ქართულ-ჩინური გეოპოლიტიკური "ტანგო" - ფარული ექსპანსია თუ ქარიშხალი ჭიქაში:რა ინტერესები აქვს ჩინეთს საქართველოში?! - კვირის პალიტრა

ქართულ-ჩინური გეოპოლიტიკური "ტანგო" - ფარული ექსპანსია თუ ქარიშხალი ჭიქაში:რა ინტერესები აქვს ჩინეთს საქართველოში?!

გასულ კვირას მმართველი პარტიის საპარლამენტო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში თითქმის ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. ქართველმა პარლამენტარებმა ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრები პეკინსა და შანხაიში გამართეს. "ჩვენი სურვილი და მიზანია გაღრმავდეს ჩინეთთან თანამშრომლობა სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა მიმართულებით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია პოლიტიკური თანამშრომლობა, განსაკუთრებული პოტენციალი გვაქვს ეკონომიკის სფეროში, ეს პოტენციალი მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ", - განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მმართველი პარტიის დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთში ვიზიტის შეჯამებისას. მისი თქმით, ჩინეთთან შარშან ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება ქმნის ძალიან კარგ საფუძველს იმისთვის, რომ გაღრმავდეს პარტნიორობა ყველა სფეროში. მოკლედ, სტრატეგიულ პარტნიორობასა და, მასთან ერთად, "პოლიტიკურ ჯგუფებსა და პარტიებს შორის კავშირების გაფართოებაზე" შეთანხმების შემდეგ, "ქართული ოცნების" ხელისუფლება ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავებას იწყებს. რას მოუტანს ეს ქვეყანას, რამდენად შესაძლებელია ერთდროულად ორ სკამზე ჯდომა, ანუ სტრატეგიული პარტნიორობა დასავლეთსა და ჩინეთთან ერთად? - სწორედ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ჯიპას ასოცირებულ პროფესორთან, ბრიუსელის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროს მეცნიერ თანამშრომელთან თენგიზ ფხალაძესთან:

- სავსებით შესაძლებელია იყო დასავლური ბლოკის წევრი და პარალელურად გქონდეს სტრატეგიული ურთიერთობა ჩინეთთან. ეს გასაკვირი არ არის, მთავარია, პარტნიორობის შინაარსი. აქ ჩნდება სწორედ კითხვები, რას იღებს ახლა და რას მიიღებს საქართველო ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობით? რა წერია სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებაში და რამდენად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ჩინეთი?

