სილამაზით განთქმული ქართველი ქალები და მათზე შეყვარებული ეპოქალური ადამიანები - კვირის პალიტრა

სილამაზით განთქმული ქართველი ქალები და მათზე შეყვარებული ეპოქალური ადამიანები

ქართველი ქალების სილამაზე ოდითგანვე ცნობილი იყო. ქართველების გარეგნულ მახასიათებლებზე არაერთხელ დაწერილა და ისტორიულმა ცნობებმაც მოაღწია ჩვენამდე. მე-19 საუკუნის ბოლოს ბევრი ქართველი წავიდა ემიგრაციაში, თუმცა მათ შესახებ ცნობები მთელ მსოფლიოში გავრცელდა. მოდელობით, ნიჭით თუ სილამაზით განთქმული ქართველი ქალების ამბები ისტორიამ და მაშინდელი პრესის ფურცლებმა შემოგვინახა, დრომ კი მათ სილამაზეს ვერაფერი დააკლო.

ნინო მდივანი და დენის კონან დოილი

1936 წელს სილამაზით განთქმული ნინო მდივანი ცოლად გაჰყვა მსოფლიოში აღიარებული მწერლის, ართურ კონან დოილის შვილს, ადვოკატსა და ავიატორს დენის კონან დოილს. ცნობილი მწერლის შვილთან შეხვედრამდე ნინო მდივანი დედმამიშვილებთან ერთად ჯერ პეტერბურგში ცხოვრობდა, შემდეგ კი პარიზში სწავლობდა. 1921 წლის შემდეგ მდივნების ოჯახმა პარიზში დაიდო ბინა. ნინოს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა, კონან დოილთან შეხვედრისას ის უკვე განქორწინებული იყო პირველ ქმართან. მდივნების ხუთივე დედმამიშვილი იმდენად პოპულარულები იყვნენ ევროპაში, რომ იმდროინდელი პრესა ხშირად წერდა მათ შესახებ. ნინო და მისი მეორე ქმარი დენის კონან დოილი გაცნობიდან მალევე შეუღლდნენ. რადგან დენისი ავიატორობით იყო გატაცებული, მამის წიგნებისთვის ნაკლებად ეცალა, ამიტომ ეს საქმე ნინომ იკისრა - მას ჰქონდა ართურ კონან დოილის ნაწარმოებების წიგნებად გამოცემის უფლება. იმდენად დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდა საქმეს, რომ კონან დოილის წიგნების ტირაჟი გაიზარდა. დენისის გარდაცვალების შემდეგ ის ართურ კონან დოილის ნაწარმოებების ერთპიროვნული მფლობელი გახდა. 1955 წელს დაქვრივებული ნინო მდივანი მესამედ გათხოვდა, მისი ქმარი ინგლისელი გამომცემელი ენტონი ჰარვუდი იყო. მას შვილი არ ჰყოლია, 1987 წელს კი ლონდონში ხანდაზმულ ასაკში გარდაიცვალა.

აშილ მიურატი და სალომე დადიანი

419996996-758998372787056-1065643280318115757-n-1705855365.jpg

1868 წელს 20 წლის სალომე დადიანი (დავით დადიანისა და ეკატერინე ჭავჭავაძის ქალიშვილი) ცოლად გაჰყვა პრინც აშილ შარლ ნაპოლეონ მიურატს, რომელიც იმხანად ნაპოლეონ III-ის სამხედრო ატაშე გახლდათ. წყვილმა ერთმანეთი პარიზში გაიცნო, როდესაც მე-19 საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს საფრანგეთის იმპერატორის მიწვევით ეკატერინე ჭავჭავაძე შვილებთან ერთად საცხოვრებლად პარიზში გადავიდა. ქართველ არისტოკრატთა ოჯახმა მალევე გაიცნო საიმპერატორო ოჯახის წევრები და მეგობრები. სალომე დადიანმა და აშილ მიურატმა ჯვარი ტიუილრის სასახლის კარის ეკლესიაში დაიწერეს, სტუმრებს შორის კი იყვნენ თავად ნაპოლეონ III და დედოფალი ეუხენია დე მონტიხო. ახალშეუღლებულ წყვილს საფრანგეთის იმპერატორმა პარიზში მონსოს ბაღის მახლობლად სასახლე და მილიონი ფრანკი აჩუქა. სალომე დადიანის სილამაზით აღფრთოვანებული ერთ-ერთი მიურატი კი წერდა: "შევხედე ღირსშესანიშნავ პრინცესა დადიანს, სამეგრელოს დედოფალს და მის ახალგაზრდა ვაჟიშვილს, რომლებსაც ახლდათ ბრწყინვალე ამალა, გამოწყობილი ძველ აზიურ კოსტიუმებში. აქ ვნახე პირველად ახალგაზრდა პრინცესა, რომელიც სილამაზით ძალიან ჰგავდა დედას".

