"საოცარი ცინიზმით შეეძლო, უარი ეთქვა ბევრ კომპრომისზე... ჟვანიას ფუნქციები „შაგრენის ტყავივით" სულ უფრო იკვეცებოდა... პატარკაციშვილის ცხოვრება კი მძაფრსიუჟეტიანი სათავგადასავლო რომანივით საინტერესო "წასაკითხია"
ამ ქვეყანაზე არავინაა იდეალური და შეუმცდარი. ბუნებრივია, არც ზურაბ ჟვანია იყო ‘’ფრთიანი ანგელოზი“: ის ედუარდ შევარდნაძის „პოლიტიკური შვილობილი“ იყო და ბევრი რამ, კარგიც და ცუდიც, მისგან ისწავლა. აწ გარდაცვლილი ეროსი კიწმარიშვილი ამგვარად ახასიათებდა მას: „ზურა ჩვენი თაობის პოლიტიკოსი იყო, ჩვენ საერთო პრინციპები და ხედვები გვქონდა. მას არ ჰქონდა პოლიტიკაში ისეთი სენტიმენტები, როგორიცაა მეგობრობა, ნათესაობა. მას საოცარი ცინიზმით შეეძლო უარი ეთქვა ბევრ კომპრომისზე.“ ეს სიტყვები შეიძლება ზოგიერთმა, როგორც კომპლიმენტი, ზოგიერთმა კი, როგორც „მაკიაველიზმი“, ისე გაიგოს. გემოვნებაზე არ დავობენ.
2004 წლის შემოდგომისთვის ზურაბ ჟვანიას ურთიერთობა დაეძაბა კახა ბენდუქიძესთანაც და, ფაქტობრივად, “უჯარო გენერლად“ იქცა: ქვეყანაში რეალურად მის გარეშე ტარდებოდა ეკონომიკური პოლიტიკა და, რაც ყველაზე მთავარია, პრემიერ-მინისტრი ჩამოცილებული იყო სახელმწიფო ქონების გადანაწილება-პრივატიზაციის პროცესს. უფრო მეტიც: ფინანსთა მინისტრი „ჟვანიას გუნდელი“ კი იყო (ზურაბ ნოღაიდელი), თუმცა ამ სამინისტროს მთავარ სტრუქტურას, საფინანსო პოლიციას, მიხეილ სააკაშვილის „გაზრდილი“ დავით კეზერაშვილი ხელმძღვანელობდა. ქვეყნის საგარეო პოლიტიკა, თავდაცვა, უშიშროება-პოლიცია, ბიზნესის (ფაქტობრივად, ათი ათასობით ადამიანის) კონტროლი, საფინანსო პოლიციის მეშვეობით - ესაა იმ სფეროების არასრული ჩამონათვალი, რომელიც სააკაშვილის ხელში აღმოჩნდა. მაშინ სრულიად მოულოდნელად აღმასრულებელი ხელისუფლების მუშაობის ნიუანსებში სრულიად გაურკვეველ და გამოუცდელ ახალგაზრდებს უზარმაზარი ძალაუფლება, ასი ათასობით ადამიანის ბედ-იღბლის გადაწყვეტა ჩაუვარდათ ხელში. შემდეგ ვინ როგორ გამოიყენა ეს „შანსი“, თქვენც კარგად იცით.
მაშინ კი საყოველთაო ეიფორიაში მყოფი მოქალაქეები (მათ შორის, ამ სტრიქონების ავტორიც) ხელისუფლების უმაღლეს დონეზე და „ზედა სართულებზე“ არსებული დაპირისპირების „წვრილმან“ ნიუანსებზე არ ფიქრობდნენ. ყველა ქვეყნის წინსვლაზე ვოცნებობდით.
