"პირდაპირ გეტყვით: ქართველი კაცები ტერორში არიან" - ქალები, რომლებიც ფსიქოლოგიურად, ეკონომიკურად და ფიზიკურადაც კი ძალადობენ - კვირის პალიტრა

"პირდაპირ გეტყვით: ქართველი კაცები ტერორში არიან" - ქალები, რომლებიც ფსიქოლოგიურად, ეკონომიკურად და ფიზიკურადაც კი ძალადობენ

როგორ ყალიბდებიან მოძალადე ქალები და ჩაგრული მამაკაცები

ზურაბ როსტიაშვილი: "ერთმა არასრულწლოვანმა მამა იმიტომ დააჭერინა, რომ ძალიან მოკლე კაბის ჩაცმას უშლიდა"

ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე საქართველოში ხშირად საუბრობენ, მოძალადე ქალებზე კი - იშვიათად. არადა, არსებობენ ქალები, რომლებიც მეუღლეზე ან პარტნიორზე ფსიქოლოგიურად და ეკონომიკურად ძალადობენ, ზოგჯერ - ფიზიკურადაც კი...

ცნობილი ადვოკატების და უფლებადამცველების თქმით, მსგავს შემთხვევებს ხშირად აწყდებიან.

ზურაბ როსტიაშვილი, საადვოკატო ბიუროს ხელმძღვანელი:

- პირდაპირ გეტყვით: ქართველი კაცები ტერორში არიან. იმდენად იჩაგრებიან, რომ თუ ქალთა დაცვის ერთი ორგანიზაცია გვაქვს, კაცების დასაცავად ათი უნდა შეიქმნას. რატომ? - ახლავე აგიხსნით: ხშირია შემთხვევა, როდესაც მამაკაცს თავისი ცოლი ან ახლობელი ციხისთვის იმეტებს - ძალადობას აბრალებს და პოლიციაში უჩივის. არადა, დაზარალებული აშკარად ცრუობს და სასამართლოს ცრუ ინფორმაციას აწვდის. უცნაურ დროში ვცხოვრობთ: ოღონდ ვინმემ ქალის მიმართ ძალადობაზე განცხადება შეიტანოს და კაცს მაშინვე დაიჭერენ. ერთი საქმე მქონდა: ქალბატონს სამსახურის დაწყება უნდოდა, ქმარი წინააღმდეგი იყო, რადგან შვილი ჯერ კიდევ პატარა ჰყავდათ, წაყვან-წამოყვანა და ყურადღება სჭირდებოდა. ოჯახი მატერიალურად საკმაოდ შეძლებული იყო, ავტომანქანაც ჰყავდათ და ნორმალურად ცხოვრობდნენ, მაგრამ ცოლმა ეს არ იკმარა... მან პატრულს დაურეკა და უთხრა, ქმარმა სკამი სამჯერ ჩამარტყაო. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ "დაზარალებულს" არანაირი დაზიანება არ ჰქონდა. ერთი ექსპერტიზა მეც დავნიშნე და კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ქალს დაზიანება არ ჰქონია. სასამართლომ ამ კაცს 6-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდათ. მე ეს განაჩენი უზენაეს სასამართლოში გავასაჩივრე და ბრალდებული გაამართლეს, მაგრამ არაფრის გამო, 6 თვე ციხეში რომ აყურყუტეს, ამაზე არავის უფიქრია.

მეორე საქმე მქონდა, სადაც დაზარალებული ქალი ამტკიცებდა, მეუღლემ კისრის არეში დამარტყაო. ეს გოგონა რომ გამოვკითხეთ, მივხვდი, რომ უცნაურ პასუხებს მცემდა: როცა ვკითხე, საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნები რომელია-მეთქი, ქვეყანა მარტო საქართველოაო - მიპასუხა. საქართველოს პრეზიდენტი ვინ არის-მეთქი და, მიშა სააკაშვილიო. სასამართლოზე რომ დავკითხეთ, სრულიად განსხვავებული რამ თქვა: თუ ადრე ამბობდა, კისერში სამჯერ ჩამარტყა ხელიო, ახლა თქვა რკინის მილით მცემაო, ისე მცემა, რომ ცხვირ-პირი დასისხლიანებული მქონდაო... არადა, ექსპერტიზამ ამ შემთხვევაშიც დაადგინა, რომ არანაირი დაზიანება არ ჰქონია. კიდევ კარგი, რომ ამ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დროულად დადგა: ბიჭს გირაო შეუფარდეს და ციხეში არ გაუშვეს. მარტო ეს ორი კი არა, ათამდე ასეთი საქმე შემიძლია დაგისახელოთ, როდესაც ბრალდებული უდანაშაულო აღმოჩნდა.

zurab-rostiashvili-1706274680.jpg

გაცილებით რთული მდგომარეობა გვაქვს არასრულწლოვანთა საქმეებში: ერთი ფაქტი მახსენდება, როცა 14-15 წლის გოგომ ღამის საათებში, მარჯანიშვილზე "გაგულავება" მოინდომა და დაქალს დაურეკა. მამა ეჩხუბა, ღამის 11-12 საათზე რა დროს სეირნობააო?! არასრულწლოვანმა პატრულში დარეკა და მამამისი დაიჭირეს. კიდევ ერთ მოზარდს მამა ძალიან მოკლე კაბის ჩაცმას უშლიდა და ამის გამო დააჭერინა.

ერთი საქმე მაქვს: ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა დაიძაბა, ცოლს გაშორება უნდა და უჩივის, 4 წლის წინ გამაუპატიურაო. ცოლი რომ წავიდეს, მთელი დღე ისეირნოს, ვიღაცასთან სექსუალური კავშირი დაამყაროს და უკან დაბრუნებულს, მეუღლემ უსაყვედუროს, ქალს შეუძლია ძალადობაში დაადანაშაულოს და ციხეში ჩასვას.

ოჯახში კამათი ყოველთვის ხდება და ამ დროს, ქალს შეუძლია მეუღლის ბედი ერთი ზარით გადაწყვიტოს. ცოტა ხნის წინ ციხეში ვიყავი, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მოვინახულე, რომელმაც მითხრა, ექვსი პატიმრიდან ოთხი ოჯახური დავის გამო იხდის სასჯელსო. ზოგჯერ ცოლს ქმართან ცხოვრება აღარ უნდა, ამ დროს, ძალიან ადვილია პატრულს დაურეკოს, ძალადობა დააბრალოს და ციხეში ჩაასმევინოს. ამიტომაც ვამბობ, რომ მამაკაცები ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. ახალგაზრდებიც, ასეთ რამეს რომ იგებენ, ცოლის მოყვანა აღარ სურთ, რაც ჩვენს დემოგრაფიულ მდგომარეობაზეც კატასტროფულად აისახება.

ზაზა ხატიაშვილი, ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე:

- პირდაპირ გეტყვით: ჩვენი პროკურატურის არაკვალიფიციურობის ბრალიცაა, რომ დღეს ძალიან ბევრი მამაკაცი ოჯახური ძალადობის გამო საბრალდებო სკამზე ზის... რაც ბოლო წლებში ხდება, ეს არის საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო დევნა. მსგავსი რამ ისტორიას არ ახსოვს. მაგალითად: ცოლმა რომ გითხრას, "მერსედესი" მიყიდეო და არ უყიდო, შეიძლება დაგაბრალოს, მცემაო და მაშინვე დაგაკავებენ. ქალთა მიმართ ძალადობა რომ არსებობს, ეს ყველამ ვიცით და ყველა ნაძირალა უნდა დაისაჯოს, რომელიც ქალზე ძალადობს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ არსებობს ძალადობა კაცებზეც. ამის თვალსაჩინო მაგალითი ჩემს პრაქტიკაშიც მქონია და ამ ფაქტზე ხშირად ვყვები: ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მამაკაცი საქართველოს და საბერძნეთის მოქალაქეა. ცოლმა ოჯახური ძალადობის გამო უჩივლა - ბრალი დასდო, რომ მეუღლემ სცემა... კიდევ კარგი, ამ კაცმა თავის გამართლება შეძლო: ცოლზე როგორ ვიძალადებდი, როცა ამ დროს საქართველოში არ ვიყავი - საბერძნეთში, მამის დაკრძალვას ვესწრებოდიო. შსს-ს მივმართე, მტკიცებულება ამოვიღეთ და ის, ამ დროს, მართლაც საბერძნეთში იყო.

zaza-xatiashvili-1706275044.jpg

ჩემი მოსაზრება ასეთია: ნაძირალა კაცი, რომელიც ქალზე ძალადობს, უნდა დაისაჯოს, მაგრამ ასევე უნდა დაისაჯოს ნაძირალა ქალი, რომელიც მამაკაცზე ძალადობს. როცა ქალი ცდილობს, ქმარს ფული გამოსძალოს, მანქანა ან ძვირფასეულობა აყიდინოს და ამის გამო ათასგვარ ტყუილს ამბობს, მის საქციელს რა ჰქვია?! მოძალადე, ქალიც საშიშია და კაციც, მაგრამ ჩვენთან, უმეტეს შემთხვევაში, კაცი ისჯება, ქალი კი - არა. ციხე სავსეა ისეთი ხალხით, რომელსაც ცოლისთვის არაფერი დაუშავებია, ეს მაშინ, როცა მოძალადე კაცების 80 პროცენტი გარეთ არხეინად დასეირნობს, რადგან გავლენა და თანამდებობა აქვს. აბა ერთი, პროკურორის ან პოლიციელის ცოლმა იჩივლოს, გგონიათ, დაიჭერენ? - ამ განცხადებას მაშინვე გააქრობენ. ვითომ, ქალთა მიმართ ძალადობას ებრძვიან და უდანაშაულო ადამიანებს ციხეში ყრიან. როგორც კოლექტივის დროს ჰქონდათ ერთწლიანი ან ხუთწლიანი გეგმები, ახლაც ასეთი გეგმები აქვთ კაცების დაჭერაზე - ეს ხომ საშინელებაა?!

