ყველაფერი ბინადრობის უფლებისა და საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ
იურისტი, საადვოკატო ფირმის დამფუძნებელი პარტნიორი, თსუ-ს სისხლის სამართლის დოქტორანტი გვანცა გურგენიძე ჩვენი მკითხველის კითხვებს უპასუხებს:
- ჩემი მეგობარი უცხოელია და სურს საქართველოში მიიღოს ბინადრობის უფლება, როგორ შეიძლება ამის მოპოვება და ხომ არ არის ასევე შესაძლებელი საქართველოს მოქალაქეობის მიღება?
- საქართველოში გაიცემა ბინადრობის უფლება როგორც დროებითი, ისე მუდმივი ცხოვრების უფლებით. მუდმივი ბინადრობის ნებართვა შეიძლება გაიცეს საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილზე, საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის მშობელზე. აგრეთვე უცხოელზე, რომელმაც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე იცხოვრა ბოლო 10 წლის განმავლობაში, მუდმივი ცხოვრების უფლებით ბინადრობის უფლება შეიძლება გაიცეს. გაიცემა ასევე 300.000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ოდენობის ინვესტიციის საფუძველზე გაცემული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე იმ უცხოელზე, დამატებითი პირობების არსებობის შემთხვევაში. თავის მხრივ, საქართველოში დროებითი ცხოვრების უფლების მიზნით შესაძლოა გაიცეს შრომითი ბინადრობის ნებართვა, სასწავლო ბინადრობის ნებართვა, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა, სპეციალური ბინადრობის ნებართვა და ა.შ.
რაც შეეხება მოქალაქეობის მინიჭების საკითხს, ამისათვის ერთ-ერთი ძირითადი პირობაა საქართველოში უწყვეტად ცხოვრება, რისი ვადაც არ უნდა იყოს 10 ან 5 წელზე ნაკლები. ვინაიდან საქართველოში სტატუსის შეძენის საკითხი ხასიათდება მრავალფეროვნებით და აქვს არაერთი საფუძველი, თუ კონკრეტულად რომელი საფუძვლით ჯობს მიმართვა, უნდა გადაწყდეს ადვოკატთან კონსულტაციის გზით, თქვენი მეგობრის ინდივიდუალური შემთხვევის შესწავლის საფუძველზე.
- ჩემი ნათესავი აფხაზეთიდან დევნილია. ომის შემდეგ ცოტა ხანს ცხოვრობდა საქართველოში, მერე შვილებთან ერთად რუსეთში წავიდა. წლებია იქ ცხოვრობენ და აქვთ რუსეთის მოქალაქეობა. საქართველოში არ უსარგებლიათ დევნილის სტატუსით და არანაირი დახმარება არ აუღიათ. ახლა ოჯახს უნდა საქართველოში დაბრუნება, მაგრამ რადგან არასოდეს არ აუღიათ ქართული პასპორტი, მათ სთხოვენ სამი გამოცდის ჩაბარებას, როგორც ამას ითხოვენ უცხოელებისგან. ხომ არ არის შესაძლებელი რაიმე შეღავათით ისარგებლონ და გამოცდების გარეშე, ან თუნდაც მხოლოდ ერთი გამოცდით, როგორც ახლა აბარებს ზოგიერთი, მათაც ჩააბარონ ქართულის გამოცდა. როგორც ვიცი, წლის ბოლომდე არის პრეზიდენტის ბრძანება გამოცემული და მხოლოდ ქართულის გამოცდა საკმარისია, რატომ არ შეიძლება მათაც ამ შეღავათით ისარგებლონ? ისინი ხომ საქართველოში დაბადებულები არიან და ომიდან გამომდინარე, მოუწიათ ქვეყნიდან წასვლამ.
- პირმა, რომელსაც არა აქვს საქართველოს მოქალაქეობა, ის შეიძლება მოიპოვოს ნატურალიზაციის გზით. დასახელებულის სახეებია საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება ჩვეულებრივი წესით, გამარტივებული წესით, საგამონაკლისო წესითა და მოქალაქეობის აღდგენის გზით.
