„დაავადება X“ გლობალური პანდემიის მორიგი საფრთხე?! - კვირის პალიტრა

„დაავადება X“ გლობალური პანდემიის მორიგი საფრთხე?!

17 იანვარს დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე "დაავადება X" განიხილეს. გაეროს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები იუწყებიან, რომ შესაძლოა ის შემდეგი გლობალური ეპიდემიის მიზეზი გახდეს, რაც არაერთი ეპიდემიოლოგის მოსაზრებით, 20-ჯერ უფრო მომაკვდინებელია, ვიდრე "კოვიდ-19". ამ იდუმალ დაავადებაზე ვისაუბრებთ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელთან, იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის დირექტორ ივანე­ ჩხაიძესთან:

- ჯერ კიდევ 2015 წელს ჯანმომ სთხოვა­ წევრ ორგანიზაციებს, მიეწოდებინათ იდეა, თუ რა შეიძლება ყოფილიყო მომავალში ვირუსული პანდემიების მოსალოდნელი გამომწვევი, რათა მზად ყოფილიყვნენ ვაქცინებისა და სამკურნალო საშუალებების მოსამზადებლად. მაშინ აქცენტი გაკეთდა ახალაღმოცენებულ დაავადებებზე.­ მაგალითად, შAღშ-ჩოV-2-ზე, ვინაიდან მანამდე მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა.

2015 წლიდან ჯანმო ყოველწლიურად­ აახლებს ამ სიას, რომელშიც შედის ებო­ლა,­ მწვავე რესპირატორული სინდ­რ­ომი­ (შAღშ); მარბურგის ვირუსული დაავადებები;­ ნიპაჰისა და ჰენიპავირუსის დაავადებები და ა.შ. შემდეგში სიას "კოვიდ­ 19"-ის გამომწვევი ვირუსიც დაემატა, 2018 წლიდან კი ჯანმომ "დაავადება X"-ს პოტენციური პანდემიის გამომწვევი უწოდა.

"დაავადება X" არ არის კონკრეტული დაავადება, ეს არის ტერმინი, რომელსაც იყენებენ პოტენციურად ახალი ინფექციური აგენტის დასახასიათებლად - ანუ არავის განუსაზღვრავს "დაავადება X" რომელიღაც ტიპის ვირუსია თუ რომელიღაც ტიპის ბაქტერია. ეს არის "დაავადება X" კრებსითი სახელია, არ არის სპეციფიკური დაავადება, მხოლოდ პოტენციურად ახალი ინფექციური აგენტის დასახასიათებლად არის შემუშავებული. ის არის დაავადება, რომელსაც პოტენციურად შეუძლია საფრთხე შეუქმნას კაცობრიობას და ამიტომ აუცილებელია მომზადება, უნდა შეიქმნას ვაქცინა და მისი სამკურნალო სხვა საშუალებები.

- შესაძლებელია ეს იყოს უფრო მეტად ლეტალობის გამომწვევი, ვიდრე­ "კოვიდ 19"?

- ჯანმოს ვარაუდით, ის შეიძლება "კოვიდ 19"-ზე 20-ჯერ მეტად ლეტალური იყოს, თუმცა­ შეიძლება 10-ჯერ ან 50-ჯერ მეტადაც ლეტალური აღმოჩნდეს... "კოვიდ 19"-მა 7 მილიონი კაცი იმსხვერპლა, თუ მომავალში სხვა ტიპის ვირუსი გამოჩნდა, შესაძლებელია ლეტალობის მაჩვენებელი 50 მილიონი იყოს მთელ მსოფლიოში. ამიტომ განიხილეს დავოსის ფორუმზე "დაავადება X"-ისთვის მომზადებისა და სამუშაო გეგმის შექმნის საკითხი. ჯანმომ ახლავე დაიწყო მზადება ახალი პანდემიისათვის. ეს საკითხი ამიტომ გახდა ახლა აქტუალური, რადგან 2015-18 წლებში, როდესაც დაიწყო საუბარი "X დაავადებაზე", მაშინ ჯერ პანდემია არ იყო. ახლა გაცილებით მეტი ინფორმაცია გვაქვს, მეტია ცნობილი ვაქცინების, სამკურნალო საშუალებების შექმნის სისწრაფის შესახებ და ჯანმომ მიიჩნია, რომ უკეთესია ახლავე დავიწყოთ მომზადება.

