ლაზერული იარაღი, რომელიც ქართველმა გენერალმა შექმნა - ვინ იყო ვიქტორ სულაქველიძე, რომლის ერთ-ერთი გამოგონება დღემდე გასაიდუმლოებულია
ბოლო შეიარაღებულ კონფლიქტებში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ძალზე ინტენსიურად გამოიყენება სხვადასხვა დანიშნულებისა და კლასის დისტანციურად ან ავტომატურ რეჟიმში მართვადი საფრენი აპარატები, რომელთა ჩამოგდება დიდ თავსატეხად იქცა ნებისმიერი ქვეყნის მეზენიტისთვის.
დრონების არასასურველი ფრენების შეწყვეტა ცეცხლსასროლი იარაღის, საზენიტო რაკეტების ან სულაც - დამჭერი ბადეებითაა შესაძლებელი, ხოლო რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით კი - მათთვის „თავგზის აბნევა“, რომ მიზანს ასცდნენ.
თუმცა დღეს, ასევე, ძალზე აქტუალურად განიხილება ლაზერული იარაღით მათი დაზიანება/ჩამოგდების შესაძლებლობებიც, მით უფრო, რომ უმეტესი დრონების ძირითადი დეტალები პლასტმასისაა და მაღალენერგეტიკულ ლაზერის სხივს მართლაც შეუძლია, კომპოზიციური მასალებისგან დამზადებული დრონის კონსტრუქციის, ასევე, მისი ოპტიკური ხელსაწყოების დაზიანება.
როგორ იქმნებოდა ლაზერული იარაღის პირველი ნიმუშები „პირველი ცივი “ ომის დროს, როგორ აპირებდნენ აშშ და საბჭოთა კავშირი „ლაზერული ქვემეხების“ დიდ თვითმფრინავებზე დამონტაჟებას, რას წარმოადგენდნენ საბჭოთა „ლაზერული ტანკები“ და ბოლოს, რა ლაზერული ტექნიკური საშუალება ჰქონდა ქართულ არმიას ჯერ კიდევ აფხაზეთის ომში და რატომ არ გამოიყენა ის - არა ერთი საინტერესო სტატიის დაწერა შეიძლება მომავალში, თუკი ეს ჩემი ბლოგის ერთგულ მკითხველს დააინტერესებს...

ახლა კი გთავაზობთ იმ ნაკლებადცნობილ ისტორიას, თუ როგორ შექმნა ქართველმა გენერალმა „ლაზერული პისტოლეტი“ საბჭოთა კოსმონავტებისთვის კოსმოსში, უჰაერო სივრცეში „ვარსკვლავთომებისთვის“ - კოსმოსური სადგურის დასაცავად „კოსმოსური პირატებისგან“ ან პირიქით - სხვისი თანამგზავრის დასაპყრობად...
"ვარსკვლავური ომებისთვის" მზადება კოსმოსში პირველი ადამიანის გასვლისთანავე დაიწყო. 1961 წლის 12 აპრილს დედამიწის ორბიტაზე გასული პირველი კოსმონავტი იური გაგარინი "მაკაროვით" იყო შეიარაღებული. პისტოლეტი საპარაშუტო სისტემის ხელუხლებელ მარაგში იმ შემთხვევისთვის შეიტანეს, თუკი მიწაზე დაშვებულ გაგარინს გარეული ცხოველებისგან თავის დაცვა დასჭირდებოდა… ან იქნებ თავის მოკვლა, თუკი ის საბჭოთა კავშირის ტერიტორიის ნაცვლად, შემთხვევით, ჩრდილო-ამერიკის კონტინენტზე დაეშვებოდა?
მოგვიანებით, როდესაც ორბიტაზე საბჭოთა კავშირი და აშშ, ერთმანეთის ჯიბრზე, თითქმის ყოველთვიურად ახალ-ახალ თანამგზავრს გზავნიდნენ, მოსკოვისა და ვაშინგტონის დაპირისპირების ხმელეთიდან კოსმოსში გადანაცვლება რეალური გახდა.
საბჭოთა გენერლები არ გამორიცხავდნენ, ამერიკელ ასტრონავტებს, პენტაგონის დავალებით, დედამიწის ორბიტაზე მფრენი საბჭოთა უპილოტო და პილოტირებული ხელოვნური თანამგზავრების ხელში ჩაგდება განეზრახათ.

