"ვუყურებ და ვტირი" - ამერიკელების თვალით დანახული აფხაზური ტრაგედია: ფერფლად ქცეული კულტურა
აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „აფხაზეთის ეროვნულ გალერეაში გაჩენილმა ხანძარმა ხელოვნების 4 ათასი ქმნილება გაანადგურა“ (ავტორი - ივან ნეჩეპურენკო). მასალაში გადმოცემულია სოხუმში მომხდარი ხანძრის გარემოებები და შედეგები.
გთავაზობთ პუბლიკაციის სრულ ტექსტს:
აფხაზეთში - საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში კვირას მომხდარმა ხანძარმა ათასობით ნახატი გაანადგურა: სამუდამოდ დაიკარგა კოლექცია, რომელიც აფხაზების მიერ შეუფასებელ ეროვნულ სიმდიდრედ იყო მიჩნეული, ქვეყნის საგანძურად, თუმცა აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მხოლოდ რუსეთი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა აღიარებს, სირიისა და ვენესუელას ჩათვლით.
„სოხუმის ცენტრში მდებარე აფხაზეთის ეროვნული გალერეის შენობაში, საგამოფენო დარბაზში მომხდარი ხანძრის შედეგად თითქმის 4 ათასი ნახატი დაიწვა“, - ნათქვამია აფხაზეთის კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, დინარა სმირის განცხადებაში. მისი თქმით, დამწვარ ნახატებს შორის არის ცნობილი აფხაზი მხატვრის - ალექსანდრე ჩაჩბა-შერვაშიძის 300 ნამუშევარი, „რაც აუნაზღაურებელი დანაკლისია აფხაზეთის ეროვნული კულტურისათვის“.
ეროვნული გალერეა უფრო მეტად ნახატების საცავს წარმოადგენს, ვიდრე - მუზეუმს. როგორც კი ხანძრის გაჩენა გაიგეს, ადგილობრივმა მოსახლეობამ ქალაქის ცენტრს მიაშურა, მაგრამ ცეცხლმოდებული შენობიდან მხოლოდ 200-მდე ნახატის გამოტანა მოასწრეს. ფოტოებზე, რომელიც აფხაზეთის საინფორმაციო სააგენტომ - „აფსნიპრესმა“ გაავრცელა, ჩანს, თუ როგორ გამოაქვთ ტილოები გარეთ, ზოგიერთი უკვე ნახევრად დამწვარი და კვამლისაგან გამურულია.
ადგილობრივმა სამართალდამცველებმა განაცხადეს, რომ პირუთვნელად გამოიძიებენ მომხდარ უბედურებას და მასთან დაკავშირებულ გარემოებებს, მათ შორის - წინასწარგანზრახულ დაწვას. გალერეის დირექტორმა გურამ საკანიამ კი აღნიშნა, რომ შესაძლოა ხანძრის მიზეზს ელექტროგაყვანილობაში მომხდარი მოკლე ჩართვა წარმოადგენს.
აფხაზეთს, რომელიც მთიანი რეგიონია და შავი ზღვის ნაპირზე მდებარეობს, თავისი, დაახლოებით, 245 ათასი მცხოვრებით, საერთაშორისო დონეზე საქართველოს შემადგენლობაში განიხილავენ და მის ნაწილად აღიარებენ. 1980-იანი წლებიდან მისი სტატუსი სადავო გახდა, ხოლო როცა საბჭოთა კავშირში კრიზისის ნიშნები გაჩნდა, დაიწყო უთანხმოება ქართველებსა და ეთნიკურ აფხაზებს შორის. დაძაბულობამ თავის პიკს 1992 წელს მიაღწია, როცა აფხაზეთი საქართველოსგან გამოყოფას შეეცადა. 1994 წელს კი, ქართულ ჯართან ხანმოკლე სისხლიანი კონფლიქტის შემდეგ, აფხაზეთმა კონსტიტუცია მიიღო და თავი სუვერენულ სახელმწიფოდ გამოაცხადა.
„დამოუკიდებელ“ აფხაზეთში კრიზისი გაღრმავდა - დაუფინანსებლობის გამო ბევრი კურორტი, რომელიც საბჭოთა პერიოდში ცნობილი და აყვავებული იყო, ბედის ანაბარად იქნა მიტოვებული და გაპარტახდა. ადგილობრივი ხელისუფლება გეგმავდა სპეციალური შენობის აგებას გალერეისათვის, სადაც შესაძლებელი იქნებოდა, გამოფენები რეგულარულად მოწყობილიყო, მაგრამ დაპირებები დაპირებებად დარჩა. ნახატები ინახებოდა მეტად ვიწრო სათავსოებში, საგამოფენო დარბაზის ზემოთ არსებულ რამდენიმე ოთახში, რომლითაც ადგილობრივი მხატვართა კავშირი სარგებლობდა. ცეცხლმა გაანადგურა შენობის სახურავი და მთლიანად ის სართული, სადაც ნამუშევრები იყო თავმოყრილი.
2008 წელს, საქართველოსთან ხუთდღიანი ომის შემდეგ, რუსეთმა აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა. მოსკოვმა რეგიონში სრულფასოვანი სამხედრო ბაზა შექმნა და აფხაზეთის ფინანსებს და ეკონომიკას დღემდე აკონტროლებს. საქართველო თვლის, რომ აფხაზეთი რუსეთს აქვს ოკუპირებული.
2016 წელს, როცა გალერეის დირექტორი გურამ საკანია ადგილობრივ ახალი ამბების სააგენტოს ესაუბრებოდა, მან ხაზი გაუსვა დაწესებულების მძიმე მდგომარეობას და აღნიშნა, რომ შენობაში ნახატების შენახვა და მათი ექსპონირება შეუძლებელია.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხანძარში ადგილობრივი დე-ფაქტო ხელისუფლება და რუსი ოკუპანტები დაადანაშაულა, რომლებიც უგულებელჰყოფენ „კულტურულ თვითმყოფადობას და მას არ უფრთხილდებიან“. „სოხუმში მომხდარი ხანძრის მძიმე შედეგები ჩვენთვისაც, ყველასთვის ტრაგედიას წარმოადგენს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა „იქს-ქსელებში“.
აფხაზეთის ეროვნულ გალერეაში, რომელიც 1963 წელს არის დაარსებული, რეგიონული სახელმწიფო მუზეუმის ნაწილის სახით, შეკრებილი იყო როგორც ადგილობრივი, ისე - რუსი მხატვრების ნამუშევრებიც. რუსეთის კულტურის მინისტრმა ოლღა ლიუბიმოვამ აფხაზეთის ხელისუფლებას აცნობა, რომ მოსკოვიდან სოხუმში სპეციალისტებს გაგზავნის, გადარჩენილი ნახატების რესტავრაციის მიზნით.
როგორც გურამ საკანია ამბობს, მიყენებული ზარალი აფხაზების ეროვნული გრძნობებისადმი დიდ დარტყმას ნიშნავს: „შეუძლებელია შეფასდეს ის ზარალი, რაც აფხაზურ კულტურას მიადგა... ვუყურებ დამწვარ შენობას და ვტირი“.
მოამზადა სიმონ კილაძემ