"ყველა ექიმმა გადაწყვიტა, რომ ამპუტაცია აუცილებელი იყო. უნდა გამეკეთებინა და ჩემი პრობლემისთვის წერტილი დამესვა" - კვირის პალიტრა

"ყველა ექიმმა გადაწყვიტა, რომ ამპუტაცია აუცილებელი იყო. უნდა გამეკეთებინა და ჩემი პრობლემისთვის წერტილი დამესვა"

არის განსაცდელი, რომელიც ადამიანმა მარტო, ჩუმად უნდა გაიაროს... ეს მარტივი ჭეშმარიტება 22 წლის ლედი მეგრელიშვილმა­ ძალიან ადრე გააცნობიერა: 10 წლისას რთული დიაგნოზი დაუსვეს, იყო წუთები, როცა გადარჩენის იმედიც აღარ ჰქონდა, მაგრამ ლედიმ ვერაგ დაავადებაზე გაიმარჯვა:

- ჩემი ამბავი 12-13 წლის წინ დაიწყო: მოულოდნელად ფეხის მწვავე ტკივილი დამეწყო და რადგან მოცეკვავე ვიყავი, დატვირთვას დავაბრალე. ერთწლიანი კვლევის შემდგომ დიაგნოზი დამისვეს - ოსტეოსარკომა. ჩემი პრიორიტეტი სიცოცხლის შენარჩუნება იყო! როცა ჩემი მდგომარეობა უფრო სტაბილური გახდა, ოპერაცია გამიკეთეს და ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის რთული ეტაპი მქონდა. ეს გზა - ქიმიოთერაპიიის კურსით დაწყებული, ოპერაციამდე, ორჯერ გავიარე. იმდენად მინდოდა ჩემს ლამაზ, ფერად სამყაროში დაბრუნება, რომ მეც ვიბრძოდი და თან ჩემი ოჯახის წევრების გამხნევებას ვცდილობდი.

- როგორ პოულობდი ამის ძალას?

- მაშინ ვერ ვაცნობიერებდი, მაგრამ ახლა უკვე ვიცი: როდესაც განსაცდელის წინაშე დგები, ყველაფერს შეძლებ. 13-14 წლის ასაკში უკვე ორი ოპერაცია მქონდა გადატანილი. მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციებმა გართულების გარეშე ჩაიარა, გადაადგილების უნარი შემეზღუდა. ბოლო პერიოდში ვეღარ დავდიოდი. დიმიტრი ცინცაძის ფონდის დახმარებით, რომლის ამაგს, ალბათ, ვერასდროს გადავიხდი, თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში საბუთები გადავგზავნეთ. ყველა ექიმმა გადაწყვიტა, რომ ამპუტაცია აუცილებელი იყო. მე ადრეც მიფიქრია, რომ ამპუტაცია უნდა გამეკეთებინა და ჩემი პრობლემისთვის წერტილი დამესვა. ამიტომ ფეხის ამპუტაციის შემდეგ, დეპრესიული მდგომარეობაც კი არ მქონია, გულის სიღრმეში ყველაფერს შეგუებული ვიყავი. ოპერაციის შემდგომ პროთეზიც მომარგეს და დღეს ძალიან კარგად დავდივარ, რეაბილიტაციის პერიოდმაც უპრობლემოდ ჩაიარა და ახლა ვცდილობ ჩემი ყოველდღიურობა აღვიდგინო: უნივერსიტეტი, მეგობრები, ვარჯიში - ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყო და იმედია, წინ უკეთესი ცხოვრება მელოდება. მახსოვს, ბოლო ქიმიოთერაპიის დროს ჩემი ოჯახის ყველა ფინანსური რესურსი ამოწურული იყო და მკურნალობა წყალში გვეყრებოდა, სწორედ მაშინ ცინცაძის ფონდი ნამდვილ მფარველად მომევლინა. ამ ფონდმა ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე შემინარჩუნა. ფინანსურ დახმარებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია სულიერი თანადგომა, რომელსაც ამ ფონდის წევრები მიწევდნენ. დიდი მადლობა უნდა ვუთხრა ქართველ მორაგბეებსაც, რომლებმაც ბოლო ოპერაცის დაფინანსებაში დიდი წვლილი შეიტანეს. მიხარია, რომ ცხოვრების გზაზე ამდენი კარგი ადამიანი შემხვდა და რაც უფრო მეტი ასეთი ადამიანი იქნება, მით მეტი ბავშვი გადარჩება.