ამადეო მოდილიანის ქართველი მოდელი

420033140-2050767405302016-8042514957716035549-n-1705855364.jpg

თავადის ქალი ალექსანდრა დადიანი ამადეო მოდილიანიმ 1911 წელს დახატა, თუმცა, სანამ ალექსანდრა მოდილიანის პარიზში შეხვდებოდა, 1898 წელს თბილისში ჩასულ გერმანელ ბოტანიკოს კონრად როსტს შეხვდა. მას თავდავიწყებით შეუყვარდა ქართველი ქალი და მალევე დაოჯახდნენ. ალექსანდრა ქმართან ერთად პარიზში დასახლდა. ის ანა ახმატოვას უკვე იცნობდა და მისი საშუალებით ახალგაზრდა მხატვარი ამადეო მოდილიანი გაიცნო. მოდილიანისა და ახმატოვას იმხანად რომანი ჰქონდათ. მხატვარი იმდენად მოხიბლულა ქართველი ქალის სილამაზით, რომ უთხოვია, ნება დაერთო, დაეხატა. გადმოცემის თანახმად, მოდილიანიმ ანა ახმატოვა და ალექსანდრა დადიანი სახელოსნოში დაპატიჟა, ეს ნახატიც სწორედ იქაა დახატული. როგორ დაითანხმა მხატვარმა თავადის ქალი გაშიშვლებაზე, უცნობია. მხოლოდ ის ვიცით, რომ ალექსანდრა პარიზში რამდენიმეწლიანი ცხოვრების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა, რევოლუციის პერიოდში კი ყაზახეთში გადაასახლეს, წლების შემდეგ, უკვე მოხუცი დაბრუნდა საქართველოში და საგურამოში ჭავჭავაძეების მამულში დასახლდა, რადგან დედამისი თამარი გვარად ჭავჭავაძე გახლდათ. ალექსანდრა გარდაცვალების შემდეგ იქვე, საგურამოში დაასაფლავეს. თავადის ქალი დადიანი მოდილიანისთან გაშიშვლების ამბავს დიდხანს მალავდა. 2018 წელს მოდილიანის "ალექსანდრა დადიანი" "სოთბის" აუქციონზე 26 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაიყიდა.

შანელის რჩეული ქართველი მოდელი

419893561-1141346256857507-3364426561860301262-n-1705855364.jpg

მე-19 საუკუნის პარიზი არაერთხელ აღაფრთოვანა ქართველი ქალების სილამაზემ. იმ დროისთვის უკვე ლეგენდარულ დიზაინერს, კოკო შანელს რამდენიმე რჩეული ქართველი მოდელი ჰყავდა, მათ შორის იყვნენ დედა-შვილი მელიტა ჩოლოყაშვილი და ლილია ზელენსკაია. ჩოლოყაშვილების სასახლე, სადაც წარჩინებული ქალბატონი დაიბადა, დღესაც დგას ივრის მარცხენა ნაპირზე, ხაშმის დასავლეთ ნაწილში. გადმოცემის თანახმად, მელიტა მრავალი ხელოვანის მუზა იყო, თუმცა მან არჩევანი პეტერბურგელ ადვოკატზე, კონსტანტინ ზელენსკიზე შეაჩერა. წყვილს შეეძინა გოგონა - ლილია ზელენსკაია, რომლის სილამაზეზე ლეგენდები დადიოდა პარიზში. მათი სახლი თბილისის მაშინდელი ელიტის თავშეყრის ადგილი ყოფილა. მათთან ხშირად მიდიოდნენ სტუმრად ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, გრიგოლ რობაქიძე, ძმები ზდანევიჩები. სახელგანთქმული მხატვარი საველი სორინი ამბობდა, მელიტას სილამაზეს ფოტო ვერ ასახავს, მისი აღქმა მხოლოდ ცოცხლად არის შესაძლებელიო.

420074095-916284313345122-8823585884599032243-n-1705855364.jpg

მხატვარი იმდენად იყო მოხიბლული მელიტათი, რომ მისი დახატვა გადაწყვიტა. მელიტას რთული ხასიათი ცნობილი იყო, მან 30 სეანსს ძლივს გაუძლო და მიატოვა მხატვართან სახელოსნოში სიარული. სორინი იმდენად წუხდა, პორტრეტს ვერ ვასრულებო, რომ მელიტას მეუღლისთვის უთხოვია, იქნებ დაითანხმო და რამდენჯერმე ისევ მოვიდესო. ასე შეიქმნა მელიტა ჩოლოყაშვილის ცნობილი პორტრეტი, რომელიც საველი სორინის ქვრივმა მხატვრის გარდაცვალების შემდეგ ეროვნულ მუზეუმს უსახსოვრა.