„სხვას ის აკრიტიკებს, ვისაც პირადი ცხოვრება არ გააჩნია, თორემ მე რა დამაკლდა?..“ - რას ჰყვება პეტრე კოლხი - კვირის პალიტრა

„სხვას ის აკრიტიკებს, ვისაც პირადი ცხოვრება არ გააჩნია, თორემ მე რა დამაკლდა?..“ - რას ჰყვება პეტრე კოლხი

"შეუძლებელია უფრო დიდი რამ მიიღო­ ცხოვრებისგან, ვიდრე სიყვარულის ნიჭია. სიყვარულია, არ ვითხოვდე იმავეს, როცა მე ვინმე მიყვარს. მიყვარდეს­ უპირობოდ, უმიზეზოდ. მე მუდმივად შეყვა­რებული ვარ. მე რომ შეყვარებული­ არ ვიყო ღმერთზე, წირვაზე, როგორ­ გგონიათ,­ აქ გავჩერდებოდი?­ ჩემი ქვეყანა­ და გარემოება ყველა პირო­ბას მიქმნის იმისათვის, რომ აქედან წავიდე, მაგ­რამ­ რაც მიყვარს, იმას ვერ ვუღალატებ", - ამბობს მამა პეტრე კვარაცხელია,­ რომელიც­ გულახდილად გვესაუბრება­ მის ცხოვრებაზე, განცდებზე, ეკლესიაზე,­ ოჯახზე, იმ ყოველდღიურობაზე, რომე­ლ­საც მისი მისწრაფებები და ინტელექ­ტუ­ალური ინტერესები უფრო ამრავალფე­როვნებს - მუსიკა, პოეზია, ლიტერატურა, ფილმები... და რაც მთავარია, ლოცვა, წირვა, აღსარება...

- ბოლო პერიოდში, ალბათ, ყველაზე მთავარი სიახლე ჩემს ცხოვრებაში ის არის, რომ რამდენიმე თვის წინ გამოიცა ჩემი ფსიქოლოგიური წიგნი "როგორ ვიყო ბედნიერი", რომელიც შესაძლოა უცხო ენაზეც ითარგმნოს და საქართველოს საზღვრებგარეთაც გავიდეს, რადგან ის გარკვეულწილად, ავტობიოგრაფიულიცაა, პირად დაკვირვებებზე ვსაუბრობ, იმ ბრძოლებზე, რაც ნებისმიერს შეიძლება ჰქონდეს საკუთარ­ თავთან, განსაკუთრებით, მძიმე სოციალურ, ფსიქოლოგიურ, სულიერ, მორალურ ფონზე. ჩვენთან ყოველთვის ებრძვიან განსხვავებულ აზრსა და შეხედულებებს­ და ამის გამო ადამიანებს წნეხში უწევთ ყოფნა - თუ მასას არ ჰგავხარ, ეს უკვე ნიშნავს, რომ შენ ხარ ცუდი და მიუღებელი. ამის გამო შეიძლება საკუთარი თავის მიუღებლობა გქონდეს - განსხვავებული ხარ, ისე არ აზროვნებ, როგორც სხვები და საკუთარ თავს ისჯი, აკრიტიკებ, მაგრამ საბოლოოდ ხვდები, რომ განსხვავებული აზრის მოსმენა სულაც არ არის ცუდი, პირიქით. ადამიანის მიმღებლობა უნდა შეგვეძლოს, ისეთის, როგორიც არის. სწორედ ამაზეა ჩემი წიგნი, რომელიც გარკვეულწილად საკუთარ თავთან ომს ეძღვნება, დეპრესიას, მასზე გამარჯვებას. გადავწყვიტე ის იმ ადამიანებისთვისაც დამეწერა, ვინც იმავე გზას გადის, რათა დავანახო, რომ მეც ვიდექი იმავე გზაზე, უბრალოდ, გადავწყვიტე, მოვრეოდი დაძაბულობას, სტრესს. ამ გამარჯვების სიმბოლოდ დაიწერა ეს წიგნი.

