ბურუსით მოცული კატასტროფა: 3 საეჭვო დეტალი ბელგოროდთან "ილ-76"-ის ჩამოვარდნის საქმეში - ისხდნენ თუ არა თვითმფრინავში უკრაინელი ტყვეები?! - კვირის პალიტრა

ბურუსით მოცული კატასტროფა: 3 საეჭვო დეტალი ბელგოროდთან "ილ-76"-ის ჩამოვარდნის საქმეში - ისხდნენ თუ არა თვითმფრინავში უკრაინელი ტყვეები?!

ამ სტატიას სპეციალურად, 24 საათის გასვლის შემდეგ ვწერ, მაგრამ ერთი დღე-ღამის შემდეგაც ბოლომდე გარკვეული არ არის ბევრი დეტალი, 24 იანვრის დილას რუსეთის ბელგოროდთან ჩამოვარდნილ სატრანსპორტო თვითმფრინავ „ილ-76“-თან დაკავშირებით...

რუსული ვერსიის თანახმად, ამ თვითმფრინავით ბელგოროდში გადაჰყავდათ 65 უკრაინელი სამხედრო ტყვე, რომლებიც უკრაინის საზღვართან რუსულ სამხედრო ტყვეებზე უნდა გადაეცვალათ. თვითმფრინავში მათ გარდა იმყოფებოდა ეკიპაჟის ექვსი წევრი და ტყვეების თანმხლები სამი პიროვნება.

ერთადერთ ვიდეოკადრში, რომელიც თვითმხილველმა გადაიღო, ჩანს ცეცხლწაკიდებული „ილის“ პიკირება და მიწაზე დაცემისას - აფეთქება, ასევე, კვამლის ღრუბელი ცაში, რაც ძალზე წააგავს საზენიტო რაკეტის აფეთქების კვალს, რაც კიდევაც დასტურდება ჩამოვარდნილი „ილის“ ფრაგმენტებზე მსხვილი ნახვრეტების აღმოჩენისას. ამას, როგორც წესი, დიდი გაბარიტების და შორსმფრენი საზენიტო რაკეტის საბრძოლო ქობინში მოთავსებული დამაზიანებელი ელემენტები ახდენენ, დეტონაციისას დიდი სისწრაფით გატყორცნის შემდეგ. ამიტომაც, დიდი ალბათობით, შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ ეს უკრაინელების მიერ გაშვებული „პეტრიოტის“ საზენიტო რაკეტის ნამოქმედარია, მით უმეტეს, რომ ბოლო თვეებში სწორედ ასეთმა „მომთაბარე“ „პეტრიოტმა“ არა ერთი რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო...

შეიქმნა რთული სიტუაცია - ერთი მხრივ, უკრაინის მხარეს საამაყოდ ექნებოდა საქმე, რადგან კვლავ წარმატებით გამოუვიდა მორიგი „საზენიტო ჩასაფრება“ და უკრაინის ჩრდილოეთ საზღვრიდან 50-იოდე კმ-ის სიღრმეში, უშუალოდ რუსეთის ციდან „ჩამოხსნა“ რუსეთის საოკუპაციო ძალების მძიმე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომელიც მანამდე აქტიურად გამოიყენებოდა რუსი ოკუპანტების ცოცხალი ძალითა და საბრძოლო მასალებით მოსამარაგებლად...

1-tqve-1706169186.png
ზოგიერთი ინფორმაციის თანახმად, 24 იანვარს ბელგოროდთან სწორედ ეს რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი - Ил-76МД საბორტე ნომრით RU-78830 ჩამოაგდეს, რომელიც წლების განმავლობაში „შემჩნეული“ გახლდათ იარაღისა და საბრძოლო მასალების რუსეთიდან სომხეთში გადატანაში...

