ომი, დიდი ფული და "შიმშილი" - ერთი გასროლა 5000 დოლარად ანუ ვინც იხდის, ის იგებს - კვირის პალიტრა

ომი, დიდი ფული და "შიმშილი" - ერთი გასროლა 5000 დოლარად ანუ ვინც იხდის, ის იგებს

ომს „დიდი მუცელი“ აქვს და არც „მადას“ უჩივის - ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების წარმოება უზარმაზარი მოცულობის საბრძოლო მასალის გამოყენებას მოითხოვს...

რუსეთ-უკრაინის თითქმის ორწლიან დიდ ომში ყველაზე დეფიციტური მთავარი სახარჯი მასალა საარტილერიო ჭურვები და ნაღმები გახდა, რომლებსაც ყოველი დღე-ღამის განმავლობაში ორივე მხრიდან, საერთო ჯამში, 20-30 ათასი ერთეულის ან უფრო მეტი რაოდენობითაც კი ისვრიან (იყო პერიოდები, როდესაც გასროლათა რიცხვი 60 ათასამდეც კი ადიოდა).

შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარეებს მუდამ სჭირდებათ საარტილერიო საბრძოლო მასალების მარაგების შევსება.

მრავალი საერთაშორისო სანქციის ქვეშ ყოფნის მიუხედავად, რუსეთი მაინც ახერხებს თავისი წარმოების „სამხედრო ლიანდაგებზე“ გადაყვანას და ძირითადი, 122 და 152 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვების წარმოება წელიწადში თითქმის 2 მლნ ერთეულამდე აჰყავს.

მიუხედავად ამისა, რუსეთის საოკუპაციო ძალები მაინც განიცდიან „ჭურვების შიმშილს“ და მოსკოვი იწყებს ჩრდილოეთ კორეული და ირანული წარმოების 152 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვებისა და 122 მმ კალიბრის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების „გრადების“ რაკეტების მასობრივად შესყიდვას.

ჩრდილო-კორეული და ირანული ჭურვები და რაკეტები შეიძლება, არ გამოირჩევიან მაღალი ხარისხით და, შესაბამისად, მათი სროლის სიზუსტეც დაბალია, მაგრამ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაინც აწყობს შედარებით დაბალ ფასად, თუნდაც ნაკლებხარისხიანი ჭურვების შესყიდვა ამ ქვეყნებში, რათა უკრაინის ფრონტის ხაზზე შეინარჩუნოს დღე-ღამეში 20 ათასი ან უფრო მეტი გასროლის ტემპი.

2-churvi-1706088487.jpg
ახალი ჭურვების საწარმოებლად დასავლეთის საიარაღო კომპანიები დიდი ფინანსური მოგების ნახვას გეგმავენ - ომი ხომ ბევრისთვის მხოლოდ დიდი ბიზნესია...

რაც შეეხება უკრაინულ მხარეს, აქ სიტუაცია ძალზე კრიტიკული ხდება - საბჭოთა 122 და 152 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვების საკუთარი მარაგი უკრაინის არმიამ თითქმის მთლიანად ამოწურა (გაიხსენეთ, ამ ომის დაწყებამდე ერთმანეთის მიყოლებით როგორ ფეთქდებოდა უკრაინის ის არსენალები, სადაც ღია ცის ქვეშ სწორედ ასეთი საარტილერიო ჭურვები ინახებოდა - რუსეთი ომისთვის ემზადებოდა და კამიკაძე-დრონებით დივერსიებს აწყობდა...) და ეხლა მხოლოდ იმის იმედზეა, პოსტსაბჭოთა ან სხვა რომელიმე ქვეყანა თუ უწილადებს ამ, საბჭოთა სტანდარტის ჭურვებს, ამასთან, ბულგარეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის კიევს შეკვეთები აქვს მიცემული ამ, საბჭოთა სტანდარტის საარტილერიო ჭურვების დამზადებაზე.

ბევრად უფრო რთული სიტუაციაა იმ, ნატოს სტადარტის 155 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვებთან დაკავშირებით, რომლებიც დღეს უკრაინელ არტილერისტებს ჰაერივით სჭირდებათ...

საქმე ის არის, რომ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმამდე უკრაინის არტილერიის შეიარაღებაში ნატოს კალიბრის არც ერთი ქვემეხი ან ჰაუბიცა არ ირიცხებოდა, მაგრამ ომის დაწყებიდან დღემდე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრმა ქვეყნებმა, საერთო ჯამში, უკრაინის არმიას გადასცეს 155 მმ კალიბრის 300-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის ბუქსირებადი და თვითმავალი საარტილერიო დანადგარი.

ამ საარტილერიო დანადგარების ნაწილი მწყობრიდან გამოვიდა ინტენსიური სროლების შედეგად, ნაწილიც რუსულმა „ლანცეტებმა“ გაანადგურეს, მაგრამ დარჩენილ ჰაუბიცებს აუცილებლად სჭირდებათ 155 მმ კალიბრის ჭურვების ისეთი მარაგი, რომ ფრონტის ხაზზე ყოველდღე მიმდინარე საარტილერიო დუელების პირობებში, უკრაინის მხარემ სათანადო პასუხი გასცეს მოწინააღმდეგის ინტენსიურ საარტილერიო ცეცხლს და არა ისე, როდესაც უკრაინელ არტილერისტებს მკაცრი შეზღუდვა აქვთ დაწესებული თავისივე გენშტაბიდან, რომ დღე-ღამის განმავლობაში 30-ზე მეტი ჭურვი არავითარ შემთხვევაში არ გაისროლონ...

