პრიგოჟინი ცოცხალია?! - უკრაინის მთავარი მზვერავის სკანდალური ინტერვიუ: რას ჰყვება ბუდანოვი პუტინის "კლონებზე" და რატომ უყვარს სიბნელე - კვირის პალიტრა

პრიგოჟინი ცოცხალია?! - უკრაინის მთავარი მზვერავის სკანდალური ინტერვიუ: რას ჰყვება ბუდანოვი პუტინის "კლონებზე" და რატომ უყვარს სიბნელე

ბრიტანული გაზეთის - „ფაინენშელ ტაიმსის“ (Financial Times) 21 იანვრის ნომერში გამოქვეყნებულია ინტერვიუ სათაურით - „კირილო ბუდანოვი, უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსი, რომელსაც „სიბნელე მოსწონს“ (ესაუბრება ჟურნალისტი ქრისტოფერ მილერი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

„უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსის, გენერალ-ლეიტენანტ კირილო ბუდანოვის კაბინეტში დღის სინათლე ვერ აღწევს. კედლები გამაგრებულია, ფანჯრები კი სილით სავსე ტომრებითაა ამოვსებული და შტორები აქვთ ჩამოფარებული. კაბინეტის კარს ხატი ამშვენებს. როცა 38 წლის კირილო ბუდანოვი „ფაინენშელ ტაიმსისათვის“ ინტერვიუს მოსაცემად მოვიდა, მან თანაშემწეს უთხრა, რომ ოთახში ძლიერი ელექტროსინათლეც გამოერთო: „მე სიბნელე მომწონს“, - ამიხსნა მან.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს შეფი კირილო ბუდანოვი რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე საიდუმლო, ფარულ ომს ხელმძღვანელობს, იგი უკრაინაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფიგურას წარმოადგენს. მასზე თავდასხმის ათამდე მცდელობა განხორციელდა, მაგრამ დღესაც ცოცხალია. კირილო ბუდანოვის თანამშრომლები მტრის ზურგში - როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე - უშუალოდ რუსეთის ღრმა ზურგში, ოპერაციებს ახორციელებენ, თუმცა საკუთარი თავის გამოჩენა და დამსახურების აღიარება არ უყვართ. ისინი დავალებას ასრულებენ და შემდეგ აკვირდებიან, თუ რა მითქმა-მოთქმა და ხმები ვრცელდება მათ მიერ მომზადებული ოპერაციების მასშტაბებზე.

უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს მიერ განხორციელებული ბოლოდროინდელი ოპერაციებია სანქტ-პეტერბურგის ახლოს, ნავთობისა და გაზის ტერმინალების დაბომბვა, დრონების მეშვეობით, აგრეთვე, დენთის ქარხნის აფეთქება ბრიანსკის ოლქში.

უკრაინის „გრუსს“ ასეთი „გამომწვევი და უკონტროლო ტაქტიკა“ დროდადრო დასავლეთის წარმომადგენლებს აღიზიანებდა - ისინი შიშობდნენ, რომ რუსეთის პროვოცირება მოხდებოდა და შეიძლებოდა, კრემლს მცირე ბირთვული მუხტიც კი გამოეყენებინა. თავის მხრივ, კირილო ბუდანოვი მათ შეშფოთებას არ იზიარებდა და აცხადებდა, რომ გააგრძელებდა დივერსიულ ოპერაციებს რუსეთის ზურგში.

გენერალ-ლეიტენანტმა კირილო ბუდანოვმა კარგად იცის, რომ 2024 წელი უკრაინის არმიისათვის ძალიან მძიმე იქნება: „იმის თქმა, რომ ჩვენთან ყველაფერი წესრიგშია, ტყუილი იქნება“, - პასუხობს იგი კითხვას, თუ რატომ ვერ მიაღწია წარმატებას უკრაინის არმიის ნაქებმა კონტრშეტევამ შარშან ზაფხულს, - „მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ კატასტროფა მოხდა“.

„უკრაინა მაინც მოახერხებს და შეძლებს, რომ ვლადიმერ პუტინი შეაჩეროს. უკრაინამ უკვე დაამტკიცა, რომ რუსეთის ძლიერების შესახებ მოარული ხმები მხოლოდ ლეგენდებს და საპნის ბუშტებს წარმოადგენს“, - ამბობს კირილო ბუდანოვი. იგი „სპეცნაზის“ ყოფილი მებრძოლია, 2014 წლიდან ჯერ დონბასში იბრძოდა, შემდეგ კი - ყირიმში. ამბობენ, რომ მას მთელ სხეულზე იარებისა და ჭრილობების კვალი ემჩნევა.

