როგორ მოვიქცეთ, როცა ყოფილი მეუღლე არღვევს კანონს და მამას შვილების ნახვის უფლებას არ აძლევს
სამოქალაქო საკითხებზე კომპეტენტურ პასუხებს გასცემს ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი:
- მყავს ქალიშვილი, რომელიც მეორე ქორწინებაშია. პირველი ქორწინებიდან ჰყავს ბავშვი და, ფაქტობრივად, ჩემი გაზრდილია, მაგრამ მერე წაიყვანა ჩემმა შვილმა და ახლა არის დედასთან. მეორე ქორწინებაშიც ჰყავს შვილი, ცოლ-ქმარი არ არიან სტაბილური ადამიანები, არ მუშაობენ, არა აქვთ შემოსავალი, აქვთ კონფლიქტები, ცხოვრობენ სოციალური დახმარებით. ახლა აპირებენ საზღვარგარეთ წასვლას, ძალიან არ მინდა უფროსი შვილიშვილი თან წაიყვანოს, რადგან არა აქვს მის ქმარს ბავშვთან კარგი ურთიერთობა. როგორც მეუბნებიან, რადგან ბებია ვარ, არანაირი უფლებები არა მაქვს და დედას შეუძლია თავისი შვილი სადაც უნდა იქ წაიყვანოს. ისიც ვიცი, რომ მისი პირველი ქმარი მისცემს ამის უფლებას, რადგან არც აინტერესებს თავისი შვილი. მაქვს შიში, რომ ბავშვს მოექცევიან ცუდად და იქ უფრო მეტად დაუცველი იქნება. როგორ შემიძლია ბავშვის უფლებები დავიცვა და მოვახერხო მისი საქართველოში დატოვება? სამართლებრივად ამ დროს თუ არსებობს გამოსავალი? ბავშვი 7 წლისაა.
- თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ სასამართლოს ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მოთხოვნით. ბავშვმა თქვენთან რომ იცხოვროს, მოპასუხეებად უნდა დაასახელოთ ბავშვის მშობლები. აუცილებელია დადგინდეს თქვენსა და ბავშვს შორის არსებული მყარი მიჯაჭვულობა, ასევე მნიშვნელოვანია, თუ რამდენხნიანი წყვეტა გაქვთ ბავშვთან ურთიერთობაში. აუცილებლად უნდა დაადასტუროთ ის გარემოებები, რის საფუძველზეც გსურთ ბავშვი თქვენთან ცხოვრობდეს და რატომ იქნება ბავშვისათვის თქვენთან ცხოვრება უფრო უკეთესი. თქვენი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან. ასევე მნიშვნელოვანია ბავშვის სურვილიც, რადგან გადაწყვეტილების გამოტანისას მის აზრსაც გაითვალისწინებენ.
- სოფელში მაქვს კერძო სახლი და მიწის ნაკვეთი, რომლის გაყიდვაც მინდა. მყავს მყიდველი, მაგრამ როცა რეესტრში მივედი, აღმოვაჩინე, რომ ქონება დაყადაღებულია. ეს იყო სრული მოულოდნელობა ჩემთვის. როგორც გავარკვიე, ჩემს შვილს ჰქონია ჯარიმები, არ იხდიდა და ამის გამო ქონების ნაწილი დააყადაღეს, რადგან ის იმ მისამართზეა ჩაწერილი. ჩემი თანხმობის გარეშე შეეძლოთ თუ არა ამის გაკეთება და ახლა როგორ მოვიქცე? მაქვს თუ არა უფლება, ჩემს სახელზე არსებული მიწის ნაკვეთი გავყიდო?
- მესაკუთრის თანხმობის გარეშე კონკრეტულ მისამართზე ჩაწერა შეუძლებელია. დღევანდელი კანონმდებლობის თანახმად, შესაძლებელია მხოლოდ უძრავი ქონების მისამართად დაფიქსირება, რაც საკუთრების უფლებას არ წარმოშობს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თუ მოცემულ შემთხვევაში პირი თანამესაკუთრე არ არის, ვერც მისი ვალდებულების გამო დააყადაღებენ სხვის, თუნდაც მშობლის ქონებას. ამიტომ სავარაუდოა, რომ პირი, რომლის ვალდებულებების გამო სახლი დააყადაღეს, არის მინიმუმ თანამესაკუთრე. რაც შეეხება საკითხს, თუ როგორ უნდა მოიქცეს მსგავს შემთხვევაში პირი, უნდა დაიწყოს საკითხის გარკვევა, თუ რა ვალდებულებები აქვს, რისთვისაც აღსრულების ეროვნულ ბიუროს უნდა მიმართოს. ამასთანავე, მოცემული ქონება გადასამოწმებელია საჯარო რეესტრში უძრავი ქონების საკუთრების ნაწილში, კერძოდ, თუ ვინაა მესაკუთრე თუ თანამესაკუთრე. დასმული კითხვის პასუხად უნდა განიმარტოს, რომ თუ ქონება დაყადაღებულია, ქონების რეალიზაცია ვერ მოხდება, ვინაიდან ყადაღა უზრუნველყოფს ვალდებულების შესრულებას და სწორედ ამის გამო ხდება მისი გამოყენება.