თუმცა, მეორე მხრივ, თუკი ამას მართლაც შეეწირა 65 უკრაინელი სამხედრო, რომლებიც მეორე წელია, რუსი ოკუპანტების საშინელ ტყვეობაში იმყოფებოდნენ და ბოლოსდაბოლოს გამოუჩნდათ შანსი სამშობლოში, ოჯახებთან დასაბრუნებლად, ეს დიდი ტრაგედია იქნება თავად უკრაინელებისთვისაც...

ჩნდება რამდენიმე კითხვა, რომლებიც პასუხის გაცემას მოითხოვენ...

ჰქონდა თუ არა უფლება და ხომ არ დაარღვია უკრაინამ ომის წარმოების კანონები ამ რუსული „ილის“ ჩამოგდებით“?

მიუხედავად იმისა, რომ რუსული „ილ-76“-ის ტიპის თვითმფრინავები სამოქალაქო ავიაციის თვითმფრინავების ფერებში გადაღებილნი დაფრინავენ (ეს წესი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მოდის, როდესაც სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებს „აეროფლოტს“ აწერდნენ, შენიღბვის მიზნით), ისინი რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციას განეკუთვნებიან, აღჭურვილნი არიან ორი, 23 მმ კალიბრის ავტომატური ქვემეხით კუდის ნაკვეთურში და, ამასთან, შეუძლიათ 500 კგ კალიბრის ოთხი საავიაციო ბომბის წაღება და საბრძოლო გამოყენება.

შესაბამისად, მტრის საჰაერო სივრცეში გამოჩენილი საჰაერო სამიზნის ჩამოგდება არავითარ საერთაშორისო კონვენციას არ არღვევდა, მით უმეტეს, რომ უკრაინაზე თავდასხმის დღიდან მოსკოვმა თავად ჩაკეტა რუსეთის სამხრეთ ნაწილის 11 აეროპორტი, უსაფრთხოებიდან გამომდინარე და ბელგოროდის დაკეტილ აეროპორტთან გამოჩენილი საჰაერო სამიზნე ვერანაირად ვერ იქნებოდა სამოქალაქო დანიშნულების.

2-tqve-1706170471.png
უკრაინასა და რუსეთს კიდევ რამდენიმე ათასი სამხედრო ტყვე ჰყავთ გასაცვლელი და ჯერ უცნობია, თუ როგორ გაგრძელდება ეს მნიშვნელოვანი პროცესი...

ისხდნენ თუ არა უკრაინელი სამხედრო ტყვეები ჩამოგდებულ რუსულ „ილში“?

ამ კითხვაზე 24 საათის შემდეგაც არ არსებობს სრულად დადასტურებული პასუხი, რადგან რამდენიმე საეჭვო გარემოება იკვეთება...

პირველი - რუსული მხარე ამტკიცებს, რომ ჩამოგდებულ თვითმფრინავში ექვსკაციანი ეკიპაჟის გარდა მყოფ 65 უკრაინელ სამხედრო ტყვეს მხოლოდ... სამი კაცი აცილებდა, რაც წარმოუდგენლად მოჩანს, რადგან სამი კონვოირი არანაირად არ ეყოფა 65, გინდაც - ხელშეკრულ ტყვეს, რომლებსაც ფეხები გახსნილი ექნებოდათ და მონდომების შემთხვევაში, თავისუფლად შეძლებდნენ (ეკიპაჟის წევრები მხედველობაში მისაღები არ არიან, რადგან ისინი ფრენის დროს თავიანთი ფუნქციებით არიან დატვირთულნი და არ ევალებათ ტყვეების გაკონტროლება) თვითმფრინავის დაპყრობას და კიევის აეროპორტში, უკვე როგორც გამარჯვებულებს დაბრუნება ნაალაფარი 200-ტონიანი რუსული „ილით“...

