"ჩემს ყოფილ მეუღლეებთან იდეალური ურთიერთობა მაქვს: საჩუქრებს ვუგზავნი და ისინიც მიგზავნიან. როგორც კი ჩემი თავი ბოლომდე გავიცანი, აღარ დავქორწინდი"
ყოველთვის ღიმილიანი და პოზიტიური - ასე იცნობს ქართველი მაყურებელი ტელეწამყვან გია ჯაჯანიძეს. ჟურნალი "გზა" დაინტერესდა, როგორია მისი პოპულარობის და წარმატების საიდუმლო:
- როგორ ახერხებთ, რომ ამდენი წელია ტელეეკრანზე ხართ და ყოველთვის რეიტინგულ გადაცემებს აკეთებთ?
- ეს ყველაფერი იმდენად სიღრმისეულია, რომ უცებ ვერ აგიხსნით. ალბათ თქვენც იცით ბევრი ადამიანი, რომელიც ძალიან პოპულარული იყო, მაგრამ დღეს აღარავის ახსოვს. წარმატება ძნელად მიიღწევა, მაგრამ შეიძლება ასევე სწრაფად დაინგრეს. პოპულარობას შენარჩუნება სჭირდება და ამისთვის ბევრი უნდა იშრომო. წარმოიდგინეთ დიდი კედელი, რომელიც პატარ-პატარა აგურებით, დიდხანს შენდება... სწორედ ასე, დიდი ხნის შრომისა და მოთმინების შედეგად ვაღწევთ შედეგს, რომელსაც წარმატება ჰქვია. თუ გინდა, მართლა წარმატებული გახდე, ჯერ შენი თავი უნდა ამოიცნო, მიხვდე, რისი მიღწევა გსურს და ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მიაღწიო დასახულ მიზანს. ადრეც მითქვამს: მე თბილისში რომ ჩამოვედი, არც სახლი მქონდა და არც კარი, გამონაცვალი ტანსაცმლით დავდიოდი და თუ ვინმე რამეს მაჩუქებდა, ბავშვივით მიხაროდა, მაგრამ დღეს ამაზე თამამად ვლაპარაკობ. ყველაფრის მიუხედავად, ბოროტ ადამიანებთან ურთიერთობა არ მქონია, ცხოვრების გზაზე სულ კეთილი ხალხი მხვდებოდა. წარმატებას მხოლოდ 30 წლის შემდეგ მივაღწიე - მაშინ, როცა უკვე კარგად მქონდა გააზრებული ჩემი ცხოვრება, როცა ბევრი ვიშრომე, რომ ადამიანებთან ურთიერთობა და სწორი დამოკიდებულება მესწავლა. ამ ცოდნას და გამოცდილებას ნელ-ნელა, მოთმინებით ვაგროვებდი.
- როგორია თქვენი ურთიერთობა კოლეგებთან?
- შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ არასოდეს არავის ვუპირისპირდები - არც ამხანაგებს, არც მეგობრებს და არც კოლეგებს. დაუჯერებელია, მაგრამ გადაცემას რომ ვაკეთებ, თუ რეიტინგში ვინმე მაჯობებს, ძალიან მიხარია, რატომ? - მერე შენც ცდილობ, რაღაც უკეთესი შექმნა. ერთ მაგალითს მოვიყვან: ემიგრანტების თემა პირველად მე დავძარი, ისინი ერთად შევკრიბე და გადაცემა გავაკეთე. მერე წავედი, მთელი მსოფლიო მოვიარე და ჩვენს ემიგრანტებს ყველგან ვხვდებოდი. გავიდა ხანი, ეს თემა ბევრმა აიტაცა, მაგრამ ერთხელაც არ მიფიქრია, რომ თემა მომპარეს. სულაც არა ვარ წინააღმდეგი, ჩემი იდეები წაიღონ. სტუდენტებს, მეგობრებს, ახლობლებს - ხეზე ასვლას ყველას ვასწავლი, ოღონდ, მერე მე ახალ ხეს ვრგავ. საერთოდ, ძალიან გუნდური ვარ: როცა ვიცი, ახალი გადაცემა იწყება, ერთი სული მაქვს, როდის გამოვა და როდის ვნახავ, სოციალურ ქსელში გავაზიარებ. როცა სამსახურში ხარ, ეს ხომ იგივე შენი ოჯახია? რატომ უნდა გქონდეს თანამშრომლებთან დაპირისპირება და კონკურენციის განცდა, არ მესმის. ალბათ, აღზრდასაც დიდი მნიშვნელობა აქვს: მე ბავშვობიდანვე ვიცოდი, სხვისი რატომ არ უნდა შემშურებოდა. ის, რაც მეორე ადამიანს აქვს, განგებისგან მიეცა და მისია. რაც უნდა შემშურდეს, სხვისი ნიჭი ჩემი ვერასდროს გახდება და შური თავად მე დამტანჯავს. ალბათ გაინტერესებთ, რა არის ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვამბობ ან როგორ ვებრძვი ჩემში არსებულ აგრესიას: ადრე ასეთი ფრაზა იყო - "ესეც გაივლის", ახლა კი ხშირად ვიმეორებ - "ღმერთო, მომეცი ის, რაც სხვისთვის მინდა-მეთქი". საკმარისია, სხვაზე ცუდი გავიფიქრო და იმ წუთშივე ეს სიტყვები მახსენდება.
