სტალინი - მითი და რეალობა
"სტალინი რომ მსოფლიო ისტორიისთვის დიდი ფიგურაა, ეს გასაგებია. სხვა საქმეა, რამდენად სწორად არის შეფასებული, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე საქართველოს ეხება", - ამბობს თსუ-ს პროფესორი, ახალი და უახლესი ისტორიის კათედრის ხელმძღვანელი თეიმურაზ პაპასქირი. ჩვენი ინტერვიუც სტალინის შეფასებას, მასზე ჩამოყალიბებული მითებისა და რეალობის გარჩევას ემსახურება. "დიდი ბელადის" თემის წამოწევა ბოლო დროს საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა გვიკარნახა, როცა ცხადი გახდა, რომ ჩვენგან თაობებით დაშორებული სტალინი და კაცი, რომელიც ტოტალიტარულ საბჭოთა კავშირში სისხლიანი და დაუნდობელი დიქტატორი იყო ("დიდი ტერორის", "ჰოლოდომორისა" და სხვა სისასტიკეთა ავტორის რეჟიმს დაახლოებით 6 მილიონი კაცი შეეწირა), დღეს ქართველი საზოგადოების ნაწილში ისევ სიმპათიას იწვევს.
"ჩვენი კობა ზის კრემლში“
- ერთი მითი, რომელიც ჩვენში არსებობდა, ეს არის - "ჩვენი კობა ზის კრემლში". ჩვენი კობა, ანუ ქართველი, შესაბამისად, ქართველების ნაწილისთვის ეს ასე აღიქმებოდა: ქართველი მართავს ამხელა იმპერიას, აზანზარებს მსოფლიოს და როგორ შეიძლება ამით არ იამაყო. პრობლემაც ის არის, თუ რამდენად მიაჩნდა ამ კაცს თავი ქართველად. არაერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება, იქნებოდა კერძო საუბრები თუ ოფიციალური დოკუმენტები, სადაც სტალინი თავს რუსად ან ქართული წარმოშობის რუსად“ ასაღებდა. ეროვნების, ქართველობის უარყოფა, ვფიქრობ, განპირობებულია იმით, რომ სტალინი ქმნიდა მსოფლიო იმპერიას, მისი მიზანი იყო მსოფლიო საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის შექმნა. ეს ოფიციალურადაც აქვს გაცხადებული. როდესაც 30-იან წლებში ომისთვის ემზადებოდა, მისი მიზანიც ზუსტად ეს იყო და პირველ რიგში ეს ევროპით უნდა დაეწყო. მსოფლიო საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის შექმნისთვის მან დაიწყო კიდეც უზარმაზარი სასახლის მშენებლობა - საბჭოების სასახლე (Дом ჩоветов), სადაც რესპუბლიკები უნდა მიეღოთ მსოფლიო სსრკ-ის შემადგენლობაში. ეს იმპერია, ბუნებრივია, უნდა დაფუძნებულიყო რომელიღაც ერის დომინაციაზე. ასეთი კი, მისი აზრით, რუსი ერი უნდა ყოფილიყო, შესაბამისად, არ გამოდიოდა, თვითონ რომ არ ყოფილიყო რუსი. მეორე მსოფლიო ომში ჯერ გამარჯვება არ იყო მიღწეული (როდესაც ყირიმის კონფერენცია ტარდებოდა), მან ასწია რუსი ხალხის, როგორც ყველაზე ძლიერი ერის სადღეგრძელო. მისი ქალიშვილი სვეტლანა პირდაპირ წერს, შემთხვევით გავიგეთ, ქართველები რომ ვიყავითო, ანუ ოჯახშიც არ ქართველობდა, ბავშვებსაც არც ელაპარაკებოდა ქართულად.