- რამ გიბიძგათ, საჯაროდ გესაუბრათ ამ თემებზე? რამ მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა თქვენზე, რის გამოც ასეთი სულიერი მდგომარეობა გქონდათ?

- პირდაპირ გეტყვით, პირველ რიგში­, ეკლესიამ. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი­ ეკლესია ჯერ კიდევ არ არის გამოსული­ საბჭოური მენტალიტეტიდან. როდესაც წიგნიერი, ინტელექტუალური ადამიანი ხარ და არა ფანატიკოსი, რელიგიაზე ჩამოკიდებული, ცდილობ იაზ­როვნო თავისუფლად და ამ დროს წმინდა წერილზე, სახარებაზე დაყრდნობით ხვდები, რომ შენ ღმერთი თავი­სუფალ აზროვნებას არ გიკრძალავს, პირიქით, იესო ქრისტე სწორედ იმისათვის­ მოვიდა, რომ ყველაზე მთავარი მისთვის ადამიანი და ადამიანური ურთიერთობები იყო. ღმერთმა ინდივიდებად ჩამოგვაყალიბა, უფალთან მისასვლელი თავისი გზა აქვს ყველას და თუ ერთის გზა მაცხოვნებელია, იგივე გზა სხვისთვის შეიძლება წარსაწყმედელი აღმოჩნდეს. ნებისმიერ ჩვენგანს ჩვენი გზით სიარული უნდა შეგვეძლოს, ამაში კი თუ ხელს არ შევუწყობთ ერთმანეთს, არ უნდა შევუშალოთ მაინც.

a9ce5591-9296-428c-9fa5-4293ac34358f-1706476318.jpg

- ახლა როგორია თქვენი გზა ტაძრამდე?

- ჩემი გზა კვლავ ფორმირების პროცესს გადის, კვლავ ძიებისაა, არასწორხაზოვანია, ბევრი შტრიხითა და წინააღმდეგობით აღსავსე, თუმცა ქრისტე მუდამ უცვლელია. ოღონდ ქრისტე მხოლოდ ეკლესიის წიაღში არ არის, ვისთვისაც ქრისტე მხოლოდ ეკლესიაშია, მისთვის ქრისტე არც ეკლესიაშია. ქრისტე არის გულში, ფიქრში, აზრში, გონებაში, ქმედებებში, ურთიერთობაში, დამოკიდებულებებში, ყველაფერშია, ის არც საწყისია, არც სასრული, ის მარადიულია! ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ძიების გზაა. თუ გადავწყვეტ, რომ ძიების გზა დავასრულე, მაშინ მკვდარი ვარ. ჩინური შეგონება გვეუბნება, არ გაბედო სიკვდილი, სანამ ცოცხალი ხარ... ჩემი გზა არ დასრულებულა, გრძელდება და არ ვიცი, სადამდე მიმიყვანს ან როდემდე გაგრძელდება, მაგრამ მე მზად ვარ, ამ გზას ვუერთგულო, რადგან ჩემი მთავარი ამოსავალი წერტილი სულის სიმშვიდეა, საკუთარ თავთან ჰარმონია და საკუთარ თავში ღმერთის აღმოჩენის პროცესი­ -­ ჩემთვის ესაა რელიგია, რიტუალები - ნაკლებად.

- ამჟამად როგორია თქვენი­ კავშირი საეკლესიო რიტუალებთან?­

- ყოველ კვირას ტაძარში ვწირავ, მყავს­ მრევლი და ვიბარებ აღსარებას, მაგრამ არ ვამბობ, რომ ეს ჩემი განაჩენი და საბოლოო გადაწყვეტილებაა. შეიძლება­ ერთ დღესაც ეს პროცესი დავასრულო და სხვა დავიწყო. ამაში კი შეიძლება იგულისხმებოდეს მონასტერში წასვლაც, ან პირიქით, საკუთარ თავში­ ჩაღრმავება და უფრო მდუმარედ ყოფნა, წიგნებსა და წმინდა წერილში უფრო მეტად ჩაღრმავება. რაც უფრო მეტად ვაანალიზებ სახარებას, მეტი პროტესტი მიჩნდება თანამედროვე ეკლესიის მიმართ, რადგან დიდ განსხვავებას ვხედავ - სადაც მეტია რიტუალური­ რელიგია, იქ ნაკლებადაა­ სულიერი ღმერთი. სულიერი ცხოვრება მხოლოდ სანთლის ანთება და აღსარების ჩაბარება არ არის, ეს საკუ­თარ თავზე დაკვირვებისა და გაზრდის პროცესია.