- როგორც ვიცი, თსუ-ში სწავლობ.

- პრობლემების მიუხედავად, სკოლის პერიოდში მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ კარგად მესწავლა. ერთხელ იმიტირებულ სასამართლო პროცესზე მოვხვდი და ეს პროფესია იმდენად მომეწონა, რომ იურიდიულზე ჩაბარება გადავწყვიტე. ახლა მეოთხე კურსზე ვარ. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ძალიან გამიჭირდა, რადგან ყველა გართულება, რაც დამემართა, სწავლის წლებს დაემთხვა: "კოვიდის" დროს დისტანციურად ვსწავლობდი, მაგრამ მერე ტკივილებისგან ლექციებზე ვეღარ დავდიოდი, თან დეპრესიამ შემომიტია, მაგრამ, საბედნიეროდ, ყველაფერმა ჩაიარა: ახლა ორ ფეხზე ვდგავარ და დიდი სურვილი მაქვს გაცდენილი ლექციები აღვიდგინო. ყველაფერი გამომივა, თუ მოვინდომებ. ძალიან მინდა ჩემი ოჯახის წევრები გავახარო, რადგან ჩემსავით დიდი განსაცდელი გამოიარეს. სიცოცხლე ძალიან მიყვარს, ეს ჩემი მთავარი ძალაა, რომლითაც ყველა დაბრკოლებას დავამარცხებ.

- ლედი, დეპრესიული მდგომარეობიდან როგორ გამოდიხარ?

- როცა პატარა ვიყავი, ყურსასმენებს არ ვიშორებდი, საყვარელ სიმღერებს ვუსმენდი და ვცეკვავდი. ძალიან კარგია ტირილიც: ადამიანმა 2-3 წუთიც რომ იტიროს, ნეგატიური განწყობა გარეთ გამოდის და ემოციურად იცლება. ახლა როცა ცუდ ხასიათზე ვარ, მაკიაჟს ვიკეთებ და ვგრძნობ, რომ ცხოვრების ხალისი დამიბრუნდა. ჩემთვის საუკეთესო თერაპიაა კინოში სიარული - ახალი ფილმებისგან დადებით მუხტს ვიღებ. ბოლო პერიოდში ლეგოების აწყობა ავიკვიატე, რაც ძალიან კარგი საშუალებაა განტვირთვისთვის და, რა თქმა უნდა, წიგნები!

- რას ურჩევთ პესიმისტ ადამიანებს, რომლებმაც ცხოვრებაზე ხელი ჩაიქნიეს?

- ძნელია, რჩევა მისცე ადამიანს, რომელსაც არ იცნობ და არ იცი, როგორი ცხოვრებისეული გზა აქვს გავლილი, მაგრამ საკუთარი გამოცდილებით ვიცი, თუკი მთელი გულით მოვინდომებთ, ყველაზე რთული მდგომარეობიდანაც კი შეიძლება გამოსვლა. კიდევ ერთი რამ შევნიშნე: ადამიანები მაშინ აფასებენ რაღაცას, როცა მას კარგავენ - მეგობარს ოჯახს, სიყვარულს და ა. შ... ამიტომ ის მდგომარეობა უნდა დავაფასოთ, რომელშიც ახლა ვართ. ხომ შეიძლება ახლა, ამ წუთებში, ვიღაც ჩვენზე უარეს სიტუაციაშია? ალბათ, ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა უნდა მივიღოთ და ვეცადოთ ის უკეთესობისკენ შევცვალოთ. ჩემს ცხოვრებაში იყო დრო, როცა სათუო იყო, მეორე დღეს გავიღვიძებდი თუ არა, მაგრამ, საბედნიეროდ, ეს დღეები წარსულს ჩაჰბარდა! ახლა მინდა უნივერსიტეტი კარგად დავასრულო და ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი უფრო ნაყოფიერი იყოს, რათა ყველა ოცნება და მიზანი ავისრულო, რაზეც ბავშვობიდან მიოცნებია...

ხათუნა ჩიგოგიძე

გაზეთი "კვირის პალიტრა", N4