"ნიკოლოზი უპრეცედენტოდ მაღალ ალიმენტს იხდის ყოველთვიურად, ბავშვის დედას გადაცემული აქვს ძვირად ღირებული კომერციული ფართობიც და იღებს იჯარას" - კვირის პალიტრა

"ნიკოლოზი უპრეცედენტოდ მაღალ ალიმენტს იხდის ყოველთვიურად, ბავშვის დედას გადაცემული აქვს ძვირად ღირებული კომერციული ფართობიც და იღებს იჯარას"

ჩოგბურთელ ნიკა ბასილაშვილსა და მის ყოფილ მეუღლეს - ნეკა დოროყაშვილს შორის არსებული დავის დეტალები საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. ამ ხმაურიან საქმეს დიდხანს იხილავდა სასამართლო და მედიითაც აქტიურად შუქდებოდა. ისიც ცნობილია, რომ მათ საერთო ქორწინებაში ჰყავთ შვილი, რომელიც დედასთან ცხოვრობს. როგორც ნიკა ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა ჩვენთან საუბარში ამბობს, ყოფილი მეუღლე მამას შვილის ნახვის საშუალებას არ აძლევს. არადა, კარგა ხანია, არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება და მოსამართლემ ნიკას შვილის ნახვის დღეები განუსაზღვრა კიდეც. ადვოკატის თქმით, ნეკა დოროყაშვილი კანონს არღვევს და მამას თავისი უფლების გამოყენების საშუალებას არ აძლევს. მისი თქმით, ისინი აგრძელებენ ბრძოლას, რათა მამას მიეცეს მონატრებული შვილის ნახვის შესაძლებლობა.

ადვოკატ ირმა ჭკადუას თქმით, კანონში ამ კუთხით ხარვეზია და ამიტომ მშობლის უფლება ირღვევა, თვლის, რომ ის ხარვეზი უნდა გამოსწორდეს:

- ნიკა ბასილაშვილს, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მინიჭებული აქვს სრული უფლება, რომ შვილი მოინახულოს, თუმცა ამის აღსრულება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ხელისშემშლელი ფაქტორი გახლავთ ბავშვის დედა, ნელი დოროყაშვილი, რომელიც დღემდე გაჯიუტებულია ამ საკითხთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, რომ მან თავის თავს უნდა აჯობოს და იმოქმედოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.

აქვე ხაზგასმით მსურს აღვნიშნო, რომ არა მარტო ამ კონკრეტულ დავასთან დაკავშირებით, არამედ, ზოგადად, არსებული კანონმდებლობა საჭიროებს დახვეწას და მეტ სიცხადეს, რათა ნებით თუ უნებლიედ არ დაზიანდეს რომელიმე მშობლის ინტერესი. ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილის, როგორც მამის, ინტერესები უგულებელყოფილია.

სამწუხაროდ, დღესდღეობით შეინიშნება ხარვეზი მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებების აღსრულებაში. მაგალითად, მოსამართლის განჩინება, რომელიც ეხებოდა ალიმენტის საკითხს. მამას დაუყოვნებლივ დაეკისრა მისი აღსრულება, ხოლო რაც შეეხება ასევე მოსამართლის სხვა გადაწყვეტილებას, შვილის მოსანახულებლად გამოყოფილ დროსთან დაკავშირებით, მისი აღსრულება დღემდე ვერ ხერხდება. ასეთ ვითარებაში გამოსავლის პოვნა საკმაოდ რთულია, თუმცა ჩვენ არ ვჩერდებით და ყველა გზას ვეძებთ ამ საკითხის მოსაგვარებლად.

ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს მხოლოდ ფორმალური ბერკეტი გააჩნია და, რეალურად, მხოლოდ სოციალური მუშაკი ვერ უზრუნველყოფს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას. იმის გამო, რომ ნიკოლოზისთვის მნიშვნელოვანია შვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობა და არ სურს, კვლავ კონფრონტაციაში შევიდეს ყოფილ მეუღლესთან, გვიწევს გარკვეულ დათმობებზე წასვლა. როდესაც ერთი მხარე არ მიდის კომპრომისზე, მაშინ მეორეს უწევს ამის გაკეთება.