თანდათანობით ზურაბ ჟვანიას ფუნქციები „შაგრენის ტყავივით“ სულ უფრო და უფრო იკვეცებოდა, ის მალე ფორმალურ პრემიერ-მინისტრად დარჩებოდა, რომ არა მისი პიროვნული ავტორიტეტი უცხოეთში და საქართველოში, მას შევარდნაძისდროინდელ სახელმწიფო მინისტრზე მეტი რეალური ძალაუფლება აღარც ექნებოდა. პრემიერ-მინისტრის იგნორირების პროცესს სააკაშვილი ახალისებდა. ზ. ჟვანია ამას ხვდებოდა, მაგრამ სიტუაციას ვერ ცვლიდა და გამოსავალს ეძებდა. თუმცა მის მდგომარეობას ართულებდა ის გარემოება, რომ დასაყრდენი პოლიტიკური ძალა აღარ ჰყავდა: მის მიერ პოლიტიკაში, ჯერ კიდევ „მოქალაქეთა კავშირიდან“ მოყვანილი ახალგაზრდები (მისი „მეგობრები“) უკვე „ნაციონალურ მოძრაობას“ შეეკედლნენ და მ.სააკაშვილს შესციცინებდნენ თვალებში. ზ.ჟვანიას არც ფინანსური რესურსი ჰქონდა საკმარისი, რომ დამოუკიდებელი „პოლიტიკური თამაში“ დაეწყო. ყოველივე ამის გარდა იყო, ალბათ, მთავარი დამაბრკოლებელი გარემოება: ამ გადაწყვეტილების შემდეგ პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია პრეზიდენტ მ. სააკაშვილს და სახელისუფლებო პარტიას უნდა დაპირისპირებოდა. ეს კი საქართველოში კვლავ არასტაბილურობის მიზეზი გახდებოდა. ვფიქრობ, რომ ეს შესაძლო სცენარი ყველაზე მეტად ამუხრუჭებდა ზ. ჟვანიას. ძნელია იმის თქმა, თუ როდის მიიღო მან საბოლოო გადაწყვეტილება. ჩემი აზრით, 2004 წლის მიწურულს ზ. ჟვანია ფიქრობდა, რომ უკვე ამოწურა მ. სააკაშვილის „შეკავება-დაბალანსების“ რესურსი და ახალი პოლიტიკური გაერთიანების შესაქმნელად ძლიერ მოკავშირეს ეძებდა.
რამდენიმე წყაროს ანალიზი ადასტურებს ამ მოსაზრებას. ქართველი ბიზნესმენი ლევან პირველი 2015 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებდა (სტილი უცვლელია - ბ.ა.): „ზუსტად ვიცი, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ ის რეალურად აპირებდა სიტუაციის აგორებას. ზურაბს ერთი თვისება ჰქონდა - სიტუაციას რამდენჯერმე წონიდა და გადაწყვეტილებას შემდეგ იღებდა. იმ პერიოდშიც, როდესაც სააკაშვილის წინააღმდეგ სიტუაციის აგორებას ამზადებდა, მუდმივად გადამოწმების პროცესში იყო, ყველაფერი გათვლილი ჰქონდა თუ არა. ვურჩიე, ფრთხილად იყავი, რამე არ გაგიკეთონ-მეთქი. ეს იყო ჩემი ბოლო საუბარი მასთან“.
არსებობს ინფორმაცია, რომ ზ. ჟვანია „ზვიად გამსახურდიას მომხრეებს“ შორისაც ცდილობდა დასაყრდენი ძალის პოვნას. თუმცა ეს უფრო ტაქტიკური მანევრი იქნებოდა. მას კი ისეთი სტრატეგიული პოლიტიკური პარტნიორი სჭირდებოდა, რომელსაც ფინანსებიც ჰქონდა, მასმედიის საშუალებებიც და პოლიტიკური ამბიციებიც. 2004 წლის ბოლოს საქართველოში ასეთი მხოლოდ ერთი პიროვნება იყო.
