„ღვინო კაცის ცხოვრებას ჰგავს, რთულ და ემოციურ გზას გადის...“
"წარმოშობით მთიულები ვართ. როცა ახალსოფელი შენდებოდა, აქ სხვადასხვა კუთხიდან ხალხი ჩამოსულა, მათ შორის იყო პაპაჩემის მამა, ვანო ბერიანიძე. ცოლად აქაური ჭელიძე შეურთავს... მე მეოთხე თაობა ვარ", - ამბობს თემურ ბერიანიძე, მეღვინე-მევენახე ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლიდან. ის ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და აფხაზეთის ომის მონაწილეა. გვიამბობს, როგორ დაიწყო მეურნეობა და როგორ უყვარს ეს საქმე.
თემურ ბერიანიძე: - ახალსოფელში სახლი კი გვქონდა, მაგრამ გრემში ვიზრდებოდი. დედა დედისერთა იყო, გათხოვების შემდეგ ბებო ვერ დატოვა და ჩემს მშობლებთან ერთად იქ ვცხოვრობდი. დედა მთავარი აგრონომი გახლდათ, მამა - მთავარი ინჟინერი.
- ალბათ, ვენახის მოვლასა და ღვინის დაყენებას მაშინ სწავლობდით?
- მოსწავლეობისას ვენახებში მეგობრებთან ერთად ვმუშაობდი - მამა მაძლევდა ამის საშუალებას. მეც მიხაროდა, პატარა ბიჭი ჩემს გამომუშავებულ ფულს რომ ვიღებდი. თავი დიდი კაცი მეგონა, რადგან დამოუკიდებელი ფინანსური წყარო მქონდა. შრომისმოყვარე ადამიანებში მუშაობამ ბევრი რამ შემძინა... თან პაპას (დედის მხრიდან), შაქრო ხეჩიაშვილს, ვენახი ჰქონდა, დამსვამდა ურემზე და ვენახში წამიყვანდა.
- ბავშვობიდან დაგიწყიათ ვენახთან "მეგობრობა".
- ასეა, მაგრამ სანამ საკუთარ მეურნეობას გავმართავდი, დრო დამჭირდა. სკოლის დამთავრების მერე სამხედრო სამსახურში წავედი, მერე ტექნიკური უნივერსიტეტის კავშირგაბმულობის ფაკულტეტი დავამთავრე. აფხაზეთის ომი რომ დაიწყო, წავედი, ვეტერან ავღანელთა ბატალიონში ვიყავი... შემდეგ ერთ ცნობილ კომპანიაშიც ვმუშაობდი, ასპირანტურაში ჩავაბარე, ხარისხი დავიცავი და გავაგრძელე კომპანიაში მუშაობა, განყოფილების ინჟინერი ვიყავი.
ერთხელაც პატრიარქმა ქადაგებაში თქვა, საქართველოს აბრეშუმი და ვენახი გადაარჩენსო, და მგონი, ეს იყო ის, რამაც მეურნეობისკენ შემომაბრუნა, თან სამსახურშიც შემდგომი განვითარების პერსპექტივა ვეღარ დავინახე... მოკლედ, რაღაც უნდა შემეცვალა - პარალელურად დამატებითი შემოსავლის წყარო უნდა მომეძებნა. მაშინ ვენახიც მქონდა და მარანიც, მაგრამ არც ისე დიდი. ასე რომ, შევუდექი მუშაობას გაფართოებისთვის, ვიყიდე ქვევრები და ვენახიც გავაშენე.
- ვენახი რამდენიმე ადგილას გქონიათ...
- სადაც ცარიელი ადგილი მქონდა, ყველგან გავაშენე. დაახლოებით 2,5 ჰექტარია. ამჟამად მაქვს ორი ჯიშის ყურძენი - პინო და მუსკატი - ორივე ევროპული ჯიშია. ვარდისფერი რქაწითლის ჩაყრას ვაპირებ, რათა საკუთარი მქონდეს, თორემ ახლა რქაწითელს კი ვაყენებ, ოღონდ ყურძენს ვყიდულობ.