"ქართველობის აღიარება პოლიტიკურად წამგებიანი იყო"
- მისთვის ქართველობა პოლიტიკურად წამგებიანი იყო. ადამიანის ხასიათზე კარგად მეტყველებს თუნდაც მისი მინაწერები წიგნებზე - ქართულ წიგნებზე სტალინი რუსულად აკეთებდა მინაწერს. საერთოდ, საქართველოში სტალინი არ უნდა აღიქმებოდეს დადებით პერსონად, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სსრკ იქმნებოდა, სტალინსა და ლენინს შორის მოხდა დაპირისპირება. ლენინს სურდა სსრკ-ში დამოუკიდებელი რესპუბლიკები გაეერთიანებინა, სტალინის იდეა კი იყო, ეს რესპუბლიკები იქ შესულიყვნენ როგორც ავტონომიები რუსეთის შემადგენლობაში. კომიკურია ნამდვილად, როცა ლენინმა სტალინს, ორჯონიკიძესა და ძერჟინსკის, ანუ ორ ქართველსა და ერთ პოლონელს ბრალი დასდო ველიკორუსულ შოვინიზმში. ეს გარკვეულწილად "ღამურას სინდრომია" იმისათვის, რათა თავი წარმოეჩინა და დაემტკიცებინა, რომ თავის ერთან კავშირი გაწყვეტილი ჰქონდა. ეს მარტო სტალინს არ ეხება, ავიღოთ თუნდაც აფხაზეთის ომი, რომლის დროსაც ერთ-ერთი ყველაზე სასტიკები აფხაზების მხარეს მებრძოლი გააფხაზებული ქართველები იყვნენ, რომლებიც ამით ცდილობდნენ ეჩვენებინათ, რომ ქართველები არ არიან.
"ავტონომიები სტალინის ჩადებული ნაღმები იყო"
- სტალინს საქართველოსთვის ცუდის მეტი არაფერი გაუკეთებია. 1. დავიწყოთ საქართველოზე თავდასხმით, ოკუპაცია-ანექსიითა და სსრკ-ში მისი გაწევრებით. ამის თავიდათავი და ინიციატორი სტალინი იყო, იმიტომ, რომ მისი პოლიტიკური პოზიციებისთვის იყო წამგებიანი - შენ სამშობლოსთვის ვერ მიგიხედავს და რუსეთში როგორ იქნები პირველი პირი? 2. ავტონომიების საკითხი - ავტონომიები სტალინის ჩადებული ნაღმები იყო. აჭარა ნაკლებად, ის უფრო ლენინის კისერზეა (მუსტაფა ქემალთან დადებული ხელშეკრულებით, ფაქტობრივად, ყარსის ხელშეკრულების ინიციატორი ლენინი იყო). რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შემოქმედი თავიდან ბოლომდე სტალინია. აფხაზეთში ავტონომია კი არა, თავიდან საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა გამოცხადდა და ამაშიც სტალინის დიდი წვლილი იყო. აფხაზეთი შემდგომ გარდაიქმნა ავტონომიურ რესპუბლიკად, მაგრამ ამაში სტალინის წვლილი იმდენად არ ჩანს, რამდენადაც ბერიასი, რომელიც თავად აფხაზეთიდან იყო; 3. რეპრესიები - შესაძლოა საქართველოში დახვრეტილთა რიცხვი იმდენად დიდი არ ყოფილა, მაგრამ გადასახლებულთა რიცხვი უზარმაზარია. ერთადერთი რამ იყო, რისი გაკეთებაც სტალინს შეეძლო - თურქეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიები დაებრუნებინა (ამ საკითხისადმი ინტერესი ჯერ კიდევ 1940, შემდგომ 1944-47 წლებში ჰქონდა), მაგრამ ესეც ვერ მოახერხა.