- ხშირად ამბობენ: წარმატებას იღბლის გარეშე ვერ მიაღწევო. ამაზე რას ფიქრობთ?
- იცით, რამდენი ადამიანი ვიცი, ვინც ძალიან ნიჭიერია, მაგრამ ამ ნიჭის გამოყენება არ იცის? შეიძლება ოქრო გქონდეს, მაგრამ მიწაში ჩაფლა და ამ სიმდიდრით ვერავინ ისარგებლოს. ჩემზე ახალგაზრდები, ნიჭიერები, ჭკვიანები და სიმპათიურები არიან, მაგრამ მე ამდენი წელია ეკრანზე ვრჩები. რატომ? - იმიტომ, რომ ვიცი: ჩემს კოლეგას გული არ უნდა ვატკინო, ხელი არ შევუშალო და წინ არ გადავეღობო, სხვისი არ შემშურდეს და ჩემი მაყურებლის პულსზე მედოს ხელი. ამიტომ ვცდილობ, ხალხთან ურთიერთობა არ გავწყვიტო. თვეში ორჯერ ლილოს ბაზრობაზეც დავდივარ, ბევრჯერ ჩამოვმჯდარვარ დახლებს შორის და ყავა დამილევია. ჩემი მაყურებელი ძალიან მიყვარს და ვცდილობ, ხალხთან ახლოს ვიყო, რადგან მათგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება.
- ჩვენს ცხოვრებაში არანაკლებ მნიშვნელოვანია კარგი ურთიერთობა ოჯახთან, ნათესავებთან, ახლობლებთან... ამ შემთხვევაში რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი?
- ის, რომ ჩვენთვის ძვირფას ადამიანებს სიხარული მივანიჭოთ. მაგალითად: დედაჩემი 85 წლისაა. ყველაფერი აქვს, სულ ვახარებ, რაღაცებს ვჩუქნი და ყველაფერს ვუკეთებ, რომ ბედნიერი იყოს. ამ ახალ წელს ბევრი ვიფიქრე, როგორ გავახარო-მეთქი? ავდექი და სოფლიდან თავისი და-ძმა ჩამოვუყვანე. ისხდნენ ეს მოხუცები, იხსენებდნენ ბავშვობას, ახალგაზრდობას და ისეთი ბედნიერები იყვნენ, რომ მათ დანახვას არაფერი სჯობდა. მე იქვე, შორიახლოს ვიდექი და უნებურად, ცრემლები მომდიოდა. ამ ამბის შემდეგ ისეთი ბედნიერი ვიყავი, რომ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი: ადამიანებს ბედნიერებას რომ მიანიჭებ, შენც ბედნიერი ხდები. ჩვენი ზრუნვა ახლობელ ადამიანებს ყველაზე მეტად სჭირდებათ: როგორ შეიძლება უხეშად მოექცე დედას, რომელმაც 9 თვე მუცლით გატარა და შენთვის ამდენი რამ გააკეთა? ვფიქრობ, რომ მშობლების სიყვარულისა და პატივისცემის გარეშე ადამიანის ცხოვრება ბედნიერი და წარმატებული ვერ იქნება.
- ბუმერანგის პრინციპის თუ გჯერათ?