1990-იანი წლების მეორე ნახევრიდან 2008 წლის თებერვლამდე პერიოდში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების ანალიზი ბადრი პატარკაციშვილის პიროვნების როლის შესწავლის გარეშე არასრული და არასწორი იქნება. იმ წლებში ის აქტიურად იყო ჩართული როგორც ქართულ პოლიტიკაში, ასევე, სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესშიც. თუმცა, როგორც ყოველთვის, კულისებიდან მოქმედება ერჩია. ბ. პატარკაციშვილი უდავოდ ნიჭიერი, მოხერხებული და შესაძლებლობის მაქსიმალურად გამოყენების ოსტატი იყო. მისი ცხოვრება მძაფრსიუჟეტიანი სათავგადასავლო რომანივით საინტერესო „წასაკითხია“. თუმცა მერწმუნეთ: ბ. პატარკაციშვილის შესახებ ჯერ კიდევ იმაზე გაცილებით ცოტა ვიცით, ვიდრე რეალურად თავს გადახდა. ორი მომავალი მეგობარი და პარტნიორი: ბორის ბერეზოვსკი (1946–2013) და ბადრი პატარკაციშვილი (1955–2008) ავტომობილ “ჟიგულის” ბიზნესმა შეახვედრა და დააახლოვა. იშვიათია ადამიანი, რომლის შესახებაც იმდენი ტყუილ-მართალი დაწერილა და თქმულა, რამდენიც ბორის ბერეზოვსკიზე. ბიზნესმენი და თაღლითი, პოლიტიკური შულერი, დამნაშავე და ქველმოქმედი, “რუსეთის დემოკრატიის მამა” და რუსეთის (ასევე, აშშ-ის, ისრაელის, დიდი ბრიტანეთის და ა.შ.) სპეცსამსახურების აგენტი - ამ ურთიერთგამომრიცხავი ეპითეტების გაგრძელება კიდევ შეიძლება. სამწუხაროდ, ბადრი პატარკაციშვილიც აღმოჩნდა ბერეზოვსკის ბიზნეს და პოლიტავანტიურების ეპიცენტრში. ბერეზოვსკი სტრატეგიას სახავდა, პატარკაციშვილი კი ხორცს ასხამდა. ისინი ერთმანეთს ავსებდნენ. ეს სუბიექტური აზრი არაა. ამას ფაქტები მეტყველებენ.
1990 წლის მაისიდან ბ. პატარკაციშვილი, ბერეზოვსკის დახმარებით, “ლოგოვაზის” კავკასიის რეგიონალური ფილიალის დირექტორი გახდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთი „შესაძლებლობათა კლონდაიკად“ იქცა, სადაც ათასგვარი ავანტიურული ოპერაციის ჩატარების უნიკალური შანსი იყო. ბერეზოვსკიმ, პატარკაციშვილმა და მათმა პარტნიორებმა "ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერის" დიდი ოსტატობა გამოავლინეს და სულ რაღაც სამ-ოთხ წელში მულტიმილიონერები გახდნენ.

აუცილებლად უნდა გავიხსენოთ 1994 წლის 30 მაისს მათ მიერ შექმნილი “სრულიად რუსეთის საავტომობილი ალიანსი”, რომელსაც საფუძვლად “სახალხო ავტომობილის” წარმოების პროექტი დაედო. ლეგენდარული „ოსტაპ ბენდერის“ სტილში დატრიალებულმა კომბინაციამ მის ავტორებს ასეულ მილიონობით დოლარი მოუტანა, ხოლო ასევე მილიონობით ადამიანი, ვინც საკუთარი დანაზოგი ჩადო ამ არარეალურ პროექტში, ხახამშრალი დარჩა და მათმა ფულმა “ჩაილურის წყალი” დალია.
კაპიტალის დაგროვების კვალობაზე, ბერეზოვსკის და პატარკაციშვილს მადა ეხსნებოდათ. მათმა ჯგუფმა თანდათან ხელში ჩაიგდო რუსეთის ყველაზე მოგებიანი საწარმოები: “აეროფლოტი”, “სიბნეფტი”, ალუმინისა და ნიკელის წარმოება. ბორისი და ბადრი ადრევე მიხვდნენ, რომ მათ ბიზნესს პოლიტიკური დაცვა („სახურავი“) სჭირდებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა, არანაკლებ დიდი და ყველაფერზე წამსვლელი “ზვიგენების”: გუსინსკი-ლუჟკოვის, კორჟაკოვ-ბარსუკოვის და ჩუბაის-პოტანინის დაჯგუფებები დაუნდობლად გაგლეჯდნენ.