"37 წელი „დანოსების“ მწერლების კისერზეა"
- როცა საუბარია რეპრესიებზე, სტალინის გულმხურვალე დამცველებს ისრები ე.წ. დანოსების, ანონიმური წერილების ავტორებზე გადააქვთ. არადა, ვინ დაამკვიდრა, ე.წ. დანოსების პრაქტიკა? სტალინმა! ეს მისი იდეაა შიდაპარტიული წმენდისთვის, იმისათვის, რომ განემტკიცებინა თავისი პოზიციები. რეპრესიების დიდი ტალღა 1934 წელს დაიწყო და ამას წინ უძღოდა სსრკ-ის კომუნისტური პარტიის ყრილობა - პარტიის გენერალურ მდივანს ასეთი წესით ირჩევდნენ: ვინც ყველაზე ნაკლებ ხმას მიიღებდა "წინააღმდეგ", ის უნდა გამხდარიყო ხელმძღვანელი. ყველაზე ნაკლები ხმა "წინააღმდეგ" მიიღო კიროვმა - 3 ხმა, სტალინმა კი 270. სტალინმა ეს გააბათილა, ხმები ხელახლა დაათვლევინა და აღმოჩნდა, რომ თურმე ორივეს 3-3 ხმა ჰქონდა "წინააღმდეგ". კიროვმა, რასაკვირველია, უარი განაცხადა და სტალინი დარჩა გენერალურ მდივნად, კიროვი კი მალევე მოკლეს. კიროვის მკვლელობის ნიადაგზე დაიწყო კიდეც რეპრესიების ახალი ტალღა - თურმე ხალხის მტრებმა მოკლეს კიროვი. რეპრესიების კამპანია 1934 წლიდან დაიწყო და 1937-ში პიკს მიაღწია. სსრკ-ში, სადაც წელიწადში საშუალოდ 1500-2000 სასიკვდილო განაჩენი გამოჰქონდათ, ამ რიცხვმა უკვე 700 ათასს მიაღწია წელიწადში. საუბარია სასიკვდილო განაჩენზე, თორემ იყო კიდევ მეორე სასჯელი - 10 წელი მიმოწერის გარეშე, რაც, ფაქტობრივად, სასიკვდილო განაჩენი იყო (გაფორმებული იყო ისე, ვითომ სიკვდილი არ მიუსაჯეს), მერე ისე ხდებოდა, სადღაც 1-2 წელიწადში ატყობინებდნენ ოჯახს, ან არ შეატყობინებდნენ, რომ პირი გარდაიცვალა. კიდევ იყო 25 წელი მიმოწერის გარეშე, მაგრამ ამ შემთხვევაში მართლაც გადასახლებაში უშვებდნენ პატიმარს.
ფარული მორწმუნე თუ ღვთის მგმობელი?
- ეკლესიასთან ბრძოლა ლენინმა დაიწყო, მაგრამ სტალინის დროს პიკს მიაღწია ეკლესიების ნგრევამ ან გადაკეთებამ სხვა დანიშნულების ობიექტებად. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ვიცით, როგორ ეპყრობოდა სტალინი ქართველ კათოლიკოსებს. ამის მაგალითად კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაიაც საკმარისია - საქართველოს ეროვნული გმირი, რომელიც გაასამართლეს, დევნიდნენ, ავიწროებდნენ... არ დაუხვრეტიათ, მაგრამ ამდენ დევნა-შეურაცხყოფას მისმა ჯანმრთელობამ ვეღარ გაუძლო და გარდაიცვალა. ომის დროს სტალინი ათეისტი იყო და რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, რომ სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, გულში მაინც მორწმუნედ რჩებოდა, ფარული მორწმუნე იყო და სხვა, ყველაფერი ტყუილია. პირიქით, თვითონ აქვს დაწერილი, თუ სადმე შეიძლებოდა ღმერთის წინააღმდეგ აზრები გამჩენოდა, პირველ რიგში, სემინარია იყოო. პრინციპში, ბოლშევიკი მოგვიანებით გახდა, როცა სოციალ-დემოკრატიული პარტია გაიყო, მაგრამ ფაქტია, სოციალიზმისკენ მიდრეკილება და სიმპათია, სწორედ სემინარიაში სწავლის პერიოდში გაუჩნდა. უბრალოდ, სტალინს ომის დროს საზოგადოების ყველა ფენის მხარდაჭერა სჭირდებოდა და წავიდა დათმობაზე - რუსეთში აღადგინა საპატრიარქო ტახტი, ეკლესია მთლიანად მოაქცია თავის გავლენაში და უშიშროებას დაუქვემდებარა. საბოლოოდ, ყველა, პატრიარქი იქნებოდა თუ სხვა მაღალი იერარქიის სასულიერო პირი, უშიშროების სამსახურის თანამშრომლად აქცია. მღვდლების დიდი ნაწილი კა-გე-ბეს თანამშრომელი იყო. რასაკვირველია, იყვნენ პატიოსანი მღვდლებიც, მაგრამ ნაკლები.