მე ქართველ ქალს კი არ ვაკნინებ, ის ძალიან ღირსეულია, ალბათ, მსოფლიოში ყველაზე ღირსეულიც, მაგრამ ხომ არიან მოძალადე ქალები, რომლებიც კაცებს ასეთ დღეში აგდებენ? სამწუხაროდ, ქალთა უფლებების დაცვა საქართველოში მამაკაცების დევნის საფუძველი გახდა. ქალიც ხომ შეიძლება იყოს მკვლელი, თაღლითი, ან ნარკოტიკების გამსაღებელი? რატომ არ შეიძლება ის მოძალადეც იყოს?!

მანანა სოლოღაშვილი - ფსიქოთერაპევტი:

- მოდი, სიმართლე ვთქვათ: მოძალადე უფრო ხშირად მამაკაცია. ამას პირადი პრაქტიკის საფუძველზეც ვამბობ, თუმცა არის გამონაკლისი შემთხვევებიც. ბოლო ათწლეულებში მომხდარმა პოლიტიკურმა თუ ეკონომიკურმა კატაკლიზმებმა გამოიწვია ის, რომ ათასობით მამაკაცმა შემოსავლის წყარო დაკარგა. მათი როლი ოჯახში შესუსტდა, კაცი აღარ არის ოჯახის მატერიალური უზრუნველყოფის მთავარი წყარო, რამაც ბევრი ცვლილება მოიტანა. უამრავი ოჯახის მარჩენალი ქალი გახდა, ხოლო მამაკაცმა თავისი ფუნქციები დაკარგა, რის გამოც დაითრგუნა... ზოგი ნარკოტიკს მიეძალა, ზოგიც - სასმელს, მხოლოდ იშვიათმა გამონაკლისებმა შეძლეს, ოჯახის უღელი გაეწიათ. ქალები კი, პირიქით - გაძლიერდნენ. ჩემი პროფესიული პრაქტიკიდან ერთი შემთხვევა მახსენდება, როდესაც ასეთი, უფუნქციოდ დარჩენილი მამაკაცი ცოლის ძალადობის მსხვერპლი გახდა. მან ვერ შეძლო, ოჯახში თავისი ადგილი ეპოვა, მაგრამ პოზიციები არ დათმო: ისე იქცეოდა, როგორც ადრე - უნდოდა ოჯახი მას ემართა და ყველა ისე მოქცეულიყო, როგორც მას სურდა. ეს ყველაფერი მეუღლეს არ მოეწონა და სახლიდან გამოაგდო, უფრო მეტიც, საერთო ქონებაზეც ხელი ააღებინა.

fsiqologi-1706275379.jpg

კიდევ ერთი ფაქტი მახსენდება, როდესაც ასაკოვანი კაცი რძლის ძალადობის მსხვერპლი იყო: რძალი მისგან მოითხოვდა მთელი ქონების მის სახელზე გადაფორმებას და როცა უარი მიიღო, მამამთილზე მარტო ფსიქოლოგიურად კი არა, ფიზიკურადაც ძალადობდა. რა თქმა უნდა, ჰარმონიულ ოჯახში, სადაც ურთიერთგაგება და ურთიერთსიყვარულია, ყველაფერი გვარდება: თუ ქალი დატვირთულია, შეიძლება ქმარმა შვილების წაყვან-წამოყვანა, მეცადინეობა და ოჯახის მოვლაც იკისროს, მე ახლა დისჰარმონიულ ოჯახებზე გესაუბრებით.

საერთოდ, ფსიქოლოგიური ძალადობა უფრო ხშირად ქალებისგან მოდის, რითაც ისინი მეორე მხარის პროვოცირებას იწვევენ და მამაკაცი ფიზიკურ ძალადობაზე გადადის... მოკლედ, ეს ერთი, მთლიანი ჯაჭვია.

ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ:

მოძალადის ბუნება არ იცვლება, ამისათვის მან ხანგრძლივი ფსიქოთერაპია და რეაბილიტაცია უნდა გაიაროს. როგორც გითხარით, ჰარმონიულ ოჯახებში ძალადობას ადგილი არა აქვს, მაგრამ დისჰარმონიულ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი კაციც შეიძლება გახდეს და ქალიც.

ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის)