ქართული პოლიტიკის "ნათლიმამა" - რა გეგმები ჰქონდა ბადრი პატარკაციშვილს და როგორ ცდილობდა შევარდნაძე "დარდუბალასგან" "გათავისუფლებას" - კვირის პალიტრა

ქართული პოლიტიკის "ნათლიმამა" - რა გეგმები ჰქონდა ბადრი პატარკაციშვილს და როგორ ცდილობდა შევარდნაძე "დარდუბალასგან" "გათავისუფლებას"

გასული საუკუნის ბოლოს საქართველოში პოლიტიკას და პოლიტიკოსებს ქმნიდნენ: შევარდნაძე, ჟვანია, საჯაია და პატარკაციშვილი. ამ პროცესებში აქტიურად მონაწილეობდა და მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენდა ტელეკომპანია „რუსთავი–2“ გენერალური დირექტორი, დღეს რატომღაც მივიწყებული ეროსი კიწმარიშვილი. „ბაბუს“ გარდა ოთხივე, რაღაც ერთნაირი, იდუმალებით მოცული სიკვდილით წავიდნენ ამ ქვეყნიდნენ და მრავალი პასუხგაუცემელი კითხვა–რებუსი დატოვეს. დღეს ქართული პოლიტიკის „რუხ კარდინალზე“ და „ნათლიმამაზე“ – ბადრი პატარკაციშვილზე უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ, ჩემი აზრით, ის აქტიურად იყო ჩართული იმ პროცესებში, რასაც საბოლოოდ ზურაბ ჟვანიას საეჭვო გარდაცვალება მოჰყვა.

პატარკაციშვილი საქართველოში 2001 წლის ოქტომბერში დაბრუნდა.

ერეკლე კოდუასთან „ლონდონურ საუბარში“, რომელიც 2007 წლის 23 დეკემბერს შედგა, კი ტრაბახობდა პუტინს მეგობრულად და პირზე კოცნით დავშორდიო, თუმცა რუსეთის დატოვებისთანავე პატარკაციშვილზე რუსი სამართალდამცავების მიერ ძებნა გამოცხდდა. მას ბრალად ედებოდა ავიაკომპანია “აეროფლოტის” გენერალური დირექტორის მოადგილის, ნ. გლუშკოვის (1949–2018) ციხიდან გაქცევის მცდელობის ორგანიზება. უკვე იმავე წლის ნოემბერში რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ პატარკაციშვილის ექსტრადაცია მოსთხოვა საქართველოს.

აქვე ვიტყვი, რომ ბერეზოვსკი–პატარკაციშვილის „მარჯვენა ხელი“ ნიკოლაი გლუშკოვი, რომელიც მათ გუნდში, ჯერ კიდევ „ლოგოვაზიდან“ იყო, 2018 წლის 12 მარტს ლონდონში, საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. ეს საქმე დღესაც გაუხსნელია.

picture5-1706249268.png

ნ. გლუშკოვი, ბ. ბერეზოვსკი და ბ. პატარკაციშვილი. მოსკოვი, 1995 წელი. სამივე ლონდონში საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალნენ.

პატარკაციშვილის რუსეთიდან გამოქცევის მეორე მიზეზიც არა ნაკლებ სკანდალურ ისტორიას უკავშირდება, რომელიც ასევე ტრაგიკულად დასრულდა 2006 წელს და ისიც ლონდონში.

გასული საუკუნის ბოლოს ეფ–ეს–ბეს ოფიცრის, ალექსანდრე ლიტვინენკოს სახელი პერიოდულად ჩნდებოდა რუსულ და მსოფლიო მასმედიაში. საბჭოთა კა-გე-ბეს სამხედრო კონტრდაზვერვის და შემდეგ რუსეთის ეფ-ეს-ბეს ოპერატიული თანამშრომელი, პოდპოლკოვნიკი ლიტვინენკო ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც 1998 წლის 20 მარტს ცნობილ ბიზნესმენ-პოლიტიკოს ბორის ბერეზოვსკისთან მივიდა და განუცხადა, რომ ეფ-ეს-ბეს ხელმძღვანელობამ მას და კიდევ რამდენიმე თანამშრომელს, ბერეზოვსკის ლიკვიდაცია დაავალა. ამ ინფორმაციამ, რომელსაც რამდენიმე თვის შემდეგ ხმაურიანი პრესკონფერენციაც მოჰყვა, მაშინ გრიგალივით გადაუარა რუსულ და უცხოურ მასმედიას. ხუმრობა საქმე ხომ არ იყო: რუსეთის სპეცსამსახური გეგმავდა ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურის, ყოფილი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, შემდეგ კი დსთ-ს აღმასრულებელი მდივნის ლიკვიდაციას.

