"თუ ეს 4 პრობლემა დარეგულირდება, 10 ათასი პრობლემაც აღმოიფხვრება" - რას ამბობს შრომით უფლებებზე "პროფკავშირების გაერთიანების“ თავმჯდომარე
„საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება“ ითხოვს საქართველოში ღირსეული მინიმალური ხელფასის სტანდარტი დაწესდეს, „საქსტატის“ მიერ გამოანგარიშებული საშუალო ხელფასის 40%-ის ოდენობით, რაც დღეის მდგომარეობით, 636 ლარს შეადგენს. „პროფკავშირების გაერთიანებაში“ მიაჩნიათ, რომ მომავალში მინიმალური ხელფასი ევროპულ სტანდარტებს უნდა დაუახლოვდეს და საშუალო ხელფასის 60%-ს მიაღწიოს.
რამდენ ადამიანს აქვს საქართველოში 636 ლარზე ნაკლები ხელფასი და რას შეცვლის ეს ინიციატივა, რა გამოწვევები არსებობს საქართველოში შრომითი უფლებების კუთხით და როგორია ამჟამად დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობა, ამ საკითხებთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსი“ „საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების“ თავმჯდომარეს, ირაკლი პეტრიაშვილს ესაუბრა.
- ბატონო ირაკლი, ევროკავშირის გაფართოების ყოველწლიურ ანგარიშში დიდი ყურადღება დაეთმო ადამიანთა უფლებებს, მათ შორის, შრომითი და სოციალური უფლებების დაცვის ნაწილს. ეს არის ის საკითხები, რაზეც „პროფკავშირების გაერთიანება“ მუშაობს. საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო და ახლა შემდგომი ნაბიჯებია გადასადგმელი. როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისით რეფორმების გატარება და დასაქმებულთა უფლებების დაცვა. რა იქნება თქვენი რეკომენდაცია ხელისუფლებისადმი?
- პირველ რიგში, მინდა საქართველოს და თქვენს მკითხველს კანდიდატის სტატუსი მივულოცო. მართლაც შავი და თეთრია ეს ყველაფერი. ალბათ, ძალიან დიდ ფულს იღებენ ცალკეული ადამიანები, რომ ევროკავშირში ჩვენი ინტეგრაცია გარკვეულწილად დააკნინონ. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება „პროფკავშირების გაერთიანების“ მიღწევაც არის, რადგან ამ გზაზე „საქართველოს პროფკავშირმა“ ძალიან ბევრი გააკეთა. ალბათ, ამას მემუარებში უფრო დავწერ, მაგრამ ბევრმა იცის იმის შესახებ, თუ რა გაგვიკეთებია ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით. სახელმწიფო უწყებების თავზე მოფრიალე ევროკავშირის დროშა კი არ მხიბლავს, არამედ ის სისტემა და სამართლიანი გარემო, სადაც პენსიონერს უფასებენ მის ღვაწლს და ღირსეულ პენსიას აძლევენ, ადამიანებს აღარ აქვთ ექიმის პრობლემა, თუ შეუძლოდ გახდებიან, აღარ აქვთ შიმშილის პრობლემა და ასე შემდეგ. კანდიდატის სტატუსის მიღება საკმარისი არ არის, ჩვენ ბევრად უფრო მეტი ამბიცია გვაქვს - ევროკავშირის წევრი ქვეყანა უნდა გავხდეთ. მე რომ ხელისუფლებაში ვიყო, ისეთ ორგანიზაციებთან მექნებოდა მეტი კომუნიკაცია, ვისაც გაეგებათ ევროპული სტრუქტურებში მუშაობა, იციან ევროპული დირექტივები, ნორმები და ის, თუ როგორ აისახება ეს ყველაფერი ეკონომიკაზე. სოციალური პარტნიორობის კომისიას უფრო მეტად ავამუშავებდი. გასატარებელ რეფორმებზე მუშაობას დავიწყებდი. პოლიტიკოსებს მარათონი და დოღი ჰქონდათ გამართული, ეს და ის მე გავაკეთე, რომ ევროკავშირის სტატუსი მიგვეღოო. ზუსტად ვიცი, ვინ უშლიდა ხელს საქართველოს ევროინტეგრაციას, მართლა კაბინეტ -კაბინეტ ვინ დადიოდა. ქართველ პოლიტიკოსებს ვგულისხმობ, ძირითადად, ოპოზიცია იყო, კონკრეტული სახელი და გვარები ვიცი. შემდგომში აუცილებლად ვიტყვი, თუ რეალურად შეეცდებიან, რომ საზოგადოებას ევროპაში ინტეგრაციის შანსი დააკარგვინონ. 