კულტურული გენოციდი - როგორ ნადგურდება ქართული ძეგლები ოკუპირებულ აფხაზეთში - კვირის პალიტრა

კულტურული გენოციდი - როგორ ნადგურდება ქართული ძეგლები ოკუპირებულ აფხაზეთში

რუსულ ყაიდაზე თეთრად გადაღებილი ეკლესიები, განადგურებული ფრესკები, წაშლილი ძველი ქართული წარწერები, ე.წ. სარესტავრაციო სამუშაოები და რუსული ხახვის ფორმის გუმბათი ქართულ ტაძარზე - ოკუპირებულ აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ომის შემდეგ სავალალო მდგომარეობაშია და გადარჩენას საჭიროებს: დიდი ნაწილი უკვე დაინგრა, ნაწილი ახლა ინგრევა, ნაწილი კი ე.წ. რესტავრაციის შედეგად ავთენტურობას კარგავს.

ქართული ისტორიული კვალის წაშლა აფხაზეთში ომის შემდეგ მალევე დაიწყეს. ყველაზე დიდი აღშფოთება ორ შემთხვევას­ მოჰყვა: როდესაც ილორის ტაძარი თეთრად გადაღებეს და რუსული ხახვის ფორმის გუმბათი დააშენეს; ასევე ბედიის ტაძარში გაერთიანებული საქართველოს პირველი­ მეფის, ბაგრატ III-ის ფრესკა გაანადგურეს. თუმცა იყო სხვაც: სოფელ წებელდაში ეკლესიის ნანგრევების ბულდოზერით გადასწორება სამხედრო პოლიგონის ასაშენებლად, ქართული წარწერების წაშლა სხვადასხვა ქართულ ისტორიულ ძეგლზე... აფხაზური მედიის ცნობით, ამჟამად მოქვის საკათედრო ტაძრის აღდგენისა და გადახურვის სამუშაო თითქმის დასრულებულია, იგეგმება ბედიის ტაძრის სახურავის შეცვლაც... აფხაზური "აღდგენის სამუშაოები" თბილისში შეშფოთებას იწვევს,­ რადგან შესაძლოა სხვა ტაძრებმაც ბედიისა და ილორის ბედი გაიზიაროს და "რესტავრაციებს" ქართული კვალის წაშლა, ტაძრის რუსულ ყაიდაზე გადაკეთება მოჰყვეს.

როგორც დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე­ ამბობს, აფხაზეთში ქართული ეკლესიების­ მდგომარეობა და ე.წ. რესტავრაციის ზოგიერთი შემთხვევა მათთვის ცნობილია, თუმცა ამბობს, რომ, სამწუხაროდ, აფხაზური მხარე მსგავს ქმედებებს მათთან არ ათანხმებს. წლების წინ რუსულ საპატრიარქოსთანაც არაერთხელ იყო საუბარი, შუამავლობა გაეწიათ აფხაზურ მხარესთან, მაგრამ უშედეგოდ დასრულდა.

გასული წლის ზაფხულში ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლა და რამდენიმე კულტურულ ძეგლისთვის ფოტო-ვიდეოგადაღება შეძლეს "საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისათვის" აქტივისტებმა. საზოგადოებრივი გაერთიანების ხელმძღვანელი ნინო ბურჭულაძე ამბობს, რომ 12 ძეგლის ნახვა და გადაღება შეძლეს გალში, ოჩამჩირეში, სოხუმსა და ბიჭვინთაში.

