როგორ შეიქმნა ჩირის კანფეტი სიმინდის ფუჩეჩში
ქალაქიდან წასულმა ოჯახმა გურიაში წინაპრების ეზო-კარი ააღორძინა, შრომას შეუდგნენ და მიზნად დაისახეს მუდმივი განვითარება. აღსანიშნავია, რომ დღეს მათ ბევრი ტურისტი სტუმრობს. მაკო ცირეკიძე გვიამბობს.
- აქ ყველანი ოჯახის საქმეს ვაკეთებთ, ყველა ვართ ჩართული მცირე ბიზნესში. ჩვენი სახლის, როგორც აგროტურისტული ობიექტის, ისტორია რამდენიმე წლის წინ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში (ნოდარ დუმბაძისა და ანა კალანდაძის სოფელი) ჩირის წარმოებით (სკიჯით) დაიწყო. შემდეგ საოჯახო სასტუმრო დავიმატეთ და შეიქმნა მესამე მიმართულებაც - გასტროტურიზმი. ადგილობრივი პროდუქტით დამზადებული გურული კერძები ჩირითა და ხილითაა გათანამედროვებული. ყველაფერი ადგილობრივი, სეზონური პროდუქტით მზადდება, რაც კონკრეტულ სეზონზეა აქტუალური, სტუმრებსაც იმას ვთავაზობთ. თავდაპირველად ყველაფერი შინ კეთდებოდა: სტუმრების მიღება, ჩირის წარმოება, გასტრონომიული მასპინძლობა. მერე გაფართოებაზე დავფიქრდით და გადავწყვიტეთ, თანამედროვე სტანდარტების საწარმო ეზოში ძველ, 150-წლიან გურულ ოდაში გაგვემართა. ტურისტებისთვისაც გვინდოდა აქაურობა საინტერესო ყოფილიყო, რათა ძველ გურულ სახლზე წარმოდგენა ჰქონოდათ.
- ანუ თანამედროვეობა და წარსული ერთმანეთს შეუხამეთ.
მაკო ცირეკიძე:
- კი... შარშან ზაფხულს კი ეზოში კოტეჯები და სასტუმრო ავაშენეთ: მცირე ზომის (20 კვმ), ხის, ეკოლოგიურად სუფთა სამი სივრცე, - სველი წერტილით, კომფორტული საძინებლით - ხილის თემატიკას ეხმაურება და ამ ყველაფერს სკიჯის სახლი ვუწოდეთ. პირველ კოტეჯს ციტრუსი ჰქვია, მეორეს - კენკრა, მესამეს კი კურკა. შესაფერისია ინტერიერიც, რომელიც საგანგებოდ მოიხატა. თითოეულს აქვს პატარა ეზო, რომლებიც შესაბამისი ტიპის ხილის ნერგებით იქნება გარშემორტყმული.
თუ კახეთში ტურისტი ყურძენს კრეფს, წურავს, ჩურჩხელას ავლებს, ჩვენი სტუმარი დაკრეფს ხილს, ღამეს გაათევს სკიჯის კოტეჯში, გააშრობს იმ ხილს, მიირთმევს ადგილობრივ კერძებს, რომელშიც ხილი და ჩირია გარეული.
- სტუმრები ხილის შრობაში მონაწილეობენ?
- კი. სეირნობენ ხილის ბაღებში, ჩვენს საჩვენებელ მეურნეობაში, რომელიც იმისთვისაა, რომ შესაბამისი გარემო შექმნას, სივრცე გაალამაზოს და მართლაც ძალიან ლამაზია, თან გვინდა გვქონდეს ყველა ხეხილი, რაც გურიაში მოდის. მნიშვნელოვანია, სტუმარი საწარმოს მუშაობაში ჩაერთოს.
- რამდენი სახის ჩირს აწარმოებთ?
- მანდარინის, ფორთოხლის, გრეიპფრუტის, კივის, ხურმის, მოცვის, ვაშლის, მსხლის, მუშმალის, შავი ქლიავის, შინდის, ლეღვის, ფეიხოას, კომშის. ყველაფერი სპეციალურ დანადგარში შრება. 2019 წელს დაკა (დარეჯან) ბერძენიშვილმა - ამ სახლის იდეის ავტორმა ოჯახის წევრები ამ საქმეში ჩაგვაბა. განვითარების პერიოდში "იუესაიდის" სოფლის განვითარების პროგრამაში პროექტი შეიტანა და გურულ ოდაში საწარმო სწორედ ამის საშუალებით გავმართეთ.
- სიმინდის ფუჩეჩში გამოხვეული ჩირის კანფეტები თქვენი ოჯახის უნიკალური პროდუქტია.
- დიახ, ეს იყო ჯანსაღი ალტერნატივა, კანფეტი შეფუთული ყოფილიყო სიმინდის ფუჩეჩში. ეკოლოგიური პროდუქტია შიგთავსიდან შეფუთვამდე. ეს პროექტი ამერიკელებისთვისაც საინტერესო აღმოჩნდა და მისი განხორციელება მოინდომეს. შენობის ნაწილი ჩვენ უნდა აგვეშენებინა, მანქანა-დანადგარები კი გრანტის ნაწილი გახლდათ. ეს გერმანული და იტალიური დანადგარებია, თავისი მშრალი ყინვის მაცივრით, სადაც მზა პროდუქტი ინახება. არის საშრობი აპარატი, მაგიდები ინვენტარისთვის, სარეცხი ნიჟარა და ჩირის გადამამუშავებელი.
