„დინჯი ფუტკარი“ და კახელ მეფუტკრეთა ოთხი თაობა
10 წლის დედოფლისწყაროელი გიორგი ლეკაშვილის მეფუტკრეობით გატაცებაზე მეგობარმა მიამბო და მეც ძალიან მომინდა მისი გაცნობა. აღმოჩნდა, რომ გიორგი მეფუტკრეების ოჯახის მეოთხე თაობის წარმომადგენელია. გიორგის დიდ ბაბუას ანუ როგორც კახეთში უწოდებენ, პაპას, შალვა ლეკაშვილს მეფუტკრეობის სკოლა დაუმთავრებია და პროფესიონალი მეფუტკრე გამხდარა. ომიდან დაბრუნების შემდეგ კოლმეურნეობაში გაუგზავნიათ მეფუტკრედ და თანამშრომლად მეუღლე, ფატიმა გოძიაშვილი წაუყვანია. პაპა 44 წლის ასაკში გარდაცვლილა, 54 წლის წინ, მაგრამ დღემდე ბევრს ახსოვს მეფუტკრე შალიკო. მის კვალს გაჰყვა ვაჟი გიორგიც, რომელმაც ტექნიკუმში შეისწავლა მეფუტკრეობა, და მისი შვილები - ბესიკი და ფიქრიაც. ფაქტია, ოჯახს გვარში ფუტკარი და მეფუტკრე არ გამოლევია და ახლა მეფუტკრეობით ლეკაშვილების უკვე მეოთხე თაობაც დაინტერესდა - ორი წელია, ფუტკრის მოვლაში თავის პაპასა და მამას - ბესიკს, უმცროსი გიორგიც შეუერთდა. ეგ კი არა, გასულ ზაფხულს დედოფლისწყაროში მეურნეებთან შესახვედრად სოფლის მეურნეობის სპეციალისტმა თემურ თავაძემ მეფუტკრე პაპა რომ მიიწვია, მას გიორგიც გაჰყვა. ბიჭს ფუტკრების მოვლაზე კითხვები რომ დაუსვეს, ყველაფერს სწორად უპასუხა. შემდეგ თბილისშიც წაჰყვა ბებოს, ნუნუ ლეკაშვილს, სოფლის მეურნეობის ნაწარმის გამოფენაზე და სხვადასხვა თაფლი რომ გასინჯა, ბებოს გამოუცხადა, ჩვენი თაფლი ჯობიაო. ბიჭი სკოლაშიც კარგად სწავლობს და თანაც დამოუკიდებლად მეცადინეობს, თუმცა გამომიტყდა, ხანდახან დამჭირვებია უფროსების დახმარებაცო. მისგანვე შევიტყვე, რომ გამორჩეულად უყვარს მათემატიკა და ტურებშიც უმაღლეს ქულებს იღებს, ასევე ძალიან ჰყვარებია ჭადრაკი, ისიც პაპას უსწავლებია მისთვის.
- გიორგი, სიმართლე გითხრა, მიკვირს 10 წლის ასაკში მეფუტკრეობით ასეთი დაინტერესება, რადგან ბავშვები უმეტესწილად მობილურებს ჩაჰყურებენ, ფეხბურთს ან კალათბურთს თამაშობენ...
- ორი წლის წინ დავინტერესდი. ერთხელ, პაპა თაფლს რომ წურავდა, სკებთან მივედი. დიდხანს ვაკვირდებოდი, როგორ მუშაობდა, მეც მომინდა თაფლის დაწურვა და პაპას ვთხოვე, ესწავლებინა. მერე ისე დავინტერესდი, თვითონ დავიწყე ფუტკრის მოვლა.
შემიძლია ჩარჩოში ფიჭის ჩაკვრა, სკაში ჩახედვაც, ვიცი, რომელი კვერცხია ამოსაღები, დედა ფუტკარი როგორ გამოდის, მამა ფუტკარი რამდენ ხანში გამოდის კვერცხიდან, რამდენ ხანში იწყებს მუშაობას და ასე შემდეგ.
- ფუტკარმა კბენაც იცის, ასეთი უშიშარი ხარ?
- როდესაც 2-3 წლის ვიყავი, არ ვიცოდი ფუტკარი რა იყო და სკაში ჯოხით ვუჩხიკინებდი ფუტკრებს. ეტყობა, ამით ძალიან გავაბრაზე, გამოცვივდნენ სკიდან და ისე დამკბინეს, გადასხმები დამჭირდა. ნუნუ ბებო ამბობს, ზოგი ბავშვი შეიძლება ისე შეშინებულიყო, აღარასოდეს მიჰკარებოდა ფუტკრებსო, მე კიდევ პირიქით, მერე უფრო დიდი ინტერესი გამიჩნდა. სკოლაში ვსწავლობდი, პირველად რომ მივედი ფუტკართან, შემეშინდა, მაგრამ მისი მოვლით რომ დავინტერესდი და ბევრი რამ გავიგე, სულ აღარ მეშინია. მთავარია, იცოდე, როდის როგორ მოექცე ფუტკარს. ზიანი რომ არ მოგაყენოს, აუცილებლად სპეციალური პირბადით უნდა მიხვიდე სკასთან.
- რა შემთხვევაში შეიძლება გიკბინოს ფუტკარმა, მასაც ეშინია ადამიანის მიახლოების?
- საბოლებლით შეგიძლია შეაშინო. ეს არის ყუთი, რომელშიც ყრი ფიჩხს, ანთებ ცეცხლს, მას აქვს საბერველი, საიდანაც ჰაერი შედის და უშვებს ბოლს, რაც ფუტკარს აშინებს და აღარ გკბენს.
