"გაიტანეთ "გრენლანდია", "ომამდე ტანკისტი ვიყავი"... - ცნობილი ფრაზებით დამახსოვრებული მსახიობი, რომლის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი: ვასო კახნიაშვილის 300 როლი და ცხოვრება კინო-თეატრით
"გაიტანეთ ეს სურათი, გა-ი-ტა-ნეთ", "არაფრის არ მეშინია, არაფრის, მე ტანკისტი ვიყავი, ომამდე" - ალბათ უკვე მიხვდით, ეს იმ ფილმის მთავარი გმირის ფრაზებია, რომელიც ყველამ ზეპირად ვიცით. ვასო ჩორგოლაშვილი "ცისფერი მთებში" ამაოდ ცდილობს, ოთახიდან გაატანინოს ნახატი ("გრენლანდია"), რომელიც ჩამოვარდნის შემთხვევაში, მიაჩნია, რომ პირადად საფრთხეს მის სიცოცხლეს შეუქმნის...
როლს მსახიობი ვასო (ვასილ) კახნიაშვილი თამაშობს, რომლის შესახებ სამწუხაროდ ბევრმა თითქმის არაფერი იცის, ინფორმაცია მწირია.
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორთან, საქართველოს დამსახურებულ ჟურნალისტთან გუბაზ მეგრელიძესთან საუბრისას მკითხველისთვის გარკვეული ინფორმაცია შევკრიბეთ:
- კოლორიტული მსახიობი იყო, 1939 წელს მარჯანიშვილის თეატრის სტუდია ჰქონდა დამთავრებული და სიცოცხლის ბოლომდე გორის თეატრს ერთგულად ემსახურა... 50 წლის განმავლობაში 300 როლი განასახიერა, რაც იმაზე მეტყველებს თუ რა პროდუქტიული მსახიობი იყო. აქვს დადგმული ასევე საკუთარი პიესა "ბედნიერი ბილეთი" და ასევე ალექსანდრე ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა", სადაც ხევისბერს თვითონ თამაშობდა...
- დაუვიწყარია ფილმებში მისი სახასიათო როლები...
- დიახ, მაგრამ თეატრში დრამატულ როლებს თამაშობდა. ითამაშა "ჰაჯი მურადი" იონა ვაკელის "შამილში,“ გოგია დავით ერისთავის "სამშობლოში“ და არაერთი საინტერესო როლი, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს... დრამატული როლების მიუხედავად ძალიან სახასიათო მსახიობი იყო და მაყურებელი კახნიაშვილს უმეტესად ფილმებიდან იცნობს. მათგან რამდენიმეში მთავარი როლი აქვს ნათამაშები, დანარჩენი ეპიზოდური, სადაც ასევე ჩანს მისი აქტიორული შესაძლებლობები.
"კუჩხი ბედინერში" სიმამრია, ოჯახის უფროსი, პატარა მონაკვეთი აქვს, მაგრამ დასამახსოვრებელი სახეა. დარბაისელი მეგრელი კაცია, რომელიც ცდილობს, შეყვარებულ შვილიშვილს რაღაცნაირად შვება აგრძნობინოს და გვერდში დაუდგეს. სიყვარული და პირადი გრძნობებია მისთვის მთავარი, რომ მომავალი თაობა ბედნიერი იყოს - კეთილშობილი ბაბუაა...
ეს შეთავსება - როგორც სახასიათო, ისე დრამატული როლები კახნიაშვილის შემოქმედებისთვის მთავარია. ბატონი ვასო საქართველოს სახალხო არტისტი იყო. 1964 წელს დამსახურებული არტისტის წოდება მიენიჭა. გორის თეატრში შალვა ხერხეულიძესთან და სხვა მსახიობებთან ერთად, ძალიან კოლორიტულ ანსამბლს ქმნიდა...
- ფილმში "სამანიშვილის დედინაცვალი" განსხვავებულ ბეკინას თამაშობს...
- კი, დავით კლდიაშვილთან კომედიაა და ფილმში - დრამა. ყოველგვარი ირონიისა და კომედიური ელემენტების გარეშე. კახნიაშვილმა სამანიშვილის ბეკინას მართლაც სხვანაირი სახე შექმნა. მისმა სურვილმა, ადამიანურმა გრძნობამ, რაც ცოლის მოყვანას უკავშირდება, შვილთან უთანხმოება გამოიწვია. ვერ განსაზღვრა ის დრამატული მომენტები, რაც შემდგომში წინ დაუხვდა და ეს აწუხებდა. ვერ წარმოიდგინა, რომ ჭარმაგ ასაკში შვილი ეყოლებოდა. ამიტომ, ეს შინაგანი ბრძოლაა ფილმში გადმოცემული. ფაქტობრივად ოჯახი თავისი ქორწინებით გაყო. რისიც მის შვილს, პლატონს ეშინოდა, საბოლოოდ ის მოხდა. მამის სიჯიუტის გამო პლატონს ეს საშიშროება აუხდა. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები