"თუ სალომე ზურაბიშვილი ქართული ოპოზიციის ლიდერი გახდება, გამოდის, რომ "ქართული ოცნების" მეგობარი არის ოპოზიციის ლიდერი - მე ამ საქმეში არ გავერევი" - კვირის პალიტრა

"თუ სალომე ზურაბიშვილი ქართული ოპოზიციის ლიდერი გახდება, გამოდის, რომ "ქართული ოცნების" მეგობარი არის ოპოზიციის ლიდერი - მე ამ საქმეში არ გავერევი"

თუ სალომე ზურაბიშვილი ქართული ოპოზიციის ლიდერი გახდება, გამოდის, რომ „ქართული ოცნების" მეგობარი არის ქართული ოპოზიციის ლიდერი - არ ვიცი, ამას იზამს თუ არა ჩვენი ოპოზიცია, მაგრამ შემიძლია ზუსტად გითხრათ, რომ მე ამ საქმეში არ გავერევი, - ამის შესახებ “გირჩის" დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ „ხალხის ძალის“ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების" მეგობარია და მათთვის არასდროს არაფერი დაუშავებია.

„ის სპექტაკლი, რომელიც ჩვენ იმპიჩმენტის მცდელობის სახით ვნახეთ, არის „ქართული ოცნებისა" და სალომე ზურაბიშვილის შეთანხმებული ქმედება. თუ ქართული ოპოზიციის ლიდერი გახდება ქალბატონი სალომე, გამოდის რომ „ქართული ოცნების" მეგობარი არის ქართული ოპოზიციის ლიდერი. აქედან გამომდინარე, არ ვიცი ამას იზამს თუ არა ჩვენი ოპოზიცია, მაგრამ მე ამ საქმეში რომ არ გავერევი, შემიძლია ზუსტად გითხრათ“, - განაცხადა ხვიჩიამ.

მისივე თქმით, იდეალური საარჩევნო სტრატეგია, სადაც ხმები არ დაიკარგება, იქნება - „ნაცები“ „ნაცებში", „ქოცები" „ქოცებში", დანარჩენი კი - “გირჩთან“.

„ნაცები" "ნაცებში", "ქოცები" "ქოცებში", დანარჩენი ჩვენთან - ეს არის ჩემი აზრით, იდეალური საარჩევნო სტრატეგია, სადაც ხმები არ იკარგება. „ნაცებს“ თავისი ხმები მიაქვთ. „ნეონაცები“ ხმებს არ კარგავენ და დანარჩენი ხალხი, ვისაც სულით და გულით „ნაცობა“ არ უნდა და სხვანაირი პოლიტიკური ცხოვრების დაწყება უნდა, ჩვენ მივესალმებით, რომ ჩვენთან იყვნენ," - განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, „ხალხის ძალამ“ განაცხადა, რომ „გლობალური ომის პარტია“ აქცენტს არა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე, არამედ ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე აკეთებს. პარტიის განცხადებითვე, მათი გათვლით, 2021 წელს „დავერბოვკებული“ სალომე ზურაბიშვილი „ლელოს“ უნდა მიუერთონ და ამ ერთობას 5%-იანი ბარიერი უნდა გადაალახვინონ.

IPN