- აფხაზეთში ანტიქართული განწყო­ბები დიდია და ფოტოვიდეოგადაღება დიდ რისკებთან არის დაკავშირებული, ამიტომ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. გადაღებები ეტაპობრივად მიმდინარეობდა, რათა იქ ყოფნა თვალში საცემი არ ყოფილიყო. ძეგლების უმრავლესობა უმძიმეს მდგომარეობაშია. მიზანდასახულად მიმდინარეობს ქართული მემკვიდრეობის კვალის წაშლა. უმძიმეს მდგომარეობაშია მე-10 საუკუნის მოქვის ტაძარი. მოუვლელობის­ გამო ხემცენარითაა დაფარული, ინგრევა ისტორიული გალავანიც­ და კარიბჭეც; მძიმე მდგომარეობაშია მე-10 საუკუნეში აგებული ბედიის ტაძარი, სადაც 2010 წელს ჩამოიფხიკა უნიკალური კედლის მხატვრობა, საერთოდ წაშლილია ბაგრატ III-ის ფრესკა. ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ბაგრატ მეფის საფლავიც, საძვალესთან აყრილია ქვები... ტაძრებში ჯერ კიდევ შემორჩენილი­ ავთენტური ფრაგმენტები, რომლებიც­ შეიძლება განადგურდეს და ყველა ამ ძეგლმა ილორის ტაძრის ბედი გაიზიაროს, რომე­ლიც რუსულ ყაიდაზე თეთრად არის გადა­ღებილი და წაშლილია ქართული წარწერები... გალში, სადაც ქართველი მოსახლეობაა,­ ადგილობრივები ცდილობენ ფული შეაგროვონ და ნგრევის პირას მისული ძეგლები თავად გადახურონ, გაწმინდონ. ეს კეთილშობილური­ საქციელია­ და მათ მადლობა მთელმა საქართველომ უნდა უთხრას, თუმცა სპეციალისტების ჩართვის გარეშე ძეგლის ავთენტურობის დაკარგვის რისკის ჩნდება...

გალისა და ოჩამჩირის რაიონებში თუკი მაინც არის შემორჩენილი ქართული­ კულტურული მემკვიდრეობა, სოხუმის რაიონში ქართული კვალის წაშლა უფრო მასშტაბურია. ამას მოწმობს დრანდისა და ბიჭვინთის ტაძრები. ბიჭვინთის ტაძარი­ დიდი ხანია გადაკეთებულია საკონცერტო დარბაზად, ბგერების არასათანადო რეგულაცია კი საფრთხეს უქმნის ჯერ კიდევ შემორჩენილ უნიკალურ მხატვრობისა და მოზაიკის ფრაგმენტებს. იგივე შეიძლება ითქვას სოხუმის მუზეუმზეც, სადაც ბევრ მნიშვნელოვან ქართულ არტეფაქტზე წარმომავლობა მითითებული არ არის, მათ შორის ქართველი მეფეების პორტრეტებზეც; რთულ მდგომარეობაშია ბესლეთის ბაგრატის ციხე სოხუმთან, რომელიც X-XIV საუკუნეებში ცხუმ ერისთავთა რეზიდენცია იყო, იქვე მდინარე ბესლეთზე არსებული თამარის ხიდიც. ბაგრატის ციხე ახლა ტყითაა დაფარული და ალაგ-ალაგ ქვების ცვენაა. თამარის ხიდის შიდა მხარესაც ცვივა ქვები, ერთ-ერთ შიდა ნაწილზე არსებული ქართული წარწერაც აღარ იკითხება. ნგრევის პირასაა შარვაშიძეების სასახლე სოფელ ლიხნში. აფხაზები ამბობენ, რომ ამ ძეგლს ქართულთან კავშირი არა აქვს, გიდები ტურისტებს უხსნიან, რომ ეს არის აფხაზი ჩაჩბას რეზიდენცია. ახალ ათონში სვიმონ კანანელის ტაძრის გადაღება შიგნიდან ვერ მოვახერხეთ, თუმცა გარედან წაშლილია ბოლნური ჯვრის კვალი. როდესაც ვერ მოვიძიეთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ერთიან მონაცემში კელასურის ციხის შემორჩენილი კედელი, რომელიც სხვა ძეგლების მსგავსად მძიმე მდგომარეობაშია, მივმართეთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, რათა ძეგლს სტატუსი მიენიჭოს და ახლა კომისიის გადაწყვეტილებას ველოდებით.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ისტორიკოსი­ ლია ახალაძე ამბობს, რომ დასავლეთ საქართველოში აღმოჩენილი ყველაზე ძველი ქართული წარწერა გუდაუთაშია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არტეფაქტია და დღეს მას განადგურება ემუქრება: "ქართულ წარწერებს ემტერებიან, რადგან ისინი მნიშვნელოვანი არგუმენტია, ისტორიული დოკუმენტი იმისა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ქართულენოვანი იყო - ქართულად წერდა, მეტყველებდა, ლოცულობდა და ეპიტაფიასაც ქართულად გამოსახავდა".