საერთაშორისო ფონდები დიდ თანხებს­ დებენ ვაქცინების შესამუშავებლად, მაგალითად, ერთ-ერთი ძირითადი დონორია გეითსის ფონდი. ლაპარაკია იმაზეც, რომ შეიქმნას საერთაშორისო თანამშრომლობა, თანამშრომლობის ფონდი, რომელიც ხელს შეუწყობს კვლევების ჩატარებას, ასევე ქვეყნების დონეზე გეგმების შემუშავებას შესაძლო პანდემიის წინააღმდეგ.­ ეს შესაძლოა იყოს ჰოსპიტალური სექტორის მზაობა,­ როგორ უნდა გაიზარდოს სწრაფად­ საწოლფონდი და ა.შ., რისი საჭიროებაც გამოჩნდა კოვიდპანდემიის დროს. მაგალითად, "კოვიდ 19" მსოფლიოს 16 ტრილიონი დოლარი დაუჯდა. თუ მომავალი 5 წლის განმავლობაში 120 მილიარდი­ დოლარი დაიხარჯება იმისათვის, რომ ეს სამზადისი იყოს უფრო ქმედითი, ეს იქნება გაცილებით მეტი შესაძლებლობა მომავლის ეპიდემიებისთვის მოსამზადებლად. გადაწყვეტილება, რომ გამოიყოს 120 მილიარდი დოლარი მომდევნო 5 წლის განმავლობაში, რათა მსოფლიო უფრო კარგად მოემზადოს მომავალი პანდემიისთვის, გლობალური მნიშვნელობისაა. ეს არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს არსებობს კონკრეტული დაავადება, რომლის შესახებ ჯანმოს აქვს ინფორმაცია. არ არსებობს კონკრეტული ვირუსი, რომელიც შეიძლება გახდეს მომავალი პანდემიის გამომწვევი, მაგრამ არსებობს ჩამონათვალი­ იმ ვირუსებისა, რომელთაც ჯანმო განიხილავს მომავალში პოტენციურად ახალი პანდემიის გამომწვევ ვირუსად. ეს სია ცვლადია, შესაძლოა ახალი ვირუსიც გამოჩნდეს, მაგრამ ჯერ მხოლოდ ეს ჩამონათვალი გვაქვს.

- როგორც ევროპულ პრესაში დაიწერა, შესაძლოა ეს ვირუსი გენური ინჟინერიით არის შექმნილი და ლაბორატორიიდან გაპარული.

- არა, ამაზე არ არის საუბარი, საუბარია იმაზე, რომ ვირუსებისა და ბაქტერიების ჩამონათვალში შეიძლება მოხვდეს არა გაპარული, არამედ საგანგებოდ შექმნილი სინთეზური ბიოტერორიზმის იარაღი. შეიძლება სადმე რომელიმე ორგანიზაციის ან სტრუქტურის დაფინანსებით სპეციალურად შეიქმნას ბიოლოგიური იარაღი. ეს ერთ-ერთ შესაძლებლობად განიხილება. ის ვირუსები, რომლებიც ჩამოვთვალე, ცნობილია, მაგრამ შეიძლება შეიქმნას სრულიად უცნობი ვირუსიც, რომელიც შეიძლება "X დაავადების" გამომწვევი გახდეს. ლაპარაკია კონკრეტულად ტერორიზმის აქტზე.

- დაახლოებით როდის ელიან?

