ერთი ნაბიჯი დიდ ტრაგედიამდე ანუ „წინასწარმეტყველება“, რომელიც არ უნდა ახდეს
გერმანული გამოცემა "ბილდის" სტატიამ ევროპის მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილი შეაშფოთა. შეგახსენებთ, რომ სტატია ეყრდნობოდა ბუნდესვერის (გერმანიის არმია) დოკუმენტურ მასალას, რომელშიც დახატული იყო სცენარი, თუ როგორ ესხმის რუსეთი თავს ნატოს და რას აკეთებს საპასუხოდ ალიანსი.
დიახ, სტატია სკანდალური იყო, ბუნდესვერის პასუხი კი შემაშფოთებელი - კომენტარს არ ვაკეთებთო. მოგვიანებით, სტატიასთან დაკავშირებით გავრცელდა ორი ვერსია.
პირველი ვერსიის თანახმად, "ბილდმა" ოპერატიულ ინფორმაციაზე დაფუძნებული ბუნდესვერის მოქმედების გეგმა კი არ მოიპოვა, არამედ სწავლების სცენარი. ეს სცენარი არ ნიშნავს, რომ საფრთხე ახდება - უბრალოდ, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო.
მეორე ვერსიის თანახმად, ბუნდესვერიდან ამ დოკუმენტებმა სპეციალურად "გაჟონა", რათა ბუნდესტაგის დეპუტატები დაეშინებინათ. კერძოდ, მსოფლიოში ბოლო ორ წელიწადში განვითარებული მოვლენების გამო გერმანიის მთავრობამ გადაწყვიტა უპრეცედენტოდ გაეზარდა თავისი სამხედრო ბიუჯეტი (სადღაც 100 მილიარდ ევროზეა საუბარი). თუმცა ეს იდეა არ მოსწონს გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატთა ნაწილს. ამ ვერსიის მიხედვით, "ბილდის" სკანდალური სტატიის შემდეგ გერმანელი დეპუტატები კიდევ ერთხელ კარგად დაფიქრდებიან, მისცენ თუ არა ხმა სამხედრო ბიუჯეტის ზრდის ინიციატივას.
თუმცა ამ ორივე ვერსიას აქვს სუსტი წერტილი. კერძოდ, სწავლებების სცენარის დროს გამოიყენებენ პირობით აღნიშვნებს (მაგალითად, "წითლები", "თეთრები" და ა.შ.) და პირდაპირ არ ასახელებენ სავარაუდო მოწინააღმდეგეს, რადგან ეს ცუდი ზრახვების გამოვლინებაა და შესაძლოა დიპლომატიური სკანდალი მოჰყვეს. მეორე და მთავარი ვერსია: "ბილდის" სტატიამდე და მას შემდეგ არაერთ დასავლელ ექსპერტს თუ პოლიტიკოსს პირდაპირ უთქვამს, რომ დიახაც, რუსეთ-ნატოს ომი სავსებით რეალურია.
სულ რამდენიმე დღის წინ ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაუერმა პირდაპირ თქვა: "ნატოს ქვეყნები რუსეთთან ომისთვის უნდა მოემზადონ".
დაიწყება თუ არა მესამე მსოფლიო ომი?!
ზოგიერთ დასავლელ ექსპერტს რომ ჰკითხო, მესამე მსოფლიო ომი უკვე მიმდინარეობს. აქეთ რუსეთ-უკრაინის ომი, იქით ისრაელ-"ჰამასის" ბრძოლები, ჰუსიტები სავაჭრო გემებს რაკეტებს ესვრიან, საპასუხოდ, მათ ამერიკულ-ბრიტანული ავიაცია აუთოებს, ირანმა ბოლო დღეებში ლამის ყველა მეზობელი დაბომბა... თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის მესამე მსოფლიო ომი, მხოლოდ ჟურნალია... აი, კინო კი მაშინ დაიწყება, თუ ახდება "ბილდის" წინასწარმეტყველება.
სანამ უკრაინა წინააღმდეგობას უწევს რუსეთს, ძალიან საეჭვოა, პუტინმა ნატოს წევრ ქვეყნებზე თავდასხმა გაბედოს. თუმცა გაძლებს კი დიდხანს უკრაინა? საკითხავი აი, ეს არის. უკვე შეგვიძლია ვთქვათ, 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ დასავლეთის ტაქტიკა იყო შემდეგნაირი - რუსეთს უნდა შეჰქმნოდა ისეთი მასშტაბური პრობლემები, რომ თავად ეთქვა უარი აგრესიაზე. სამწუხაროდ, პირიქით მოხდა. სანქციებმა არ იმუშავა. პირიქით (ამას ბრიუსელსა და ვაშინგტონშიც აღიარებენ) რუსეთის ეკონომიკა გაიზარდა - ანუ პუტინს აქვს ფული იმისთვის, რომ უფრო მეტად დატვირთოს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი (სამხედრო ქარხნები რუსეთში ოთხ ცვლაში, 24 საათის განმავლობაში მუშაობენ), ფულით მიიზიდოს უკრაინის ფრონტზე მოსახლეობის ის დიდი ნაწილი, რომელსაც არც დაესიზმრებოდა ამხელა ხელფასი, მოისყიდოს მეგობრული თუ მტრული ქვეყნების პოლიტელიტა და ა.შ.
