ნატომ მე-5 მუხლი „აამოქმედა“: მზადება "აპოკალიფსის" სცენარისთვის - ყველაზე მასშტაბური წვრთნები ბოლო 36 წლის განმავლობაში - კვირის პალიტრა

ნატომ მე-5 მუხლი „აამოქმედა“: მზადება "აპოკალიფსის" სცენარისთვის - ყველაზე მასშტაბური წვრთნები ბოლო 36 წლის განმავლობაში

ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა 1988 წლის შემდეგ ყველაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლება წამოიწყო, რომლის ფარგლებში 90 ათასი სამხედრო, 1 100 შეჯავშნული მანქანა, 50 სამხედრო ხომალდი, 90 თვითმფრინავი და შვეულმფრენი მიიღებს მონაწილეობას...

მაგრამ, Steadfast Defender 2024-ის სახელწოდებით დაწყებული ამ ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლების მთავარი ჩანაფიქრია უმთავრესი. სწავლების სცენარის მიხედვით, ნატოს აღმოსავლეთ წევრ ქვეყანას მისი უშუალო მეზობელი ესხმის თავს, რის შემდეგაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა წევრი ქვეყნების მთავრობებთან ერთად იღებს გადაწყვეტილებას, აამოქმედოს ალიანსის წესდების ის ცნობილი მე-5 მუხლი, რომელიც კოლექტიური უსაფრთხოების მექანიზმის „ჩართვას“ ითვალისწინებს, თუკი ნატოს რომელიმე წევრ ქვეყანაზე განხორციელდება სამხედრო აგრესია...

ანუ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ღიად აჩვენებს რუსეთს, რომ მას მოიაზრებს იმ მთავარ სავარაუდო მოწინააღმდეგედ, რომლისგანაც მოელის სამხედრო სახის თავდასხმებს, თავის აღმოსავლეთ ფლანგზე!

„პირველი ცივი ომის" დამთავრების შემდეგ, სამი ათეული წელი ნატო „წაუყრუებდა“ რუსეთისგან მისი მეზობლების მიმართ მომდინარე მზარდ საფრთხეებს და არც „თვალების დახუჭვაზე“ ამბობდა უარს, როდესაც რუსული ტანკები საქართველოში იჭრებოდნენ...

photo-1706261495.jpeg
Steadfast Defender 2024 - ნატოს ყველაზე ფართომასაშტაბიანი და ხანგრძლივი სამხედრო სწავლების მთავარი ამოცანაა კრემლში პუტინს დაანახონ, რომ ალიანსი თავის აღმოსავლეთ საზღვარს მნიშვნელოვნად აძლიერებს...

"ოღონდ არ იყოს დიდი ომი!" - ეს არის პერეფრაზირება „ოღონდ არ იყოს ბუნტისა!“ „ვერის უბნის მელოდიებიდან“, რაც ნატოს ხელმძღვანელობას და მისი წევრი წამყვანი ქვეყნების ლიდერებს რუსეთის უკრაინაზე თავდასხმამდე ჰქონდათ და ამ ომის მეორე წლის ბოლომდეც კი გამოჰყვათ, სანამ ცხადი არ გახდა, რომ მათი გამოზომილი და, შესაბამისად, არასაკმარისი სამხედრო დახმარებით უკრაინა ამ ომში ვერ გაიმარჯვებს, ხოლო რუსეთის მოგების შემთხვევაში, პუტინს მადა უკვე თავად ნატოს აღმოსავლეთი ფლანგის -ბალტიისპირეთის ქვეყნების ან, სულაც, პოლონეთის „ჩასაკბეჩადაც“ გაეხსნება...

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო სწავლების Steadfast Defender 2024-ის ჩატარების ეტაპები ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ნატო ამჯერად ძალზე სერიოზულად მიუდგა სავარაუდო, მაგრამ ძალზე რეალურ საფრთხეს, მომდინარეს პუტინის რუსეთისგან...

