"90 წლის კაცი დაკითხვაზე ძალით წაიყვანეს, ხელითაც კი შეეხნენ, ამაზე მთელი თბილისი საუბრობდაო... როგორც სამშობლოს მტერს, ისე ექცეოდნენ" - ფილმი ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრების ნაკლებად ცნობილ 8 წელზე
"სანთელი ავდარში"
„ბევრ საინტერესო მოვლენასთან ერთად ფილმში ნატო ვაჩნაძის კადრებს ვიხილავთ...“
რეჟისორი რამაზ ბლუაშვილი ფილმს იღებს - „სანთელი ავდარში“, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილს ეძღვნება და მის როლს იმედა კახიანი განასახიერებს... ფილმში ბევრი სიახლე იქნება, რის შესახებაც ცნობებს რამაზ ბლუაშვილი თავად გვაწვდის:
- ფილმს ჰქვია „სანთელი ავდარში“, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილის სამშობლოში დაბრუნების შემდგომ წლებზე ანუ მისი სიცოცხლის ბოლო რვა წელიწადზე მოგვითხრობს. ეს პერიოდი მან საქართველოში გაატარა და ფილმს იმიტომ ვიღებ, რომ ყოველთვის დანაკლისი მქონდა, ამ წლებზე რომ ბევრს არავინ საუბრობდა...

- რას გულისხმობთ?
- ყველამ კარგად ვიცით, ექვთიმე თაყაიშვილი საქართველოდან როგორ წავიდა, რამდენად საოცარი საქმე გააკეთა, რომლის შედეგად დღეს ასეთი მუზეუმები გვაქვს... ბოლო რვა წელზე კი ნაკლებად იყო ცნობილი და ამის გამო გადავწყვიტე, სცენარი დამეწერა. გავეცანი დოკუმენტურ მასალას, თუკი რამ არსებობდა ამ 8 წლის განმავლობაში მომხდარი მოვლენების შესახებ... სამწუხაროდ, ბევრი ოქმი არ არის შემორჩენილი ექვთიმე თაყაიშვილის უშიშროებაში დაკითხვაზე... დაიწვა თუ ვინმემ სპეციალურად გაანადგურა, ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, ფაქტი ფაქტად რჩება: ექვთიმე თაყაიშვილი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ უნივერსიტეტში აღადგინეს, პენსიაც დაუნიშნეს, მაგრამ შემდეგ მისი ცხოვრება თანდათან ჯოჯოხეთად აქციეს...
იყო ასეთი გენერალი, გვარად - რუხაძე, რომელიც შემდგომში უშიშროების მინისტრი გახდა... მისი განკარგულებით ექვთიმე თაყაიშვილს შინაპატიმრობა მიუსაჯეს, მისი ახლობლები დაიჭირეს, ვინც კი მასთან შედარებით ახლოს იყო... ექვთიმეს ძალიან ხშირად იბარებდნენ დაკითხვებზე და საკმაოდ უხეშად ესაუბრებოდნენ, ამის არა ერთი ცნობა არსებობს. ხელფასი, პენსიაც გაუუქმეს და როგორც სამშობლოს მტერს, ისე ექცეოდნენ...

მეტს ამჯერად არ ვიტყვი, რადგან მსურს, ეს ყველაფერი მაყურებელმა ჩემს ფილმში კიდევ უფრო ნათლად და დეტალურად იხილოს.
საინტერესო დეტალი ის არის, რომ ისტორიკოს მარიკა ლორთქიფანიძის ინტერვიუ მაქვს მოსმენილი, სადაც ის ამბობს, რომ ბოლოს უკვე 90 წლის კაცი დაკითხვაზე ძალით წაიყვანეს, სადაც მას ხელითაც კი შეეხნენ, ამაზე მთელი თბილისი საუბრობდაო... რა თქმა უნდა, ასე იქნებოდა, ამაში ეჭვი არ მეპარება.
როგორც რეჟისორმა და, უბრალოდ, ადამიანმა, რომელიც მთელი ცხოვრება ქართულ საქმეს ვემსახურები, გადავწყვიტე, რომ სცენარი დამეწერა და გადამეღო ფილმი - „სანთელი ავდარში“, სადაც ამ ამბებს მაყურებელს მოვუთხრობთ... თუ როგორ ექცეოდა სტალინის „გამოგზავნილ“ ექვთიმე თაყაიშვილს სტალინისვე რეჟიმი. როგორ მოექცნენ საქართველოში მას და მოხუცს სიცოცხლე როგორ გაუმწარეს. იმ ადამიანს, რომელიც ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართველია საქართველოს ისტორიაში. დარწმუნებული ვარ, ყველასთვის ასეა...