- ეს არავინ იცის, მაგრამ ლაპარაკია, რომ პანდემია აუცილებლად მოსალოდნელია. "კოვიდ 19"-მა დაგვარწმუნა, რომ პანდემია შეიძლება მომავალშიც განმეორდეს სხვა ვირუსით, სხვა ბაქტერიით თუ სხვა ბიოტერორიზმის იარაღით. წინა პანდემია 2009 წელს იყო, ზუსტად 10 წელიწადში დაიწყო "კოვიდ 19"-ის პანდემია. ასე რომ, 10 წელი შესაძლო პერიოდია, თუმცა შეიძლება იყოს 1 წელიწადში ან 20-ში, პროგნოზირება რთულია, მაგრამ ჯანმო დარწმუნებულია, რომ პანდემია კიდევ იქნება.

- ის შეცდომები თუ გამოცდილება, რაც მივიღეთ "კოვიდ 19"-ის დროს, ალბათ, იქნება­ გათვალისწინებული?

- დიახ. არავინ ემზადებოდა "კოვიდის"­ პანდემიისთვის. მუშაობა, რა თქმა უნდა, მიმდინარეობდა, მაგრამ არა გლობალურ დონეზე. იყო ცალკეული ლაბორატორიები, რომლებიც მუშაობდნენ ვირუსებზე, ჯანმოს აქვს ინსტიტუტები, რომლებიც მუშაობდნენ ვაქცინებზე გრიპის სხვადასხვა ვარიანტის წინააღმდეგ, მაგრამ ასეთი გლობალური მზაობა არ ყოფილა. ამჟამად გადანაწილდა­ გლობალური გეგმა და დავოსის ფორუმი იდეალური ნიადაგი იყო ფინანსური საფუძვლის შესაქმნელად, რათა მომდევნო 5 წელიწადში მსოფლიოში­ ჩატარდეს კვლევები შესაძლო პანდემიის პრევენციის, ვაქცინების და სამკურნალო საშუალებების მოსაძიებლად. დიახ, ჯანმო უკვე აცხადებს, რომ პანდემია იქნება და მას აქვს რესურსი მოსამზადებლად.

2022 წელს ჯანმომ მთელი მსოფლიოდან შეკრიბა 300 მეცნიერი და სთხოვა 25 ყველაზე მძიმე ვირუსისა და ბაქტერიისაგან შეექმნათ იმ გამომწვევების ჩამონათვალი, რომელთაც აქვთ პანდემიის გამოწვევის პოტენციალი. სწორედ ამ ჩამონათვალში შედის "დაავადება X".

როდესაც ვიცი, რომ ებოლას ვირუსს აქვს მომავალი პანდემიის პოტენციალი, მაშინ მილიარდობით დოლარს დავხარჯავ საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად. შესაძლოა ამჟამადაც დაავალონ სხვადასხვა სტრუქტურას, სამეცნიერო ლაბორატორიებს თუ კომპანიებს, დაიწყონ მუშაობა ვაქცინისა და მედიკამენტის შესაქმნელად. "კოვიდ 19"-ის დროს ჯერ დაიწყო პანდემია და მერე დაიწყეს ვაქცინის შემუშავებაზე ფიქრი, ახლა ჯანმო ფიქრობს, რომ მას შეუძლია დროს გაასწროს.

როდესაც 2018 წლიდან ამ პროექტზე­ მუშაობა დაიწყეს, კორონავირუსი გამომწვევთა ნუსხაში შედიოდა, ოღონდ ჯანმო ემზადებოდა შAღშ-ჩოV-1-ის პანდემიისთვის, სხვა ტიპის კორონავირუსისთვის, ხოლო პანდემია გამოიწვია შAღშ-ჩოV-2-მა. ამიტომ სია კი არსებობს, მაგრამ სავსებით შესაძლებელია გამოჩნდეს სრულიად ახალი ვირუსი და მან მიიღოს პანდემიური ბუნება.

ასე რომ, საპანიკო კი არა, დამამშვიდებელი ინფორმაციაა, რათა მეცნიერები მომდევნო პანდემიისთვის მოემზადონ.