- აფხაზეთში 500-მდე ძეგლია, რაც უნდა შევინახოთ და რისი ავთენტურობაც უნდა დავაკონსერვოთ. აფხაზებმაც გააკეთეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების­ სია, სადაც შეტანილი აქვთ მე-20 საუკუნის­ ავტობუსის გაჩერებებზე არსებული­ მოზაიკ­ური პანოები. ძალიან კარგია, თუ მოზაიკურ პანოებს დაიცავენ, მაგრამ ბევრად მნიშვნელოვანია ძველი, შუა საუკუნეების კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც დღეს სავალალო მდგომარეობაშია.

- ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლი - ბედიისა და ილორის ეკლესიები სავალალო მდგომარეობაშია. რა კონკრეტული დაზიანებები აქვს ამ ტაძრებს ე.წ. რესტავრაციის შედეგად?

- ბედიის ტაძრის ე.წ. რესტავრაციის დროს წაშალეს ქართული წარწერები, ასევე გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის, ბაგრატ III-ის ფრესკა ჩამოვარდა და გაფუჭდა. სამწუხაროდ, დღეს ეს ფრესკა აღარ გვაქვს. გვაქვს მხოლოდ გადმონახატი, შესრულებული XX საუკუნის 30-იან წლებში. როგორც ვიცი, ახლა დროებითი სახურავი დაზიანებულია, ტაძარში წყალი ჩადის და ფუჭდება. ეს ტაძარი გაერთიანებული საქართველოს სიმბოლოა. მატიანე ქართლისაის ავტორი წერს, გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის სიძლიერე თუ გინდათ იხილოთ, იხილეთ სამკაული ბედიის მონასტრისაო. ბაგრატ მესამემ არა მარტო ააშენა ეს ტაძარი, არამედ შესწირა­ დიდი საჭურჭლე, მათ შორის დღეს შემორჩენ­ილი ბედიის ბარძიმი. აფხა­ზები ბაგრატ მესამეს თავიანთ მეფედ­ თვლიან, ოღონდ ნუმერაციაში არის მეორე - ბაგრატ II. ის დედის მხრიდან აფხაზთა მეფის შვილიშვილი იყო, მამის მხრიდან - ქართველთა მეფის შთამომავალი.

2-1706475727.jpg

- ილორის ეკლესიაში რა მივიღეთ ე.წ. რუსული რესტავრაციის შემდეგ?

- აფხაზებისთვისაც და ქართველებისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვან ტაძრად ითვლებოდა ილორის წმინდა გიორგის ტაძარი, რომლის აღმოსავლეთის ფასადზე­ 6 ქართული წარწერა იყო და ექვსივე გადაშალეს. როდესაც ქართულმა მხარემ წარწერების გადათეთრება გააპროტესტა, აფხაზებმა ადამიანის სიმაღლეზე არსებული მხოლოდ ერთი ქართული წარწერა გაასუფთავეს და საერთაშორისო მონიტორინგს აჩვენეს, რომ წარწერა გადაღებილი არ იყო.

- აფხაზეთში ყველაზე ძველი ქართული წარწერა რომელ საუკუნეს ეკუთვნის? 1066 წლით დათარიღებული ლიხნის ტაძრის წარწერა თუ არის უფრო ადრინდელი?

- ლიხნის წარწერები ძალიან მნიშვნელოვანია და ის ჯერ შენარჩუნებულია, თუმცა ყველაზე ძველი ქართული წარწერა­ აფხაზეთის და მთლიანად დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არის გუდაუთის მუნიციპალიტეტში - მსიგხვას მთის წარწერები. გათხრების შედეგად ეკლესიის ნანგრევებში მე-8, მე-9 საუკუნეების 48 კრამიტის კალიპტერია აღმოჩენილი, სადაც ქართული ასომთავრული წარწერებია. 46 კალიპტერი ბიჭვინთის ტაძარშია გადატანილი, 2 კალიპტერი კი თბილისში, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია...

4-1706475727.jpg

ეს წარწერები აჩვენებს, რა ენაზე ასრულებდა ღვთისმსახურებას ადგილობრივი­ მოსახლეობა, რა ენაზე აკეთებდა საფლავის­ ქვის ეპიტაფიებს, რა ენაზე წერდა და კითხულობდა. შუა საუკუნეებში 100-ზე მეტი ქართული წარწერაა აფხაზეთში. მოსახლეობა მხოლოდ ქართულ ენაზე აკეთებდა იდენტიფიცირებას და აფხაზები ცდილობენ ქართულ კულტურულ სამყაროსთან არსებული ყველა კვალი წაიშალოს.