- სიმინდის ფუჩეჩში გამოხვეული ჩირის კანფეტი დაპატენტებულია?
- კი. დაკა სულ სიახლეს ეძებს, სურს ყველაფერი ავთენტიკური იყოს. სიმინდის ფუჩეჩს ორიგინალური მიმართულება მოუძებნა. საერთოდ, ჩვენი წარმოება უდანაკარგოა. ხილისგან ჩირი მზადდება, ხოლო იმ ნაყოფს, რომელიც საჩირედ არ ვარგა, ვთქვათ, რბილია, ვიყენებთ ჯემისთვის, მურაბისთვის, წვენისთვის. ხარისხიანი ჩირი, რომელიც შესახედავად არ მოგვწონს, დანადგარში ტარდება და კანფეტისთვის გამოიყენება. ეს არის ციტრუსი, კივი, ხურმა და მანდარინი. ზოგში მოცვიც არის შერეული, ზოგში კომში, ფეიხოა. დაკას რამდენიმე გემო აქვს გამოყვანილი, რომლებიც ერთმანეთს კარგად ერწყმის.
- ჩირის მანქანაში გადამუშავების შემდეგ რა ხდება?
- შეირჩევა რამდენიმე ხილის ჩირი, გატარდება მანქანაში და მერე ციტრუსების კონფიტიური, ჯემი მზადდება, რომლითაც ხდება ყველაფრის შეზავება. შემდეგი ეტაპი ხელით ბურთულების გაკეთებაა, დაახლოებით მწყრის კვერცხის ზომისა.
შარშან აღდგომას პასქებიც ვცადეთ. თბილისში ორბელიანის მოედანზე სააღდგომო პროდუქტების ბაზრობაზე გაიყიდა. დაკას ხელწერა არა მარტო გემოს, ფორმასაც ეტყობოდა. მას დიდი შემოქმედებითი უნარები აქვს.
- ესე იგი, დასაჩირებელ ხილს ყიდულობთ.
- კი. სოფელში ბევრი ხილი მოდის, ბევრი ფუჭდებოდა და მის ასათვისებლად ეს გზა ავირჩიეთ. ფასითაც ყველასთვის ხელმისაწვდომი ვერ იქნება, მაგრამ იქმნება იმისთვის, ვინც ეძებს რამე განსაკუთრებულს, ოჯახის პროდუქტს.
მანდარინის ჩირი, საერთოდ, ციტრუსები, აქ პირველად დაკამ გააშრო. მნიშვნელოვანია, რომ არ ვიყენებთ შაქარს და არანაირ დანამატს. ოჯახის წევრების გარდა, ათი კაცი საქმიანობს. ეს ყველაფერი საბოლოოდ რომ გაიმართება, ერთი კარგი სასტუმროს ღირებულებას მოიტანს. თუმცა ჩვენი მიზანია ეზოს არ გავცდეთ - ეს ხომ ის კარ-მიდამოა, რომელიც ადრე ოჯახს გვქონდა, ბებია-ბაბუას ეკუთვნოდა, სადაც ბავშვები მთელ ზაფხულს ვატარებდით. ეს ძველი სახლი საქმის ცენტრად და ისტორიის ნაწილად დარჩება.
- სტუმრები რომელი ქვეყნებიდან მიგიღიათ?
- გერმანელები ხშირად მოდიან. არიან ავსტრიელები, შვეიცარიელები, ფრანგები, კანადელები... იყვნენ ირლანდიიდან, ოღონდ ქართველები, რომლებიც 20 წელია იქ ცხოვრობენ. იაპონელი გასტრონომებიც გვეწვივნენ, მკვლევრები სრულ შოკში იყვნენ. მოდიან პოლონელები, ბულგარელები, უკრაინელები. უცხოელი ტურისტებისგან დიდი შთაგონება მოდის, გვკარნახობენ, გვირჩევენ, ყურადღება რას მივაქციოთ, რა არის მნიშვნელოვანი და რა მეორეხარისხოვანი. საერთოდ, რასაც ვქმნით, ძვირად ღირებული პროდუქტია. როცა ადამიანი თითქოს შენი ოჯახის წევრი ხდება, შენს ყოველდღიურობაში უშვებ, ფასდაუდებელი რამაა. თითქოს სიმყუდროვეს კარგავ, მაგრამ თუ რამე სიამოვნებთ და თუ რამეში ფულს იხდიან, სწორედ ამისთვის.
მინდა ნებისმიერ ადამიანს ვუთხრა, ძველი კარ-მიდამო დიდი მარგალიტია. მოძებნონ რაღაც ისეთი, რაც სიამოვნებთ, გამოსდით და შემოსავლის წყაროდ აქციონ. სოფელშიც შეიძლება სრულფასოვნად ცხოვრება და რეალიზება.