გარდა ამისა, პუტინმა დაალაგა რუხი სქემები, რათა მაღალტექნოლოგიური იარაღის დასამზადებლად საჭირო მასალები შეიტანოს რუსეთში. ომის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ, როგორც იქნა, ამას მიხვდნენ ევროკავშირში და სანქციების ახალი პაკეტი (რომელიც 19 იანვარს დაინიცირდა) სწორედ იმ მესამე ქვეყნებზე ზეწოლას ითვალისწინებს, რომლებსაც ფარულად კუდები აქვთ გადაბმული მოსკოვთან. ჯობს გვიან, ვიდრე არასოდეს...
აპირებს თუ არა რუსეთი ომის გაგრძელებას, ამისთვის მაინცდამაინც პუტინის განცხადებებს არ უნდა ვდიოთ (თუმცა კრემლის დიქტატორმაც რამდენჯერმე ხაზგასმით გაიმეორა, რომ სანამ რუსეთი დასახულ მიზნებს არ მიაღწევს, მანამდე საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტაზე ფიქრიც კი არ შეიძლება). საკმარისია გადავხედოთ რუსეთის შიდა პროპაგანდას. რუსეთის ფედერალურ არხებზე არათუ იმაზე მიდის მსჯელობა, ომი უნდა შეწყდეს თუ არა, არამედ იმაზე, რომ ომის შემდეგ უკრაინა, როგორც სახელმწიფო, არ უნდა შენარჩუნდეს. დიახ, თუ ადრე მსჯელობდნენ უკრაინის დენაციფიკაციასა და დემილიტარიზაციაზე, დღეს უკვე მსჯელობენ უკრაინის, როგორც ქვეყნის განადგურებაზე. გარდა ამისა, რუსეთში მიმდინარეობს, ერთი მხრივ, ლამის ყველაფრის სამხედრო რელსებზე გადაყვანისა და მეორე მხრივ, განსხვავებული აზრის საბოლოოდ ამოშანთვის პროცესი. კერძოდ, რუსეთის დუმაში მომზადდა კანონპროექტი, რომლის მიხედვით, ვინც ომს გააკრიტიკებს (ამას ამ ქვეყანაში იურიდიულად "რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაცია ეწოდება"), მას ყველანაირ ქონებას ჩამოართმევენ.საინტერესოა კიდევ ერთი კანონი, რომელსაც პუტინმა რამდენიმე დღის წინ მოაწერა ხელი. ამ კანონის მიხედვით, რუსეთი ვალდებულებას იღებს დაიცვას თავისი ქვეყნის ფარგლებს გარეთ არა მარტო რუსეთის მოქალაქე და ეთნიკურად რუსი, არამედ ისიც, ვისაც რუსული ფესვები აქვს. კერძოდ, შეიძლება თქვენ დედ-მამა პეტრიაშვილი და პავლიაშვილი გყავდეთ, მაგრამ დიდი ბებია ივანოვა იყოს. ეს კი სრულიად საკმარისი იქნება პუტინისთვის, რომ "თქვენი უფლებები დაიცვას" ანუ მორიგი სისხლიანი კალო გამართოს.
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი კი ის არის, რომ რუსეთში ფარული მობილიზაცია თანდათან ფართო მასშტაბებს იღებს და რუსეთის არმია ლამის ყოველდღიურად იზრდება რიცხობრივად, ამის ფონზე კი უკრაინაში, რბილად რომ ვთქვათ, გაურკვეველი სიტუაციაა. პირველ რიგში, დასავლეთის დახმარებების კუთხით. ადრე თუ წია-წია აძლევდნენ იარაღს, დღეს ასევე აძლევენ ფულს. უკრაინელები გმირულად იბრძვიან და დროგამოშვებით რუსეთს მისივე ტერიტორიაზე აყენებენ დარტყმებს. ამ პლანეტაზე ვისაც ოდნავ საღი გონება აქვს, რა თქმა უნდა, ის უკრაინის მხარეზეა. თუმცა, თუ მათ ჭურვები გამოელიათ, შიშველი ხელებით პუტინის ტანკებს ნამდვილად ვერ მოერევიან, ხოლო თუ კატასტროფა მოხდა და დასავლური პოლიტელიტის ჭოჭმანისა და განცდების გამო უკრაინელების გმირობა და თავგანწირვა წყალში ჩაიყარა, მაშინ დაიწყება გეოპოლიტიკური აპოკალიფსის მეორე სერია.
თუ პუტინმა გაიმარჯვა, ის ჩათვლის (და რუსეთის მთელ მოსახლეობას დაარწმუნებს ამაში), რომ მან "კოლექტიურ დასავლეთზე" გაიმარჯვა. იმ ქვეყნებს, რომლებიც დასავლეთის შიშით თავს იკავებენ რუსეთთან დაახლოებაზე, ეს კომპლექსი მოეხსნებათ და მიუჩოჩდებიან რუსეთს. დღეს უკვე მოქმედებს ბოროტების ღერძი რუსეთი-ჩრდილოეთი კორეა-ირანი. უკრაინის დაცემის შემთხვევაში, ეს ღერძი რამდენჯერმე გაიზრდება.