კირილო ბუდანოვი უკრაინის „გრუს“ უფროსად პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2020 წელს დანიშნა. მისი გეგმის მიხედვით განხორციელებულმა საიდუმლო ოპერაციებმა, მათ შორის - ქერჩის ხიდზე მომხდარმა აფეთქებამ, უწყება გამოაცოცხლა და გაააქტიურა. ეს იმიტომ, რომ დიდი ხნის განმავლობაში სადაზვერვო სამმართველო მეორეხარისხოვან უწყებად ითვლებოდა, უკრაინის უშიშროების სამსახურთან შედარებით. ამიტომაც დღეს კირილო ბუდანოვი უკრაინელთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს, მასზე მუდმივად აღფრთოვანებით ლაპარაკობენ მასმედიაში და სოციალურ ქსელებში,

მაგრამ პოპულარობა ზოგჯერ მსხვერპლს იწვევს, მას საფასურის გადახდამ მოუწია - მტერს მასზე რამდენიმე თავდასხმის და ტერორისტული აქტის მცდელობა ჰქონდა, რომლებსაც იგი ღიმილით იხსენებს. ყველაზე ხმაურიანი ტერაქტის მცდელობა 2019 წელს მოხდა, როცა მისი ავტომობილის ქვეშ დამონტაჟებული ბომბი ნაადრევად აფეთქდა, მან ავტომანქანიდან გადმოსვლა მოასწრო. ამ ფაქტის შემდეგ კირილო ბუდანოვი პირადი მცველების თანხლებით დადის. სამწუხაროდ, მტერმა, როგორც ჩანს, არც მისი ცოლი დაინდო: მარიანა ბუდანოვა გასული წლის ნოემბერში მძიმე მეტალებით მოიწამლა, ის ახლა მკურნალობის კურსს გადის.

კირილო ბუდანოვი მაინცდამაინც დიდ სურვილს არ ამჟღავნებს, კომენტარი გაუკეთოს უკრაინის არმიის საომარ ოპერაციებს და ამბობს, რომ ეს გენერალური შტაბის პრეროგატივაა, თუმცა იგი, თავის მხრივ, დაეთანხმა არმიის სარდლობის მოწოდებას, ახალწვეულების ჯარში დამატებით მობილიზებაზე: „წარმოუდგენელია დღეს იმაზე ფიქრი, რომ არმია მობილიზაციის გარეშე დარჩეს. სამხედრო მოსამსახურეთა უკმარისობა საგრძნობია“.

ერთი წლის წინ კირილო ბუდანოვმა იწინასწარმეტყველა, რომ უკრაინის არმია, რომლის სულისკვეთება 2022 წლის შემოდგომის წარმატებული შეტევის შედეგად ამაღლებული იყო (ნიკოლაევისა და ხარკოვის ოლქების დიდი ნაწილის გათავისუფლების შედეგად), ყირიმამდე მიაღწევდა, მაგრამ მისი პროგნოზი არ გამართლდა: გასული წლის ზაფხულში დაწყებული კონტრშეტევის დროს უკრაინელებმა ვერ შეძლეს რუსეთის გამაგრებული ზღუდეების გარღვევა. დღეს ფრონტის ხაზი იგივე რჩება, როგორიც ერთი წლის წინ იყო, თუმცა კირილო ბუდანოვის მტკიცებით, იგი არ შემცდარა. „მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი გეგმა უფრო სხვანაირი იყო, ჩვენ, სამხედრო დაზვერვის სამმართველომ, ჩვენი ოპერაციები განვახორციელეთ და დავალება შევასრულეთ. გასულ ზაფხულს ჩვენი ქვედანაყოფები ყირიმში არა ერთხელ შევიდნენ“, - განაცხადა მან. ამას რომ ამბობდა, ალბათ, გენერალს მხედველობაში ჰყავდა თავისი სპეცდანიშნულების რაზმის მეომრები, რომლებიც ყირიმში არსებულ რუსეთის ბაზებზე აფეთქებებს აწყობდნენ.

კითხვაზე, რომელიც რუსეთის არმიის შეიარაღებას ეხებოდა, კირილო ბუდანოვი პასუხობს, რომ რუსეთი იმაზე მეტ საბრძოლო მასალებს ხარჯავს, რისი წარმოებაც შეუძლია: „სწორედ ამით აიხსნება, რომ კრემლი იარაღს სხვა ქვეყნებში დაეძებს“.

