"37 წელი "დანოსების" მწერლების კისერზეა" - ფარული მორწმუნე თუ ღვთის მგმობელი? - სტალინი - მითი და რეალობა - კვირის პალიტრა

"37 წელი "დანოსების" მწერლების კისერზეა" - ფარული მორწმუნე თუ ღვთის მგმობელი? - სტალინი - მითი და რეალობა

"სტალინი რომ მსოფლიო ისტორიისთვის დიდი ფიგურაა, ეს გასაგებია. სხვა საქმეა, რამდენად სწორად არის შეფასებული, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე­ საქართველოს ეხება", - ამბობს თსუ-ს პროფესორი, ახალი და უახლესი ისტორიის კათედრის ხელმძღვანელი თეიმურაზ პაპასქირი. ჩვენი ინტერვიუც სტალინის შეფასებას, მასზე ჩამოყალიბებული მითებისა და რეალობის გარჩევას ემსახურება. "დიდი ბელადის" თემის წამოწევა ბოლო დროს საქართველოში განვითარებუ­ლმა მოვლენებმა გვიკარნახა, როცა ცხადი გახდა,­ რომ ჩვენგან თაობებით დაშორებული სტალინი და კაცი, რომელიც ტოტალიტარულ საბჭოთა კავშირში სისხლიანი და დაუნდობელი დიქტატორი იყო ("დიდი ტერორის", "ჰოლოდომორისა" და სხვა სისასტიკეთა ავტორის რეჟიმს დაახლოებით 6 მილიონი კაცი შეეწირა), დღეს ქართველი საზოგადოების ნაწილში ისევ სიმპათიას იწვევს.

"ჩვენი კობა ზის კრემლში“

- ერთი მითი, რომელიც ჩვენში არსებობდა, ეს არის - "ჩვენი კობა ზის კრემლში". ჩვენი კობა, ანუ ქართველი, შესაბამისად, ქართველების ნაწილისთვის ეს ასე აღიქმებოდა: ქართველი მართავს ამხელ­ა იმპერიას, აზანზარებს მსოფლიოს და როგორ შეიძლება ამით არ იამაყო. პრობლემაც ის არის, თუ რამდენად მიაჩნდა ამ კაცს თავი ქართველად. არაერთი მაგალითის მოყვანა­ შეიძლება, იქნებოდა კერძო საუბრები თუ ოფიციალური დოკუმენტები, სადაც სტალინი თავს რუსად ან ქართული წარმოშობის­ რუსად“ ასაღებდა. ეროვნების, ქართველობის უარყოფა, ვფიქრობ, განპირობებულია იმით, რომ სტალინი ქმნიდა მსოფლიო იმპერიას, მისი მიზანი იყო მსოფლიო საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის შექმნა. ეს ოფიციალურადაც აქვს გაცხადებული. როდესაც 30-იან წლებში ომისთვის ემზადებოდა, მისი მიზანიც ზუსტად ეს იყო და პირველ რიგში­ ეს ევროპით უნდა დაეწყო. მსოფლიო საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის შექმნისთვის მან დაიწყო კიდეც უზარმაზარი სასახლის მშენებლობა - საბჭოების სასახლე (Дом ჩоветов), სადაც რესპუბლიკები უნდა მიეღოთ მსოფლიო სსრკ-ის შემადგენლობაში. ეს იმპერია, ბუნებრივია, უნდა დაფუძნებულიყო რომელიღაც ერის დომინაციაზე. ასეთი კი, მისი აზრით, რუსი ერი უნდა ყოფილიყო, შესაბამისად, არ გამოდიოდა, თვითონ რომ არ ყოფილიყო­ რუსი. მეორე­ მსოფლიო ომში ჯერ გამარჯვება არ იყო მიღწეული (როდესაც ყირიმის კონფერენცია ტარდებოდა), მან ასწია რუსი ხალხის, როგორც ყველაზე ძლიერი ერის სადღეგრძელო. მისი ქალიშვილი სვეტლანა პირდაპირ წერს, შემთხვევით გავიგეთ, ქართველები რომ ვიყავითო, ანუ ოჯახშიც არ ქართველობდა, ბავშვებსაც არც ელაპარაკებოდა ქართულად.

"ქართველობის აღიარება პოლიტიკურად წამგებიანი იყო"

- მისთვის ქართველობა პოლიტიკურად­ წამგებიანი იყო. ადამიანის ხასიათზე კარგად მეტყველებს თუნდაც მისი მინაწერები­ წიგნებზე - ქართულ წიგნებზე სტალინი რუსულად აკეთებდა მინაწერს. საერთოდ, საქართველოში სტალინი არ უნდა აღიქმებოდეს დადებით პერსონად, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სსრკ იქმნებოდა, სტალინსა და ლენინს შორის მოხდა დაპირისპირება. ლენინს სურდა სსრკ-ში დამოუკიდებელი რესპუბლიკები გაეერთიანებინა, სტალინის იდეა კი იყო, ეს რესპუბლიკები იქ შესულიყვნენ როგორც ავტონომიები რუსეთის შემადგენლობაში. კომიკურია ნამდვილად, როცა ლენინმა სტალინს, ორჯონიკიძესა და ძერჟინსკის, ანუ ორ ქართველსა და ერთ პოლონელს ბრალი დასდო ველიკორუსულ შოვინიზმში. ეს გარკვეულწილად "ღამურას სინდრომია" იმისათვის, რათა თავი წარმოეჩინა და დაემტკიცებინა, რომ თავის ერთან კავშირი გაწყვეტილი ჰქონდა. ეს მარტო­ სტალინს არ ეხება, ავიღოთ თუნდაც აფხაზეთის ომი, რომლის დროსაც ერთ-ერთი ყველაზე სასტიკები აფხაზების მხარეს მებრძოლი გააფხაზებული ქართველები იყვნენ, რომლებიც ამით ცდილობდნენ ეჩვენებინათ, რომ ქართველები არ არიან.

