"სამწუხაროდ, პროცესები მთელ მსოფლიოში ძალიან რთულდება“ - კვირის პალიტრა

"სამწუხაროდ, პროცესები მთელ მსოფლიოში ძალიან რთულდება“

„იმუქრებიან, რომ აი, ხვალ გავლენ ხალხთან, მაგრამ აგერ ჯერ საახალწლო ზეიმები ვერ მოითავეს, მერე წვიმები დაიწყება და ახლა ეს შეუშლით ხელს, მერე ზაფხული დადგება და დასვენება დასჭირდებათ, სიცხეში ხომ არ იმუშავებენ...“

ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ საახალწლო არდადეგები ძალიან გაიხანგრძლივა, შეიძლება ითქვას, მთელი იანვრის განმავლობაში პოლიტიკურ ასპარეზზე მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა. პარტიების ნაწილი ცდილობდა სოციალურ პრობლემებზე გაემახვილებინა საზოგადოების ყურადღება, თუმცა ეს იმდენად არათანამიმდევრულად და იშვიათად ხდებოდა, მნიშვნელოვანი შედეგი ამას არ მოჰყოლია. არადა, 2024 წელი საარჩევნო წელია, რომელიც უმნიშვნელოვანესი შეიძლება გამოდგეს ქვეყნისთვის. სახელისუფლებო პარტია აცხადებს, რომ მას აქვს არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვების შანსი. "დღევანდელი მაჩვენებლით, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი სასტარტო პოზიცია იმისათვის, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა და ჩავტოვოთ "ნაცმოძრაობა" 35 მანდატს ქვემოთ", - განაცხადა "ქართული ოცნების" პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. ხელისუფლება ისე წარმოადგენს, რომ მისი მთავარი ოპონენტი "ნაციონალური მოძრაობაა" და ყველა დანარჩენი პარტია მისი დანამატია. ექსპერტთა ნაწილის აზრით, ოპოზიციურ ძალებს, რომლებიც ამ ორი პოლუსიდან დისტანცირებული არიან, სჭირდებათ იმგვარი გადაჯგუფება, რაც მესამე ცენტრის ჩამოყალიბების შესაძლებლობას გააჩენს, თუმცა ჯერჯერობით ამგვარი აქტიურობა პოლიტიკურ ასპარეზზე არ ჩანს. სწორედ ამ საკითხით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ გია ხუხაშვილთან:

xuxashvili.jpg

- შეიძლება საინტერესო გადაჯგუფება მართლაც მოხდეს, შეიქმნას ერთიანი ბირთვიც, მაგრამ მთავარი ეს არ არის. პოლიტიკური ელიტა, რომელსაც ხალხთან, ფაქტობრივად, ხიდი აქვს ჩაკეტილი, როგორ გავა არჩევნებზე, ერთად თუ ცალ-ცალკე, დიდი მნიშვნელობა არა აქვს. შესაძლოა ერთიანობას ჰქონდეს რაღაც ეფექტი, მაგრამ არა სერიოზული შედეგის მომტანი. ბოლოს ჩატარებულ ყველა კვლევაში ჩანს, რომ სახელისუფლებო ძალის მხარდაჭერა სუსტდება, მაგრამ სუსტდება ოპოზიციის მხარდაჭერაც. ამომრჩევლის 40-დან 60%-მდე ამბობს, რომ არა აქვთ ღირსეული მომავლის არჩევანი. შესაბამისად, ამ ამომრჩევლისთვის პარტიები, რომლებიც მათ არ მოსწონთ, ერთად იქნებიან თუ ცალ-ცალკე, მნიშვნელობა არ ექნება, ვიდრე ისინი არ მივლენ ამ ამომრჩეველთან და არ დაარწმუნებენ, რომ მათ შეუძლიათ ქვეყნის უკეთესად მართვა, ვიდრე არსებულ ხელისუფლებას. ასე რომ, მთავარი პრობლემა არის არა ალიანსები და ბლოკები, არამედ ამომრჩეველთან მუშაობა, ინტერაქციული კავშირი. ტელეეთერებიდან სიბრძნეების ფრქვევა არ კმარა. ოპოზიცია ჯერ ბევრს არაფერს აკეთებს. იმუქრებიან, რომ აი, ხვალ გავლენ ხალხთან, მაგრამ აგერ ჯერ საახალწლო ზეიმები ვერ მოითავეს, მერე წვიმები დაიწყება და ახლა ეს შეუშლით ხელს, მერე ზაფხული დადგება და დასვენება დასჭირდებათ, სიცხეში ხომ არ იმუშავებენ... და ამასობაში დადგება შემოდგომაც და საარჩევნო დღეც...

