თურქეთი შვედეთს ნატოში „უშვებს“... ამერიკული F-16-ების სანაცვლოდ...
ერთწლიანი დიდი პოლიტიკური ვაჭრობის შემდეგ თურქეთი დათანმდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რიგებში 32-ე წევრად შვედეთის მიღებას...
წესით შვედეთი ფინეთთან ერთად, ჯერ კიდევ გასულ წელს უნდა გამხდარიყო ალიანსის სრულუფლებიანი წევრი, რასაც გულისფანცქალით ელოდა ნატოს სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რადგან მის რიგებში ფინეთი-შვედეთის დუეტის ერთდროული შემომატება მნიშვნელოვნად აძლიერებდა ალიანსის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფლანგს, უშუალოდ რუსეთის ფედერაციის საზღვარზე...
თუმცა, შვედეთის ნატოში გაწევრიანების პროცესი ერთი წელი იმიტომაც გაიწელა, რომ თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი კატეგორიული წინააღმდეგი გახლდათ და ამის სრული საფუძველიც ჰქონდა-შვედეთის დედაქალაქის სტოკჰოლმის ცენტრში ქურთები მის ფიტულებს ხან ფეხებით ჩამოკიდებდნენ, ხანაც წვავდნენ...
ოფიციალურ ანკარას ბევრი მოთხოვნა ჰქონდა სტოკჰოლმისგან, მათ შორის იმ ქურთული პარტიების ლიდერების ღია საქმიანობის აღკვეთა შვედეთის ტერიტორიაზე, რომლებიც თურქეთს ტერორისტებად ჰყავს გამოცხადებული, მაგრამ ბოლოს მაინც აღმოჩნდა, რომ ყველაფერი დიდ პოლიტიკურ ვაჭრობამდე დადიოდა და მათ შორის აშშ-სთან...
საქმე ის არის, რომ თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს დიდი სამხედრო-პოლიტიკური ამბიციები გააჩნია რეგიონში დომინირების გასაძლიერებლად, მათ შორის შუა აზიაზე გადასაწვდომადაც, რაც მოითხოვს თურქეთის შეიარაღებული ძალების, განსაკუთრებით კი მისი საჰაერო კომპონენტის შემდგომ გაძლიერებას.
თურქეთის სამხედრო ავიაციის მთავარ გამაძლიერებელ ფაქტორად უნდა ქცეულიყო აშშ-დან მეხუთე თაობის ასამდე F-35 ტიპის მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავის შეძენა, რისთვისაც ანკარამ ვაშინგტონს 1,4 მლრდ დოლარის ავანსიც კი გადაუხადა...
ამერიკელებმაც დაამზადეს პირველი ექვსი F-35 თურქეთის დროშებით და მათ გაგზავნასაც აპირებდნენ, რომ ერდოღანმა მოულოდნელად, 2,5 მლრდ დოლარის ღირებულების რუსული С-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების შეძენა მოინდომა...
რუსეთის პრეზიდენტი პუტინი მაშინვე დათანხმდა ნატოს წევრი თურქეთისთვის იმ დროისთვის უახლესი რუსული С-400-ების მიყიდვას, რაც ერთი მხრივ წამგებიანდ გამოიყურებოდა თავად რუსეთის უსაფრთხოების სისტემისთვის, მაგრამ ამ ნაბიჯით პუტინმა სამაგიეროდ ერთგვარი განხეთქილება შეიტანა ჩრდილოატალნტიკური ალიანსის რიგებში და თურქეთი აშშ-ს დაუპირისპირა, რადგან თეთრი სახლი კატეგორიული წინააღმდეგი გახლდათ, რომ თურქების და შესაბამისად ნატოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგის საჰაერო თავდაცვის სისტემაში ალიანსის სავარუდო მოწინააღმდეგის-რუსეთის წარმოებული შეიარაღება გამოჩენილიყო.