ეს სწავლება სწორედ ამერიკული და ბრიტანული საბრძოლო დანაყოფებისა და სამხედრო ტექნიკის ჰაერითა და ზღვით ევროპაში გადმოსროლით დაიწყო, რის შემდეგაც მათი მიმართვა მოხდება „პოტენციური კონფლიქტების“ რეგიონებისკენ, მათ შორის - ბალტიისპირეთის ქვეყნების, პოლონეთის, რუმინეთისა და ბულგარეთის ტერიტორიებზე, ჯერ სამეთაურო-საშტაბო, შემდეგ კი - საველე სწავლებების გასამართავად...

სწორედ ეს - თუ რამდენად სწრაფად მოახდენს ალიანსი კოლექტიური თავდაცვის მე-5 მუხლის ამოქმედებას და დამატებითი სამხედრო ძალის გადასროლას თავის აღმოსავლეთ ფლანგზე, ნატოში გაწევრების პირველი დღიდან ანუ ოცი წელია, ძალზე აწუხებთ ბალტიისპირეთის ქვეყნებში, რადგან ესტონელები, ლიეტუველები და ლატვიელები არცთუ უსაფუძვლოდ შიშობდნენ, რომ ნატო, უბრალოდ, ვერ მიუსწრებთ და რუსული ტანკების არმადები მათ გადათელავენ...

2-nato-1706259183.jpg

ამ სწავლების შემდეგ ამერიკელები და ბრიტანელები ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში ტანკებისა და ჯავშანმანქანების გარკვეულ რაოდენობას დატოვებენ, რომ რეალურ კრიტიკულ მომენტში „აბრამსებისა“ და „ჩელენჯერების“ ხელახლა ზიდვა არ დასჭირდეთ, აღმოსავლეთ ევროპისკენ...

36 საათი გაუძელით! - დაახლოებით, ამ დროის განმავლობაში უნდა შეძლონ ალიანსის აღმოსავლეთი ფლანგის ქვეყნებმა რუსეთიდან წამოსული სამხედრო აგრესიის რამენაირად შეჩერება, რომ ნატომ მოასწროს “ფრთების“ გაშლა და დიდი დახმარების გადასროლა აღმოსავლეთით...

სანამ რუსეთი უკრაინასთანაა ომით „დაკავებული“, ძნელად წარმოსადგენია, პუტინის არმიას ეყოს იმის რესურსი, რომ, პარალელურ რეჟიმში, რაიმე გაუბედოს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგს, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა - თუკი ალიანსი ამ სწავლების (რომელიც 31 მაისამდე უნდა გაგრძელდეს) დამთავრების შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნების ტერიტორიაზე დატოვებს საბრძოლო დანაყოფების ნაწილს და განსაკუთრებით კი - მძიმე ჯავშანტექნიკასა და საჰაერო თავდაცვის სისტემებს (რომელთა ხელახლა ოპერატიულად გადასროლა იმავე ჩრდილოეთ ამერიკიდან ევროპაში დიდ ძალისხმევასა და დროს მოითხოვს), ეს მნიშვნელოვნად აამაღლებს ნატოს აღმოსავლეთის ფლანგის საბრძოლო შესაძლებლობებს, რუსეთიდან მომდინარე სავარაუდო საფრთხეების მოსაგერიებლად...

პარალელს თუ გავატარებთ, საქართველოს პოლიგონებზე სისტემატურად გამართული მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებში მონაწილეობის მისაღებად, როგორც წესი, რუმინეთიდან ფოთში დიდი საზღვაო ბორანი ჩამოდგება ხოლმე, რომლიდანაც რამდენი ათეული მძიმე ჯავშანტექნიკა და საარტილერიო დანადგარი ჩამოიტვირთება და ვაზიანისა თუ ორფოლოს პოლიგონებზე გადაიგზავნება...

მაგრამ სწავლებების დამთავრებისთანავე ამერიკელი სამხედროები უკან ეზიდებიან თავიანთ „აბრამსებსა“ და „ბრედლებს“ - ამით ნატოს სარდლობა იმაში ვარჯიშობს, თუ რა გზებითა და საშუალებებით შეიძლება მძიმე საბრძოლო ტექნიკის ოპერატიულად გადმოსროლა ალიანსის აღმოსავლეთი ფლანგიდან, შავი ზღვის გავლით, სამხრეთ კავკასიის რეგიონში...