იმედია, ეს ყველაზე უარესი სცენარი არ გამართლდება და დაიწყებენ მუშაობას ამომრჩეველთან. კი ბატონო, ჩვენ შეიძლება ვილაპარაკოთ პარტიების დაჯგუფებაზე რაღაც სინერგიის გასაჩენად, მაგრამ იმისთვის, რომ პარტიების გაერთიანება წარმატებული იყოს, მათ ჯერ დამოუკიდებლად უნდა ჰქონდეთ წონა. რამდენი ერთკაციანი პარტია ვიცით, რომლებიც არჩევნებიდან არჩევნებამდე სხვადასხვა პარტიას ეტმასნებიან და პარაზიტობის ხარჯზე ახერხებენ არსებობას. მათ არც პარტიული სტრუქტურა აქვთ, არც იდეოლოგია, ძირითადად, წარმოადგენენ თითო კაცს, რომლებიც ამა თუ იმ ძალას ეტმასნებიან და ახერხებენ საპარლამენტო მანდატის ჯიბეში ჩადებას. ამგვარ გაერთიანებებს შეიძლება პოლიტიკური ალიანსი ან ბლოკი ვუწოდოთ?

მოკლედ, საჭიროა ამომრჩეველს გაუჩნდეს პოლიტიკური ძალების ნდობა. ამ ბოლო წლების განმავლობაში "ქართული ოცნება" ასე წარმოადგენდა საკუთარ პოზიციას - კი ბატონო, ჩვენ შეიძლება ცუდი ბიჭები ვართ, მაგრამ სხვები ჩვენზე უარესები არიანო და სამწუხაროდ, მოახერხეს მთელი პოლიტიკური ელიტის კომპრომეტაცია. ოპოზიციამ ამას სერიოზული ვერაფერი დაუპირისპირა. დღეს ამომრჩეველში ღრმავდება ნიჰილიზმი და სკეპტიციზმი. ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ამოცანაც - თუ ადამიანს აქვს არჩევანი ცუდსა და უარესს შორის და სხვა გზა არა აქვს, ის ერთჯერადად ადვილად იყიდება. ბუნებრივია, ასეთ ნეგატიური არჩევანისას იგებს ის, ვისაც მეტი რესურსი აქვს. ბევრად მეტი რესურსი კი ხელისუფლებას აქვს და იღებს კიდეც შედეგს.

რადგან ოპოზიცია ხელისუფლებას რესურსებით ვერ უპირისპირდება, მისთვის უმნიშვნელოვანესია პოზიტიური დღის წესრიგის შექმნა, იმ პრობლემებზე ფოკუსირება, რაც აწუხებს ხალხს. ოპოზიციამ თუ მოახერხა მოქალაქეების დარწმუნება, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მათი პრობლემები უკეთესად გადაწყდება, მაშინ წარმატების იმედიც უნდა ჰქონდეს. ჯერ ამას ოპოზიციაში არავინ აკეთებს.

- უკვე დიდი ხანია ვლაპარაკობთ ქვეყანაში მესამე პოლიტიკური ცენტრის გაჩენის აუცილებლობაზე, მაგრამ ლაპარაკი ლაპარაკად რჩება. ვითარებაში, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" მორიგი გაყოფის შემდეგ შედარებით დასუსტდა, თითქოს ამ ახალი ცენტრის ჩამოყალიბება უფრო რეალური გახდა, თუმცა კვლავ რთული სათქმელია, რომელ პოლიტიკურ ძალას ან ძალების გაერთიანებას აქვს ამის შანსი...