- როდესაც გადაწყვიტეთ გამხდარიყავით სასულიერო პირი, მაშინ რა შეგრძნებები გქონდათ და ახლა რა შეიცვალა?

- მაშინ იყო აბსოლუტური ფანატიზმი და ხიბლის მდგომარეობა, ასაკითაც პატარა ვიყავი და გამოცდილებაც ნაკლები მქონდა - გგონია, თუ ამ გზას დაადგები,­ იქ ყველაფერი იდეალურადაა, დავარცხნილი და დალაგებული, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს არის გზა, რომელიც ბრძოლის წინა პლანზეა გამოკვეთილი და იქ უფრო დიდი წინააღმდეგობებია, მეტ რამეს ხედავ, თურმე ყველაფერი ისე არ არის, როგორც გეჩვენებოდა, მაგრამ იცით, ამ ყველაფერში ყველაზე მთავარი რა არის? თავს გამოუტყდე, აღიარო და თავი არ მოიტყუო.

71685121-c3f8-4d74-b09b-42916d642525-1706476318.jpg

- რა არ მოგეწონათ?

- არ მომეწონა ის, რომ დიდი დოზით­ აგრესია და სიძულვილია დაგროვილი... ბევრჯერ შემხებია მსგავსი რამ და დიდი სტრესიც მქონია. არ მესმის, რატომ უნდა იყო აგრესიული იმ პიროვნების­ მიმართ, რომელსაც შენთვის არაფერი დაუშავებია, რეალურად არც იცნობ. ჩემი აზრით, აგრესიით იმ ადამიანის უპირატესობას, სიძლიერეს აღიარებ და როცა ვერ ერევი, ლანძღვაზე გადადიხარ. აგრესორს პასუხის ღირსად არ ვთვლი, ჩემი პასუხი უპასუხობა და დუმილია. უნდა დატოვო იქ, სადაც არის...

- პატრიარქთან თუ გქონიათ ამ თემებზე საუბარი?

- კი, რა თქმა უნდა, პატრიარქი იყო ერთ-ერთი, თუ ერთადერთი არა, ადამიანი ჩემს ცხოვრებაში, ვინც ბევრი სტრესი და დაბრკოლება გადამატანინა ეკლესიაში,­ ამისთვის მას საჯაროდ მადლობა მინდა გადავუხადო. რომ არა უწმინდესი, არ ვიცი, ჩემი ცხოვრება რა გზით წარიმართებოდა. ბევრი წინააღმდეგობა, დაძაბულობა იყო და იმ დროს არ მქონდა გამბედაობა მეღიარებინა, რომ ის გარემოება, რომელშიც ვიყავი, ჩემთვის კომფორტული არ იყო. რელიგია გვეუბნება, რაც უფრო მეტს დაითმენ, მეტად დაგაჯილდოებს უფალიო, მაგრამ ფსიქოლოგია პირიქით გვასწავლის - საკუთარ თავს არ დააძალო იქ ყოფნა, სადაც ითრგუნები და იტანჯები.

- არ გიფიქრიათ, ის გარემო დროულად რომ შეგეცვალათ?