- კიდევ რომელი ძეგლებია ე.წ. რესტავრაციის გამო რთულ მდგომარეობაში?

- მაგალითად, დრანდის მონასტერში სანათლავი ადგილი, ემბაზი მეტლახით მოაპირკეთეს და ავთენტურობა დაუკარგეს. ძველ ქვებზე მეტლახი გადააგეს და გამოდის, ევრორემონტი გააკეთეს. ახალ ათონში სვიმონ კანანელის ტაძარში თანამშრომელმა ჩამოხსნა რელიეფები და სახლში წაიღო, განთიადის ბაზილიკაში კი ოქროს ეძებენ.

90-იანი წლების მიწურულს აფხაზები ძეგლებს არც აქცევ­დნენ ყურადღებას, 2005 წლისთვის დაიწყეს ილორის ტაძრის ე.წ. რესტავრაცია და შედეგიც ვნახეთ. ქართულმა მხარემ გააპროტესტა ეს ყველაფერი, განსაკუთრებით 2010-2011 წლებში. მაშინ ჩვენმა უნივერსიტეტმაც ჩაატარა კონფერენცია, ყველა ელჩი მოვიწვიეთ და მივაწვდინეთ ხმა. ამის შემდეგ ცოტა შეიცვალა სიტუაცია. თუკი მანამდე აფხაზეთში არავის აინტერესებდა ძეგლების ბედი, 2016 წელს აფხაზმა ახალგაზრდებმა პირველად გააპროტესტეს დრანდის ტაძრის ემბაზის მეტლახით მოპირკეთება. ასევე გააპროტესტეს გულრიფშის მუნიციპალიტეტში სოფელ წებელდის განაპირას მრამბის ტაძრის დანგრევა - სამხედრო პოლიგონის მოსაწყობად გზა გაიყვანეს, რის გამოც მთლიანად დაანგრიეს ბერძნების აგებული ეს ძეგლი. შემორჩენილი იყო ადამიანის სიმაღლის კედლის ნაწილები.

- ახალგაზრდები ტაძრების რუსულად გადაკეთებას აპროტესტებენ?

- ახალგაზრდებმა კულტურის ძეგლები­სთვის ყურადღების მიქცევა დაიწყეს, თუმცა ქართული წარწერები არც მათ მოსწონთ და მათი გადაშლა არასდროს გაუპროტესტებიათ, არც ილორზე ხახვის გუმბათის დადგმის გამო ჰქონიათ პროტესტი.

- აფხაზური მედიის ცნობით, ახლა მოქვის ტაძარს ხურავენ.

- მოქვის ტაძარი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. წაშლილია ქართული წარწერები. როდესაც ქართულმა მხარემ გააპროტესტა აფხაზეთში კულტურული ძეგლების მძიმე ვითარება, მუზეუმების საერთაშორისო გაერთიანებამ, იკომმა რუსულ კომიტეტს დაავალა ჩასულიყო აფხაზეთში და ენახა ძეგლები. იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო მოქვის ტაძარი, რომ რუსული დელეგაციაც არ შეუშვეს. ახლა აპირებენ რესტავრაციას, მაგრამ არ ვიცით, რას გააკეთებენ.

- არქიტექტურული კულტურული ძეგლების გარდა, კიდევ რა კულტურული მემკვიდრეობაა დღეს აფხაზეთში?

- აფხაზეთში საგამოფენო გალერეაში იყო დაცული მხატვრების ნამუშევრები,­ რომელიც 21 იანვარს დაიწვა. იქ ინახებოდა ცნობილი ქართველი მხატვრის ალექსანდრე შარვაშიძის ნახატები. სოხუმში თვლიან, რომ ის აფხაზი მხატვარია, თავად ალექსანდრე შარვაშიძე კი თავს ქართველ თავადად მიიჩნევდა. დაიწვა ჭოლა კუკულაძის ნახატებიც. გალერეაში დაცული თითქმის ყველა ნამუშევარი დაიფერფლა, ეთნოგრაფიული არქივი კი სოხუმში ომის დროს დაიწვა. ომის დროსვე დაიწვა აბნი - აფხაზეთის ენის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტი, ამასაც ქართველებს აბრალებენ.

ეკატერინე ბასილაია