8 წლის განმავლობაში „ევროპის პროფკავშირების“ პრეზიდენტი ვიყავი და შესაბამისი კომუნიკაცია მქონდა, მათ შორის ევროპარლამენტარებთან და ასე შემდეგ. სახელებით და გვარებით ვიცი ისინი, ვინც ამბობდნენ, თუ კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემენ, გამოვალთ, ამ მთავრობას გადავაყენებთ და ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაშიო. ახლა იმიტომ არ მინდა ამ თემაზე საუბარი, რომ დაყოფის და გაყოფის დრო არ არის. ამ ადამიანებსაც მინდა შევაგონო, რომ სხვისი გაკეთებულიც დააფასონ და თავიანთი შესაძლებლობებიც გამოიყენონ. იქნებ ყველამ ერთად შევძლოთ, რომ საქართველო ევროკავშირს მეტად დაუახლოვდეს. საქართველოს ყველაზე ნაკლები მეგობარი ჰყავს მთელ მსოფლიოში, ჩვენი სამეზობლოსგან განსხვავებით, რომელთაგან ზოგს დიასპორა ჰყავს, ზოგს ლობისტები და ზოგსაც მონათესავე ერები. ჩვენ არავინ გვყავს, საკუთარი თავის გარდა. სწორედ ჩვენმა ინტელექტმა, განათლებამ და ერთსულოვნებამ უნდა მოგვცეს საშუალება, ეს ბარიერები გადავლახოთ. ახლა დაყოფის და დაქსაქსვის დრო არ არის, რადგან ისტორიული შანსი გვაქვს.
- როგორ შეაფასებდით საქართველოში შრომითი ურთიერთობების თვალსაზრისით არსებულ ვითარებას, რა პრობლემები არსებობს და როგორ აპირებს „პროფკავშირების გაერთიანება“ არსებული გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლას?
- პირობითად, 10 ათასი პრობლემა შეგვიძლია ჩამოვთვალოთ, სად და როგორ ირღვევა დასაქმებულთა უფლებები, მაგრამ საბოლოოდ, ეს ტოპ 4 პრობლემას უკავშირდება, რომელიც ქვეყანაში გვაქვს. თუ ეს 4 პრობლემა დარეგულირდება, ის 10 ათასი პრობლემაც აღმოიფხვრება ან თუ იქნება, ადეკვატური რეაქცია მოჰყვება და მყისიერად დარეგულირდება.
პირველი პრობლემა არის არაფორმალური დასაქმება. დღეს არაფორმალურ სექტორში დასაქმებული არის საერთო დასაქმებულთა 32%. არაფორმალურ სექტორში დასაქმება ნიშნავს იმას, რომ ეს ხალხი ვერ სარგებლობს იმ მიღწევებით, რასაც „პროფკავშირმა“, ქართულმა საზოგადოებამ შრომის კანონმდებლობის ცვლილებასთან, შრომის უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით მიაღწია.
მეორე პრობლემა გახლავთ დასაქმებულებში მინიმალური ხელფასის არარსებობა. მინიმალური ზღვარი თუ არ არის, დასაქმება სრულფასოვანი ვერ იქნება. საქართველოში 132 ათას ადამიანს ქვეყნის მიერ გამოანგარიშებულ საარსებო მინიმუმზე ნაკლები ანაზღაურება აქვს. დამსაქმებელთა სიხარბეს საზღვარი არ აქვს. ანალოგიური პრობლემის წინაშე არიან სასურსათო მაღაზიებში დასაქმებული ჩვენი თანამემამულეები, რომლებსაც ძალიან დაბალი აქვთ ანაზღაურება და ფაქტობრივად, მინიმალურ ზღვარს უტოლდება. ამის ფონზე, დამსაქმებლები ცრემლებს აღვარღვარებენ, რომ კადრები არ ჰყოფნით, რადგან ისინი საზღვარგარეთ გაედინებიან.