- უკვე შევიცვალე, მაგრამ ადრე ამის სითამამე არ მქონდა. ხშირად ადამიანები საკუთარ თავს თავად ვაზარალებთ ჩვენი არასწორი ქმედებით, თუნდაც არჩევანით. მეგონა, თუ სასულიერო პირი ვიქნებოდი, ღმერთთან ვიქნებოდი და ეს ხომ ცალსახად არასწორი დამოკიდებულებაა? ვიღაც სხვა შეიძლება სულ არ იყოს სასულიერო პირი, მაგრამ ჩემზე ახლოს იყოს უფალთან.

b6de3a2b-e28b-4fb5-858d-6938f0c40bfb-1706476318.jpg

- თქვენს არჩევანს ხომ არ ნანობთ?

- არა, არც ერთ შემთხვევაში, არც ერთ ნაბიჯს არ ვნანობ, რადგან ყოველი ახალი ნაბიჯიდან მე ახალს ვიძენ, ვსწავლობ, ჩავთვალე, რომ ესეც გამოწვევა, გამოცდაა, რომელიც ღირსეულად უნდა ჩავაბარო. არა ვარ იმ ასაკის, რომ ვთქვა, მორჩა, ყველაფერი დასრულდა-მეთქი, პირიქით, ახლა გააზრებულად ვიწყებ საკუთარ თავში ღირებულებების გადაფასებას. ყოველდღიურად თუ არ იცვლები, გემოვნება თუ არ გეხვეწება, ვერასდროს გაიზრდები. მე უკვე ძალიან შემეცვალა გემოვნება, მუსიკის მიმართაც.

- რა ჟანრს უსმენთ?

- ამ ბოლო დროს ჩემთან უფრო ახლოს დგას აღმოსავლური მელოდიები, სამედიტაციოდ, მაგრამ ვუსმენ კორეულ მუსიკას, ჯაზს, ბლუზს, ქანთრის, პოპს, ელექტროსაც - დახვეწილს. ჩემი რჩეული ჯგუფები მყავს. ფოლკლორი მიყვარს, ქართული, აფრიკულიც, ბევრის მთქმელია; ასევე, ემიგრაციაში შექმნილი მუსიკა, ამით ირლანდიელები არიან გამორჩეულები - გულწრფელი და ნამდვილი. ეს ყველაფერი განწყობას მიქმნის, რომ არა მუსიკა, დაძაბული ვიქნებოდი. სიჩუმის მუსიკაც ძალიან მშველის, ვოლტერი ამბობს, პოეზია სულის მუსიკააო, ჰოდა, პოეზიაც მშველის. ოთახში რომ გამოვიკეტები, ხმამაღლა ვკითხულობ. ტერენტი გრანელის შემოქმედება ზეპირად ვიცი. მე ხომ ფილოლოგი ვარ და დისერტაცია გრანელზე დავიცავი. შემიძლია გათენებამდე ვიკითხო მისი ლექსები, ეს გარკვეულწილად თერაპიაა ჩემთვის. დღეს ისეთი დაძაბული ფონია ქვეყანაში, თუ ადამიანმა საკუთარ თავს თვითონ არ უშველა, ნუ დაელოდება, რომ სხვა უშველის. სულიერ, მორალურ გადარჩენაზე უნდა ვიზრუნოთ და მე ამ პროცესს ყოველდღიურად გავდივარ. ეს დაუსრულებელია. ამაში ყველა მეთოდს ვიყენებ, ძალიან მშველის იესოს ლოცვა; მოგზაურობა, რომელიც ჩემთვის ყველაზე დიდი თერაპიაა, არა მარტო უცხოეთში, საქართვველოშიც - ეკლესია-მონასტრების დათვალიერება, მათ შორის, მიტოვებულის, სადაც დიდი მადლი იგრძნობა.

- თქვენი მოგზაურობის ფოტოებს და თავისუფალ ჩაცმულობას არაერთგვაროვანი კომენტარები მოჰყვა სოციალურ ქსელში, უმეტესობა ძალიან გაკრიტიკებდათ... ამაზე რა რეაქცია გაქვთ? რას უპასუხებდით მათ?

- არაფერს, ალბათ, ისევ ფოტოებით ვუპასუხებდი. როდესაც ლამაზ ფოტოს დადებს ადამიანი, თუ კარგის თქმა არ შეგიძლია, ცუდი მაინც არ თქვა. ეს ნიჭია, შინაგანი კულტურაა, რომელიც ზოგში იმდენად მორღვეულია, რაღაზე უნდა ვილაპარაკო? არ მომწონს უკულტურო, უზრდელი და თავხედი ადამიანები. ვინც არ მომწონს და ურთიერთობა არ მსიამოვნებს, ლანძღვას არ ვუწყებ, უბრალოდ, მასთან არავითარი კომუნიკაცია არა მაქვს.

რა არის ცუდი იმაში, ლონდონის ლამაზი ხედების ფონზე ფოტოს რომ დაინახავ, თუნდაც სასულიერო პირისას, ანაფორის გარეშე. ესეც უწიგნურობის ბრალია, რჯულის კანონის თანახმად, თეთრ სამღვდელოებას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ანაფორის გარეშე სიარული არ ეკრძალება. სხვას ის აკრიტიკებს, ვისაც პირადი ცხოვრება არ გააჩნია. თორემ მე რა დამაკლდა? მთელი ინგლისი მოვიარე და საოცარი შთაბეჭდილებებით დავბრუნდი. ლონდონი იმდენად მომეწონა, თავი შინ ვიგრძენი, რადგან იმდენად ძლიერი ენერგეტიკული ველია, შემეხო და შინაგანად მომიხდა. თუმცა დიდი ხნით ვერსად ვიცხოვრებ, მე სულ მოძრაობაში უნდა ვიყო, უძრაობა მომაკვდინებელია, დაგუბებულ წყალში ბევრი ბაქტერიაა. ამიტომ არ უნდა დავგუბდეთ.

- აუზთან გადაღებულმა თქვენმა ვიდეომაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, ნეგატიური კომენტარების ზღვა მოდიოდა...

- ეგ ვიდეო ჩემმა ქალიშვილმა, მარიამმა გადაიღო, ტიკ-ტოკზე რომ დადო, მამასთან ერთად. ჩემი მეგობრის სახლში­ ვიყავი შვილებთან ერთად. იმ ღამესვე ერთი ამბავი ატყდა, რის გამოც მარიამმა ძალიან ინერვიულა, განიცადა, არ მეგონა, თუ ასეთი კრიტიკა მოჰყვებოდაო. ის სხვა თაობაა. სისულელეა ამის გამო ადამიანის ლანძღვა, უამრავი ეპისკოპოსი ვიცი, რომელიც აუზზე დადის. რასაც ფანატიკოსები ეკლესიის დაცვას უწოდებენ, ზუსტად იმ ადამიანებისგანაა ეკლესია დასაცავი. სწორედ ასეთებმა შეაძულეს პროგრესულ ადამიანებს ეკლესიაში მოსვლა, ასეთმა აგრესიამ, ბოღმამ, შურმა, სიძულვილმა, დაბღვერილმა გამოხედვამ, შეწუხებული სახით სიარულმა, რასაც ისინი სულიერებას უწოდებენ. ეს ფარისევლობაა, სიყალბე. ქრისტე არის თავისუფლება, ბედნიერება, სიყვარული და ვისშიც ქრისტესმიერი სიხარული არ არის და მართლმადიდებლობას იბრალებს, ანტიქრისტეზე უარესია.

- თქვენს შვილებს რა რეაქცია აქვთ, როცა გაკრიტიკებენ?

- მარიამი ხშირად მეტყვის ხოლმე, საერთოდ წამოდი ეკლესიიდანო. გახსოვთ, ალბათ, თავის დროზე მასზეც როგორი ბულინგი წამოვიდა, როცა 13 წლის ბავშვი ტუნიკით იდგა წყალში. საშინელ გარემოში ვცხოვრობთ... ეს ხომ არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ მოხდება. დიდი იმედი მაქვს, რომ სწორი და ჯანსაღი ბრძოლა ნაყოფს გამოიღებს. ყველა­ დროს თავისი მოთხოვნილებები აქვს და დადგება დრო, როცა ასეთ თემებზე საუბრის მოთხოვნილება აღარ იქნება. ჩემი შვილები მოზრდილები, ჩამოყალიბებულები არიან და საკუთარი აზრი აქვთ. იმედია, სწორედ ეს თაობა შეცვლის ჩვენი ქვეყნის მომავალს.