- თქვენი მოსავალი სრულ პროცესს გადის მარანში?
- კი, ასეა. შევიძინე ყველა ტექნიკური დანადგარი, იარაღი. იტალიური წარმოების საწური, ჰიდროპრესი, დურდო-პომპა, რომელსაც მასა ამოაქვს ჭაჭიანად. ასე ვიღებ ქვევრიდან ჭაჭასა და ღვინოს, მერე კი ჰიდრო-პრესით ვპრესავ. მარანში დაახლოებით 10 000 ბოთლი ისხმება.
- საქმეში ვინ გეხმარებათ?
- შვილები - ჩემი ბიჭი აქტიურად და რაღაც საქმეებში გოგონაც გვერდში გვიდგას. ღვინო კაცის ცხოვრებას ჰგავს, ის მთელ ემოციურ და რთულ გზას გადის დადუღებიდან დავარგებამდე და მომხმარებლამდე მიტანამდე. თუ ერთი პატარა რამე შეგეშალა, ყველაფერს გიკარგავს. ვაზიც ასეა - მასაც ყველაფერს უკეთებ, უვლი, ეფერები და ერთი პატარა ნიუანსი თუ შეგეშალა, არ გაპატიებს. თუ იმ დროს არ მიაქციე ყურადღება, როცა ითხოვს, ყველაფერს წყალში გიყრის. ასეა ადამიანიც - თუ შეცდომას ერთხელ დაუშვებს, მისთვისაც ყველაფერი ინგრევა. ამიტომ სიფრთხილე აუცილებელია. საქმე იმ დროს უნდა გააკეთო, როცა საჭიროა.
- სიღრმისეულად უყურებთ ყველაფერს.
- სხვანაირად არ გამოდის... მერე კაციც ხომ წარდგება უფლის წინაშე. ასევეა ღვინოც, ისიც უფალთან მიდის, როდესაც ტაძარში ადამიანების საზიარებლად მიაქვთ და ზიარების მადლს იღებენ. ეს საოცარი ამბავია. ჩვენ ღვინის კულტურა დავკარგეთ და უნდა დავიბრუნოთ. ღვინოს ინფორმაციული მახასიათებელი აქვს. თუნდაც ღვინით რატომ ხდება ზიარება? იმიტომ, რომ ის მადლი სწორედ ღვინით შემოდის ადამიანში... და კიდევ, ცუდ კაცს ღვინო არ გამოუვა.
- გამოცდილებას სხვებსაც უზიარებთ?
- რა თქმა უნდა, ჩემი სრულყოფილი ტექნიკით სხვებსაც ვეხმარები, დაწურვით დაწყებული ბოთლებში ჩამოსხმამდე. ვისაც არა აქვს ეს ტექნიკა, იმ მარნებს ვეხმარები. თუ რამე შემიძლია ამ სფეროში, სხვებს ვუზიარებ და ისინი კი მე მიზიარებენ. ამ საქმეში სხვა სავანე აღმოვაჩინე. აქ არ არის ქიშპობა და გაუტანლობა.
- ღვინო ექსპორტზე გაგაქვთ?
- კი, გადის, ოღონდ არა ჩემი ბრენდით. პიარში მიჭირს, რადგან ამ საფეხურს ფიზიკურად ვერ უზრუნველვყოფ და ჩემი ღვინო თავისი ბრენდით სხვებს გააქვთ.
- იტალიური წარმოების ტექნიკა საკუთარი სახსრებით შეიძინეთ?