პუტინის გამარჯვება იქნება არა მარტო დიდი გეოპოლიტიკური და ადამიანური ტრაგედია, არამედ დასავლეთის სამხედრო სტრუქტურების (და უპირველეს ყოვლისა ნატოს) ქმედუუნარობის შედეგი. პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს იქნება იმის გამოხატულება, რომ ნატოს შეეშინდა რუსეთის (არიქა, ბირთვულ იარაღს გამოიყენებსო) და გაწირა უკრაინა. თუ უკრაინაში კატასტროფა მოხდა, ეს ევროპაში გააათმაგებს რუსეთის შიშს და გააქტიურდება პროპაგანდა (ძირითადად, კრემლის დაფინანსებული), რომ დათმობებით პუტინის დაშოშმინებაა საჭირო.გარდა ამისა, უკრაინული კატასტროფა გამოიწვევს ყველა ანტიპუტინისტური გლობალური ძალის დემორალიზაციას.
შესაბამისად, დიდი ალბათობა, რომ რუსეთი მოიქცეს ისე, როგორც იქცეოდა მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში - არ დაკმაყოფილდეს იმით, რაც მოიპოვა, მით უმეტეს, პუტინი დაუსვამს კითხვას საკუთარ თავს - მოიკლავს კი ნატო თავს ბალტიისპირეთის გამო? კრემლის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შიში სადმე გაქრება?
დასავლეთს მოუწევს არჩევანის გაკეთება: ან პირდაპირ ესროლოს რუსეთს, ან უყუროს, როგორ ყალიბდება მის თვალწინ საბჭოთა კავშირისა და მეფის რუსეთის იმპერიის რაღაც ჰიბრიდი, რომელიც პირველ ეტაპზე გადაყლაპავს მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეს (ბალტიისპირეთის ჩათვლით) და შემდეგ მიადგება იმ ტერიტორიას, რომელსაც საბჭოთა კავშირიც და მეფის რუსეთიც თავისი ინტერესების სფეროდ მიიჩნევდა - პოლონეთს, ბულგარეთს და ა.შ., მით უმეტეს მაშინ, როცა აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში არჩევნებში გაიმარჯვეს ისეთმა ძალებმა, რომლებიც "სლავთა დიდ კავშირს" უფრო წინა პლანზე აყენებენ, ვიდრე ევროპულ ოჯახს.
არადა, დასავლეთს აქვს შესაძლებლობა არ მიიყვანოს საქმე აქამდე. ამისთვის საჭიროა ჭოჭმანისა და ბიუროკრატიული რიტუალების გვერდზე გადადება და უზარმაზარი რესურსების უკრაინისკენ მიმართვა.
პ.ს. გთავაზობთ ეპიზოდს "ბილდის" სკანდალური სტატიიდან
"2025 წლის იანვრის დასაწყისში ნატოს საბჭოს სპეციალურ სამიტზე პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები განაცხადებენ რუსეთის მხრიდან მზარდი მუქარის თაობაზე.
კრემლის პროპაგანდა სიტუაციას რუსეთის საფრთხის სახით წარმოსახავს ანუ თავის სასარგებლოდ და 2025 წლის მარტისთვის ბელარუსში და ბალტიის ქვეყნების საზღვრებისაკენ დამატებით სამხედრო კონტინგენტს გადაისვრის - მხოლოდ ბელარუსში, რომელიც კრემლის მარიონეტულ "სახელმწიფოდ" ითვლება, მოსკოვი ორ ჯავშანსატანკო და ერთ მექანიზებულ ქვეითთა დივიზიებს განალაგებს - 70 ათასზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს.
2025 წლის მაისში ბუნდესვერის მიერ შემუშავებული სცენარის თანახმად, ნატო მიიღებს გადაწყვეტილებას "რუსეთის შესაკავებლად", რათა სუვალკის დერეფანი ბელარუსისა და კალინინგრადის მხრიდან თავდასხმისაგან დაიცვას.
და დადგება "დღე X", როცა ნატოს ჯარების მთავარსარდალი გასცემს ბრძანებას აღმოსავლეთის ფლანგზე 300 ათასი სამხედრო მოსამსახურის გადასროლისათვის, რომელთა შემადგენლობაში ბუნდესვერის 30 ათასი ჯარისკაციც იქნება.
სცენარი მთავრდება იმით, რომ "დღე X"-ის შემდეგ თითქმის ნახევარ მილიონზე მეტი "კბილებამდე შეიარაღებული" დასავლელი და რუსი ჯარისკაცი სუვალკის დერეფანში ერთმანეთის პირისპირ დადგება. შეკავდება თუ არა რუსეთი ნატოს ჯარების განლაგებით, ეს საკითხი სცენარში ღიად რჩება".
გიორგი კვიტაშვილი