გულახდილად რომ გითხრათ, ამ ბოლო დროს ძალიან დავითრგუნე, 2024 წელი დადგა და ჩვენ კვლავ სტალინზე ვსაუბრობთ... ეს ერის, ჩვენი ღირსეული წინაპრების შეურაცხყოფაა. მოღალატეს მოღალატე უნდა ეწოდოს და გმირს - გმირი. დრო ყველაზე დაუნდობელი კრიტიკოსია და ყველას საკადრის პასუხს გასცემს. სტალინს რომ ყველაფერი ეპატიოს, 1937 წლის რეპრესიებს არ ვაპატიებ! მიხეილ ჯავახიშვილს, პაოლო იაშვილის თვითმკვლელობას, ტიციანის საფლავის არარსებობას ვერ ვაპატიებ! შესაბამისად, მე აუცილებლად გამიჩნდება აგრესია, ხატზე სტალინი იყოს გამოსახული! ღირებულებების აღრევა ხდება და სანამ ეს არ დალაგდება, ქვეყნის განვითარებაზე საუბარიც ზედმეტია, ართუ დიდი ევროპული ოჯახის წევრობაზე.

- თქვენ რა ღირებულებები გაქვთ ოჯახში? რას ასწავლით თქვენს შვილებს?

- პირველ რიგში, ადამიანობას, განსხვავებულის მიღებას, მათთვის მიუღებელ ადამიანებსაც აქვთ არსებობის უფლება­ და ეს უფლებები არ უნდა დაარღვიონ. ქრისტე არ კრძალავს ამას, რადგან მისთვის ყველა ძვირფასია, ყველაზე მეტად კი ის ადამიანია ძვირფასი, ვინც ცოდვაშია, მაგრამ მონანულია. ამის კლასიკური ნიმუში თავად სახარებაა - პირველი ავაზაკი შეიყვანა სამოთხეში და აცხოვნა. ამიტომ ჩვენ ნურასდროს ნურავის გადავუწურავთ­ იმედს ცხონების გზაზე, რადგან არ ვიცით, ვინ როგორ ცხონდება. ნებისმიერ ადამიანს აქვს გადარჩენის შანსი, ოღონდ ეს შანსი ერთმანეთს აუცილებლად უნდა დავუტოვოთ.

mama-petre-1706595710.jpg

- როგორია თქვენი ყოველდღიურობა?

- 20 წიგნის ავტორი ვარ, ჩემი უამრავი ლექსი იმღერება და ბედნიერი ვარ. სათქმელს ყოველთვის პოეზიით გამოვხატავ. ჩემი დილა ძალიან ადრე იწყება - 6-7 საათიდან. ვლოცულობ, როგორც შემიძლია. ცოტას ვვარჯიშობ. მუსიკას ჩავრთავ, ყავას ვადუღებ, ვმედიტირებ; დღეში 1-2 საინტერესო ფილმი მაინც უნდა ვნახო, თუ სახლში ვარ. მომწონს დრამა, მელოდრამა, დეტექტივი, ავტობიოგრაფიული, ფსიქოლოგიური ჟანრი. მყავს გამორჩეული მსახიობები და რეჟისორები. მერე ვიწყებ კითხვას. ვირუსები ძალიან რთულად გადამაქვს ხოლმე და ხალხმრავლობას ვერიდები. ყველა ჟანრის წიგნს ვკითხულობ, ამ ბოლო დროს უფრო აღმოსავლურ ფილოსოფიას, სიბრძნეს, ფსიქოლოგიას, ეზოტერიკას, ასტროლოგიას, ასტრონომიას, რელიგიების ისტორიას და ა.შ., იშვიათად თანამედროვე რომანებს, მხატვრულ ლიტერატურას, რადგან მე მაინც ძველი კლასიკოსები უფრო მომწონს - ფიოდორ დოსტოევსკი,­ ჰერმან ჰესე, თომას მანი, უილიამ ფოლკნერი, დენი დიდრო, ჟან ჟაკ რუსო, დანტე ალიგიერი... ხშირად ვუბრუნდები ანტიკური ხანის ლიტერატურასა და ფილოსოფიას. ჯერ კიდევ მაშინ, ჰომეროსის დროს, როგორი პოეზია იქმნებოდა! იმდენად ღრმად­ ვარ ამ ყველაფერში ჩაფლული, რომ ვიღაც ერთუჯრედიანი­ ამება რას იტყვის ჩემზე, რატომ უნდა მაინტერესებდეს? როგორ ფიქრობთ, მათ საუბარს ჩემზე გავლენა რომ ჰქონდეს, იმ ფოტოებს დავდებდი? ვინმე დამაძალებდა? ეს იმდენად ჩემი სამყაროა, ვისაც არ მოსწონს, წავიდეს. მე არავის სამყაროში არ ვიხედები. მე რომ ვინმეთი დავინტერესდე, ის ჩემზე მაგარი უნდა იყოს და მინდა გითხრათ, რომ ასეთი იშვიათად შემხვედრია.

