„მგელი ღამით მომადგა თოვლში, ალბათ მასაც ჩემსავით მოსწყინდა მარტოობა“ - გომისმთის ერთადერთი მცხოვრები
"...იარაღიც არა მაქვს, რომ ,,მეზობლებმა" თავი უხერხულად არ იგრძნონ. მელა ძალიან მსუნაგი და ეშმაკია, სახლის გარეთ თუ რაიმე საკვები დამრჩა, ძაღლისაც არ ეშინია, ისე მოიპარავს. დათვის ბრდღვინვაც ისმის იშვითად ტყიდან, მაგრამ ადამიანებთან კონტაქტს ერიდება. არ არიან საშიშები, ყველანაირად ცდილობენ ადამიანებს თავი აარიდონ", - ამბობს პროფესიით მშენებელი მერაბ სანიკიძე, რომელიც გომისმთაზე ზამთარს მარტო ატარებს.
- 1965 წელს დავიბადე ოზურგეთში. სკოლა სოფელ დვაბზუში დავამთავრე. ზაფხულობით გომისმთაზე დასვენება ჩვენი ოჯახისთვის ტრადიცია იყო. პირველად დაახლოებით 80 წლის წინათ დედაჩემი აუყვანიათ ცხენით. სამანქანო გზა არ იყო და ადამიანებს, რომელთაც ბავშვები აჰყავდათ, ტვირთი ცხენზე გადაკიდებული საპალნეებით აჰქონდათ, ჩალანდრებს ეძახდნენ. ამ ბილიკებს დღესაც საჩალანდრო გზას ვეძახით. სამანქანო გზა მხოლოდ 1956 წელს გაკეთდა.
ბოლო ხუთი წელია, რაც გომისმთა მეტ-ნაკლებად ცნობილი გახდა. ახლა სტუმრების მისაღებად რამდენიმე საოჯახო სასტუმროა. წელს დამთავრდება გომისმთაზე ამოსასვლელი გზის მშენებლობა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო იქნება საქართველოს მთებში.
- პროფესიით მშენებელი ბრძანდებით...
- ჩვენი პირველი სახლი, რომელშიც გავიზარდე, პატარა ქოხი იყო. ჩემი სტუდენტობის პერიოდში, მამასა და ძმასთან ერთად ახალი ავაშენეთ, იმ დროისთვის ,,სუპერთანამედროვე" დიზაინის კოტეჯი, რომელიც ახლაც ძალიან ლამაზია. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, გვიან შემოდგომამდე მთაში დარჩენა მიწევდა. 2018 წლის დეკემბერში მოლაშქრეთა ფედერაციამ ტურისტების მიღება მთხოვა. მეც ზამთარში მთაში დარჩენის საბაბი მომეცა და ასე დაიწყო ჩემი ზამთრის ცხოვრება გომისმთაზე, სადაც ზამთარში სამანქანო გზა ხშირად 20 ნოემბრის შემდეგ იკეტება. მანამდე პროდუქტებსა და საწვავს ვიმარაგებ. დენი გენერატორზე მაქვს. "მაგთის" ანძა დგას და ინტერნეტი ნორმალურად მუშაობს. დრო ჩემი პროფესიის შესაბამისად გამყავს, სახლებში შიდასარემონტო სამუშაოებს ვაკეთებ. სტუმრების ნაკლებობასაც არ ვუჩივი, უფრო მეტად ზამთრის ტურიზმის მოყვარულებს ვმასპინძლობ. მონადირეებიც მნახულობენ. ჩემთან ერთად ძაღლი ბაქურა და კატა კუნფუ ცხოვრობენ. ტყის ბინადრებიც მარტოობას არ მაგრძნობინებენ.
- სოციალურ ქსელში გავრცელდა ამბავი, როგორ გესტუმრათ მგელი...
- მგელი შარშან ღამით მესტუმრა. სახლის წინ პატარა გზაჯვარედინია და იქიდან დაიწყო ყმუილი. თოვლზე მთვარე დღესავით ანათებდა, ვიფიქრე, აივანზე შეუმჩნევლად გავალ და ფოტოს გადავუღებ-მეთქი, მაგრამ როგორც კი აივნის კარი გავაღე, გაქრა. დილით ვნახე მისი ნაკვალევი. ალბათ, მგელსაც მოსწყინდა მარტოობა...