საკითხის კომპლექსურობიდან გამომდინარე, მოქალაქეობის მინიჭების მართებული სტრატეგიის განსაზღვრა უნდა მოხდეს ადვოკატის ჩართულობით. თუმცა კითხვაში მოყვანილი გარემოებების გათვალისწინებით, შესაძლებელია კონკრეტული პირისათვის მოქალაქეობის მინიჭების გზა იყოს საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება. კერძოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიენიჭოს საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, თუ აღნიშნულ პირს საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება ან რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან. დასახელებულს აფასებს მოქალაქეობის საკითხთა კომისია, რომელმაც შეიძლება მხედველობაში მიიღოს, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქე საქართველოს სამშობლოდ მიიჩნევს, ის ან მისი წინაპარი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ან აღნიშნული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული, ან სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით, ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირია. თუმცა ხაზგასასმელია, რომ საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისთვის, გარდა კანონით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა, სრულწლოვანმა დაინტერესებულმა პირმა დადგენილ ფარგლებში უნდა იცოდეს საქართველოს სახელმწიფო ენა, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლები.
- მოგესალმებით, ვარ ემიგრაციაში რამდენიმე წელია და მინდა მეუღლესთან ოფიციალურად განქორწინება, შემიძლია თუ არა ეს ჩამოსვლის გარეშე გავაფორმო?
- დიახ, განქორწინების რეგისტრაცია შესაძლებელია დისტანციურად, ქვეყანაში ჩამოსვლის გარეშე. ამისათვის დაგჭირდებათ, რომ თქვენ მიერ შერჩეულ პირს მისცეთ მინდობილობა და მიანიჭოთ უფლება, თქვენს მაგივრად განაცხადოს თანხმობა განქორწინებაზე. თუ ხართ საქართველოს მოქალაქე, მსგავსი ტიპის მინდობილობის გაცემა შეგიძლიათ ონლაინმომსახურების გზით, ნოტარიუსის დახმარებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მინდობილობა უნდა გააფორმოთ იმ ქვეყანაში, სადაც იმყოფებით და შესაბამისი დამოწმებული სახით გამოგზავნოთ საქართველოში. დამატებით გაცნობებთ, რომ თუ განქორწინებაზე თანახმაა ორივე მხარე, აღნიშნულის დასარეგისტრირებლად შეგიძლიათ მიმართოთ იუსტიციის სახლს, თუმცა თუ თქვენი ამჟამინდელი მეუღლე წინააღმდეგია, მოგიწევთ სასამართლო წესით დავა. დასახელებული ასევე შესაძლებელია დისტანციურად, თქვენ მიერ შერჩეული წარმომადგენლის მონაწილეობით.
- გამარჯობა, ვარ საზღვარგარეთ. ქორწინებაში ვარ უცხო ქვეყნის მოქალაქესთან, რომელთანაც ქორწინება გაფორმდა საქართველოში და მოვაწერეთ ხელი. ამჟამად არ ვცხოვრობთ ერთად და მინდა განქორწინება. მასთან კონტაქტი არა მაქვს, ვერ ვუკავშირდები. როგორ გავაუქმო განქორწინება?
- კითხვის შინაარსიდან ბუნდოვანია, ქორწინება გაფორმდა მხოლოდ საქართველოში თუ ასევე საზღვარგარეთ. მიუხედავად აღნიშნულისა, ვინაიდან ვერ ხერხდება განქორწინება შეთანხმებით, უნდა მიმართოთ სასამართლოს. სასამართლოსათვის მიმართვა შესაძლებელია როგორც პირადად, ისე წარმომადგენლის მეშვეობით, საქართველოში ჩამოსვლის გარეშე.
- მაქვს მინდობილობა, რომელიც არის უცხო ქვეყანაში აღებული და იქიდან გამოგზავნილი. ვაპირებ ბინის ყიდვას იმ პირისთვის, ვინც გამომიგზავნა მინდობილობა. რეესტრში მეუბნებიან, რომ წესები შეიცვალა, უნდა მივმართო ნოტარიუსს და იქ გავაფორმო ყიდვა-გაყიდვის შეთანხმება. ნოტარიუსი ამაში დამატებით ანაზღაურებას ითხოვს. იქნებ განმიმარტოთ, რა შეიცვალა კანონში და როგორ მოვიქცე, რომ დამატებით ხარჯს თავი ავარიდო?
- დიახ, 2023 წლის ოქტომბერში კანონში ცვლილებების თანახმად, ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმებას ექვემდებარება ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთესთან დაკავშირებული წერილობითი ფორმის როგორც ცალმხრივი, ისე ორმხრივი და მრავალმხრივი კერძო სამართლებრივი გარიგებები, გარდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის, ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) მონაწილეობით დადებული გარიგების, მინდობილობის, უცხო ქვეყანაში გაცემული მინდობილობის საფუძველზე დადებული გარიგების, ანდერძის, სამისდღეშიო რჩენისა და საქორწინო ხელშეკრულების, აგრეთვე, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გარიგებებისა, რომლებზეც მხარეთა ხელმოწერები უნდა დამოწმდეს/დადასტურდეს მხოლოდ სანოტარო წესით. შესაბამისად, უცხო ქვეყანაში გაცემული მინდობილობის საფუძველზე დადებული გარიგების შემთხვევაში (კითხვის მიზნებისათვის ნასყიდობის ხელშეკრულება), მხარეთა ხელმოწერები უნდა დამოწმდეს/დადასტურდეს სანოტარო წესით.
- ვყიდულობდი ბინას, შევარჩიე სასურველი ვარიანტი და ბინის მეპატრონეს დავუტოვე "ბე" 1000 დოლარი, დათქმულ დროს მივედი თანხით, მაგრამ მეპატრონემ დადებული პირობა დამირღვია, როგორც ჩანს, იშოვა უფრო ძვირიანი კლიენტი და უკან დამიბრუნა ჩემი "ბე". ასეთ დროს გამყიდველს რაიმე ვალდებულება არ ეკისრება? ბანკიდან გამოვიტანე სესხი და გამოდის, ვერ ვყიდულობ ბინას.
- "ბე" არის თანხა, რომელსაც ხელშეკრულების ერთი მხარე აძლევს მეორე მხარეს და ამით დასტურდება ხელშეკრულების დადების ფაქტი. ზოგადად, როდესაც ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეულია ბინის მესაკუთრის ბრალეული მოქმედებით, მან "ბე" უკან უნდა დააბრუნოს ორმაგად. ამასთან, "ბეს" მიმცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. თუმცა მოცემულ შემთხვევაში, კითხვიდან არ ჩანს, იყო თუ არა "ბე" სათანადო ფორმით რეგისტრირებული უძრავ ნივთზე. ხაზგასასმელია, რომ უძრავ ნივთზე "ბეს" რეგისტრირება უნდა მოხდეს საჯარო რეესტრში. ზეპირად დადებული შეთანხმება შესაბამის შედეგებს ვერ გამოიწვევს.
- როგორ შევძლებ უკანონო მიშენების დარეგისტრირებას? ვის მივმართო და რა დოკუმენტები დამჭირდება?
- იმ შემთხვევაში, თუ დასახელებული მიშენება გაკეთდა 2007 წლის 1-ლ იანვრამდე, შეგიძლიათ აღნიშნულის დარეგისტრირება, ე.წ. ლეგალიზება. დასახელებულ საკითხთან დაკავშირებით წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხა შეგიძლიათ იხილოთ "უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების წესისა და პირობების, აგრეთვე 2007 წლის 1-ლ იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი ობიექტის დასრულების ვადის და მისი ლეგალიზების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 მარტის №153 დადგენილება. ასევე, წარსადგენ დოკუმენტთა ჩამონათვალი მოცემულია სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ელექტრონულ ვებგვერდზე tas.ge. ( კერძოდ, tas.ge/?p=services&menuItemId=7103).
