დასავლეთ ევროპელთა და ქართველთა კულტურულ ურთიერთობებს შუა საუკუნეებში, ყურადღება არ ექცევა. რამდენი რამ ჰქონდათ გასაცვლელი ევროპელებს (არა ბერძნებს) და ქართველებს ამ დროს ერთმანეთისთვის, ჩანს ქართველი და ევროპელი ბერების ინტენსიური კულტურული ურთიერთობებიდან, ისინი თავიანთი მხარეების საუკეთესო შვილები იყვნენ და მის ღირსებას გამოხატავდნენ, მათი სახით, ევროპა და საქართველო ერთმანეთს ღირსების მთელი სისავსით ხვდებოდა, იქეთ მხარეს ლეო რომაელი იყო, აქეთ კი გაბრიელ ქართველი, ორივე მხარე ერთმანეთით ძლიერ მოხიბლული და შთაგონებული იყო. ათონის მთაზე, ქართველთა მონასტერში სტუმრად მოსული იტალიელი ბერები ქართველ ბერებთან ხშირად შუა ღამემდე ვერ ასრულებდნენ საუბარს და ზოგჯერ, გათენებამდეც კი, გიორგი მთაწმინდელის ეს საგულისხმო ჩანაწერი ულამაზესი ხატია იმისა, თუ რამდენი რამ ჰქონდათ ამ დროს ერთმანეთისთვის სათქმელი ქართველებს და ევროპელებს, ზოგი იტალიელი და ფრანგი ბერი, საერთოდ, ქართველთა მონასტერში რჩებოდა, ძველი ფრანგული ნათარგმნი ლიტერატურის ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი - "ბალავარიანი", სწორედ ქართველი და ფრანგი ბერის თანამშრომლობით ითარგმნა ძველ ფრანგულად, მისი ფრანგული ხელნაწერი სწორედ ივერონის ქართველთა მონასტერში ინახებოდა. მეორეს მხრივ, ქართველებიც მდიდრდებოდნენ დასავლეთ ევროპელთა ლიტერატურით, გიორგი მთაწმინდელი სიამაყით წერს, რომ ერთ-ერთი თხზულება ჰრომთა წიგნისაგან თარგმნა. შუა საუკუნეების ევროპული და ქართული კულტურების შეხვედრის თვალსაზრისით, გამორჩეულად საყურადღებოა მე-13-საუკუნის ერთ-ერთი დიდი ევროპელი ინტელექტუალის, მათემატიკოსის, ფიზიკოსისა და გამომგონებლის - ოლივერ პადერბონელის ვიზიტი ანტიოქიის შავი მთის ქართველთა მონასტრის დიდ ბიბლიოთეკაში სანამ უშუალოდ ამ საკითხზე გადავალთ, მოკლედ შევეხოთ მის ბიოგრაფიას. ოლივერი შუა საუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე ქარიზმატული და ინტელექტუალური ფიგურაა, რომელსაც სხვადასხვა დისციპლინებში საფუძვლიანი განათლება ჰქონდა მიღებული, ეს მრავალმხრივი ნიჭის კაცი იყო თავისი დროის მათემატიკოსი, ფიზიკოსი და გამომგონებელიც, სწავლის დასრულების შემდეგ გახდა პადერბონის მოძღვარი. 1213 წლიდან იწყებს ქადაგებას ჯვაროსნული ლაშქრობების მოსაწყობად და ავლენს შესანიშნავი ორგანიზატორის უნარებს. 1219-წელს დამიეტას აღება, რასაც მაშინათვე დიდი აღფრთოვანებით გამოეხმაურნენ ქართველები, დიდწილად სწორედ ოლივერის გამოგონების დამსახურება იყო, რომელმაც ქალაქის ასაღები რამდენიმე ახალი მანქანა შექმნა. ,,ურჯულოთა" წინააღმდეგ ჯვაროსნული ლაშქრობების ეს მგზნებარე მქადაგებელი სულთან ალ კამილს ტყვედ ჩაუვარდა, რომელიც მის მიმართ ტყვეობაში დიდ ადამიანობას იჩენდა, ბოლოს კი, სულთანმა საერთოდაც გაათავისუფლა იგი. მადლიერებით აღსავსე ოლივერს ამ გამოცდილებამ უბიძგა გადაეხედა მისი დამოკიდებულება ისლამთან, შედეგად, შუა საუკუნეების ევროპის კვალობაზე ამ დიდმა ქრისტიანმა ინტელექტუალმა რევოლუციური დასკვნა გააკეთა: ქრისტიანებს და მუსლიმებს სინამდვილეში ძალიან ცოტა რამ ჰყოფთ ერთმანეთისგან, ისლამიც ღვთის გამოცხადებაა, ისევე როგორც იუდაიზმი, მაგრამ, არა აბსოლუტური. სწორედ ეს დიდი ევროპელი ინტელექტუალი - მათემატიკოსი, ფიზიკოსი, გამომგონებელი და იდეოლოგი ეწვია შუა საუკუნეების ქართული კულტურის უდიდეს კერას - შავი მთის ქართულ მონასტერს, სადაც, როგორც თვითონ წერს, საგულდაგულოდ გადახედა მის ბიბლიოთეკას. (The Capture of Damietta, Cardinal Oliver (Of Paderborn), University of Pennsylvania Press, 1948, Chapter 63, გვ. 78). მეტად საინტერესოა, რომ შუა საუკუნეების ამ გამორჩეული ევროპელი მოაზროვნისა და გამომგონებლის ინტელექტუალური სამყაროს გამდიდრებაში გარკვეული როლი შეასრულა ქართველთა მონასტრის მდიდარმა ბიბლიოთეკამაც. ათონის მთისა და ანტიოქიის გარდა ქართველთა და დას. ევროპელთა კულტურული თანამშრომლობის ადგილი იყო იერუსალემის ჯვრის ქართველთა მონასტერი, რომლის საშუალებითაც ქართული ფერწერული ტრადიცია დასავლეთ ევროპული იკონოგრაფიის ტენდენციებს დაუახლოვდა, ყველაფერი ეს უკვე ცოტა არ არის, მაგრამ კიდევ უფრო გაღრმავებული კვლევა, ბევრად მეტს დაგვანახებდა.