საბჭოთა "ტიტანიკი":დაწყევლილი 1986 წელი - ტრაგედია უყურადღებობის გამო და 8 წუთში გამქრალი 423 ადამიანის სოცოცხლე - კვირის პალიტრა

საბჭოთა "ტიტანიკი":დაწყევლილი 1986 წელი - ტრაგედია უყურადღებობის გამო და 8 წუთში გამქრალი 423 ადამიანის სოცოცხლე

35 წლის წინ, 1986 წლის 31 აგვისტოს მომხდარი ტრაგედია დღემდე ახსოვს საზოგადოების ნაწილს. ამ დღეს ნოვოროსიისკიდან მიმავალ სამგზავრო ლაინერ „ადმირალ ნახიმოვს", რომელშიც 1243 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის მგზავრები და ეკიპაჟის წევრები, მოულოდნელად გემი „პეტრე ვასევი“ შეეჯახა და 8 წუთში ჩაიძირა. ტრაგედიისას 423 ადამიანი დაიღუპა. „ადმირალ ნახიმოვის" ჩაძირვა, რომელიც ჩერნობილის კატასტროფიდან 4 თვეში მოხდა, შავ ზღვაში მოხდარ ტრაგედიათა შორის ერთ-ერთი უდიდესია.

1986 წელი რთული იყო მთელი საბჭოთა კავშირისთვის, განსაკუთრებით კი უკრაინისთვის. სწორედ ამ წლის აპრილში მოხდა ჩერნობილის კატასტროფა, რის შედეგსაც ქვეყნები წლების განმავლობაში იმკიდნენ. ამ კატასტროფიდან სულ რამდენიმე თვეში კი უკრაინა კიდევ ერთი განსაცდელის წინაშე დადგა. საკრუიზო ლაინერ „ადმირალ ნახიმოვზე“ მგზავრთა უმეტესი ნაწილი უკრაინის მოქალაქეები იყვნენ. ტრაგედიისას უკრაინელებთან ერთად სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც დაიღუპნენ.

335553-1280x720-1706020481.jpg

თავდაპირველად „ადმირალ ნახიმოვი“ გერმანიის საკუთრება იყო და „ბერლინი“ ერქვა. ის ბრემენში ააგეს და პირველად წყალში 1925 წლის მარტში ჩაუშვეს. მოგვიანებით ის საკრუიზო გემად გადაკეთდა, მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ კი გემს სამხედრო დანიშნულებით იყენებდნენ და ის მცურავ ჰოსპიტლად გადააკეთეს. 1945 წლის 31 იანვარს „ბერლინი“ ნაღმზე აფეთქდა, 1947 წლის 17 სექტემბერს გემი წყლიდან ამოიყვანეს, გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში შეაკეთეს და საბჭოთა კავშირს გადასცეს. მას სახელიც გადაერქვა და „ადმირალ ნახიმოვი“ ეწოდა. საერთაშორისო რეისების შესრულების შემდეგ, გემი დროთა განმავლობაში უსაფრთხოების სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა და შიდა რეისების შესასრულებლად გადაიყვანეს. მას ჩამოსაწერადაც ამზადებდნენ.

31 აგვისტოს, საღამოს, „ადმირალ ნახიმოვი“ ნოვოროსიისკიდან სოჭისკენ მიემართებოდა. ნოვოროსიისკის ყურეში მისი კურსი „პეტრე ვასევის“ კურსს კვეთდა, რომელიც კანადიდან მოემართებოდა. წესების თანახმად, „ადმირალ ნახიმოვს“ ტვირთმზიდი გემისთვის გზა უნდა დაეთმო, თუმცა „პეტრე ვასევის“ კაპიტნმა ტკაჩენკომ პირიქით გადაწყიტა. . როგორც აღმოჩნდა, „ადმირალ ნახიმოვის“ კაპიტანი ვადიმ მარკოვი გემზე მომუშავეთა დისციპლინასა და ცოდნას დიდ ყურადღებას არ აქცევდა და მათი ნაწილი სამსახურში ნაცნობობით აჰყავდა. კაპიტანი ინსტრუქციის დარღვევით, თავის კაიუტაში დასასვენებლად წავიდა, გემი კი დამხმარეს, ალექსანდრ ჩუდნოვსკის დაუტოვა. ჩუდნოვსკის „პეტრე ვასევის“ მოახლოება საფრთხილოდ მიიჩნია, პანიკაში ჩავარდა და გემის მობრუნება დაიწყო. შედეგად კი მარჯვენა ბორტით პეტრე „ვასევისკენ“ შებრუნდა. ტვირთმზიდი გემის კაპიტანმა ტკაჩენკომ, რომელიც მხოლოდ ელექტრონულ მოწყობილობებს დაჰყურებდა, გვიან აღმოაჩინა, რომ "ადმირალ ნახიმოვი" მათკენ მიდიოდა. მან სასწრაფოდ უბრძანა ეკიპაჟს გემისთვის სიჩქარე დაეგდოთ, შემდეგ კი უკანა სვლით წასულიყვნენ, თუმცა ყველაფერი დაგვიანებული აღმოჩნდა. ინერციით მიმავალი ტვირთმზიდი "ადმირალ ნახიმოვს" მარჯვენა ბორტის მხრიდან შეეჯახა.