ნელი დოროყაშვილის პირადი შეხედულების საფუძველზე, თვითნებურად, ბავშვთან მიახლოების საშუალება არ ეძლევა არა მარტო ნიკა ბასილაშვილს, არამედ, მისი ოჯახის ყველა წევრს და მამის მხრიდან ბავშვის ყველა ნათესავს.

შესაბამისად, მამამ უკვე რამდენიმე წელია, ვერ გამოძებნა ვერანაირი საკომუნიკაციო საშუალება და ვერ მოინახულა შვილი.

- რას აპირებთ?

- ჩვენ ყველა კანონიერ გზას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ნიკა ბასილაშვილს აღუდგეს შვილთან ურთიერთობა, რასაც დღემდე ჯიუტად ეწინააღმდეგება მისი ყოფილი მეუღლე და თავს არიდებს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას. თუ მისი მხრიდან არ შეიცვლება არსებული დამოკიდებულება და ის კვლავ გააგრძელებს თვითნებურად მოქმედებას, სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობის გამო მივმართავთ საგამოძიებო ორგანოებს. ბავშვის უფლებათა დაცვის არსებული კონვენციით აღიარებულია, რომ ბავშვისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც დედის, ასევე მამის მშობლებთან ურთიერთობა, შესაბამისად, ეს ფაქტორი კარგად უნდა გაიაზროს და გაითვალისწინოს ყველა მხარემ.

- არის თუ არა ჩართული საქმეში სოციალური მუშაკი? ფსიქოლოგი?

- გამოდის, რომ სოციალური მუშაკი ჩართულია საქმეში, მაგრამ მხოლოდ ფორმალურად და ვერ ახერხებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას, შესაბამისად, ხელშესახები შედეგი ბავშვის მონახულების კუთხით აქამდე ვერ დადგა. ოჯახმა მრავალჯერ მიმართა სოციალურ სამსახურს განცხადებით და მიიღო პასუხი, რომ სოციალური მუშაკი ვერ დაესწრება შეხვედრას, რადგან არ აქვს ამის უფლება, ხოლო ფსიქოლოგის ჩართვა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ამას ბავშვის საჭიროება მოითხოვს. ამ მოცემულობით გამოდის, რომ მამამ შვილი ვერასდროს უნდა ნახოს და ვერც სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ უნდა აღსრულდეს, რადგან არსებული კანონმდებლობით და რეგულაციებით, სოციალური სამსახურის სამოქმედო არეალი მკვეთრად შეზღუდულია.

- ნიკა როგორ აპირებს ბრძოლას?

- ნიკა ბასილაშვილი, როგორც აქამდე, ისევ მტკიცედ აპირებს, დაიცვას საკუთარი და შვილის ინტერესები და მერწმუნეთ, მისი მხრიდან არც ერთი ისეთი ნაბიჯი არ გადაიდგმება, რომელიც შეიძლება სტრესული აღმოჩნდეს ბავშვისთვის. შესაბამისად, იგი ყოველთვის იმოქმედებს შვილის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

- უხდის თუ არა ალიმენტს შვილს?

- ნიკოლოზი ალიმენტის სახით ყოველთვიურად იხდის ქართული რეალობისთვის უპრეცედენტოდ მაღალ თანხას. ამასთან, ნელი დოროყაშვილს გადაცემული აქვს უძრავი ქონება, მათ შორის, ძვირად ღირებული კომერციული ფართობი თბილისის ცენტრში, რომელიც იჯარითაა გაცემული და შემოსავალი მთლიანად ხმარდება დედისა და ბავშვის საჭიროებებს.

(სპეციალურად საიტისთვის)