ბერეზოვსკიმ და პატარკაციშვილმა ფსონი ბორის ელცინზე დადო და პოლიტიკურ “სახურავად” რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის ოჯახი და ახლობლები (ტატიანა დიაჩენკო, ვალენტინ იუმაშევი და სხვ.) “გაშანსა”. ხოლო პიარისთვის და “იდეოლოგიური უზრუნველყოფისათვის” ბერეზოვსკი-პატარკაციშვილის ჯგუფმა ხელში ჩაიგდო და წლების მანძილზე აკონტროლებდა: რუსეთის ტელევიზიის პირველ არხს (“ორტ”-ს), ტვ-6-ს, ასევე, გავლენიან გაზეთებს - “კომერსანტსა” და “ნეზავისიმაია გაზეტას”. ისინი ცდილობდნენ, ემართათ რუსეთის „მუდამ ფხიზელი“ პრეზიდენტი ელცინიც და ერთი პერიოდი, წარმატებითაც ახერხებდნენ ამას.
ამავე დროს, მათ პოლიტტექნოლოგიების სახელმძღვანელოებიც კარგად შეისწავლეს და საკუთარი მდგომარეობის გასამყარებლად, „პოლიტიკური საჯინიბო“ შექმნეს: სრულიად უცნობ პატარა ჩინოვნიკებს კარიერულ წინსვლაში ეხმარებოდნენ, რათა მომავალში ორი „ბ“-ს სურვილები შეესრულებინათ. მრავალ ამგვარ ისტორიას შორის ერთია განსაკუთრებით საინტერესო: სრულიად უცნობი რეგიონული დონის ჩინოვნიკის, ვლადიმერ პუტინის თავბრუდამხვევი კარიერა. თავად განსაჯეთ: 1996 წლის შემოდგომაზე სანქტ-პეტერბურგიდან მოსკოვში გამოქცეული და დიდ პოლიტიკაში სრულიად ჩაუხედავი პუტინი, არასრულ ოთხ წელიწადში (1999 წლის 31 დეკემბერს) უკვე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდა! ხომ სასწაულია? თუმცა „სასწაულები“ შემთხვევით არ ხდება და მათ თავისი „ჯადოქრები“ ჰყავთ. პუტინის შემთხვევაში, ბერეზოვსკი-პატარკაციშვილის „ტანდემი“ იჩემებდა ამ „ჯადოქრობას.“ ამის შესახებ სხვადასხვა ვერსიაა გავრცელებული, ამიტომ უმჯობესია თავად ბ. პატარკაციშვილს მოვუსმინოთ. ქვემოთ გთავაზობთ ამონარიდს კოდუა-პატარკაციშვილის ფარული აუდიოჩანაწერის ტექსტიდან.
შეხვედრის დრო: 2007 წლის 23 დეკემბერის საღამო, ადგილი: ლონდონი, პატარკაციშვილის კაბინეტი. მასპინძელი მიმართავს „თბილისელ სტუმარს“ (სტილი უცვლელია) : „ერთი რაღაცა უნდა გითხრა ჩემი ცხოვრებიდან, რა. არ ვიცი, რამდენად შეიძლება გაგონილი გაქვს, მაგრამ პუტინი მე მოვიყვანე რუსულ პოლიტიკაში. მოვიყვანე როგორ, ის კი არა, ამიღია და ასე მოხდა, რა. ასე გამოვიდა. მაგი იყო სანქტ-პეტერბურგში სობჩაკის მოადგილე, მე იქ ბიზნესს ვიწყებდი. სანქტ-პეტერბურგში მაგი იყო ადამიანი, რომელიც ჩემს ბიზნესს ხედავდა სანქტ-პეტერბურგში. ერთი ლაქიანი კოსტუმი ეცვა, მომწვანო ფერის