შესაბამისად, აშშ-მა დაბლოკა თურქეთისთვის მეხუთე თაობის F-35 -ების მიყიდვას პროცესი, თუმცა არც წინასწარ აღებული 1,4 მლრდ დოლარი დაუბრუნებია ანკარისთვის...
გავიდა ხანი და თურქეთის დროც დადგა-ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ახალი წევრის მიღებას მხარი აუცილებლად უნდა დაუჭიროს მისმა ყველა წევრმავ(სწორედ ესაა, რომ საქართველოსა და უკრაინის ალიანსში მიღებას რომ დღემდე ბლოკავს), ანკარამაც დრო იხელთა და თუკი ფინეთის ნატოში გაწევრიანებას უპრობლემოდ დათანხმდა, შვედეთის შემთხვევაში კი თავისი ინტერესების დაკმაყოფილება მოსთხოვა აშშ-ს...
F-35 -ების გადაცემას თურქეთისთვის ამერიკელი კონგრესმენები მაინც არ დათანხმდებოდნენ და ამიტომაც ანკარამ შუალედური ვარიანტი აირჩია-მოგვყიდეთ F-16-ების ახალი მოდიფიკაციის საბრძოლო თვითმფრინავებიო...
F-16 ტიპის თვითმფრინავების ისტორიასთან ძალიან მჭიდროდაა გადაჯაჭვული თურქეთის სამხედრო გაძლიერება...
F-16 პირველად ზუსტად 50 წლის წინ-1974 წლის 2 თებერვალს აფრინდა და ნახევარი საუკუნის განმავლობაში 4 700-მდე ასეთი თვითმფრინავია აწყობილი.
თურქეთმა 1987-95 წლებში აშშ-დან 152 ერთეული სხვადასხვა მოდიფიკაციის F-16 შეიძინა, თუმცა 2011 წლიდან უკვე თავად, ანკარის საავიაციო ქარხანაში შეუდგა ამ ამერიკული გამანადგურებკლის აწყობას, რამაც ძალზე შეუწყო ხელი თურქეთში საავიაციო მრეწველობის განვითარებას.
დღეისათვის თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების არსენალში სხვადასხვა მოდიფიკაციის არანაკლებ 260 ცალი F-16 ირიცხება, მაგრამ თურქეთის გენშტაბს ბევრად მეტი და ახალმოდერნიზებული F-16-ების ხილვა სურს თავის შეიარაღებაში...

შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე თანხმობის სანაცვლოდ აშშ-ებმა თურქეთს უნდა მიჰყიდოს 23 მილიარდი დოლარის ღირებულების F-16 ახალი მოდიფიკაციის 40 საბრძოლო თვითმფრინავი და ასევე ახალი კომპლექტები იმ 79 ცალი F-16-ის სამოდერნიზაციოდ,რომლებიც უკვე ჰყავს შეიარაღებაში თურქეთის სამხედრო ავიაციას.
თუმცა, ამის პარალელურად თეთრი სახლი თურქეთთან სერიოზულად დაპირისპირებული საბერძნეთისთვის 8,6 მილიარდი დოლარის ღირებულების 40 ერთეული მეხუთე თაობის F-35-ების მიყიდვასაც აპირებს, რითაც ანკარაში ნამდვილად არ აღფრთოვანდებიან,მაგრამ უღირდა კი პრეზიდენტ ერდოღანს მაინდამაინც რუსული საზენიტო С-400 -ების შეძენა, რის გამოც თანამედროვე F-35-ების გარეშე დარჩა თურქეთის ცა?
P.S. F-16-ების თურქეთში გაყიდვაზე თავის თანხმობა უნდა განაცხადოს აშშ-ის კონგრესმაც და ძალზე კომიკური სიტუაცია შეიქმნება, თუკი პრეზიდენტ ბაიდენთან კრიჭაში ჩამდგარი ტრამპის მხარდამჭერი რესპუბლიკელი კონგრესმენები ამ გადაწყვეტილებას „ჩააგდებენ“ და ერდოღანს „გადააგდებენ“ ნატოში შვედეთის მიღების თაობაზე თურქეთის თანხმობის შემდეგ...