"ფაშიზმი ყველგან მარშს იწყებს და მას ტონს სწორედ დონალდ ტრამპი აძლევს: ექსპრეზიდენტის ავტოკრატიზმი აშშ-ის საზღვრებს გარეთაც ვრცელდება" - The Guardian
ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ (The Guardian) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „ფაშიზმი ყველგან მარშს იწყებს და მას ტონს სწორედ დონალდ ტრამპი აძლევს: ექსპრეზიდენტის ავტოკრატიზმი აშშ-ის საზღვრებს გარეთაც ვრცელდება“ (ავტორი - საიმონ ტისდალი). მასალაში განხილულია ის ნეგატიური შედეგები, რაც თეთრ სახლში პრეზიდენტად დონალდ ტრამპის დაბრუნებას მოჰყვება - როგორც აშშ-ის შიგნით, ისე - მის ფარგლებს გარეთ. ავტორი აანალიზებს, აგრეთვე, მსოფლიოს რიგ ქვეყნებში ავტორიტარული მმართველობის გავრცელებას, რასაც „ფაშიზმის აღორძინებად“ მიიჩნევს.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
ამერიკელი დემოკრატები და, ზოგადად, დონალდ ტრამპის მოწინააღმდეგეები თავს იმშვიდებდნენ, რომ დონალდ ტრამპის „არასასიამოვნო“ პრეზიდენტობა 2017-2021 წლებში წარმავალი ფაქტია და ისტორიაში დარჩება, მაგრამ აიოვას შტატში ჩატარებულმა პრაიმერიზმმა (კოკუსმა) აჩვენა, რომ სიტუაცია ისეთი არ არის, როგორც მათ წარმოუდგენიათ. დღევანდელი მდგომარეობით, დონალდ ტრამპი რესპუბლიკელებში ყველაზე პოპულარულია, მას ბევრად ჩამოუვარდება თავისი თანაპარტიელი ქალი ნიკ ჰეილი, რომელიც მესამე იყო რეიტინგით, ფლორიდის გუბერნატორის - რომ დესანტისის შემდეგ. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდეს.
მაგრამ როგორი იქნება მისი სამომავლო პრეზიდენტობა? მთელ მსოფლიოში სიტუაცია შემაშფოთებელია, დემოკრატია უკან იხევს თვით ევროპაშიც კი. დონალდ ტრამპი, რომელიც საერთო სიტუაციაში კარგად ჯდება თავისი მმართველობის სტილით, აძლიერებს და პოპულარობას უწევს რეგრესულ გლობალურ ტენდენციას, რომელიც ავტოკრატების, ტოტალიტარების, დიქტატორებისა და ნაციონალისტურად განწყობილი ულტრამემარჯვენეების ხელისუფლებაში მოსვლით გამოიხატება.
მარტივად რომ ვთქვათ, ფაშიზმი ისევ მარშს იწყებს, ხოლო ლიბერალური დემოკრატია რისკის ქვეშ ექცევა და შესაძლებელია, „მოროდიორების ჩექმით“ იქნეს გათელილი. არის თუ არა ეს ყველაფერი უსიამოვნო და წარმავალი მოვლენა, თუ პოსტდემოკრატიული ერის დაწყებას მიანიშნებს?
აიოვა შეგვახსენებს იმას, რომ დონალდ ტრამპის ნიჰილისტური ანტიპოლიტიკა მზადაა, ეროვნული საზღვრების ფარგლებს მიღმაც გავრცელდეს, რომელთა გამაგრებასაც ექსპრეზიდენტი გეგმავს (თუ იგი თეთრ სახლში დაბრუნდება). მისი გეგმები ძალზე მიმზიდველია იმ ადამიანებისათვის, რომლებიც ძველი პოლიტიკოსებით იმედგაცრუებულები არიან და მათ აღარ ენდობიან. დონალდ ტრამპი განასახიერებს იმ დიად ფიგურას, საერთო ეროვნულ ლიდერს, რომელიც ფიცს დებს, ჩვეულებრივი რიგითი ამერიკელის გვერდით იდგეს და მათი ინტერესები დაიცვას, მაგრამ სანაცვლოდ დიქტატორის განუსაზღვრელ ხელისუფლებას და ერთგულებას ითხოვს.
ეს ჩვენი საუკუნის ძველ და, იმავდროულად, ახალ წესს წარმოადგენს: უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება, მაგრამ სამოქალაქო უფლებების, იურიდიული პასუხისმგებლობის, დამოუკიდებელი მასმედიისა და უმცირესობათა უფლებების შეზღუდვით. სწორედ ასეთი მმართველობის მოდელი მოქმედებს ან ინერგება პეკინიდან, მოსკოვიდან და ნიუ-დელიდან კაირომდე და ბუენოს-აირესამდე - რომის, პარიზისა და ბერლინის გავლით.