აქ უნდა გავიხსენოთ კვიპროსის მაგალითი - პატარა სახელმწიფოსი, რომელსაც აქვს ტერიტორიული პრობლემები. აღსანიშნავია, რომ ჩინეთმა რამდენიმე წლით ადრე კვიპროსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებაში, საქართველოსგან განსხვავებით, შეიტანა პუნქტი, რომლითაც, ფაქტობრივად, პირობას დებს, რომ გააგრძელებს კვიპროსის ძალისხმევის მხარდაჭერას მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და "მხარს დაუჭერს კვიპროსის პრობლემის ყოვლისმომცველ, სამართლიან და გრძელვადიან გადაწყვეტას გაეროს შესაბამისი რეზოლუციებისა და საერთაშორისო სამართლის ფარგლებში". სამწუხაროდ, მსგავსი ტიპის ჩანაწერი საქართველოსთან დადებულ შეთანხმებაში არ არის. ჩვენს შემთხვევაში შეთანხმების პირველსავე პუნქტში წერია, რომ მხარეები ადასტურებენ "ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას".ამას მოსდევს ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, "საქართველო მტკიცედ ემხრობა ერთიანი ჩინეთის პრინციპს". ამას ლოგიკურად უნდა მოსდევდეს დაახლოებით ამ შინაარსის ჩანაწერი, რომ ჩინეთიც განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს ერთიანობას, გმობს ოკუპაციას და აფხაზეთს და ე.წ. სამხრეთ ოსეთს საქართველოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს, ანუ ჩინეთიც უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, თუმცა ამგვარი არაფერი წერია შეთანხმებაში. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, ჩინეთი არის სახელმწიფო, რომელიც არასდროს აძლევს ხმას რეზოლუციებს ლტოლვილთა დაბრუნების თაობაზე, რაც ჩვენთვის ასეთი მნიშვნელოვანია. მოკლედ, ჩინეთს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის აღიარებისა და ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების უფლების მხარდაჭერა დღემდე არ გამოუხატავს. ჩინეთი არის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრი, რომელიც არასდროს ახსენებს სიტყვა "ოკუპაციას". არ მახსოვს, ჩინეთისგან არც ერთი განცხადება ბორდერიზაციაზე, საქართველოს მოქალაქეების გატაცებაზე, მათ წამებასა თუ მკვლელობაზე და ა.შ. ამიტომ იბადება კითხვა, რას ვიღებთ ჩინეთთან ასეთი დაახლოებით? სანამ ჩვენი პარტნიორობა გამოცხადდებოდა, საქართველოს ჩინეთთან ისედაც ჰქონდა ინტენსიური ეკონომიკური ურთიერთობა, თავისუფალი ვაჭრობა და ა.შ. მაშ, რის მიღებას ველით ჩინეთისგან? ამასთანავე, ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩინეთისთვის ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივებს, მაგალითად, გლობალური უსაფრთხოების ინიციატივას და ა.შ., რასაც დიდი ეჭვით უყურებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები - აშშ და ევროკავშირი. ამის გათვალისწინებით ჩინეთისთვის საქართველოს ასეთი ცალსახა მხარდაჭერა რაღაცით უნდა იყოს დაბალანსებული, რაღაც შედეგს უნდა ვიღებდეთ ამისგან. ეს შეეხება საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტსაც. ჯერ არ ჩანს, რა იყო ამის მიზანი ან რა შედეგი მოჰყვება. იმედია, ეს გამოჩნდება უახლოეს მომავალში, მაგალითად, გაეროში მორიგი რეზოლუციის კენჭისყრისას - თუ ჩინეთი დაუჭერს მხარს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ლტოლვილთა დაბრუნებას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პარტნიორობის გამოცხადების შემდეგ მან ჩვენს სასარგებლოდ შეიცვალა პოზიცია. ეს შეეხება სხვა საკითხებსაც, ვნახოთ, რა იქნება უახლოეს მომავალში... ჯერჯერობით, განსაკუთრებული ბენეფიტები საქართველოსთვის მე ნამდვილად ვერ დავინახე.

- ქვეყანაში მზარდია ჩინური ინვესტიციები, ასევე ცხადად ჩანს ამ ქვეყნის ინტერესები ჩვენი რეგიონისადმი, შავ ზღვაში გავლენის მოსაპოვებლად. ვიცით, რომ დაინტერესებული არიან ანაკლიის პროექტით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საქართველოს ხელისუფლების მიზნები რა შეიძლება იყოს?

- გეთანხმებით, ჩინეთის ინტერესები აშკარაა, მით უფრო დიდია შუა დერეფნით დაინტერესება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია საქართველო. იზრდება დაინტერესება ინფრასტრუქტურული პროექტებითაც, შავი ზღვითაც. ყოველივე ეს ნორმალურია და ნებისმიერი ქვეყანა უნდა ცდილობდეს ამ ინტერესების სათავისოდ გამოყენებას. აქ კითხვა სხვა რამეშია - პრობლემა ის კი არ არის, რომ ჩინეთს აინტერესებს რაღაც, მაგალითად, ანაკლიის პორტი, პრობლემაა, როცა ის აშენდება, პორტი ქართული იქნება თუ ჩინური? ვინ იქნება მისი მფლობელი? ვიმეორებ, ჩინური ინვესტიცია პრობლემა არ არის, პრობლემაა ის, როდესაც სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი სხვის, ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს მფლობელობაში გადადის. საკამათო თემაა ინვესტიციების მასშტაბიც. ამიტომაც მნიშვნელოვანია რისკების კარგად გათვლა და გაანალიზება, რაც ბევრ ქვეყანაში გააკეთეს. ჩვენ გვაქვს არაერთი ქვეყნის მაგალითი, სადაც დახარბდნენ იაფ ჩინურ ინვესტიციებს, რაშიც შემდგომ ძვირი პოლიტიკური ფასის გადახდამ მოუწიათ.

განაგრძე კითხვა