ამის საპასუხოდ პუტინმა ნადირობა დაიწყო ჯერ ლიტვინენკოზე, შემდეგ კი თავად ბერეზოვსკიზე. 1999 წლის მარტში ლიტვინენკოს ხელოვნურად საქმე “შეუკერეს” და “ლეფორტოვოს” ციხეში უკრეს თავი. ის მხოლოდ ათი თვის შემდეგ, ბორის ბერეზოვსკის დიდი მცდელობით გაათავისუფლეს რუსეთიდან გაუსვლელობის ხელწერილით. ამის შემდეგაც პროვოკაციები ლიტვინენკოს წინააღმდეგ არ შეწყვეტილა. ამის გამო ის ფარულად გაემგზავრა ლონდონში და 2000 წლის 1 ნოემბერს პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. აქედან იწყება ლიტვინენკოს ღია ბრძოლა რუსეთის სპეცსამსახურების წინააღმდეგ. 2001 წლის ზაფხულში მან და რუსმა ისტორიკოსმა იური ფელშტინსკიმ გამოსცეს წიგნი: “ეფ-ეს-ბე აფეთქებს რუსეთს”, რომელმაც დიდი სკანდალი გამოიწვია მსოფლიოში, რადგანაც რუსეთში 1998-2000 წლებში მომხდარ ტერაქტებში მათ ქვეყნის ახალი პრეზიდენტი პუტინი და რუსეთის სპეცსამსახურები დაადანაშაულეს.

ყოველივე ამის შემდეგ ლიტვინენკოსა და ჩეჩენ პოლიტიკურ დევნილებზე: იანდარბიევსა და აჰმად ზაკაევზე, ისევე როგორც ბერეზოვსკიზე, რუსეთის სპეცსამსახურებმა “ნადირობის სეზონი” გახსნილად გამოაცხადეს.

2004 წლის 13 თებერვალს კატარის დედაქალაქ დოჰაში ზელიმხან იანდარბიევი ავტომობილში აფეთქეს. შემდეგი ალექსანდრე ლიტვინენკო აღმოჩნდა, რომელიც რადიოაქტიური ნივთიერება “პოლონიუმ-210”-ით (ეს ერთ-ერთი უიშვიათესი რადიაციული ნივთიერებაა და მისი მიღება ურთულესი საქმეა) მოწამლეს 2006 წლის 1 ნოემბერს ლონდონში, რის შედეგად ის 23 ნოემბერს გარდაიცვალა.

pagebes-1706249268.jpg

ლიტვინენკო: მოწამლვამდე და შემდეგ

ლიტვინენკოს რუსეთიდან ლონდონში ფარულად გაქცევის ოპერაცია ბორის ბერეზოვსკიმ და ბადრი პატარკაციშვილმა დაგეგმეს და განახორციელეს. 2000 წლის სექტემბერში, ნათესავებთან სტუმრობის საბაბით, ლიტვინენკო მოსკოვიდან ნალჩიკში გაემგზავრა, საიდანაც ფარულად ჩამოვიდა საქართველოში. მაშინ ეს ნამდვილად არ იყო პრობლემა. თბილისში ლიტვინენკომ ბადრი პატარკაციშვილის დახმარებით, ყალბი პასპორტი მიიღო და თურქეთში გაემგზავრა, სადაც პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით აშშ-ის საელჩოს მიმართა, რაზეც (სამსაათიანი დაკითხვა–გასაუბრების შემდეგ) , რატომღაც უარი უთხრეს. შემდეგ გადაწყდა, რომ პოლიტიკური თავშესაფარი დიდ ბრიტანეთისთვის ეთხოვა. 2000 წლის 1 ნოემბერს ლონდონის ჰითროუს აეროპორტში ლიტვინენკომ პოლიციას მიმართა პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით. იმ პერიოდში ლონდონში უკვე იმყოფებოდა ბორის ბერეზოვსკიც. 2001 წლის მაისში დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ლიტვინენკოს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.

ზემოთ მოთხრობილი მძაფრსიუჟეტიანი ისტორიების გახმაურების შემდეგ პატარკაციშვილს რუსეთში უკვე აღარ დაედგომებოდა და ის საქართველოში დაბრუნდა, თუმცა მისი ბიზნესის უდიდესი ნაწილი კვლავ რუსეთში რჩებოდა. როგორ დახვდნენ საქართველოში დაბადებულ პირველ და ერთადერთ მილიარდერს (მაშინ ბიძინა ივანიშვილის შესახებ თითქმის არაფერი არ იყო ცნობილი) სამშობლოში? სხვადასხვანაირი იმედებითა და მოლოდინებით, ასევე დიდი ეჭვით. ქართულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სივრცეში ლეგენდარული ბადრის შემოჭრა დიდი „ქარიშხლის“ მომასწავებელი იყო. ამას რა თქმა უნდა პირველი პრეზიდენტი შევარდნაძე მიხვდა და 2001 წლის 29 დეკემბერს ჟურნალისტებთან შეხვედრისას საქვეყნოდ გააფრთხილა კიდეც პატარკაციშვილი: “კარგი იქნება, თუ ბადრი პატარკაციშვილი პოლიტიკურ პარტიებთან თამაშს არ დაიწყებსო. ”