და იმით დადიოდა თავის ცხოვრება, ე. ი. როდესაც იაკოვლევმა მოიგო არჩევნები, სობჩაკს მოუგო იაკოვლევმა არჩევნები . . . დღეში ორჯერ მირეკავდა და მეხვეწებოდა, - ბადრი, იქნება, რაღაცა მოსკოვში და გადმომიყვანო, აღარ მინდა აქ დარჩენა. და მე მივედი ბოროდინთან, პავლ პავლოვიჩი რომ იყო, მინსკის და რუსეთის ერთობლივი კომიტეტის გენმდივანი რომ არის, მაშინ იყო ელცინის დროს, იყო “ხოზოს” უფროსი იმაში და ესეთი კაი ტიპია და ჩემი ძმაკაცი იყო, რა… მე მაგასთან მივედი და მე ვუთხარი, - კაი ბიჭია-მეთქი, ერთი, სანქტ-პეტერბურგში და იქნებ, წამოვიყვანოთ-მეთქი. - საფინანსო-საკონტროლო “უპრავლენიაში”, “ზამად” წამოვიყვანოთ, თუ გინდაო. დავურეკე და იმან იმ დღესვე ჩამოვიდა, რა, როგორც კი დავურეკე, ჩამოვიდა და დაიწყო მუშაობა და ერთ თვეში მერე ამ კომიტეტის უფროსი გახდა. მერე იქიდან გადავიდა “ფეესბეს” დირექტორად და მერე იყო ზუსტად, რომ პრემიერ-მინისტრი და ა. შ. …“ლოგოვაზის” კლუბი ერქვა, სადაც ყოველ საღამოთი, ხო, საჭმელად ჩემთან მოდიოდა პუტინი და ვიჯექით იქ და მერე მიაქცია ბერეზოვსკიმ მაგას ყურადღება და მერე იყო, რომ წაიყვანა, მერე იყო, რომ, აი, როდესაც დადგა საკითხი, რომ ვინ უნდა დანიშნოს “ფეესბეს” უფროსად, მაგი და აი, ასე წამოვიდა, წამოვიდა… მერე როცა ირჩეოდა პრემიერ-მინისტრის ამბავი და ჩვენ ვიცოდით, რომ პრემიერ-მინისტრი მომავალი პრეზიდენტი უნდა ყოფილიყო, ზუსტად მაშინ იყო, რომ ჩვენი კანდიდატურა იყო მაგი და ჩვენ იმასვქენით .. .. “ მცირედი „ტრაბახის ფაქტორი“, რომ გამოვრიცხოთ ეს ისტორია, ალბათ, რეალობასთან ახლოსაა.
თუმცა იმავე საუბარში ბ. პატარკაციშვილის განცხადება, რომ პუტინსა და მათ შორის დაპირისპირება 2000 წლის 12 აგვისტოს ჩაძირული რუსული ატომური წყალქვეშა ნავის, „კურსკის“ გამო დაიწყო (ბერეზოვსკი პუტინს საჯაროდ აკრიტიკებდა მეზღვაურთა გადასარჩენად არასათანადო ღონისძიებების გამო) ნაწილობრივაა სწორი.
ჯერ კიდევ 1998 წლის 13 ნოემბერს ბერეზოვსკიმ, "ეფ-ეს-ბეს" ოფიცერ ლიტვინენკოს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გაზეთ “კომერსანტში” გამოქვეყნებული ძალზე კრიტიკული წერილით, საჯაროდ მიმართა "ეფ-ეს-ბეს" დირექტორ ვლადიმერ პუტინს: შენი უწყება ჩემს მოკვლას გეგმავდა და საქმეს რატომ არ იძიებო. ჩემი აზრით, სწორედ ამის შემდეგ დაიწყო დაპირისპირება ბერეზოვსკისა და პუტინს შორის, ჯერ - ფარულად, შემდეგ კი უკვე - აშკარად.