მგზავრებმა და გემზე მომუშავე პერსონალმა მაშინვე ვერ შეაფასეს მომხდარი კატასტროფის მასშტაბები. მათ დარტყმა იგრძნეს, თუმცა რეალურად რა მოხდა, არ იცოდნენ, უეცრად შუქიც ჩაქრა, ყველაფერი ისე სწრაფად განვითარდა, ხალხის გადასარჩენად მხოლოდ რამდენიმე გასაბერი ნავის ჩაშვება მოასწრეს, რაც არასაკმარისი იყო. მგზავრებმა არ იცოდნენ, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ და დაიწყო პანიკა.

სწორედ ამ საღამოს ტურისტები მეშახტის დღეს აღნიშნავდნენ, მშობლებს ბავშვები კაიუტებში ჰყავდათ დატოვებული, თავად კი ზედა სართულზე ამ დღეს ზეიმობდნენ. შეჯახება 23:12 საათზე მოხდა, 8 წუთში კი „ადმირალ ნახიმოვი“ ჩაიძირა. კაპიტნის დამხმარე ალექსანდრ ჩუდნოვსკი, რომელიც შეჯახების დროს გემს მართავდა, კაიუტაში ჩაიკეტა და გემს თან ჩაჰყვა.

scale-1200-1706019351.jpeg

წყალში აღმოჩენილი ადამიანები რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ, მათ გადასარჩენად არც საკმარისი ნავი იყო და არც უსაფრთხოების ჟილეტი. გარდა ამისა, წყალში დიდი ოდენობით ნავთობპროდუქტი ჩაიღვარა და მიუხედავად იმისა, რომ ზღვა თბილი იყო, ხალხი წყალში გაყინვის პრობლემის წინაშეც დადგა.

ადამიანები გადარჩენისთვის იბრძოდნენ და ყველა ნივთს ეჭიდებოდნენ, რომელიც ტივტივებდა, ერთმანეთსაც კი ძირავდნენ, თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც საკუთარ გასაბერ ჟილეტს ქალებსა და მოხუცებს უთმობდნენ.

კაპიტანმა მარკოვმა „პეტრე ვასევის“ ეკიპაჟის წევრებისთვის მოახერხა შეტყობინების გაგზავნა: „სასწრაფოდ წყალში ჩაუშვით ყველა ნავი, რაც გაქვთ“. ადამიანები ცდილობდნენ როგორმე გადარჩენილიყვნენ...

მას შემდეგ, რაც შეჯახების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ტურისტებისა და ეკიპაჟის წევრთა გადასარჩენად 64 გემი გაემართა, შემთხვევა ნოვოროსისკიდან 13 კმ-ის მოშორებით მოხდა. გამთენიისას სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენებიც ჩაერთო. ბოლო გადარჩენილი ადამიანი კატასტროფიდან 15 საათის შემდეგ იპოვეს.

2 სექტემბერს ორივე გემის კაპიტანი დააკავეს. დაინიშნა სამთავრობო კომისიაც, რომლის მეთაური ჰეიდარ ალიევი იყო.

“კომისიის წევრები ვერ მიხვდნენ, როგორ შეეჯახა ერთმანეთს ორი გემი. კგბ-ს თანამშრომლები კი ფიქრობდნენ ვერსიაზე, რომ ეს უცხოური სპეცსამსახურების მოწყობილი დივერსიული აქტი იყო. ყველაფერი კი უფრო მარტივი იყო, კატასტროფა გემის მართვის წესების უხეში დარღვევის შედეგი იყო“, - აღნიშნავდა იაკოვ პოგრებნიაკი.

კომისიის დასკვნის თანახმად, ტვირთმზიდი გემის, „პეტრე ვასევის“ კაპიტანმა კტაჩენკომ „დაუშვა გემების სახიფათო მიახლოვება, უგულებელყო ვახტის ვიზუალური დაკვირვების მონაცემები და ასევე „ადმირალ ნახიმოვის“ სავახტო დამხმარის მიმართვა, არ შეასრულა თავისი დაპირება გზა დაეთმო გემისთვის და გაექცა დრო, რათა უსაფრთხო მანევრი გაეკეთებინა. გემის მართვისას გამოიჩინა გაუმართლებელი თავდაჯერებულობა და დაუდევრობა. "ადმირალ ნახიმოვის" კაპიტანმა მარკოვმა არ შეათანხმა ტვირთმზიდი გემის კაპიტანთან გემების დაშორების მანძილი და თვითნებურად დატოვა გემბანი. გემბანზე მიმდინარე მოვლენების მიმართ გამოიჩინა დაუდევრობა“.

1987 წლის მარტში გემების კაპიტნებს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. 1992 წლის ნოემბერში, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების ბრძანებით, ისინი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. კაპიტანმა ტკაჩენკომ გვარი შეიცვალა და ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად. 2003 წელს კი ნიუფაუნდლენდთან მისი იახტა ჩაიძირა და დაიღუპა. კაპიტანი მარკოვი კი ოდესაში დარჩა და 2007 წლის 31 მაისს ის ავადმყოფობის გამო გარდაიცვალა.