picture2-1706249268.jpg

ვანო ზოდელავა, ბადრი პატარკაციშვილი, ნანული და ედუარდ შევარდნაძეები „თბილისობაზე“, 2001 წელი.

„ბაბუმ“ იქვე დაუმატა: „ მივესალმები პატარკაციშვილის კომერციულ საქმიანობას საქართველოშიო“. თუმცა შევარდნაძემ კარგად იცოდა, რომ პატარკაციშვილს „ბიზნესის გალიაში“ ვერ ჩაკეტავდა: ბადრისთვის ბიზნესი და პოლიტიკა განუყოფელ ცნებებ წარმოადგენდა, სადაც ბიზნესი, პოლიტიკური ძალაუფლების ხელში ჩაგდებისა და პოლიტიკოსების კულისებიდან მართვის უტყუარი, რუსეთში უკვე აპრობირებული, იარაღი იყო. ბ. პატარკაციშვილმა „დაუჯერა“ შევარდნაძეს და „კომერციული საქმიანობა“ დაიწყო: პირველ რიგში მედია კომპანიებსა და დამოუკიდებელ ტელევიზიებს დაადგა თვალი.

picture1-1706249268.jpg

ვფიქრობ „ბაბუ“ აქ არანაკლებ სიმპათიურად გამოიყურება

საინტერესოა, რომ ე. შევარდნაძე 500 გვერდიან მემუარებში საერთოდ არ ახსენებს ბადრი პატარკაციშვილს, თითქოს ამ კაცს არც იცნობდა და არც „რუსთავი–2“ ყიდვას სთხოვდა: „ბაბუს“ მწარედ ახსოვდა ანიმაციური ტელესერიალი „დარდუბალა“ და ამიტომაც სურდა ეს ტელეკომპანია „ახალგაზრდა რეფორმატორებისგან“ ჩამოეცილებინა, რათა შემდეგ მისთვის უფრო სანდო პოლიტიკური ჯგუფის ხელში გადასულიყო.

კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რომ 2001 წლის ბოლოს საქართველოში პოლიტიკური ბრძოლის ველზე შემდეგი მოთამაშეები იყვნენ: 1.„ასლან აბაშიძის გუნდი“ (ძირითადად რუსეთის ინტერესები); 2. „ბადრი პატარკაციშვილის გუნდი“ (ნაწილობრივ რუსეთის ინტერესები); 3. „ჟვანიას გუნდი“ (ძირითადად დასავლეთის ინტერესები); 4. „საჯაიას გუნდი“ (შევარდნაძის ინტერესები); 5. „ყვარყვარეების გუნდი“ (საკუთარი მატერიალური კეთილდღებისთვის ისინი ეშმაკსაც კი დაუდგებიდნენ გვერდით). თავად შევარდნაძეს კი ( რომელსაც ეგონა, რომ „წაუგებელს თამაშობდა“) ღია და ფარული კავშირი ჰქონდა ხუთივე ჯგუფთან, ყველას აიმედებდა და თანამდებობებს ჰპირდებოდა.

ჯერ კიდევ 2000 წლის მაისში შევარდნაძემ, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, სახელმწიფო მინისტრის პოსტიდან გაათავისუფლა ვაჟა ლორთქიფანიძე (ბადრი პატარკაციშვილის ფავორიტი) და ამ თანამდებობაზე, ზურაბ ჟვანიას რეკომენდაციით, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გია არსენიშვილი დანიშნა. ეს ცვლილება მაშინ „ჟვანიას გუნდის“ გაძლირებას და „ბადრის გუნდის“ დასუსტებას მოასწავებდა. თუმცა 2001 წლის დეკემბრისთვის პრეზიდენტი შევარდნაძე თითქმის მარტო დარჩა – მას მხარს მხოლოდ „საჯაიას გუნდი“ უჭერდა. ბევრი „ყვარყვარეც“ ფარულად ახალ თავშესაფარს ეძებდა: ზოგი აბაშიძესთან, ზოგი ჟვანიასთან, ყველაზე ბევრი კი „მილარდელ–მეცენატ“ ბადრი პატარკაციშვილთან ცდილობდა ურთიერთობის „დალაგებას“.

(მეთოთხმეტე ნაწილის დასასრული)