1999 წლის 8 აგვისტოს “ლოგოვაზის” ოფისს ყუმბარმტყორცნი ესროლეს. მიუხედავად იმისა, რომ არავინ დაზარალებულა, ეს ფაქტი ბერეზოვსკისთვის პირდაპირი გაფრთხილება იყო. რუსეთის ახალი პრემიერ-მინისტრი პუტინი არ აპირებდა ბერეზოვსკის და პატარკაციშვილის “შპარგალკებით” ქვეყნის მართვას. ამის მიუხედავად, 2000 წლის მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში ბორისმა და ბადრიმ ყველაფერი გააკეთეს, რომ პუტინი პრეზიდენტი გამხდარიყო. საინტერესოა, რისი იმედი ჰქონდათ? „კურსკის“ ჩაძირვის გამო ოლიგარქების კრიტიკა რუსეთის ახალი და ამბიცური პრეზიდენტისთვის ის ბოლო წვეთი აღმოჩნდა, რომლის შემდეგაც პუტინმა დაიწყო ოლიგარქების “ბიზნესიმპერიის” შევიწროება. “სიბნეფტი”, “აეროფლოტი”, “ავტოვაზი”, საგამომცემლო სახლი “კომერსანტი”, “ნეზავისიმაია გაზეტა” – მოულოდნელი საფინანსო შემოწმებების ობიექტები გახდნენ. ბერეზოვსკი ყველაზე მძიმედ “პიარ-იარაღის” - ტელარხების წართმევას განიცდიდა. ჯერ “ო-ერ-ტე” აართვეს, შემდეგ - “ტვ-6”.
ექსპრეზიდენტმა შევარდნაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში ასეთი ფაქტი გაიხსენა: “1996 წელს საქართველოზე რაღაც ცუდი გადაცემა მზადდებოდა რუსეთის “პირველ არხზე” და ბადრიმ არ გააშვებინაო”. თუ ეს სიმართლეს შეესაბამება, მაშინ, სამწუხაროდ, ერთადერთი ფაქტი და გამონაკლისი შემთხვევა ყოფილა. რეალობა კი ის იყო, რომ 1995-2000 წლებში, როდესაც ამ ტელეარხს ბერეზოვსკი-პატარკაციშვილის დუეტი ერთპიროვნულად აკონტროლებდა, რუსეთის “პირველი არხი” იყო იმ ფარული თუ ღია იმპერიული პოლიტიკის და იდეოლოგიის მთავარი რუპორი, რასაც რუსი “ურაპატრიოტები” ქადაგებდნენ. ანტიქართული გადაცემები ამ ტელეარხის სავიზიტო ბარათი იყო. რუსეთის სპეცსამსახურები კარგად იყენებდნენ ამ არხს საქართველოს წინააღმდეგ ფსიქოლოგიურ ომში და ყოველდღიური დეზინფორმაცია სწორედ იქიდან მოდიოდა. გავიხსენოთ თუნდაც 1998 წლის გაზაფხულზე გალის მოვლენების ცალმხრივი და ანტიქართულად გაშუქების ფაქტი. არ გაინტერესებთ, ვინ ხელმძღვანელობდა ოპერატიულ-აგენტურულ და დეზინფორმაციულ ოპერაციებს საქართველოს წინააღმდეგ, 1998-1999 წლებში? შეიძლება გამოიცანით კიდეც: ეს პიროვნება იყო "ეფ-ეს-ბეს" მაშინდელი დირექტორი, ბერეზოვსკისა და პატარკაციშვილის მიერ რუსულ პოლიტიკაში მოყვანილი, საქართველოს დიდი “მოსიყვარულე” ვლადიმერ პუტინი!
ბერეზოვსკი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი იყო, როცა უარი თქვა პარლამენტის წევრობაზე და 2000 წლის ბოლოს რუსეთი დატოვა. 2001 წელს ბ. პატარკაციშვილსაც მოუწია საქართველოში დაბრუნება. ამის შემდეგ ის ძალზე აქტიურად (შეიძლება ითქვას - აგრესიულადაც, იმიტომ, რომ ფინანსებით იმ პერიოდში კონკურენციას ვინ გაუწევდა?) ჩაერთო სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პროცესში. არც ქართული პოლიტიკა დავიწყებია, სადაც უკვე 1999 წლიდან აქტიურობდა და პოსტშევარდნაძისეულ საქართველოს მომავალი პრეზიდენტობის კანდიდატებზე ფიქრობდა.
(მეცამეტე ნაწილის დასასრული)