ერთხელ მანქანით ამოვდიოდი გომისმთაზე, ტყიდან შველი გამოხტა და მანქანის წინ გაჩერდა. დავამუხრუჭე, მეგონა, გაიქცეოდა, მაგრამ გაჩერდა, თავი ჩემკენ მოაბრუნა და ცქერა დამიწყო. თავიდან დავიბენი, ვერ მოვიფიქრე რა უნდა მექნა, გადავწყვიტე, ტელეფონით ფოტო გადამეღო. აი, მაშინ კი დაფრთხა და ტყეში გაუჩინარდა. უხუცესებმა მითხრეს, შველი ადამიანთან შეხვედრის დროს ამბობს, ისეთი ლამაზია ადამიანი, რომ ნეტავ დიდხანს მაყურებინაო. ჩვენი სილამაზის რა გითხრათ, მაგრამ თვითონ მართლაც მომაჯადოებელი წყლიანი ლურჯი თვალებით მიყურებდა.
- თქვენი გომისმთაზე ყოფნის შემდეგ არავის გაუჩნდა სურვილი თავადაც დარჩენილიყო?
- რამდენიმე ადამიანი რჩებოდა და ახალ წელს ერთად ვხვდებოდით. შემდეგ ბარში კომფორტული ცხოვრება ამჯობინეს. ახალი გზის დასრულებიდან შემდეგ, იმედია ამოვლენ და დარჩებიან, არადა, როგორ მინდა გომისმთა ხალხით დასახლებული გურული მთის სოფელი გახდეს, ბევრი სახლიდან ამოდიოდეს ფუტი.
2019 წლის იანვარში მოყვარულების ჯგუფმა მთაში აყვანა მთხოვა, გოგო-ბიჭები იყვნენ. სულ 8 კილომეტრი იყო გასავლელი. ჩავუტარე ინსტრუქტაჟი. შევთანხმდით და 2 იანვარს, მზიან ამინდში ჩამოვედი მეგზურობის გასაწევად. დღის 11 საათზე დავიძარით. 5 კილომეტრი, ასე თუ ისე, ნორმალურად იარეს, მაგრამ მერე ალპური ზონა იწყება და ისე დაიქანცნენ, სახლში ღამის 10 საათზე მივლასლასდით... სიამაყის გამო უკანაც არ მიბრუნდნენ. სასიხარულო ისაა, რომ მიზანს მიაღწიეს. თუმცა 8 კილომეტრის გავლას 11 საათი მოანდომეს.
- ყველაზე დიდი სირთულე რა შეგხვედრიათ?
- წლების წინ რამდენიმე კაცი დასარჩენად და ახალი წლის აღსანიშნავად ამოვიდა. იმ წელს ღრუიან წიფლამდე ამოდიოდა მანქანა, რომელიც გომისმთიდან 7 კილომეტრითაა დაშორებული. ერთ დღესაც ტვირთის ამოსატანად მე და მეზობელი ქვემოთ დავეშვით. დაღმართზე ბილიკებით ჩავდიოდით და გზას 4 კილომეტრამდე ვამცირებდით. ჩავედით, ავიღეთ ტვირთი. წამოვედით თუ არა, თოვა დაიწყო. სახლამდე 2 კილომეტრი იყო დარჩენილი, რომ ადამიანები შევნიშნეთ, რომლებიც ქარბუქს თავს კლდის გამოწეულ ნაწილში აფარებდნენ. ხუთი გოგო-ბიჭი იყო. გათოშილებს სიარული უჭირდათ. როგორც გვითხრეს, სუფრასთან ისხდნენ და შემდეგ გადაწყვიტეს გომისმთაზე გასართობად ასულიყვნენ. ჩვენი დანახვისას მიხვდნენ, რომ განსაცდელს გადაურჩნენ. დიდი წვალებით, ჩვენი გაკეთებული ბილიკით მოლასლასდნენ ჩემს კოტეჯში. როცა მიხვდნენ, რომ საფრთხე აღარ ემუქრებოდათ, გოგონები ატირდნენ, ბიჭებს კი ფერი აღარ ჰქონდათ და ყურებჩამოყრილი ღუმელთან ჩუმად დასხდნენ. მაშინვე ოჯახის წევრებს შევატყობინეთ, რომ უსაფრთხოდ იყვნენ. მეორე დილით, თოვამ რომ გადაიღო, ჩავაცილე მანქანამდე. გომისმთა კი არის ლამაზი მთა, მაგრამ 2000 მეტრს ზევით ზამთარში მკაცრი და დაუნდობელია. შემდეგი წლის ზამთარში იგივე განმეორდა. ახალგაზრდები გასართობად ქარბუქში წამოვიდნენ, რასაც სხეულის კრიტიკულად გადაცივების გამო ერთის დაღუპვა მოჰყვა.
ვფიქრობ, მთაში მიმავალ ბილიკებზე რამდენიმე თავშესაფარი ქოხი უნდა იყოს, რომ საფრთხის შემთხვევაში ადამიანებმა თავი შეაფარონ.