"მართალი ადამიანი უფრო იჩაგრება, ვიდრე ყალბი, მაგრამ ბოლოს მაინც სამართალი ჭამს ხოლმე პურს"
ასევე დაგაინტერესებთ: "მამობამ ძალიან შემცვალა, პირველი შეხვედრა ძალზე ემოციური იყო, იმ დღიდან ახალი ცხოვრება დაიწყო"
ამბობს, რომ ცხოვრებაში ორჯერ იგემა დიდი გამარჯვება და ორივეჯერ ცეკვის წყალობით შეაყვარა ფართო საზოგადოებას თავი. ერთხელ ფილმში "გაღმა ნაპირი" სასოწარკვეთილი პატარა ბიჭის ცეკვით, მეორედ კი პროექტით - "ცეკვავენ ვარსკვლავები". ჩვენი სტუმარია თედო ბექაური.
- "ცეკვავენ ვარსკვლავების" მე-12 სეზონი ჩემი ცხოვრების მეორე ტრიუმფია, რომელმაც ხალხის დიდი სიყვარული დამიბრუნა, უფრო სწორად, განმიახლა.
- როგორ მოხვდი პროექტში?
- ტელევიზიაში "პრაიმ შოუს" ჩაწერაზე მივედი და რომ დავამთავრეთ, ნოე სულაბერიძემ გამაჩერა, თუ გიცეკვია ოდესმეო? ბავშვობაში-მეთქი. "ცეკვავენ ვარსკვლავების" პროექტს ვიწყებთ და თუ მიიღებ მონაწილეობასო, მკითხა. რატომაც არა-მეთქი. მას შემდეგ დაიწყო ეს ყველაფერი.
- მართალია, იმ ფილმში, რომლითაც ფართო საზოგადოებას შეაყვარე თავი, საოცრად ცეკვავ, მაგრამ ეს არ არის შენი ქორეოგრაფიული განათლების ნაყოფი. პროექტამდე ცეკვაში როგორი გამოცდილება გქონდა?
- ფილმში ყველაფერი ექსპრომტი და იმპროვიზაციაა. მე-8-9 კლასებში რამდენიმე თვე დავდიოდი ცეკვაზე, ეს იყო და ეს. პროექტის პირველ ტურში ბაჩანა ჭანტურია დამეხმარა, ცეკვა მან დადგა, ფინალში კი რაც ვიცეკვე, ჩემი დადგმული იყო. ბაჩანამ მითხრა, მოდი, ფილმში როგორც იცეკვე, აქაც ისე იცეკვეო. რა მახსოვს-მეთქი, შევჩივლე. სანამ ფინალამდე მიხვალ, გაგახსენდებაო, დამაიმედა. ასეც მოხდა.
- ფილმში ცეკვისას დათუნიკა სხირტლაძე გამხნევებდა. გახსოვს ის ცეკვა როგორ დაიდგა?
- კასტინგზე რომ მივედი, დათუნიკაც იქ იყო. რომ ვიცეკვე, რეჟისორს უთხრა, ეს ბავშვი ზუსტად ისე ცეკვავს, როგორც ფილმის გმირი უნდა ცეკვავდესო. არ სჭირდება ამას არაფრის დადგმა და სწავლებაო. რა თქმა უნდა, გიორგი ოვაშვილს მოვწონდი ამ როლისთვის, მარტო დათუნიკას გადაწყვეტილება ხომ არ იყო, მაგრამ მან გადამიწყვიტა, რომ ის კარგი ცეკვა იყო. ბავშვური, თბილი მოგონება მაკავშირებს დათუნიკა სხირტლაძესთან. მახსოვს, მერიდებოდა, ცეკვა არ მინდოდა. რა იყო, ბოშო, იცეკვე, რა მოგივაო, გამიღიმა და ტაში შემოსცხო, კომპლიმენტებით შემაგულიანა. მას ოვაშვილი აჰყვა, მაგიდაზე დაუკრა და მეც გავთამამდი. რომ ვცეკვავდი, მეუბნებოდა, ყოჩაღ, როგორც მინდა ზუსტად ისე ცეკვავო. ბოლოს გამაფრთხილა, სანამ გადაღება არ იქნება, არსად იცეკვოო. გადაღება დამთავრდა, ამდენი წელიც გავიდა და აი, ვიცეკვე.
- იცეკვე და შენს ცხოვრებაში ახალი ფერები შეიტანე. როგორი იყო ამ ორ ცეკვას შორის შენი ცხოვრება?