"სამაგიეროდ, ომი მოიგო“
- რომ არა სტალინის პოლიტიკა, მეორე მსოფლიო ომი არ იქნებოდა. 1939 წლის აგვისტოში სტალინს ჰიტლერთან პაქტი რომ არ გაეფორმებინა, დიდი ალბათობით, გერმანია კიდევ დაფიქრდებოდა, დასხმოდა თუ არა თავს პოლონეთს. არის ორი ურთიერთგამომრიცხავი მითი: 1. სტალინის უძლეველობის მითი; 2. სტალინს ჰიტლერის ეშინოდა. ან ერთი უნდა იყოს სწორი, ან მეორე, ხომ? ჯერ მეორე მითს შევეხოთ: 1939 წელს სსრკ ხელშეკრულებას აფორმებს გერმანიასთან. რამდენი არ იწვალა საბჭოთა ისტორიოგრაფიამ ამ ფაქტის გასამართლებლად, მაგრამ დაადგინა, რომ "სსრკ სუსტი იყო", „"სტალინს ეშინოდა გერმანიის თავდასხმის", "საჭირო იყო ძალების მოკრება" და ა.შ., მაგრამ მთავარი მეორე მომენტია - როდესაც ვიღაცის თავდასხმის გეშინია, უნდა იფიქრო იმაზე, რომ იმ ვიღაცის წინააღმდეგ მოკავშირეები გყავდეს. 1939 წელს რატომ უნდა შეშინებოდა გერმანიის სსრკ-ს, როდესაც მასთან საზღვარი არ გააჩნდა? სტალინი სწორედ ჰიტლერთან გარიგებით ქმნის ამ საზღვარს ევროპაში, პრაქტიკულად მთელ პერიმეტრზე - პოლონეთს იყოფს, ესტონეთი, ლატვია, ფინეთი უნდა შესულიყო მისი გავლენის სფეროებში, შემდეგ პოლონეთის ნაწილი გაცვალა ლიეტუვაში, პლუს რუმინეთის ტერიტორიის ნაწილი უნდა წამოეღო (ბესარაბიაზე იყო საუბარი, მერე ჩრდილოეთ ბუკოვინაც შემოიერთა)... მოკლედ, კაცს ბუფერი აქვს და მას სპობს იმიტომ, რომ რეალობა სულ სხვაა, არ არსებობს შიშის საფუძველი. სტალინს სურს ომის გამოწვევა გერმანია-საფრანგეთ-ინგლისს შორის. როგორ უნდა გააკეთოს ეს? როგორ და, არსებობს გარანტიები, რომ პოლონეთზე თავდასხმის შემთხვევაში გერმანიას თავს დაესხმებიან ინგლისი და საფრანგეთი. 19 აგვისტოს სტალინის გეგმა განიხილეს გასაიდუმლოებულ პოლიტბიუროს სხდომაზე (სტალინსა და ჰიტლერს შორის პაქტი 23 აგვისტოს ფორმდება), სადაც სტალინი პირდაპირ ამბობს, გერმანია უფრო სუსტია, ვიდრე ინგლისი და საფრანგეთი, ამიტომ ჩვენი მიზნების მიღწევა მხოლოდ ომის შემთხვევაშია შესაძლებელი (მიზანი, როგორც აღვნიშნე, მსოფლიოს, კონკრეტულად კი ევროპის გაწითლებაა). ჩვენ გერმანიას უნდა დავეხმაროთ, რათა ეს ომი კიდევ უფრო გაიწელოს, შეიძლება მან ეს ომი მოიგოს, მაგრამ იმდენად ძვირი დაუჯდება და დაზარალდება, ჩვენ რომ თავს დავესხმებით, გერმანიას მარტივად გავანადგურებთ. ჯერ მას