- ჩემს მეუღლეს სხვადასხვა ბანკიდან ჰქონდა აღებული სწრაფი სესხი, ერთხანს ვიხდიდით, მაგრამ შემდეგ ვეღარ გადაიხადა. წავიდა სამუშაოდ საზღვარგარეთ და მას შემდეგ არ გადაგვიხდია. უკვე გასულია 5 წელი სესხის აღებიდან და მუდმივად რეკავს ფინანსური ბიურო. ვუხსნი, რომ ქმარი არ არის საქართველოში. როგორ მოვიქცე? როგორც ვიცი, სესხი უკვე ხანდაზმულია და გადახდის ვალდებულება არა გვაქვს. ქმარი 3 წელზე მეტია წასულია ქვეყნიდან, მის სახელზე არ არის არანაირი ქონება. რა შემიძლია გავაკეთო, რომ ვალი ხანდაზმულად ცნონ. რამდენად არის შესაძლებელი მე წამართვან ოჯახიდან ნივთები ან ტექნიკა?
- ხანდაზმულობის ვადა სახელშეკრულებო მოთხოვნიდან გამომდინარე, რომელიც უძრავ ქონებას არ ეხება, არის სამი წელი, რომელიც გასული უნდა იყოს მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის ხანდაზმულობა არ გულისხმობს, რომ კრედიტორი ვერ მოითხოვს ნაკისრი ვალდებულების შესრულებას. ხანდაზმულობა გულისხმობს, რომ კრედიტორი სამართლებრივად ვეღარ გაიძულებთ სესხის დაფარვას. თუმცა ეს მას შემდეგ არის შესაძლებელი, რაც სესხი ხანდაზმულად იქნება აღიარებული სასამართლო გადაწყვეტილებით. კერძოდ, თუ კრედიტორს შეტანილი აქვს სარჩელი და სასამართლო გზით ითხოვს ვალდებულების შესრულებას, რომელიც ხანდაზმულია, მოპასუხემ უნდა მოამზადოს შესაგებელი, წარუდგინოს სასამართლოს, რომ სესხს არ დაფარავს ხანდაზმულობის გამო. შესაგებლის წარუდგენლობის შემთხვევაში, სესხის ხანდაზმულობის საკითხი ვერ დადგინდება და სასამართლომ შეიძლება მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დააკმაყოფილებს კრედიტორის მოთხოვნას - ანუ შესაგებლის წარდგენის გარეშე სასამართლო სესხის ხანდაზმულობის შესახებ არ იმსჯელებს. ამიტომ აუცილებელია შესაგებლის წარდგენა. იმ შემთხვევაში, თუ კრედიტორს სასამართლოში სარჩელი არ შეუტანია, მსესხებელმა უნდა შეიტანოს სარჩელი და მოითხოვოს სესხის ხანდაზმულად აღიარება, თუ, რა თქმა უნდა, მსესხებელს სურს სიტუაცია დააზღვიოს სამომავლო რისკებისგან.
- ყოფილ მეუღლესთან მაქვს დავა. ბინა გავყიდეთ, მერე გავშორდით და წავედი უცხოეთში. მან ამ ფულით ახალი ბინა იყიდა, მაქვს თუ არა უფლება მას წილი მოვთხოვო?
- სამწუხაროდ, თქვენ მიერ მითითებულია ძალიან მცირე გარემოება, შესაბამისად, საკითხი ძალიან ზოგადად უნდა განიხილოს. მაგალითად, დასადგენია, გაყიდული ბინა წარმოადგენდა თანასაკუთრებას თუ არა, ასევე ქორწინების განმავლობაში იყო შეძენილი თუ ქორწინებამდე. მაგალითად, თუ ბინა ქორწინების პერიოდში არის შეძენილი, მაშინ მნიშვნელოვანი საკითხია იმის დამტკიცება, რომ ბინის რეალიზაციიდან მიღებული თანხა სრულად ერთ მეუღლეს დარჩა და მისი წილი არ მიუღია - ანუ მოცემულ შემთხვევას აქვს ადგილი და შესაძლებელია დადასტურება, რომ თანხის ნაწილი არ აუღია მეორე მეუღლეს, მაშინ მოთხოვნა საფუძვლიანი იქნება. იმ შემთხვევაში, თუ თანასაკუთრება იყო ქონება, იგივე შედეგი შეიძლება დადგეს, რაც უკვე განიმარტა, თუმცა ორივე შემთხვევაში მნიშვნელოვანია არსებობდეს იმის მტკიცებულება, რომ თანხის გაყოფა არ მომხდარა და სრულად დარჩა ერთ მეუღლეს; ხოლო, თუ ქონება ქორწინებამდე შეძენილი იყო იმ მეუღლის მიერ, რომელმაც თანხა სრულად დაიტოვა, მაშინ მოთხოვნის უფლება მსგავს შემთხვევაში კანონის თანახმად არ წარმოიშობა.