ფილმის გადაღება 21 იანვარს დავიწყეთ. ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ, ბატონი იმედა კახიანი რომ ექვთიმე თაყაიშვილის როლის შესრულებაზე დამთანხმდა. ალბათ, ფოტოებიდანაც ჩანს, რა შთამბეჭდავია მის მიერ განსახიერებული სახე... გენერალ რუხაძის როლს ჩვენთვის, ყველასთვის საყვარელი ალეკო მახარობლიშვილი შეასრულებს...
ყველამ კარგად იცის, რომ ექვთიმე თაყაიშვილის ერთადერთი სიმდიდრე, ბედნიერება, მისი მეუღლე - ნინო პოლტორაცკაია იყო, რომელიც მან 1931 წელს დაკარგა... ნინო პოლტორაცკაია პარიზში გარდაიცვალა და იმ დროს ექვთიმეს წამლის ფულიც კი არ გააჩნდა, როცა მილიონების განძი იქ ჰქონდა... მართალია, ფილმი ექვთიმე თაყაიშვილის სიცოცხლის ბოლო რვა წელიწადს ეხება, მაგრამ მაყურებელი ნინოს ფილმში იხილავს და თუ როგორ, ამას ფილმის გამოსვლამდე საიდუმლოდ დავტოვებ... ნინოს როლს უნიჭიერესი მსახიობი, საოცრად კარგი ადამიანი - ლილი ხურითი განასახიერებს...

იმ წლებში საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი ნიკო კეცხოველი გახლდათ, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილის ძალიან დიდი მეგობარი იყო... იგი ყველაფერს აკეთებდა, ექვთიმესთვის უმძიმესი წლები რომ შეემსუბუქებინა. ნიკო კეცხოველის როლს გიგა აგლაძე შეასრულებს, ყველასათვის საყვარელი მომღერალი, კომპოზიტორი, რეჟისორი და ჩვენი მეგობარი, ძალიან კარგი პიროვნება... ძალიან მიხარია, გიგა რომ ამ როლზე დამთანხმდა. 21 იანვარს გადავიღეთ ნიკო კეცხოველის და ექვთიმე თაყაიშვილის შეხვედრის სცენა და მათ შორის მართლაც საოცარი სინთეზი შეიქმნა. დარწმუნებული ვარ, მაყურებელი ამას ძალიან სწორად შეაფასებს და მათი შემოქმედებით ისიამოვნებს...
გიორგი ლომთათიძეს გოგა ჩხეიძე განასახიერებს...
ლიდას როლში, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილის ძმისშვილი იყო და მას უვლიდა, ლიკა ოყროშიძეს ვიხილავთ...

ფილმში არის ეპიზოდი, სადაც მაყურებელი ნატო ვაჩნაძეს შეხვდება. ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო სცენაა... ნატო ვაჩნაძის როლს ნიჭიერი მსახიობი - გვანცა კანდელაკი ითამაშებს.
ფილმში მონაწილეობს ახალგაზრდა მსახიობი - ნიკოლოზ გვაზავა, რომელიც ძალიან საინტერესო პერსონაჟს განასახიერებს.
გადაღებები დავიწყეთ და ჩემთვის უმთავრესია, რომ ახალ თაობას, იმ ბავშვებს, რომლებმაც ჯერ ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ ბევრი არაფერი იციან და ახლა იგებენ, რეალური ისტორია დავუტოვო... თუ როგორ მოექცა საბჭოთა, რუსული რეჟიმი (რუსულს ხაზგასმით ვამბობ) იმის შემდეგ, რაც ექვთიმე თაყაიშვილმა საქართველოსთვის, თითოეული ქართველისთვის გააკეთა...

ყველა ჩვენგანი უნდა ვამაყობდეთ და ბედნიერი ვიყოთ, ექვთიმე თაყაიშვილი რომ გვყავდა... ხოლო ეს ფილმი იმის გაკვეთილად დარჩება, რომ მსგავსი რამ საქართველოში აღარასოდეს განმეორდეს! ასეთი რამ აღარ დავუშვათ! ეს ყველაფერი ქართველებს არ ჩაუდენიათ, საბჭოთა რეჟიმმა და იმ ხალხმა ჩაიდინა, რომლებიც საბჭოთა რეჟიმს ემსახურებოდნენ...
(სპეციალურად საიტისთვის)