დონალდ ტრამპის მიდგომა აიოვას შტატში ჩატარებული პრაიმერიზმის მიმართ იმის დემონსტრირებას წარმოადგენს, თუ როგორ მუშაობს ანტიდემოკრატიული ანტიპოლიტიკა: იგი თავს არიდებდა მიტინგებს და ამომრჩევლებთან შეხვედრებს, ბოიკოტს უცხადებდა დებატებს მეტოქე კანდიდატებთან და მოძრაობდა ლიმუზინით, რომელსაც კარგად იცავდა საიდუმლო სამსახურის კორტეჟი. და მაინც, მისმა იმპერიულმა განცხადებებმა, გამომეტყველებამ, გულუხვად დაფინანსებულმა სატელევიზიო რეკლამამ და მისმა მკაცრმა პოლიტიკამ დევიზით - „ტყვეები არ აიყვანოთ“ (ანუ „არავინ დაინდოთ“) თავისი საქმე გააკეთა - დონალდ ტრამპი რეკორდულ გამარჯვებამდე მიიყვანა.
განა ასეთი რამ შესაძლებელია, რაც ახლა ხდება? ბევრი ამომრჩეველი ტაშს უკრავს დონალდ ტრამპის ავტორიტარულ სტილს. მათი თქმით, დემოკრატიას ამერიკისათვის არაფერი კარგი არ მიუცია და რომ ზედმეტი უფლებები მავნებელია. სამწუხაროდ, მათ დაიჯერეს სიცრუე, რომ ამერიკა მსხვერპლი გახდა ყალბი ცილისწამებისა, რომელსაც „ღრმა სახელმწიფოს“ (ანუ „სახელმწიფო სახელმწიფოში“) თეორიის მიმდევრები ავრცელებენ.
ზოგიერთების მტკიცებით, დონალდ ტრამპი ღვთის მიერაა გამოგზავნილი, ადამიანების გადასარჩენად და მხოლოდ მას შეუძლია შეაჩეროს აპოკალიფსური კრიზისი. დონალდ ტრამპის ფიცი შურისძიებაზე ბიბლიურ სულისკვეთებას წარმოადგენს: „მე თქვენი მეომარი ვარ. მე თქვენი მართლმსაჯულება ვარ. მე თქვენი დამცველი, ის შურისმაძიებელი ვარ, ვინც თქვენს მჩაგვრელს და დამთრგუნველს დაამარცხებს“, - აცხადებდა დონალდ ტრამპი გასულ წელს, მაგრამ ეს არის კლასიკური ტყუილი, სიცრუის საკულტო შეთქმულება, ხელისუფლებაში მოსასვლელად. იოსებ სტალინი, მაო ძედუნი და ლუდოვიკო მე-14-ც ასე იქცეოდნენ და ამ წესებს აღიარებდნენ. დონალდ ტრამპიც, მათ მსგავსად, აბსოლუტური ხელისუფლებისაკენ მიისწრაფვის.
თავის წიგნში - „ახალი ლევიათანი“, რომელიც 2023 წელს დაისტამბა, ინგლისელი ფილოსოფოსი-კონსერვატორი ჯონ გრეი დემოკრატიის დაცემის ზოგად თეორიას ავითარებს. მისი მტკიცებით, დასავლელი ლიდერები, პოლიტიკოსები და მწერლები ცდებოდნენ, როცა თვლიდნენ, რომ „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ, 1989-91 წლებიდან დაწყებული, მსოფლიოში თავისუფლების ტრიუმფი და თავისუფალი ბაზარი დაისადგურებსო.
ამის ნაცვლად რუსეთში, ჩინეთში და სხვა ქვეყნებში გაჩნდნენ უძლიერესი მემარჯვენე დიქტატურები, რომლებიც მსოფლიოს ისევ ქაოსურ ბუნებრივი მდგომარეობისაკენ უბიძგებენ, რომელიც პირველად ჯონ გრეის წინამორბედმა თომას გობსმა აღწერა, მე-17 საუკუნეში. „ლიბერალური ცივილიზაცია, რომელიც ტოლერანტობას ეფუძნება, ისტორიას დარჩა“, - წერს ჯონ გრეი.