ისიც გასათვალისწინებელია, რომ თუკი უკრაინელი სამხედრო ტყვეები მართლაც იმყოფებოდნენ ამ თვითმფრინავში, მაშინ მათ გვერდზე აუცილებლად უნდა ყოფილიყვნენ ტყვეების გაცვლის კომისიის რამდენიმე წარმომადგენელი მაინც ანუ დავიჯეროთ, რუსული სამხედრო თვითმფრინავით უკრაინელი ტყვეები საერთოდ ყოველგვარი დაცვის გარეშე გადაჰყავდათ? არადა, მანამდე გაცვლილი უკრაინელი ყოფილი სამხედრო ტყვე იხსენებს, რომ ასეთივე „ილით“ ბელგოროდის აეროპორტში ჩაფრენისას, მათ არანაკლებ 20 ავტომატიანი კონვოირი აცილებდათ...

3-tqve-1706170421.png

რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის,, Ил-76-ის სატრანსპორტო ნაკვეთური, რომელშიც ასაკეცი სკამებიც თავსდება ადამიანების გადასაყვანად...

არის მეორე უცნაურობაც - პუტინის „რუპორმა“ მარგარიტა სიმონიანმა გაავრცელა, თითქოს, ამ თვითმფრინავში მსხდომი უკრაინელი ტყვეების სახელ-გვარები, მაგრამ როგორც შემდეგ გაირკვა, მათი ნაწილი ჯერ კიდევ 3 იანვარს გაუცვლიათ და ვერანაირად ვერ აღმოჩნდებოდნენ ამ თვითმფრინავში...

კიდევ ერთ შეუსაბამობას წარმოადგენს ის გარემოებაც, რომ მიუხედავად ამხელა მსხვერპლისა, რუსეთის პროპაგანდისტულ ტელეარხებს 24 საათის შემდეგაც არ გაუვრცელებიათ მათი ვიდეოკადრები (თუნდაც დაფარული სახით), ხოლო აფეთქებული თვითმფრინავის ფრაგმენტების სიახლოვეს, ასევე, არ დაფიქსირებულა დაღუპულების ცხედრები.

იცოდა თუ არ უკრაინის მხარემ, რომ ამ რუსული „ილით“ ბელგოროდში უკრაინელი სამხედრო ტყვეები მოჰყავდათ გასაცვლელად?

ამ კითხვაზე პასუხი უმთავრესია - თუკი იცოდნენ და მაინც ჩამოაგდეს, ეს ყველაფერს ცვლის...

როგორც ირკვევა, უკრაინის შეიარაღებული ძალების დაზვერვის მთავარი სამმართველო საქმის კურსში იყო, რომ 24 იანვარს სამხედრო ტყვეების გაცვლა უნდა შემდგარიყო, რუსეთ-უკრაინის საზღვართან, რადგან ტყვეების გაცვლას სწორედ ბუდანოვის სამხედრო დაზვერვა კურირებს...

4-tqve-1706170375.png
ჩამოგდებული და მიწაზე აფეთქებული რუსული „ილის“ ერთ-ერთი ფრაგმენტი

მაგრამ იყო კი საქმის კურსში იმავე უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაურობა, რომელიც სწორედ იმ „მომთაბარე“ „პეტრიოტების“ საზენიტო გათვლებს აძლევს დავალებებს, რომლებსაც იმავე ბელგოროდის ოლქის ციდან აქამდეც რამდენიმე რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოუგდიათ შორსმოქმედი „პეტრიოტის“ რაკეტებით?

ხომ არ მოხდა შიდაუწყებრივი გაუგებრობა თავად უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის სტრუქტურებს შორის?

ან ამ ყველაფრის უკან ხომ არ დგას პრეზიდენტ ზელენსკისა და მთავარსარდალ ზალუჟნის შორის არსებული დიდი ხნის უთანხმოება, რათა ეს ფაქტი გამოყენებული იქნეს ზალუჟნის გადასაყენებლად?

კიდევ ბევრი ვერსია შეიძლება დაიბადოს, მაგრამ ჯერ გასარკვევია მთავარი - 65 უკრაინელი სამხედრო ტყვე მართლაც იჯდა თუ არა ამ ჩამოგდებულ რუსულ „ილში“?