- რა თქმა უნდა. ადამიანები საკუთარ თავს იუბედურებენ, როცა სხვაზე ცუდს ამბობენ, აკეთებენ ან სხვისი ცუდი უხარიათ. გამოგიტყდებით, ჩემზე სულ არ მოქმედებს, როდესაც ვიღაც გამლანძღავს ან გამაკრიტიკებს. რატომ? - იმდენად მიყვარს ჩემი თავი, რომ სხვისი ლანძღვით გულს ვერ დავიმძიმებ. თუ ვიღაც უარყოფითად მაფასებს და არ მოვწონვარ, ეს მისი დამოკიდებულებაა, მისი თავისუფალი აზრია და დაე, ჰქონდეს ეს აზრი. ამიტომ სოციალურ ქსელშიც, არასოდეს არავის ვპასუხობ აგრესიულად, უფრო მეტიც, არასდროს გამოვთქვამ ჩემს აზრს.
- პირად ურთიერთობებზეც უნდა ვისაუბროთ: ალბათ თქვენც გყავთ მეგობრები, რომლებიც მეუღლეს გაშორდნენ და ამბობენ, რომ ახლა თავს უფრო მშვიდად გრძნობენ, რას ეუბნებით მათ?
- სხვათა შორის, მსგავსი შემთხვევები ცხოვრებაში მეც მქონია და ვიცი: არსებობს წყვილი, რომელიც ერთმანეთს ვერ შეეგუა, ვერ შეეწყო ხასიათით, მენტალობით, სექსუალური ურთიერთობით და ა.შ., მაგრამ ხომ არსებობს ცივილიზებული ურთიერთობა? ხომ შეიძლება დაჯდე, ადამიანს ყველაფერი აუხსნა და დაელაპარაკო? მე მაგალითად, ჩემს ყოფილ მეუღლეებთან იდეალური ურთიერთობა მაქვს: საჩუქრებს ვუგზავნი და ისინიც მიგზავნიან, დაბადების დღეებს და დღესასწაულებს მილოცავენ, მოკლედ, მათთან ძალიან კარგი, ადამიანური ურთიერთობა მაქვს. როგორც კი ჩემი თავი ბოლომდე გავიცანი, აღარ დავქორწინდი. რატომ? - მე ვარ ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს მარტო ყოფნა. მარტოობის საერთოდ არ მეშინია, რადგან საკუთარ თავთან სრული ჰარმონია მაქვს: ვკითხულობ, ტელევიზორს ვუყურებ, სოციალურ ქსელში ვარ, ვმუშაობ, ვფიქრობ და დროს გონივრულად ვიყენებ... ადამიანები სხვადასხვანაირები არიან - ზოგს ხალხმრავლობა და მხიარულება მოსწონს, ზოგს სიმშვიდე და სიმყუდროვე ყველაფერს ურჩევნია. როცა წყვილები ერთმანეთს პოულობენ, სამწუხაროდ, არ ფიქრობენ ერთმანეთის ხასიათი და ფსიქოლოგიური მდგომარეობა გაიცნონ. ოჯახის შექმნამდე უნდა შეიცნო, რა უნდა და რა უხარია შენს მეწყვილეს, რა მოსწონს, რომ მისი ნაკლოვანებები მერე არ აღმოაჩინო.
- თუმცა, ადამიანის ამოცნობა ასე მარტივი არ არის.
- ვერ დაგეთანხმებით: უფრო მეტად თუ დააკვირდები, არ არსებობს, ადამიანი არ ამოიცნო. როდესაც მეუღლეზე ჩივიან, რომ ის უხეშია, ძუნწია, სვამს, ნარკოტიკს მოიხმარს, იქნებ ადრეც ასეთი იყო? ამიტომაა საჭირო ძალიან დიდი დაკვირვება. სამწუხაროდ, ცხოვრება ისე ადვილი არ არის, ჩვენ რომ გვგონია, ამიტომაც ვამბობ, რომ მომავალი მეუღლეები ერთმანეთს ძალიან კარგად უნდა იცნობდნენ. თუ ქმარს სუფრა და მოლხენა უყვარს, ხოლო ცოლს - მარტოობა, ქმარმა ეს უნდა იცოდეს და ზედმეტად არ შეაწუხოს. ორი რადიკალურად განსხვავებული ადამიანის ცხოვრება ერთ ჭერქვეშ რთულია, ამიტომ, თავიდანვე კარგად უნდა გაიცნო. როცა დაავადების გამომწვევ მიზეზს პოულობენ, მერე მას ადვილად მკურნალობენ. ერთი ოჯახი ვიცი, სადაც დედ-მამამ შვილს ცოლად არ მოაყვანინა გოგონა, რომელიც მოსწონდა. რა დაუწუნეს სარძლოს? - სიმაღლე! ყველანაირად კარგი გოგოა, მაგრამ ძალიან დაბალია და ამის შვილები როგორები გაჩნდებიანო? გავიდა დრო და ეს კაცი უცოლოდ გარდაიცვალა. ახლა მთელი ოჯახი ტირის და მოთქვამს: რატომ ნება არ დავრთეთ, იმაზე ექორწინა, ვინც თავად სურდაო?..