ისეთი ლიდერები, როგორებიც არიან დონალდ ტრამპი, სი ძინპინი და ვლადიმერ პუტინი - თანამედროვე განსახიერებაა „ლევიათანისა“ - ბოროტი ძალისა, ისინი ყოვლისშემძლენი არიან; მათი განადგურება ან გაყოფა შეუძლებელია. ისინი ადამიანებში შიშს ნერგავენ; მათი მიზანი ძალაუფლება და ბატონობაა. მათი მიზანი ადამიანების დაცვა კი არა, არამედ - მათი გაკონტროლება და მართვაა. მოკლედ, ისინი „ახალ ლევიათანებს“ წარმოადგენენ.
რუსი ამომრჩევლები, რომლებიც ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერის მაღალ რეიტინგს უზრუნველყოფენ, მთლიანობაში ამერიკელ ტრამპისტებს ჰგვანან, რომლებიც უპირატესობას „ძლიერი ადამიანის“ ქარიზმას აძლევენ და თვალს ხუჭავენ „ძლიერი ბელადის“ მიერ ჩადენილ შეცდომებზე, კორუფციაზე და სიცრუის გავრცელებაზე. სწორედ ამიტომ რუსეთი არასოდეს ყოფილა, არ არის და, ალბათ, არც იქნება სრულყოფილი დემოკრატიული სახელმწიფო. მისი ისტორიული მაგალითი უფრო მეტად უკუაგდებს, ვიდრე - იზიდავს.
ჩინეთის კომპარტია დასავლური ლიბერალ-დემოკრატიული ტრადიციებისადმი სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს იმ გაგებით, რომ პეკინი საერთაშორისო არენაზე თავის სახელმწიფო-კაპიტალისტური მოდელის აქტიურ პროექცირებას ახდენს. ჩინეთის კომუნისტური ხელისუფლება მკაცრად აკონტროლებს ადამიანთა ცხოვრებას და ერთიანი ეროვნული იდენტობის კულტივირებას, რაც ტიბეტელებმა და უიღურებმა თავიანთ თავზე კარგად გამოსცადეს. ჯონ გრეი სი ძინპინისდროინდელ ჩინურ საზოგადოებას ადარებს ჯერემი ბენტამის (მე-18 საუკუნის ინგლისელი ფილოსოფოსის) პროექტს, უზარმაზარი საპატიმროს შესახებ, სადაც ერთი ადამიანი ათასობით მსჯავრდადებულს აკონტროლებს.
„თავისუფლების ანკლავები“ ჯერ კიდევ არსებობენ, მაგრამ ისინი ალყაში არიან. ინდოეთში ძალას იკრებს პრემიერ ნარენდრა მოდის ერთპიროვნული მმართველობა, რომელიც ინდუისტური ნაციონალიზმითაა გამსჭვალული. დღეისათვის ისრაელის დემოკრატია ინგრევა [პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ]. აფრიკაში ყოველთვიურად გადატრიალებები ხდება. საფრანგეთში ულტრამემარჯვენეები იმდენად აქტიურობენ, რომ პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გასულ კვირას მხარი დაუჭირა ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ მიმართულ კანონპროექტს.
გერმანიაში, იტალიაში და უნგრეთში თითქმის მსგავსი სიტუაციაა - დემოკრატიულად განწყობილი მოქალაქეები აღორძინების ეტაპზე მყოფ ფაშიზმს ებრძვიან. გერმანიაში იმდენად დიდ საფრთხეს ხედავენ პარტიაში „ალტერნატივა გერმანიისათვის“ (ნეონაცისტებთან დაახლოების გამო), რომ კანცლერი ოლაფ შოლცი მათ წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციას შეუერთდა.
ასეთ ქვეყნებში ბრძოლა არ დასრულებულა, მაგრამ მათ შორის მიზნების ერთიანობა არ არის - საპარლამენტო და საზოგადოებრივი ინსტიტუტები სუსტი და დისკრედიტირებულია. იმ დროს, როცა ისეთი ამერიკელებიც კი - აიოვას შტატის პრაიმერის მონაწილეები, რომლებიც სხვებთან შედარებით კარგ მდგომარეობაში იმყოფებიან, არ დგებიან დემოკრატიის მხარეს და ხმას დონალდ ტრამპს აძლევენ, რისი იმედი უნდა ჰქონდეთ დანარჩენებს?
ობიექტურად თუ ვიტყვით, მაინცდამაინც დიდი არაფრის. როგორც ჩანს, მსოფლიოში ლიბერალური ეპოქა დასასრულს უახლოვდება. ჰორიზონტზე ფაშისტური კოშმარის სილუეტი ისევ იკვეთება. მოღუშული, პირქუში ცის ქვეშ პოსტდემოკრატიის ეპოქა იწყება.
მოამზადა სიმონ კილაძემ