სწორედ კოსმოსურ ორბიტაზე თავდასაცავად (ან ვინ იცის, შეიძლება, ამერიკულ თანამგზავრებზე თავდასასხმელად) საბჭოთა კავშირის გენშტაბმა ექსპერიმენტული ლაზერული პისტოლეტის შექმნა დაუკვეთა სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების სამხედრო აკადემიის მეცნიერებს, კერძოდ, იმ სამეცნიერო-კვლევით ჯგუფს, რომელსაც ჩვენი თანამემამულე, პროფესორი, გენერალ-მაიორი ვიქტორ სულაქველიძე ხელმძღვანელობდა.
სიმართლე ითქვას, 1982 წლიდან საბჭოთა კოსმონავტების მიწაზე დასაშვები აპარატის ხელუხლებელ მარაგში "მაკაროვის" პისტოლეტების ნაცვლად უკვე გამოჩნდა უნივერსალური სამლულიანი პისტოლეტი ТП-82, მაგრამ ის მაინც ტაიგაში დაშვებული კოსმონავტებისთვის იყო განკუთვნილი, რომ მათ სანამ იპოვნიდნენ, მტაცებელი ცხოველებისგან თავი დაეცვათ.
კოსმოსურ სივრცეში, ახლო მანძილზე საბრძოლველად საბჭოთა კოსმონავტებს სჭირდებოდათ ისეთი იარაღი, რომელსაც არ ექნებოდა უკუცემის ძალა და, ამასთან, არ დააზიანებდა თანამგზავრის კორპუსის გარსს; მწყობრიდან გამოიყვანდა მხოლოდ ოპტიკურ ხელსაწყოებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში - მოწინააღმდეგის ასტრონავტებს დააბრმავებდა (დროებით ან სამუდამოდ).
სწორედ ასეთი იარაღი იყო ლაზერული პისტოლეტი, რომლის კონსტრუირება შეძლო გენერალ სულაქველიძის სამეცნიერო ჯგუფმა. მათ თავიდანვე სწორად გათვალეს - ლაზერული პისტოლეტის გაბარიტები პისტოლეტ "სტეჩკინისას" არ აღემატებოდა და ჰქონდა ჩვეულებრივი მჭიდი, 10 მმ-ის კალიბრის 8 ვაზნით.
ვაზნაში არც ტყვია იყო და არც დენთი. მასში ჩამონტაჟებული გახლდათ პიროტექნიკური ნარევი, რომელსაც ზემოდან ვოლფრამის შემცველი პასტა ჰქონდა გადასმული. გასროლისას პისტოლეტის სასხლეტის წინ ჩამონტაჟებული ჩვეულებრივი "კრონას" ბატარეიდან ელექტროიმპულსი მიეწოდებოდა ვაზნას, მისი შიგთავსი ფეთქდებოდა, დიდი ენერგია წარმოიქმნებოდა, რომელიც პისტოლეტის ლულაში მოთავსებული სპეციალური ლინზების სისტემის გავლით მიზნისკენ ლაზერის სხივს გასტყორცნიდა.

პისტოლეტის ლულიდან გამოტყორცნილი სინათლის ენერგია 10 ჯოულამდე იყო. ის ვერ გახვრეტდა თანამგზავრის გარსს, მაგრამ საკმარისი იყო, რომ 20 მ-ის დისტანციიდან მწყობრიდან გამოეყვანა ოპტიკური ხელსაწყოები და დაეზიანებინა ადამიანის თვალები. ხელახალი გასროლის წინ სულაქველიძის ლაზერული პისტოლეტი ხელით გადაიტენებოდა, რა დროსაც, როგორც ჩვეულებრივ პისტოლეტებში, უკვე გამოყენებული ვაზნის მასრის ექსტრაქცია ხდებოდა.
გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს ექსპერიმენტული ლაზერული პისტოლეტი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ დიდ საიდუმლოებად ითვლებოდა, თუმცა საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ "კოსმოსური ომების" საფრთხეც წარსულს ჩაჰბარდა და სულაქველიძის ერთადერთმა ლაზერულმა პისტოლეტმა საბოლოო ნავსაყუდელი სამხედრო აკადემიის მუზეუმში ჰპოვა.
ლაზერული პისტოლეტის კონსტრუირება მართლაც ორიგინალური და საინტერესო იყო, თუმცა გენერალი სულაქველიძე უფრო სერიოზულ თემებსაც ამუშავებდა, კერძოდ, ხვეწდა და აუმჯობესებდა საბჭოთა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების საბრძოლო (ბირთვულ) ქობინებს, რათა მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე აფეთქების შემდეგ გაძლიერებულიყო გამა და ზემაღალი სიხშირის გამოსხივება. სავარაუდოდ, გენერალი სულაქველიძე მეორე ჩვენი თანამემამულის, ალექსანდრე ნადირაძის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების, "ტოპოლების" ბირთვული ქობინების გაუმჯობესებაზეც ზრუნავდა. ჯერჯერობით კვლავ საიდუმლოა, მაგრამ პროფესორ სულაქველიძეს შემუშავებული ჰქონდა ჩვეულებრივი ჭურვების აფეთქებისას წარმოქმნილი ენერგიის გენერირების მეთოდები ელექტრომაგნიტურ გამოსხივებაში, რაც მომავლის იარაღად ითვლება, რადგან მოწინააღმდეგის რადიოელექტრონული მოწყობილობების მწყობრიდან გამოსაყვანად არის განკუთვნილი.
ვიქტორ სულაქველიძე 1984 წელს გარდაიცვალა. ის საქართველოში ჩამოასვენეს და ჯერ ვანის ცენტრში დაკრძალეს, ხოლო მოგვიანებით - თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე გადაასვენეს.