"მამობამ ძალიან შემცვალა, პირველი შეხვედრა ძალზე ემოციური იყო, იმ დღიდან ახალი ცხოვრება დაიწყო"
"საკუთარი თავისგან ამდენს არ ველოდებოდი"
ადამიანის ცხოვრებაში ზოგჯერ ასეც ხდება, ერთი დღე მთელ შენს ცხოვრებას განაპირობებს. ასე მოხდა ორბეთელი თედო ბექაურის შემთხვევაში, კლინიკაში მისული პატარა ბიჭით რეჟისორი გიორგი ოვაშვილი დაინტერესდა და ასე მოხვდა თედო ფილმში "გაღმა ნაპირი"; მერე იყო პაუზა მის ცხოვრებაში და როგორც თავად ამბობს, ბურუსით მოცული, არეულ-დარეული პერიოდი. ახლახან კი ფართო საზოგადოების წინაშე პროექტით "ცეკვავენ ვარსკვლავები" წარდგა. პირველივე ტურიდან გამოიკვეთა, როგორც ლიდერი და საბოლოოდ, პროექტის გამარჯვებულიც გახდა.
- თედო, "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამარჯვებას გილოცავ! შეგიძლია ის ემოცია გაიხსენო, რომელიც გამარჯვებულად გამოცხადების დროს გქონდა?
- ძალიან დიდი მადლობა მოლოცვისთვის. იმ წუთში საერთოდ გავითიშე, აღარაფერი მახსოვს; ემოციამ იმდენად წამიღო, აღარ ვიცოდი, რას ვაკეთებდი.
- როგორი იქნებოდა ეს წუთი, როგორ შეხვდებოდი, ალბათ ოცნებაში არაერთხელ წარმოგედგინა.
- რა თქმა უნდა, მაგრამ რეალური ემოცია წარმოდგენილისგან სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა. მერე, როდესაც საკუთარ თავს ეკრანზე ვუყურე, მაშინაც კი ვინერვიულე.
- მოლოდინი რამდენად გქონდა?
- მოლოდინი მქონდა, იმედიც, აბა, ისე კონკურსში არ ჩავერთვებოდი.
- პროექტის დასაწყისში საკუთარ შესაძლებლობებს სათანადოდ აფასებდი, თუ პროექტის მიმდინარეობისას ახალი აღმოჩენები გააკეთე?
- კარგია, რომ ცეკვა ვისწავლე, მხოლოდ პლასტიკა და არტისტულობა არაფერს ნიშნავს; აღმოვაჩინე, რომ სირთულეების დაძლევა შემძლებია, ფსიქოლოგიურადაც ძლიერი ვყოფილვარ, დიდ დატვირთვას გავუძელი და დავძლიე. ამდენს საკუთარი თავისგან არ ველოდი.
- წლების შემდეგ, როცა ამ პროექტს გაიხსენებ, კულმინაციური მომენტის გარდა, როგორ გგონია, კიდევ რით დაგამახსოვრდება?
- შეიძლება დაუჯერებელი იყოს, მაგრამ ამ პროექტის თითოეული ტური, ყველა ცეკვა მახსოვს, სულითა და გულით ვიყავი ჩართული, სულ დარბაზში ვიყავი, ამ ხნის განმავლობაში პროექტით ვცხოვრობდი.
- ჟიურის წევრებიდან, ყველაზე დიდი ინტერესით ვის შეფასებას ელოდი?
- ჟიურის ყველა წევრის შეფასება ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ გოჩა ჩერტკოევის აზრი გამორჩეულად მაინტერესებდა. მისგან ბევრი საქებარი სიტყვა მოვისმინე, შენიშვნებიც მივიღე. როცა შენიშვნას მაძლევდა, მერე იმდენს ვშრომობდი, თავს არ ვიზოგავდი, ოღონდ გამომესწორებინა. მას ეს ძალიან ახარებდა.
- შენს წარმატებაში, შენი მეწყვილის - ანას წვლილი რამდენად დიდია?
- ანამ იცოდა ჩემი შესაძლებლობები, ჩემი ძლიერი მხარე და ცეკვებს ამ ყველაფრის გათვალისწინებით დგამდა. რა თქმა უნდა, ჩვენ სხვა ქორეოგრაფებიც გვეხმარებოდნენ, მაგრამ ანას წვლილი ჩემს გამარჯვებაში მართლა უდიდესია.
- შენი პირველი გულშემატკივარი ვინ იყო?
- მეუღლე და ჩემი მშობლები, შემდეგ - მეგობრები.
- გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ, პარკეტზე ხანდაზმული ქალბატონი რომ გამოვიდა და ჩაგეხუტა, შენი ბებიაა?
- არა, ის ქალბატონი ჩემი უხუცესი გულშემატკივარი გახლავთ. ჩემი მეგობრის მეზობელია, რომელიც ამ პროექტში გამოჩენის დღიდან ძალიან მგულშემატკივრობდა.
- შენი შვილი დემეტრე ლაივზე პირველად იყო?
- დიახ, პირველად მოიყვანეს, რადგან იქ რომ მხედავდა, ჩემთან ერთად ყოფნა უნდოდა, დარბაზში მისი გაჩერება გაჭირდებოდა. ძალიან მოუსვენარი ბავშვია, ამიტომ ჩემს ცეკვებს თვალს ეკრანიდან ადევნებდა.
- ძალიან გგავს, არა?
- მგავს, მაგრამ ასევე, ჩემს მეუღლესაც ჰგავს.
- როგორი მამა ხარ?