155 მმ კალიბრის ჰაუბიცის ჭურვების დიდი დეფიციტი მარტო უკრაინის ფრონტზე არ შექმნილა, უფრო სწორად უკრაინის ომმა შეუქმნა მთელ... ნატოს!

მხოლოდ ამერიკამ უკრაინას ამ ომში მილიონზე მეტი 155 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვი მიაწოდა, ამის ნახევარი ალიანსის ევროპელმა წევრებმაც გაუგზავნეს უკრაინელ არტილერისტებს და აღმოჩნდა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის არსენალში ასეთი ჭურვების მარაგი დაუშვებელ დონემდე შემცირდა, რასაც ხელი შეუწყო ისრაელის მიერ წარმოებულმა საბრძოლო მოქმედებებმა ღაზის სექტორში, როდესაც „ცახალმა“ "ჰამასზე“ უკვე გახარჯა... 100 ათასზე მეტი 155 მმ-იანი ჭურვი...

ის, რომ ამ ჭურვების სტრატეგიული მარაგი უფრო მეტი არ ჰქონდათ ნატოს წევრ ქვეყნებს, კიდევ ერთხელ მეტყველებს ალიანსის სტრატეგიული დაგეგმარების დიდ შეცდომებზე, როდესაც „პირველი ცივი“ ომის დამთავრება და საბჭოთა იმპერიის დაშლა მათ თავიანთ უდიდეს გამარჯვებად მიითვალეს და ეძინათ, როდესაც პუტინის რუსეთმა გაძლიერება და მეზობლების ოკუპაცია წამოიწყო.

გამოფხიზლებული ნატო ეხლა იწყებს ახალი შეკვეთების განთავსებას 155 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვების დიდი პარტიების შესაძენად, მაგრამ ახალ პრობლემას აწყდება... ეს ჭურვები 4-ჯერ გაძვირდა!

2021 წლის მონაცემებით, სანამ რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყებოდა, ერთი ცალი 155 მმ კალიბრის მსხვრევად-ფუგასური საარტილერიო ჭურვის ფასი 1,4-1,7 ათას დოლარს შორის მერყეობდა, რაც ისედაც ძვირად მოჩანდა იმის ფონზე, რომ საბჭოთა 152 მმ კალიბრის ახალი საარტილერიო ჭურვის წარმოება რუსეთს 600 დოლარი თუ უჯდებოდა.

დაიწყო ომი უკრაინაში და მაშინვე ავარდა ფასები ნატოს სტანდარტის ამ ჭურვებზე - ჯერ კიდევ ომის პირველ წელს, 2022 წლის დეკემბერში, ცნობილ გერმანულ საიარაღო კონცერნს - Rheinmetall-ს 33 მლნ ევროს ღირებულების 10 ათასი 155 მმ კალიბრის საარტილერი ჭურვის დამზადება დაუკვეთეს, რაც იმას ნიშნავს, უხეში გათვლით, რომ ერთი ჭურვის გასაყიდმა ფასმა 3,3 ათასი ევრო შეადგინა ანუ მისი ფასი წინა წელთან შედარებით უკვე მნიშვნელოვნად იყო გაძვირებული...

მაგრამ რამდენიმე დღის წინ ყველა რეკორდი მოიხსნა - ნატოს შესყიდვების სააგენტომ (NATO Support and Procurement Agency - NSPA) ცნობილ ფრანგულ კომპანია Nexter-ს დაუკვეთა 220 ათასი 155 მმ კალიბრის ჭურვის დამზადება... 1,2 მლრდ დოლარად ანუ მიახლოებითი გამოთვლით, ერთი ჭურვის ფასი 5,45 ათას დოლარს გაუტოლდა!

სახეზეა ნატოს მთავარი საარტილერიო კალიბრის - 155 მმ-იანი ჭურვების შესასყიდი ფასის 4-ჯერ ზრდა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ!

გასაგებია, რომ მსოფლიოში დენთის წარმოების კრიზისი და დეფიციტია, ასევე, სასწრაფოდ შესასრულებელი კონტრაქტებიც ჭურვების ღირებულებას ზრდის, მაგრამ ერთი უმართავი საარტილერიო ჭურვის ფასის ასე გაზრდა უკვე სხვა არაფერია, თუ არა ომის დროს დიდი ბიზნესის კეთება სხვების, მილიონობით ადამიანის სიცოცხლის ხარჯზე...

რუსეთ-უკრაინის შეიარაღებული დაპირისპირება რომ „გამოფიტვის ომში“ გადაიზარდა, ისედაც ჩანს, მაგრამ ეყოფა კი რესურსები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ ქვეყნებს იმისთვის, რომ ასეთი გაძვირებული შეიარაღებითა და საბრძოლო მასალებით მათ არათუ გააგრძელონ უკრაინის სამხედრო დახმარება, არამედ - უშუალოდ თავის ტერიტორიებზე შეაჩერონ უკვე დიდი საბრძოლო გამოცდილებამიღებული აგრესიული რუსეთი, თუკი პუტინს უკრაინის შემდეგ ნატოს წევრი რომელიმე მეზობელი ქვეყნის „დენაციფიკაცია" და „დემილიტარიზაცია“ მოუნდება?