- წლეულს დავასრულე ბანკთან ურთიერთობა, იაფი აგროკრედიტი მქონდა. ვენახში ყველაზე მნიშვნელოვანი მიწის ხარისხია, რათა შემდგომ პროდუქციის მიღება შეძლოს. ჩემთვის პირველი ნიადაგია, მასში ის ნივთიერებები უნდა იყოს, რაც აუცილებელია. გვარჯილას არ ვიყენებ, ის ნიადაგისთვის დოპინგის მსგავსი რამ არის. მიწამ ნაყოფი წლების განმავლობაში ნელ-ნელა უნდა მოგცეს, გვარჯილით კი ართმევ ამ რესურსს. იშლება მისი სტრუქტურაც. ამიტომ მირჩევნია, მოსავალი ცოტა მივიღო და ნაყოფიერი და ხარისხიანი იყოს. ფაქტობრივად, ვენახში უკან შემაქვს ჭაჭა - ყურძნის ნაპრესები შემაქვს ნიადაგში, გასანოყიერებლად. ჩემი კრიტერიუმები, მიდგომა და სკალა მაქვს.
- ევროპული ჯიშები რატომ შეარჩიეთ?
- ერთხელ საფრანგეთის ელჩსაც მიართვეს ჩემი ღვინო და მსოფლიო პატრიარქსაც, აქ რომ იყო ჩამოსული. ევროპული ჯიშები მაინტერესებდა, როგორ ადაპტირდებოდა ჩვენს გარემოში, ჩვენს ტექნოლოგიებთან. მე შეზავებულ ტექნოლოგიებს ვიყენებ, ევროპულსა და კახურს. ევროპულით ვიწყებ და კახურით ვაგრძელებ.
- მოკლედ, გინდოდათ საკუთარი საქმის წამოწყება და ამას მიაღწიეთ...
- როცა შენს რესურსს სხვა იყენებს ხანგრძლივად, შენი განვითარება წყდება, და როცა განვითარებას ვერ ახერხებ, შეიძლება დამქირავებელმა დაამთავროს შენთან ურთიერთობა. ამ დროს ღვთის ანაბარა რჩები და ვერაფერს აკეთებ. ყველა საქმეში საკუთარი კაპიტალი გჭირდება, გონივრულად უნდა გადადგა ნაბიჯები. ამიტომაც დავიწყე ჩემი კაპიტალის შექმნა. ამით მიწაზე მყარად იდგამ ფეხს, დამოუკიდებელი ხდები. შეგიძლია ნებისმიერი საქმე გააკეთო. საარსებო მინიმუმს იქმნი.
- 7 წელიწადია ამ საქმეს აკეთებთ, ტექნიკურ უნივერსიტეტშიც კითხულობთ ლექციებს.
- მაგისტრებთან ვკითხულობ, მეოთხეკურსელებს სპეციალობას, ფართოზოლოვან ციფრულ ქსელებს ვასწავლი. მიყვარს ეს საქმეც... ვიცლი ამისთვის და ახალსოფელსა და თბილისს შორის მიწევს სიარული.
- შვილმა მევენახეობა-მეღვინეობა აირჩია და თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლობს. მაგალითი თქვენ მიეცით?
- კი, ბიჭმა ეს საქმე განაგრძო. თავიდანვე გვერდში მედგა, ბევრი რამ ნახა და ისწავლა. ერთხანს მარნების დასახმარებლად ჩემი ტექნიკა მას მივეცი და მიდი, შენი კაპიტალი შენვე მოიპოვე-მეთქი. თვითონ აკეთებდა იმ ყველაფერს და მოეწონა. ფასიან სკოლაში სწავლობდა და სკოლისა და ნაწილობრივ უნივერსიტეტში სწავლის საფასურის გადასახდელად ფული თავად გამოიმუშავა. მოკლედ, ნახა, როგორ მუშაობდნენ მეღვინეები, მოეწონა და პროფესიად აირჩია. მოტივაციას ყოველთვის ვუზრდიდი - საკუთარი ფული თვითონ მოიპოვე-მეთქი. მეც ასე გავიზარდე, მამა ბავშვობაში ვენახში მუშაობისას არ მზღუდავდა... ჩემი შვილი კი იღლებოდა, მაგრამ მოტივაცია ჰქონდა და უხაროდა. ახლა თბილისშია და დღეს ჩვენი პროდუქციის დისტრიბუციას ის უძღვება.