- ხელისუფლებას ახლა ყველაზე მეტად ამის ეშინია, ამიტომაც არის, რომ ისტერიკულად ყველას "ნაცს" ეძახის. "ნაციონალური მოძრაობის" დასუსტება ყველაზე მეტად სწორედ "ქართულ ოცნებაში" ეწყინათ. საქმე ისაა, რომ ივანიშვილს საარჩევნო პროცესში უყვარს სურათის გამარტივება - ე.წ. შუის გაკრეფა. მან უნდა გაატაროს ფრონტის ხაზი და შავ-თეთრად წარმოაჩინოს გარემო, სადაც თვითონ კეთილი ძალაა, დანარჩენი ყველა კი ბოროტი, რომლებსაც ერთ გემზე შესხამს და ჩაძირავს. მან არ იცის გაშლილი ფრონტით მუშაობა. შესაბამისად, ყველას "ნაციონალებს" ეძახიან. განსაკუთრებით კომიკურია, როდესაც მათ ყოფილ პრემიერს გახარიასა და ასევე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ეძახიან "ნაცს". წარმოიდგინეთ, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრები, რომლებიც გადასკუპდნენ "ქართულ ოცნებაში", გახარიას ეძახიან "ნაცს"... ეს ტექნოლოგია მათ კარგად იციან.

შეეცდებიან საარჩევნოდ ისევ მიშას ფაქტორის აქტუალიზებას, მეტად გამოყენებას და ამ ძველ სცენარში ყველაფრის ჩატოვებას. გარდა ამისა, ოპოზიციური პარტიებისა და მათი ლიდერების ინდივიდუალური კომპრომეტაციაც ხდება. სახელისუფლებო პროპაგანდა ამისთვის ყველაფერს აკეთებს, მაგრამ ასეთია თამაშის წესები, ამიტომ, როდესაც იცი, როგორ იქცევა ოპონენტი, შენც უნდა იპოვო ამის საპირწონე რაღაც, რითაც დაუპირისპირდები. მუდმივად მდევრისა და თავის მართლების პოზიციაში არ უნდა იყო. ოპოზიციამ თვითონ უნდა შექმნას დღის წესრიგი, რასაც ჯერ ვერ აკეთებენ.

დღის წესრიგს ისევ "ქართული ოცნება" აყალიბებს. ერთ ამბავს გავიხსენებ - რამდენიმე დღის წინ "ლელოს" ოფისი ალყაში ჰყავდათ მოქცეული სახელისუფლებო ჟურნალისტებს, ამბობდნენ, ჩამოყვანილი ჰყავთ ვიღაც ამერიკელი კონსულტანტი, რომელიც 2012 წელს "ნაციონალურ მოძრაობას" უწევდა კონსულტაციასო. კაცი მას მერე აღარც ყოფილა საქართველოში... ამაზე ატეხეს ერთი ამბავი და მხოლოდ იმიტომ, რომ "ნაცებთან" დააკავშირონ "ლელო".

ამას ადეკვატური პასუხები უნდა გაეცეს... ან შენ უნდა შექმნა შენი დღის წესრიგი და ხელისუფლება ჩააყენო თავდაცვაში. გასაგებია, ოპოზიციას ნაკლები რესურსი აქვს, მაგრამ ამ დროს გჭირდება სწორედ მეტი კრეატივი და მეტი მუშაობა.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც იმედიანად ვარ. მესამე ძალის მოთხოვნა საარჩევნო ბაზარზე დეფიციტურია, ამომრჩეველი ეძებს ღირსეულ არჩევანს. მას აღარ სურს წარსულსა და აწმყოს, ანუ "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" შორის არჩევა. როგორც ეკონომიკაში, ისე პოლიტიკაში ამგვარ პროცესს ახასიათებს კანონზომიერება - როდესაც ჩნდება მოთხოვნა, ადრე თუ გვიან, მიწოდებაც გაჩნდება. ჯობს, ეს დროულად მოხდეს. ჯერ არ ჩანს, მაგრამ შანსი იმისა, რომ არჩევნებამდე რაღაც სიურპრიზები იქნება, არის. საქართველოში, როგორც წესი, პროცესები სწრაფად ვითარდება. ვფიქრობ, მესამე ძალად ჩამოყალიბების შანსი ჯერ კიდევ აქვთ "ლელოსა" და გახარიას პარტიას. ასევე მნიშვნელოვანია სალომე ზურაბიშვილის ფაქტორი, რაც სერიოზულ ძალად შეიძლება იქცევს, თუ სწორად წავიდა პროცესი.