"ავტონომიები სტალინის ჩადებული ნაღმები იყო"

- სტალინს საქართველოსთვის ცუდის­ მეტი არაფერი გაუკეთებია. 1. დავიწყოთ საქართველოზე თავდასხმით, ოკუპაცია-ანე­ქ­სი­ითა და სსრკ-ში მისი გაწევრებით. ამის თავიდათავი და ინიციატორი სტალინი იყო, იმიტომ, რომ მისი პოლიტიკური პოზიციებისთვის იყო წამგებიანი - შენ სამშობლოსთვის ვერ მიგიხედავს და რუსეთში როგორ იქნები პირველი პირი? 2. ავტონომიების საკითხი - ავტონომიები სტალინის ჩადებული ნაღმები იყო. აჭარა ნაკლებად, ის უფრო ლენინის კისერზეა (მუსტაფა ქემალთან დადებული ხელშეკრულებით, ფაქ­ტობრივად, ყარსის ხელშეკრულების ინიციატორი ლენინი იყო). რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შემოქმედი თავიდან ბოლომდე სტალინია. აფხაზეთში ავტონომია კი არა, თავიდან საბჭოთა სოციალისტური­ რესპუბლიკა გამოცხადდა და ამაშიც სტალინის დიდი წვლილი იყო. აფხაზეთი შემდგომ გარდაიქმნა ავტონომიურ რესპუბლიკად, მაგრამ ამაში სტალინის წვლილი­ იმდენად არ ჩანს, რამდენადაც ბერიასი, რომელიც თავად აფხაზეთიდან იყო; 3. რეპრესიები - შესაძლოა საქართველოში დახვრეტილთა რიცხვი იმდენად დიდი არ ყოფილა, მაგრამ გადასახლებულთა რიცხვი­ უზარმაზარია. ერთადერთი რამ იყო, რისი გაკეთებაც სტალინს შეეძლო - თურქეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიები დაებრუნებინა (ამ საკითხისადმი ინტერესი ჯერ კიდევ 1940, შემდგომ 1944-47 წლებში ჰქონდა), მაგრამ ესეც ვერ მოახერხა.

"37 წელი „დანოსების“ მწერლების კისერზეა"

- როცა საუბარია რეპრესიებზე, სტალინის გულმხურვალე დამცველებს ისრები­ ე.წ. დანოსების, ანონიმური წერილების ავტორებზე გადააქვთ. არადა, ვინ დაამკვიდრა, ე.წ. დანოსების პრაქტიკა? სტალინმა! ეს მისი იდეაა შიდაპარტიული წმენდისთვის, იმისათვის, რომ განემტკიცებინა თავისი პოზიციები. რეპრესიების დიდი ტალღა 1934 წელს დაიწყო და ამას წინ უძღოდა სსრკ-ის კომუნისტური პარტიის ყრილობა­ - პარტიის გენერალურ მდივანს ასეთი წესით ირჩევდნენ: ვინც ყველაზე ნაკლებ ხმას მიიღებდა "წინააღმდეგ", ის უნდა გამხდარიყო ხელმძღვანელი. ყველაზე ნაკლები ხმა "წინააღმდეგ" მიიღო კიროვმა - 3 ხმა, სტალინმა კი 270. სტალინმა ეს გააბათილა, ხმები ხელახლა დაათვლევინა­ და აღმოჩნდა, რომ თურმე ორივეს 3-3 ხმა ჰქონდა "წინააღმდეგ". კიროვმა, რასაკვირველია, უარი განაცხადა და სტალინი დარჩა გენერალურ მდივნად, კიროვი კი მალევე მოკლეს. კირ­ოვის მკვლელობის ნიადაგზე დაიწყო კიდეც რეპრესიების ახალი ტალღა - თურმე ხალხის მტრებმა მოკლეს კიროვი. რეპრესიების კამპანია 1934 წლიდან დაიწყო და 1937-ში პიკს მიაღწია. სსრკ-ში, სადაც წელიწადში საშუალოდ 1500-2000 სასიკვდილო განაჩენი გამოჰქონდათ, ამ რიცხვმა­ უკვე 700 ათასს მიაღწია წელიწადში. საუბარია სასიკვდილო განაჩენზე, თორემ იყო კიდევ მეორე სასჯელი - 10 წელი მიმოწერის­ გარეშე, რაც, ფაქტობრივად, სასიკვდილო განაჩენი იყო (გაფორმებული იყო ისე, ვითომ სიკვდილი არ მიუსაჯეს), მერე ისე ხდებოდა, სადღაც 1-2 წელიწადში ატყობინებდნენ ოჯახს, ან არ შეატყობინებდნენ, რომ პირი გარდაიცვალა­. კიდევ იყო 25 წელი მიმოწერის გარეშე, მაგრამ ამ შემთხვევაში მართლაც გადასახლებაში უშვებდნენ პატიმარს.

ფარული მორწმუნე თუ ღვთის მგმობელი?

იხილეთ სტატია სრულად - სტალინი - მითი და რეალობა