მესამე პრობლემა არის კოლექტიური სოციალური დიალოგის არარსებობა ქვეყანაში. ულტიმატუმის და გაფიცვის ნაცვლად, 21-ე საუკუნეში სოციალური დიალოგის კულტურა უნდა არსებობდეს, რომლის წამხალისებელი ყველა დონეზე საქართველოს მთავრობა უნდა იყოს. საქართველოში ბევრია ისეთი კომპანია, სადაც ადამიანებს ანაზღაურება არც ერთი თეთრი არ მომატებიათ. ეს ზრდის სოციალურ უთანასწორობას და ბევრ სხვა სხვა პრობლემატურ საკითხს წარმოშობს.
მეოთხე პრობლემა არის სასამართლოს ეფექტიანობა. დასაქმებულ ადამიანებს ხშირად წლების განმავლობაში კოლოსალური თანხის გადახდა უწევთ იმისთვის, რომ დაიქირაონ ადვოკატი, აწარმოონ სასამართლო პროცესები, გადაიხადონ სასამართლოში ბაჟი და შემდგომ მრავალი წელი ელოდონ სასამართლოს გადაწყვეტილებას. როგორც ცნობილია, გასულ წელს „პროფკავშირების გაერთიანებამ“ ღირსეული მინიმალური ხელფასის დაწესების ინიციატივით საქართველოს პარლამენტს მიმართა.
- „პროფკავშირების გაერთიანება“ მოითხოვს, რომ ქვეყანაში დაწესდეს მინიმალური ხელფასის სტანდარტი, რაც „საქსტატის“ მიერ გამოანგარიშებული საშუალო ხელფასის 40% იქნება. უფრო მეტი გვითხარით თქვენს წინადადებაზე - რამდენ ადამიანს შეეხება და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
- მინიმალური ხელფასი 636 ლარი იმიტომ გამოვიანგარიშეთ, რომ არსებობს „მსოფლიო ბანკისა“ და სხვადასხვა ორგანიზაციების კვლევა, სადაც საუბარია იმაზე, რომ ქვეყანაში არსებული საშუალო ხელფასის 40-50% უნდა იყოს მინიმალური ხელფასი. სწორედ ავტორიტეტული ორგანიზაციების კვლევაზე დაყრდნობით „საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ“ გამოიანგარიშა, რომ საშუალო ხელფასის 40% გახლავთ 636 ლარი. ეს ინფლაციას და ეკონომიკაში სხვა კატაკლიზმებს არ გამოიწვევს. ოპონენტებს სურთ გარკვეულწილად „საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების“ დისკრედიტაცია მოახდინონ, როდესაც ამბობენ, 636 ლარი ვის და რაში ეყოფა, ეგ კი არა 2 000 ლარი უნდა იყოს და ასე შემდეგ, თითქოს მე წინააღმდეგი ვარ. ეს საკითხი ბიუჯეტზე, ეკონომიკის პარამეტრებზე გათვლით გამოიანგარიშება. თუ სახელმწიფო მიიჩნევს, რომ ქვეყანაში 252 ლარია საარსებო მინიმუმი, 636 ლარი სჯობს 252 ლარს. სამედიცინო სექტორში დაწესებულმა საათობრივმა მინიმალურმა ანაზღაურებამ შემოსავალი ამ ქვეყანაში სამედიცინო სექტორში დასაქმებულ 21 ათას ადამიანს გაუზარდა. წარმოიდგინეთ, რა მძიმე მდგომარეობა იყო. ჩვენ მიერ ინიციირებული 636 ლარი შემოსავალს და ანაზღაურებას დაახლოებით 180 ათასზე მეტ ადამიანს გაუზრდის. ანუ, 180 ათასზე მეტ ადამიანს საშუალება ექნება, თვიდან თვემდე შიმშილით სიკვდილისთვის განწირული არ იყოს. ბუნებრივია, გვესმის, რომ ეს ფუფუნება არ არის, მაგრამ არსებობს ზღვარი შიმშილით სიკვდილს, სასოწარკვეთილებას და იმას შორის, რომ შენ უკვე გაქვს გარანტია, ფინანსებთან დაკავშირებით შენს გამოწვევებს მეტ-ნაკლებად გაუმკლავდე. 130 ათას ადამიანს აქვს ქვეყნის მიერ გამოანგარიშებულ საარსებო მინიმუმზე ნაკლები ხელფასი. ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ 130 ათასი ადამიანი ამ სახელმწიფოში შიმშილით სიკვდილისთვის უკვე განწირულია. 100 ლარზე ნაკლები ხელფასი აქვს 40 ათას ადამიანს. 180 ათასი ადამიანის პრობლემა მეტ-ნაკლებად თუ გადაწყდება, ე.ი. ეს კარგი ინიციატივა ყოფილა ხომ?!