- გამარჯობა. შეიძლება თუ არა მცირეწლოვანს ვაჩუქო კუთვნილი ქონება. რა უნდა გავაკეთო, რომ ბავშის ქონებას შემდეგ ვერავინ შეეხოს და ვერ გაუყიდოს?
- დიახ, არასრულწლოვანი პირი შესაძლოა იყოს უძრავი ქონების მესაკუთრე. დასახელებული ქონების შემდგომი განკარგვის უფლება შეზღუდულია პირის სრულწლოვანებამდე. კანონით გათვალისწინებული შეზღუდვის თანახმად, სანამ პირი გახდება 18 წლის, დასახელებული ქონების განკარგვა, მაგალითად, გასხვისება, შესაძლებელია მხოლოდ სასამართლოს ნებართვით. კერძოდ, ბავშვის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის და 1000 ლარზე მეტი ღირებულების მოძრავი ნივთის მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე.
- ვარ მეუღლესთან განქორწინებული. ბავშვი ჩემთან იზრდება. ჩემს შვილს აქვს თუ არა უფლება მოითხოვოს მამის ოჯახიდან წილი, როცა ქონება ჩემი ყოფილი ქმრის მამის სახელზეა?
- მოცემულ შემთხვევაში თავდაპირველად უნდა აღვნიშნოთ, რომ მემკვიდრეობის უფლება რელევანტურია მხოლოდ პირის გარდაცვალების შემდეგ. ნებისმიერ პირს სიცოცხლეში შეუძლია თავისი ქონება განკარგოს სურვილისამებრ, მაგალითად, გაყიდოს ან გააჩუქოს. შესაბამისად, ბავშვის ბაბუის ქონება ბაბუის სიცოცხლეში ეკუთვნის მხოლოდ თავად მას. ბაბუის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობის საკითხი გადაწყდება იმის მიხედვით, სახეზე იქნება კანონისმიერი თუ ანდერძისმიერი მემკვიდრეობა. ამ დროს, სტანდარტულ შემთხვევებში, მემკვიდრეობის მიღების უფლება წარმოეშობა თქვენს ყოფილ ქმარს, როგორც მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრეს და არა თქვენს შვილს.
- მაქვს სახლი და მიწის ნაკვეთები და მინდა ჩემი ქონება ჩემს სიცოცხლეში ჩუქების ხელშეკრულებით ან ანდერძით გავუფორმო ჩემს ქალიშვილს და ჩემი გარდაცვლილი ვაჟიშვილის შვილს, ჩემს შვილიშვილს. კიდევ მყავს მეორე ვაჟი, რომელსაც არ ვუტოვებ არაფერს. როგორ მოვიქცე, რომელ გზას მირჩევთ?
- თქვენი ქონების განკარგვა თქვენს სიცოცხლეში დამოკიდებულია თქვენს სურვილზე. შესაბამისად, ქონების გაჩუქება შეგიძლიათ დაუბრკოლებლად. რაც შეეხება ანდერძით მემკვიდრეობას, გაცნობებთ, რომ მამკვიდრებლის შვილებს, მშობლებსა და მეუღლეს, ანდერძის შინაარსის მიუხედავად, ეკუთვნით სავალდებულო წილი, რომელიც უნდა იყოს იმ წილის ნახევარი, რაც თითოეულ მათგანს კანონით მემკვიდრეობის დროს ერგებოდა (სავალდებულო წილი). თუ თქვენი მეორე ვაჟისათვის სასამართლო წესით არა გაქვთ სავალდებულო წილის უფლება ჩამორთმეული, ანდერძით მემკვიდრეობის შემთხვევაში, ის მაინც მიიღებს მემკვიდრეობის ნაწილს.