- რა არის თქვენთვის სიკეთე?

- სიკეთე უანგარობაა. ჩემს მეზობლად სოფელში ერთი ქალი მარტო ცხოვრობს, შეიძლება დღე ისე გავიდეს, თავისთვის სადილი არ გაამზადოს, მაგრამ თუკი ვინმემ რაიმე მიუკითხა, მთელ სამეზობლოს გაუნაწილებს ისე, რომ თავისთვის შეიძლება არც დაიტოვოს. აი, ეს არის სიკეთე.

- სიყვარული?

- სიყვარულია ის, რომ არ ვითხოვდე იმავეს, როცა მე ვინმე მიყვარს. მიყვარდეს უპირობოდ, უმიზეზოდ, მოთხოვნების გარეშე და თუკი მე მისგან იმავე სიყვარულს ველოდები, ეს აღებმიცემობაა, სიყვარულს კი ვაჭრობა არ უხდება. შეუძლებელია უფრო დიდი რამ მიიღო ცხოვრებისგან, ვიდრე სიყვარულის ნიჭია. სიყვარულს სამაგიერობა არ უხდება.

- ორმხრივობა ხომ უხდება?

- ნებისმიერი კეთილი ადამიანის არჩევანია, შეძლოს სიყვარული, არა აქვს მნიშვნელობა, ის როგორი იქნება. სიყვარული თავად სიკეთეა. შესაბამისად, ის ჩარჩოში არ უნდა ჩავსვათ და სტატუსი არ უნდა მივანიჭოთ. სტატუსი კლავს სიყვარულს და ვალდებულებაში გადადის.

- თქვენ თუ ხართ შეყვარებული?

- მე მუდმივად შეყვარებული ვარ. მე რომ შეყვარებული არ ვიყო ღმერთზე, წირვაზე, ამ პროცესზე, როგორ გგონიათ, აქ გავჩერდებოდი? ჩემი ქვეყანა და გარემოება ყველა პირობას მიქმნის იმისათვის, რომ ავდგე და აქედან წავიდე. ჩემი პორტფოლიოთი ნებისმიერი ქვეყანა მიმიღებს. ვიღაცები ხელოვნურად ეძებენ მიზეზებს, რომ ჩაჰბარდნენ, მე ამის ძიება არ მჭირდება, დღეს უკვე ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე ვიქნებოდი, მაგრამ ეს არ არის ჩემი არჩევანი.­ ჩემი არჩევანი სიყვარულია. მე მიყვარს ქრისტე, წირვაზე დგომა. ამიტომ, რაც მიყვარს, ვერ ვუღალატებ. მე თუ ის დავთმე, რაც ჩემთვის ყველაზე ძვირფასია, სადაც არ უნდა ვიყო და როგორც არ უნდა ვიყო, მაინც არ ვიქნები კარგად.