- აქ უნდა ვახსენოთ ნიკა მელიაც, რომელიც, სავარაუდოდ, უკვე თებერვალში წარმოადგენს თავის ახალ პარტიას. პოლიტიკაში წასვლა დააანონსა ნიკა გვარამიამაც... საინტერესოა, ეს როგორ გაყოფს "ნაციონალური მოძრაობის" ელექტორატს ან გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რა წილის მიმხრობა შეუძლია მელიას?

- ვფიქრობ, ნიკა მელიას პარტია არ იქნება ხელწამოსაკრავი ძალა. როგორც უკვე ვთქვი, ჩვენი პოლიტიკური ელიტის მთავარი პრობლემა ხალხთან კომუნიკაციაა. მელიას კი აქვს ამისთვის საჭირო უნარები. მას შეუძლია მართლაც სოფელ-სოფელ იაროს, ხალხს ელაპარაკოს, განსხვავებული აზრიც მოისმინოს, თანაუგრძნოს მათ... მოკლედ, შეუძლია დინამიკური კამპანიის წარმოება, რასაც სხვა პარტიები ვერ ახერხებენ. ვიღაცები კი ჩადიან რეგიონებში, მაგრამ იქ ვიღაც პროვოკატორი გამოჩნდება, ესენიც დამფრთხალები უკან ბრუნდებიან და ამით მთავრდება ყველაფერი. ჩვენ 2012 წელს ქვებსაც გვესროდნენ და საშინელ დახვედრასაც გვიწყობდნენ რეგიონებში, მაგრამ ჩვენ მაინც მივდიოდით. პოლიტიკა მკაცრი საქმეა...

რაც შეეხება გვარამიას, როგორც ვიცი, ის მელიასთან ერთად იქნება. ამ ყველაფერმა "ნაციონალური მოძრაობის" ელექტორატი რა პროპორციით გაყო, ჩემთვის რთული სათქმელია.

საერთოდ, რატომ გაიყო "ნაციონალური მოძრაობა"? ეს იყო რაციოსა და ემოციის დატაკება - ანუ პარტიაში არსებობს სააკაშვილის, როგორც ბელადის რწმენა და მხარდამჭერთა ემოციური ნაწილი მზად არის ყველაფერზე თვალი დახუჭოს, და ხაბეიშვილი - ეს აბსოლუტური პაროდია აიტანოს თავმჯდომარედ, რადგან ასეთია უზენაესის ნება... და იყო ნაწილი, რომელიც გაცილებით რაციონალურად ფიქრობდა... როგორი იყო ამ დაპირისპირებისას პროპორცია, ეს შემდგომ კვლევებში გამოჩნდება. გარდა ამისა, მელიას შეუძლია გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მოზიდვაც. ამომრჩეველი ელოდება ლიდერებს უბანში, რაიონში, სოფელში და მელია, ჩემი აზრით, ამას გააკეთებს და ბევრი ადამიანის გულსაც მოიგებს. შეიძლება ისეთი სურათიც კი მივიღოთ, რაც ძალიან გაგვაკვირვებს.

- სალომე ზურაბიშვილი ახსენეთ და, წინასაარჩევნოდ მის შესახებაც არის გარკვეული მოლოდინი. ის გასულ წელს ძალიან აქტიური იყო და ევროინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანი დღის წესრიგი შექმნა, თუმცა ბოლო ხანს ის თითქოს გაქრა თვალსაწიერიდან...

- გეთანხმებით, ევროინტეგრაციის თემაზე მან სერიოზული პოლიტიკური კაპიტალი შეაგროვა. თუმცა ამ კაპიტალს ახასიათებს ერთი თვისება - მისი მოპოვება რთულია, განიავება კი ადვილი... მიმაჩნია, რომ ბოლოდროინდელი უმოქმედობით მან მისი ნაწილი დაკარგა,

სამწუხაროდ, მე ვერ ვხედავ თემას, რომლის გააქტიურებითაც ის დაიბრუნებს აქტუალურობას... არადა, მას რომ გაეგრძელებინა აქტიურობა და დიდი კონსულტაციები დაეწყო, კარგი იქნებოდა. ამ პაუზის შემდეგ, არ ვიცი, რას გააკეთებს, მით უფრო, რომ ჩვენ სტატუსი მივიღეთ და იმავე თემის აქტუალიზაცია ეფექტიანი აღარ იქნება. რას მოიფიქრებს, ვნახოთ. გარკვეული წონა მას აქვს, ამბიციებიც - ამაზე მეტის თქმა ამჯერად გამიჭირდება. ერთი თვის წინ გეტყოდით, კარგი პერსპექტივები აქვს-მეთქი, მაგრამ ეს პაუზა მის მომავალ ნაბიჯებზე კითხვებს ბადებს...