- საქართველოს ბანკში ჩემს მეუღლეს ჰქონდა სესხი, მეუღლე დამეღუპა, ვიცი, რომ არის ასეთი კანონი, თუ მსესხებელი დაიღუპება, თანხა ჩამოეჭრება. ეს პირობა თუ აქვს "საქართველოს ბანკს"? როგორ შემიძლია გავეცნო ბანკთან დადებულ ხელშეკრულებას? ამისთვის რა საბუთების წარდგენა დამჭირდება, ან რაიმე გამოსავალი თუ არსებობს, რომ ეს ვალი მე არ დამეკისროს.
- საკითხზე კონკრეტული დეტალების გასარკვევად გარდაცვლილის მეუღლემ უნდა მიმართოს ბანკს და წარუდგინოს გარდაცვალების ცნობა. რაც შეეხება სასესხო ვალდებულების გაუქმებას, მსგავსი კანონი არ არსებობს, პირიქით, სამოქალაქო კოდექსის თანახმად, გარდაცვლილის მემკვიდრეზე გადადის მამკვიდრებლის როგორც აქტივი, ასევე პასივი - ანუ მემკვიდრეზე გადადის როგორც ქონება, ასევე ვალდებულებები. რაც შეეხება გამოსავალს, აუცილებელია საკითხის დეტალურად შესწავლა, თუ რამდენად არის გარდაცვლილი მოვალის მიმართ კანონით დადგენილი სამართლებრივი პროცედურები დაცული.
- თანხა მქონდა გასესხებული, მაგრამ ვერ დავიბრუნე, გვაქვს წერილობითი შეთანხმება დადებული. მპირდებოდა, რომ გადამიხდიდა, ასე გავიდა უკვე 3 წელზე მეტი. როგორც ჩანს, ელოდებოდა ხანდაზმულობის ვადის გასვლას, ეს ვადა გავიდა. ახლა შემიძლია თუ არა მივმართო სასამართლოს, ან რა მექანიზმი არსებობს, რომ დავიბრუნო გასესხებული თანხა? წლებს აქვს მნიშვნელობა?
- სესხის ხელშეკრულების ხანდაზმულობის ვადა არის მოთხოვნის დადგომიდან, ანუ როდესაც თანხა უნდა დაებრუნებინა, იმ დღიდან სამი წელი - ანუ თუ მოთხოვნის დადგომიდან სამი წელი გავიდა, სახელშეკრულებო მოთხოვნა ხანდაზმულია, რაც გულისხმობს, რომ სამართლებრივად კრედიტორი ვერ აიძულებს მოვალეს შეასრულოს სასესხო ვალდებულება. ამიტომ მოცემულ შემთხვევაში აუცილებელია საკითხი, ხელშეკრულებაში რა არის აღნიშნული, როდის უნდა დაებრუნებინა სესხი - ანუ სესხის ხელშეკრულების გაფორმებიდან სამ წელში კი არ ხდება სესხი ხანდაზმული, არამედ იმ დღიდან სამი წლის შემდეგ, როდესაც უნდა დაებრუნებინა სესხი და არ დააბრუნა. გარდა აღნიშნულისა, თუ სესხი ხანდაზმულია და სასამართლოს მეშვეობით ითხოვს კრედიტორი, მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება დამოკიდებულია იმაზე, შესაგებელში მოპასუხე დაამტკიცებს თუ არა მის ხანდაზმულობას.
- მაქვს პირადობის მოწმობა, რომელსაც აწერია უმისამართო, რადგან არა მაქვს საცხოვრებელი. მყავს ორი შვილი, ვართ უკიდურესად გაჭირვებულები და სოფელში შეგვიფარა ერთმა ადამიანმა. როგორ შეიძლება მივიღო ასეთ დროს სოციალური დახმარება? როგორც ვიცი, სოციალური რომ დაგვენიშნოს, საჭიროა კონკრეტულ მისამართზე მიწერა, მაგრამ ამას ჩვენი შემკედლებელი არ დათანხმდება. როგორ მოვიქცეთ, ვის მივმართოთ, რომ მივიღოთ დახმარება?
- მთავარია, პირადობა იყოს ვალიდური/მოქმედი, ბინაში ჩაწერა ე.წ. მიწერა არ არის სავალდებულო. უნდა მიმართოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს განცხადებით თქვენი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სარეიტინგო ქულის მინიჭების მოთხოვნით. ისინი მოვლენ თქვენს საცხოვრებელ ფართობში 3 თვის ვადაში, შეამოწმებენ პირობებს და დაადგენენ, გეკუთვნით თუ არა საარსებო შემწეობა (სოციალური). სარეიტინგო ქულით განისაზღვრება ის, თუ რა სახის დახმარებას მიიღებს სახელმწიფოსაგან ოჯახი.
თუ გაქვთ შეკითხვა იურისტთან და გჭირდებათ კომპეტენტური პასუხის მიღება, შეგახსენებთ ჩვენი ფოსტის მისამართს: tea.khurtsilava@gmail.com, სადაც შეგიძლიათ გამოგზავნოთ შეკითხვები და შევეცდებით უმოკლეს დროში მიიღოთ დასმულ კითხვებზე პასუხები გაზეთის მომდევნო ნომრებში