ამჟამად ჩრდილოეთი კორეა რუსეთისათვის იარაღის უდიდეს მიმწოდებლად ითვლება: „კორეელებმა რუსებს მნიშვნელოვანი რაოდენობის საარტილერიო ჭურვები გადასცეს. ამან მოსკოვს სულის მოთქმის შესაძლებლობა მისცა“, - ამბობს კირილო ბუდანოვი, - "ჩრდილოკორეელების დახმარების გარეშე რუსების მდგომარეობა კატასტროფული იქნებოდა“.

თუმცა, რა თქმა უნდა, რუსებმა უპირატესობა მაინც საკუთარი სამხედრო მრეწველობის განვითარებას მიანიჭეს: „ისინი გარედან დახმარებას სამარცხვინოდ, დამამცირებლად თვლიან, ღირსების შემლახველად“, - განმარტავს ბუდანოვი.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც რუსეთის წინაშე დგას, ეს ცოცხალი ძალის რესურსებია ანუ - ჯარში გასაწვევი კონტინგენტი. კირილო ბუდანოვის მტკიცებით, მოსკოვი იმდენ ჯარისკაცს კარგავს, რამდენსაც იწვევს - ყოველდღიურად 1000-1100 სამხედრო მოსამსახურეს. გარდა ამისა, რუსეთი სარგებლობს დაქირავებული კერძო სამხედრო დაჯგუფებებითაც, მაგალითად, „ვაგნერის“ მსგავსი ქვედანაყოფებით, რომელსაც ევგენი პრიგოჟინი ხელმძღვანელობდა.

„ვაგნერზე“ საუბრისას კირილო ბუდანოვი ისეთ ფაქტებზე ლაპარაკობს, რომელთა გადამოწმება შეუძლებელია: მისი მტკიცებით, „ვაგნერი ისევ არსებობს“ და განცხადებები მისი დაშლის თაობაზე სინამდვილეს არ შეესაბამება. როცა ევგენი პრიგოჟინის [დაღუპვას] ვიხსენებთ, მე დასკვნების გაკეთებას არ ვიჩქარებ“. როგორც ცნობილია, ევგენი პრიგოჟინი შარშან ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა. დასავლეთის აზრით, ეს იყო სპეციალურად ვლადიმერ პუტინის მიერ დაკვეთილი ტერორისტული აქტი. რა თქმა უნდა, კრემლმა თავის დროზე ბრალდება უარყო.

„მე ვერც იმას ვიტყვი, რომ იგი [ევგენი პრიგოჟინი] არ მომკვდარა და ვერც იმას, რომ იგი მკვდარია. მე ვამბობ, რომ არავითარი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ იგი მკვდარია. მისი ცხედარი არავის უნახავს“, - აცხადებს ინტერვიუში გენერალი.

კირილო ბუდანოვის კიდევ ერთი საყვარელი სასაუბრო თემაა ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ადრე იგი ამტკიცებდა, რომ რუსეთის ლიდერი განუკურნებელი სენით - კიბოთია ავად, ახლაც ამბობს, რომ ის ადამიანები, რომლებსაც რუსეთის ტელევიზიით აჩვენებენ, ყველა პუტინის „კლონები“ არიან. კითხვაზე, აქვს თუ არა მას ამის მტკიცებულებები, გენერალი პასუხობს, რომ მისი ანალიტიკოსები ყურადღებით სწავლობენ „პუტინის ფიზიონომიას... მაგალითად, ყურის ბიბილოებს, წარბებს შორის მანძილს და ასე შემდეგ“.

„ეს არც ისე რთულია, თქვენც იოლად შეგიძლიათ ამის გაკეთება [პუტინს მიმსგავსება]“, - აღნიშნა სამხედრო დაზვერვის უფროსმა და მხრები აიჩეჩა, თითქოს მიანიშნა, რომ გარეგნობით პუტინის ორეულების არსებობა რუსების ჩვეულებრივი ხრიკია.

ინტერვიუ დასასრულს უახლოვდებოდა, როცა იგი ისევ ომის თემას დაუბრუნდა, თუმცა უარი თქვა 2024 წლის რაიმე გაბედული პროგნოზის გაკეთებაზე: „ვერაფერს ვიტყვი“, - განაცხადა მან, მაგრამ იქვე დასძინა: - „იმედი მაქვს, რომ ჩვენი წარმატებები უფრო მეტი იქნება, ვიდრე - მათი“. შემდეგ იგი სწრაფად გავიდა ჩაბნელებული ოთახიდან.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