამ გადმოიწია, ცხვარი ჩემს შეუღობავ ნაკვეთებს შეესია და გადაძოვა.
- რატომ არ შეღობეთ ნაკვეთი? ხომ იცით, რომ შეუღობავ მიწას პირუტყვი დაგიზიანებთ?
- იმიტომ ვერ შევღობე, რომ ნაკვეთების შეღობვის სახსრები არ გამაჩნია, ამას რამდენიმე კილომეტრი ღობე სჭირდება, რასაც დიდი ფული უნდა, მე კი ჩემი ოჯახური მდგომარეობის გამო ვერ მოვაქუჩე, მით უფრო, რომ სახელმწიფომ მუშაობის შესაძლებლობა არ მომცა. ამ მიზნით აგროკრედიტი უნდა ამეღო ბანკიდან და მერე გამუდმებით გადამეხადა, რასაც ვერაფრით შევძლებ. თუმცა ჩემი მწირი ნაკვეთებისათვის კოლოსალურ გადასახადს რომ არ მახდევინებდნენ ყოველწლიურად, ახლა შეღობვის ფულიც შეგროვებული მექნებოდა, ნაკვეთებიც შეღობილი და მოსავალიც მოყვანილი.
- რამდენს იხდით ნაკვეთებისთვის, რომელიც მწირია და თანაც ვერ ამუშავებთ.
- 400 ლარს ვიხდი ყოველწლიურად. უცხოელი ფერმერების საშუალებით გავიგე, რომ ევროპაში მწირი ნიადაგებისათვის გადასახადს არ იხდიან. მითხრეს, პირიქით, სახელმწიფო აქეთ გვიხდის ფულს, რათა მწირ ნიადაგზე მოსავალი მოვიყვანოთო. გგონიათ, ამ გადასახადის შემცირებისთვის არ მიზრუნია? არაერთხელ ჩავედი თბილისში, რომ შესაბამისი ორგანიზაციისთვის მიმეგნო, მაგრამ არსად შემიშვეს. ერთადერთი ორგანიზაცია ვიცოდი, მიწის მესაკუთრეთა უფლებების დამცველი, და ისიც გაუქმებულია. ასე რომ, ამაოდ მიწევს დროის ხარჯვა, თანაც, განა მარტო ამ ფაქტით შევეჯახე უსამართლობას - ერთგან უკვე ბაღიც მქონდა გაშენებული და კასპის ცემენტის ქარხანამ იქვე გზა გაიყვანა. გზის გაყვანის დროს ჩემი ნალოლიავები ბაღი ისე დაზიანდა, ტოტებდალეწილი დამიხვდა, მთელ ბაღში კი ცემენტის სქელი ფენა იყო მოდებული. ექსპერტი მოვიყვანე, ზარალი აღვარიცხვინე და ცემენტის ქარხანას მივადექი, იქ კი სიცილი დამაყარეს, რა ზარალის ანაზღაურებას ითხოვ, ასეთი ფაქტები გზის გაყვანისას მუდამ ხდება და ყველას ზარალს ხომ არ აუნაზღაურებენო. კიდევ კარგი, ამ საქმეში გარემოს დაცვის სამინისტრო ჩაერია და ზარალის ანაზღაურებაში დამეხმარა.
იმედია, შესაბამისი ორგანოები დაინტერესდებიან ამ პრობლემით.