- "ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ მას საარჩევნოდ თითქმის 60%-იანი მხარდაჭერის იმედი აქვს... "რეალურად დღევანდელი კონფიგურაცია ისეთია, რომ ჩვენ შეგვიძლია საკონსტიტუციო უმრავლესობა მივიღოთ პარლამენტში. კვლევა ჩატარდა მას შემდეგ, რაც ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი და ბოლო მონაცემებით ჩვენ გვქონდა 59% ალოკაციით. ასეთ პირობებში ჩვენ შეგვიძლია საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაც კი და თუნდაც კოლექტიური "ნაცმოძრაობა", ორი პარტია რომ ავიღოთ, აიღებს 30-35 მანდატს. ეს არის დღევანდელი სურათი. დაახლოებით 9 თვეა დარჩენილი, ჩვენ მაქსიმალურად მოვუფრთხილდებით დღევანდელ მაჩვენებელს და უფრო მეტიც, ვეცდებით უფრო მეტად გავაუმჯობესოთ დღევანდელი მაჩვენებელი, დანარჩენს საზოგადოება გადაწყვეტს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ამ ცოტა ხნის წინ.

- სამწუხაროდ, "ქართული ოცნება" თურქმენიზაციის პროცესშია. ეს არ არის პარტია კლასიკური გაგებით. ეს არის სახელისუფლებო პარტია, რომელიც როგორც კი აღარ იქნება ხელისუფლებაში, მაშინვე გაქრება, როგორც გაქრა "მოქალაქეთა კავშირი". ეს არ არის ფასეულობათა სისტემის ირგვლივ შეკრებილ ადამიანთა კავშირი, დაჯგუფება, რომლის წევრებიც საკუთარი ინტერესების იქით არ იყურებიან. შესაბამისად, ისინი მხოლოდ აბსოლუტურ ძალაუფლებას განიხილავენ - ეს არის მათი სამიზნე. მათ არა აქვთ იმის ფუფუნება, რომ ერთი პროცენტიც კი დათმონ. რომ დათმონ, ამან შეიძლება პარტიას ისეთი ბზარი გაუჩინოს, მთელი კონსტრუქცია დაეშალოთ. ასე რომ, ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული 2024 წლის შედეგი, მათ შორის იმაზეც, როგორი იქნება საერთაშორისო ვითარება, რა მოხდება რუსეთ-უკრაინის ომში და ა.შ.

- საერთაშორისო ვითარება ახსენეთ და, ბოლო დროს მსოფლიო მედია, მათ შორის დასავლელი პოლიტიკოსებიც, სულ უფრო მეტს ლაპარაკობენ ნატოსა და რუსეთის შესაძლო სამხედრო დაპირისპირებაზე. სხვათა შორის, ამჟამად მიმდინარეობს ნატოს ბოლო წლებში ყველაზე მასშტაბური წვრთნა, რომელიც რუსეთთან ჰიპოთეზურ დაპირისპირების სცენარსაც მოიცავს...

- სამწუხაროდ, პროცესები მთელ მსოფლიოში ძალიან რთულდება. ღმერთმა არ ქნას ნატოსა და რუსეთის დაპირისპირება, რადგან ეს მსოფლიო ომს ნიშნავს. ვფიქრობ, ეს უფრო პროქსიომები იქნება, რაც ასევე ძალიან სახიფათოა, რადგან საბოლოოდ პირდაპირ შეტაკებამდეც შეიძლება მივიდეს საქმე. ჩვენ უკრაინის ომს ვადევნებთ თვალს, თუმცა ისრაელშიც ვხედავთ, რა ხდება, ძალიან საშიში ვითარებაა და ირიბად იქაც იკვეთება ნატოსა და რუსეთის დაპირისპირების ნიშნები. მოკლედ, სახიფათო ვითარებაა... იმედია, ეყოფა ყველას გონიერება და სამყაროს კატასტროფის პირას არ მიიყვანენ.