გავაწითლებთ, დამარცხებულ გერმანიაში ეს მარტივი იქნება, შემდეგ საფრანგეთსა და ინგლისს მივხედავთ - ანუ ადამიანი ამ მიზნით აფორმებს პაქტს. ჯერ საბჭოთა ისტორიოგრაფია უარყოფდა ამ სხდომის გამართვის ფაქტს, 50 წელი მალავდა, შემდეგ იქამდე მივიდნენ, რომ თქვეს, სხდომა კი გაიმართა, მაგრამ იქ უმნიშვნელო საკითხები განიხილესო. ასე რომ, ყველაფრის გათვალისწინებით, თუ პირველი დღიდან არა (1-ლ სექტემბერს გერმანია შეიჭრა პოლონეთში), სტალინი მეორე მსოფლიო ომის მონაწილეა მე-17 დღიდან, როცა სსრკ შეიჭრა პოლონეთში და დაიკავა ქვეყნის აღმოსავლეთი ნაწილი - ანუ მეორე მსოფლიო ომში სსრკ ჩაერთო 1939 წლის 17 სექტემბერს და ჰიტლერი და სტალინი მოკავშირეები იყვნენ. მათ მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ თითქმის 1940 წლის ბოლომდე. შემდეგ დაიძაბა ვითარება, თუმცა ეკონომიკური თანამშრომლობა გაგრძელდა - ისინი 1941 წლის იანვარშიც აფორმებენ ეკონომიკურ შეთანხმებას... მითია ის, რომ სსრკ 1941 წელს ჩაება მეორე მსოფლიო ომში. ყველაზე ცუდი, რაც უკანასკნელ ხანებში ხდება, ის არის, რომ ძალიან ბევრი მემორიალი გარემონტდა და ყველას 1941-1945 წლები აწერია. მაგალითად, ბორჯომში მემორიალზე არის წარწერა: "არავინ და არაფერია დავიწყებული". როცა 1941 წერია, უკვე დავიწყებულია, რადგან სსრკ 1939 წლიდან იყო ომში ჩართული და ამ წლიდან მსხვერპლი ჩვენ, ქართველებმაც გავიღეთ, განსაკუთრებით, როცა სსრკ-მ ფინეთთან დაიწყო ომი. ეს ყველაფერი ჩვენთან ბევრისთვის უცნობია, იციან, რომ ომი 1941 წელს დაიწყო. ფაქტია, სსრკ ომში არა 1941, არამედ 1939 წელს ჩაება და ჩაერთო გერმანიის მხარეს.
ჰიტლერმა სტალინს 1940 წლის ნოემბერში შესთავაზა, რომ სსრკ-ს ირანის მიმართულებით დაეწყო ექსპანსია და გასულიყო სპარსეთის ყურემდე. ჰიტლერს აქვს ნათქვამი, სტალინი თუ ამას დათანხმდება, ჩვენ შორის პრობლემები მოიხსნებაო (ვინაიდან ნათელი იქნებოდა, რომ სტალინს ევროპაში ინტერესები არ ჰქონდა). როდესაც სტალინმა მოინდომა ბულგარეთში საბჭოთა ჯარების ჩაყენება, ჰიტლერი მიხვდა, რომ სტალინი მის წინააღმდეგ ომს აპირებდა და გასცა სსრკ-ზე თავდასხმის ბრძანება. სტალინი მართლაც აპირებდა გერმანიაზე თავდასხმას, სავარაუდოდ, არა უგვიანეს 1941 წლის 15 ივლისისა (თარიღზე აზრთა სხვადასხვაობაა).
(გაგრძელება შემდეგ ნომერში)