- სულ ვცდილობ, კარგი მამა ვიყო. სახლში როცა ვარ, დემეტრე სულ ჩემთან არის, მის აღზრდაში თავიდან ბოლომდე ჩართული ვარ. მამობამ ძალიან შემცვალა.
- დემეტრეს დაბადებას დაესწარი? როგორი იყო თქვენი პირველი შეხვედრა?
- სამწუხაროდ, დაბადებას ვერ დავესწარი, თინათინ ყაჯრიშვილი ფილმს "მოქალაქe წმინდანი" იღებდა და გადაღებაზე ვიყავი, პატარა, ეპიზოდური როლი შევასრულე. ვერც იმ დღეს მოვახერხე მისვლა, როდესაც დემეტრე სახლში წამოიყვანეს. პირველი შეხვედრა, რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალზე ემოციური იყო, იმ დღიდან ახალი ცხოვრება დაიწყო.
- მეუღლე როგორ გგულშემატკივრობდა?
- მაქსიმალურად მიწყობდა ხელს, რომ საკუთარი შესაძლებლობები წარმომეჩინა. სულ გასული ვიყავი სახლიდან და ყველა საქმე ჩემს მეუღლეს ჰქონდა საკუთარ თავზე აღებული.
- ნოე სულაბერიძემ გამოაცხადა, რომ შენს სწავლას დააფინანსებენ. გაარკვიე, ვინ არის ის ადამიანი?
- ჯერ ბევრი რამ გასარკვევი მაქვს, "იმედის" გადაცემების შემდეგ, პირველი ჟურნალია "გზა", ვისაც ინტერვიუს გაძლევთ და რამდენიმე დღეში, ალბათ უფრო გარკვეული, დალაგებული და დაწყნარებულიც ვიქნები. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და ქალბატონ თამარს (მის შესახებ მხოლოდ ეს ვიცი) უღრმესი მადლობა გადავუხადო. თეატრალურში აუცილებლად ჩავაბარებ.
- როგორც თქვეს, შენ გამო გოჩა ჩერტკოევმა თეატრალური აიკლო. ამის შესახებ უფრო მეტი შეგიძლია მითხრა?
- გოჩას დამსახურებაა, მან დაინახა ჩემში არტისტულობა და გულთან მიიტანა, რომ უფულობის გამო სწავლა ვერ მოვახერხე. პირად საუბრებშიც მეუბნებოდა, შენი ნიჭი არ უნდა დაიკარგოსო.
- ეს ყველაფერი რამ შეგაძლებინა, შენი ყველაზე დიდი სტიმული ვინ და რა იყო?
- დემეტრე და ჩემი მეუღლე. ეს ჩემი პირველი სახლია, რომელიც მთავარი პრიზი იყო. ბინა ბაკურიანში მდებარეობს, დასრულებული და გარემონტებულია, ესეც ძალიან დიდი სტიმული გახლდათ. მექნება ეს ბინა და ხშირად ჩავალ ხოლმე ბაკურიანში.
- თბილისში ორბეთიდან დადიოდი?
- არა, ბინა მაქვს ნაქირავები.
- შენს მშობლიურ ორბეთში რა ხდებოდა, ალბათ თანასოფლელები გამორჩეულად გგულშემატკივრობდნენ.
- ალბათ, ტელევიზიიდან რომ გამოვედი, გვიანი ღამე იყო. მხოლოდ მშობლებს ველაპარაკე.
- თედო, ერთ-ერთ გადაცემაში ისაუბრე რეჟისორ გიორგი ოვაშვილთან არსებულ გაუგებრობაზე. ამ ეთერის შემდეგ თქვენ თუ ისაუბრეთ?
- სამწუხაროდ, არა.
- ერთი დღე ზოგჯერ მთლიანად ცვლის ადამიანის ცხოვრებას. ალბათ, შენთვის ეს "ერთი დღე" იყო მაშინ, როცა კლინიკაში თვალის პრობლემაზე მისულს, რეჟისორი გიორგი ოვაშვილი შეგხვდა და მერე იყო "გაღმა ნაპირი".
- ნამდვილად, მე ამ ადამიანის მადლიერი ვარ.
- როგორ ფიქრობ, იღბლიანი ხარ?
- არ ვიცი, იღბლიანი რამდენად ვარ, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ღმერთის წყალობით ხდება.
- წლების განმავლობაში ჩრდილში იყავი.
- ეს იყო ძალიან რთული, არეულ-დარეული და ბურუსით მოცული პერიოდი.
- და დღეს რა ხდება?
- ყველაფერი დალაგებულია და ისე მიდის, როგორც მე მინდა.
- თედო, სოციალურ ქსელში იმასაც წერდნენ, ამ ბიჭს პროექტი მოაგებინეს, ისე კარგად, როგორც ნუცა თოფურია, ვერ ცეკვავდაო. ამ ადამიანებს გინდა, რამე უთხრა?
- აბა, რა ვუთხრა? მგონია, რომ დამსახურებულად გავიმარჯვე, ძლიერი კონკურენტები მყავდა. ვინმე სხვა რომ გამოეცხადებინათ გამარჯვებულად, ჩემს გულშემატკივრებსაც შეიძლებოდა ეთქვათ, ჩაწყობილი იყოო.
- ჩაივლის ეს ემოცია და ცხოვრება გაგრძელდება. რა გეგმა გაქვს?
- კონკრეტულად ჯერ ვერაფერს ვიტყვი, რამდენიმე შემოთავაზება მაქვს თეატრებიდან და ვნახოთ, წინადადებები მიმზიდველია.
- წარმატებას გისურვებ!
- დიდი მადლობა!
თამუნა კვინიკაძე