- აუცილებლად უნდა გკითხოთ თქვენს განსხვავებულ სტილზე: მართალია, ფერადი სამოსი ადამიანის განწყობაზე დადებითად მოქმედებს, მაგრამ არის ხალხი, ვისაც თქვენი სტილი ეხამუშება.
- ეს ძალიან დიდი თემაა, მაგრამ შემიძლია მოკლედ გიპასუხოთ: თქვენ უნდა გენახათ, ადრე, გასულ საუკუნეში როგორ ეხამუშებოდათ. სკოლის პერიოდში, სტუდენტობაში ისეთი ფერები მეცვა, რომელიც მაშინ წარმოუდგენელი იყო. ისეთი შარვალიც მქონდა, რომლის ცალი ტოტი სხვა ფერისა იყო და მეორე - სულ სხვა. სადღაც რომ ვყოფილიყავი, მარტო ჩაცმულობით მიპოვიდით. იმ წლებში დიდი წნეხის ქვეშ გახლდით, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი, რადგან ნათელი ფერები ჩემს სულს უხაროდა. მერე ხანი გამოხდა და ეკრანებზე, სხვა წამყვანებმაც დაიწყეს ფერადი სამოსის ჩაცმა, მერე ეს ტენდენცია ქუჩაშიც გადავიდა და ახლა მთელი ქალაქი გაფერადებული, გადაჭრელებულია. სხვათა შორის, ყოველთვის ვიცი, ხვალინდელ დღეს რა ფერი მოუხდება და ეს, როგორღაც, მექანიკურად ხდება: დასაძინებლად რომ დავწვები, ფერები თავისთავად მოდის და ვიცი, ხვალ რა უნდა მეცვას, რომ თავი კარგად ვიგრძნო.
- დაბოლოს, როგორია თქვენი რჩევა დეპრესიული, ცხოვრებით უკმაყოფილო ადამიანებისთვის, რომლებიც სულ თავიანთ უიღბლობაზე წუწუნებენ?
- აქაც 2 კატეგორიაა: არიან ადამიანები, რომლებსაც წუწუნი კარგად აქვთ დაცდილი. მათთვის ეს მდგომარეობა კომფორტულია. მე მყავს ახლობელი, რომელსაც ყველაფერი აქვს: სახლი, კარი, იდეალური ცოლ-შვილი, ფული, მაგრამ სულ ნეგატიურადაა განწყობილი. რომ ჰკითხო, რა აწუხებს, აუცილებლად გიპასუხებს: ხვალ რა იქნება, არ ვიციო... ჩემი დაკვირვებით, ადამიანი, რომელსაც ხვალინდელი დღის შიში აქვს, ყოველთვის ნაკლებად მორწმუნეა, რადგან თუ გჯერა, რომ ღმერთის მფარველობის ქვეშ ხარ, მაშინ ხვალინდელი დღეც აღარ გაშინებს. ჩემს მეგობრებს და ახლობლებს ხშირად ვთხოვ: დააფასონ ის, რაც აქვთ. ბევრი ადამიანი მინახავს, რომელსაც უთქვამს, თურმე მაშინ რა ბედნიერი ვყოფილვარ და ვერ ვხვდებოდიო. ადამიანები თავიანთ ბედნიერებას ვერ აღიქვამენ. ძალიან მომწონს ერთი ცნობილი ადამიანის გამონათქვამი: იყო დრო, როცა განვიცდიდი, რომ დახეული ფეხსაცმელი მეცვა, სანამ ქუჩაში არ დავინახე ადამიანი, რომელსაც ფეხები არ ჰქონდაო. აქედან გამომდინარე, უნდა დავაფასოთ ის, რაც გვაქვს და ვეცადოთ, სხვები გავაბედნიეროთ - მხოლოდ ამ შემთხვევაში ვიქნებით ჩვენი ცხოვრებით კმაყოფილები. ჩემი აზრით, ადამიანის წარმატების საიდუმლოც სწორედ ეს არის.
ხათუნა ჩიგოგიძე
ჟურნალი "გზა"