- მითხარი, როგორ ახერხებ 10 წლის ბიჭი ფუტკრის მოვლას?
- ყოველდღიურად არ არის საჭირო ფუტკრის მოვლა, გააჩნია, რა ხდება სკაში. მაგალითად, შეიძლება სკიდან ჟოლი გამოვიდეს - ფუტკრის ერთი ოჯახი, გუნდი, რომელიც ახალი სახლის საძებნელად მიდის. ფუტკარი სკიდან იმ შემთხვევაში გამოდის, თუ იქ ორი დედაა. სკაში ერთი დედა უნდა იყოს, ორს ან მეტს ჩხუბი მოუვათ. სკიდან გამოსული გუნდი დროულად უნდა დაიჭირო, თორემ ფუტკრები გაგექცევიან.
- ბადით იჭერთ?
- არა, ჩვენ სხვა მეთოდი გვაქვს: ვედროს ვაბამთ დიდ ჯოხს, შიგ ვყრით ჟოლს და ვაბინავებთ ახალ სკაში.
- მარტო მიდიხარ ფუტკრის მოსავლელად?
- პაპას მივყვები, მაგრამ ჩემით ვათვალიერებ ჩარჩოში ჩამაგრებულ ფიჭას. ბევრ რამეს უნდა მივაქციო ყურადღება: თაფლი რამდენია, რამე ხომ არ სჭირს, კვერცხები თუ დევს, რომელია მამალი ფუტკრის კვერცხი. თუ დედა ფუტკრის ბუდეა, უნდა დაანგრიო, რათა სკიდან არ გამოვიდეს, მუშა ფუტკრების თუ არის, ეს კარგია.
- როგორ უნდა გაარჩიო, რომლის კვერცხი დევს?
- დედა ფუტკრის კვერცხი რამდენიმე ფირფიტას შეიცავს, მამა ფუტკრის კვერცხი კი ერთს და ძალიან არის ამობერილი. მუშა ფუტკრის კვერცხი ყველაზე პატარაა. მუშა ფუტკარი სულ მუშაობს და სკაში ბევრი თაფლი მოაქვს, მამა ფუტკარი კი არ მუშაობს და მხოლოდ თაფლს ჭამს.
- გამოდის, უსაქმური ყოფილა.
- დიახ, ზარმაცია (იცინის). ზამთარი რომ იწყება და თაფლს ვაცლით, ფუტკრებს ცოტას ვუტოვებთ, მაგრამ ის თაფლი მამა ფუტკარმა რომ არ შეჭამოს, სკიდან ვაგდებთ...
- გიორგი, დამოუკიდებლად შეგიძლია ფუტკრის მოვლა?
- ჯერ არა. ვფრთხილობ, მაგრამ უფრო მეტად ფიზიკურად არის ჩემთვის რთული. მაგალითად, ჯერ მარტოკას არ შემიძლია ჟოლის ანუ ცალკე ოჯახად გამოსული გუნდის დაჭერა. თაფლის ამოღებაში პაპას ვეხმარები ხოლმე. 35 სკა გვაქვს და ყოფილა ისეთი დრო, რომ თაფლი საერთოდ ვერ ამოგვიღია, და ყოფილა ისეც, რომ ერთი ოჯახიდან 40 კილოგრამი ამოგვიღია.
- დედოფლისწყაროში ფუტკარი ბევრს ჰყავს. შენი მეგობრებიდან, თანატოლებიდან ვინმე არის შენსავით დაინტერესებული ფუტკრის მოვლით?
- მეგობრებიდან არავინ, მაგრამ ახლა ჩემზე ერთი წლით უფროს მამიდაშვილსაც გაუჩნდა ინტერესი.
- რადგან უვლი ფუტკრებს, ალბათ, აკვირდები კიდეც მათ ქცევას, ჩვევებს.
- პაპასგან ვიცი, რომ ჩვენი კავკასიური ფუტკარია. შემჩნეული მაქვს, ჩვენ რომ ფუტკრები გვყავს, შედარებით წყნარები არიან.
- ანუ კახელებივით სიდინჯით გამოირჩევიან, თორემ, აბა, ასეთი წყნარი იმერული ფუტკარი ვერაფრით იქნება.
- ასე გამოდის, კახელებივით დინჯები არიან, მაგრამ პაპას ნათქვამი აქვს, რომ იმერეთშიც და მთელ საქართველოშიც, ძირითადად, კავკასიური ფუტკარი ჰყავთ.
- რას ურჩევ მათ, ვინც არ იცის, როგორ მოიქცეს ფუტკართან, სკასთან, და სიკეთის მომტანი ფუტკარი უცებ მტრად არ ექცეს - რომ არ შეაშინოს და არ დაკბინოს?
- პაპა ყოველთვის მეუბნება, ფიჭის ჩარჩოები ფრთხილად ამოიღე, ფუტკრებმა არაფერი დაგიშავონო, ამიტომ მეც ყოველთვის ვფრთხილობ.
ყველას გირჩევთ, თუ ფუტკრების სკებთან ან მობზუილე ფუტკრების გარემოცვაში აღმოჩნდებით, არ შეშინდეთ და ხელების ქნევა არ დაიწყოთ. თუ კარგი ამინდია, ფუტკრებიც შედარებით შორს არიან გასული და სკებში მხოლოდ ახალგაზრდა ფუტკრები რჩებიან. ისინი საშიში არ არიან, რადგან არ იკბინებიან, ცუდ ამინდში კი ფუტკრები არსად მიდიან და თუ მიუახლოვდებით, შეიძლება გიკბინონ კიდეც. ამიტომ ფრთხილად უნდა იყოთ.