- ორბეთში ვცხოვრობდი. ნახირშიც მივლია, კარტოფილიც დამითესავს, კაკალიც დამიბერტყავს, შეშაც დამიჩეხია, ყველაფერს ვაკეთებდი, რაც გლეხს შეეფერება, ვცხოვრობდი და ვცხოვრობ სოფლურად. არაფერი შეცვლილა არც ფილმის და არც "ცეკვავენ ვარსკვლავების" მერე. ჩემი სახლი, ჩემი სოფელი ყველაზე მეტად მიყვარს. რა სიმაღლესაც არ უნდა მივაღწიო, ჩემი საძირკველი ჩემი სოფელია. ორი ძმა მყავს. ვეხმარებით მშობლებს, ერთმანეთს ვუდგავართ მხარში.
- ალბათ, ყველა გადარეულია სიხარულით...
- დედა და მამა ორბეთიდან მგულშემატკივრობდნენ, დედას გული წასვლია სიხარულით. ჩემი ძმები ჩემთან ერთად იყვნენ დარბაზში. ჩემი მეუღლე და ბავშვიც. ჩემი შვილი იყო ფინალზე ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი, ოღონდ ეძინა... მეუღლე ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია, ყოველი გამოსვლის წინ მეუბნებოდა, ეს დღე შენიაო.
- ორბეთში ცხოვრებაზე კი მესაუბრე, მაგრამ ვიცი, რომ თბილისშიც ცხოვრობდი.
- ახლაც ქირით ვცხოვრობ თბილისში, ცენტრალური გათბობის მაღაზიაშიც ვმუშაობდი. ელიავას ბაზრობიდან ბევრი გულშემატკივარი მყავდა.
- ზოგს სცენაზე გასვლის წინ აქვს თავის რიტუალი, ცრურწმენები, შენ როგორ გადიხარ?
- პირჯვარს ვიწერ. ბევრი სირთულე იყო, ღამეების გათენება ილეთების განსამტკიცებლად, შემეძლო ერთი ილეთი 20 წუთის განმავლობაში მეკეთებინა, რომ როგორც საჭიროა, ისე შემესრულებინა. მტკიცე ნებისყოფა მაქვს, ძალიან ჯიუტი ვარ.
- კონკურსის პირველიდან ბოლო დღემდე რამდენი კილოგრამი დაიკელი?
- მინიმუმ 10. ჩემი მეწყვილე, ანა ბირთველიშვილი, კარგი მოცეკვავე და არაჩვეულებრივი ადამიანია. დათუნა მგელაძეც საოცარი ადამიანია. კონკურენტები ვიყავით, მაგრამ მხოლოდ სცენაზე, სულ ერთმანეთს ვამხნევებდით.
- რაიმე შემოთავაზება თუ მიიღე?
- ჯერ ვერ მოვიცალე, რომ დავჯდე, გავიაზრო, ავწონ-დავწონო, ამ შემოთავაზებებზე საჯაროდ მერე ვილაპარაკებ.
- პრიზებზეც მესაუბრე.
- სახლი მოვიგე ბაკურიანში. ყველაზე მეტად ის მინდოდა, რომ საკუთარი ჭერი მქონოდა. ფულად პრიზებს ჯერ არ ვიცი, რაში დავხარჯავ. სწავლა ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მხრივ დიდი გეგმები მაქვს. რომელიმე თეატრში მინდა მუშაობა.
- ბებოზე მიამბე, ყველა რომ ჩაკოცნა სცენაზე.
- ის ბებო, ჩემი მეგობრის მეზობელია, გვარად წიკლაური. ყველა კონცერტს დაესწრო. მითხრა, ბექაურები და წიკლაურები მონათესავე გვარები ვართო. ჩემი ბებოები აღარ არიან ცოცხლები და აი, გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში წიკლაური ბებო.
- ყველაზე მნიშვნელოვანი დღე რომელია შენს ცხოვრებაში?
- დემეტრეს დაბადება, მისი პირველად ხელში აყვანა.
- როგორი მამა ხარ?
- ვცდილობ კარგი ვიყო. საჭმელსაც ვუმზადებ, თუ სახლში ვარ, ყოველთვის მე ვაძინებ, გატრუნული მისმენს ხოლმე.
- რა არის ცხოვრებაში მთავარი?
- სიყვარული, ერთგულება, შრომისმოყვარეობა, არა სიყალბე. ისე, მართალი ადამიანი უფრო იჩაგრება, ვიდრე ყალბი, მაგრამ ბოლოს მაინც სამართალი ჭამს ხოლმე პურს.
ასევე დაგაინტერესებთ: "მამობამ ძალიან შემცვალა, პირველი შეხვედრა ძალზე ემოციური იყო, იმ დღიდან ახალი ცხოვრება დაიწყო"