„ასე მგონია, წინა ცხოვრებაში მეც ცხოველი ვიყავი...“ - კვირის პალიტრა

„ასე მგონია, წინა ცხოვრებაში მეც ცხოველი ვიყავი...“

"ოცნება მქონდა, რომელიც აუსრულებელი დამრჩა - მინდოდა მოგზაური ბუნებისმეტყველი გამოვსულიყავი. როდესაც ამაზე ფიქრი შემეძლო, საზღვრები ჩაკეტილი იყო, იოლად ვერ წახვიდოდი აფრიკაში, სამხრეთ ამერიკაში, ავსტრალიაში, ცხოველთა სამყაროს ვერ ნახავდი. კიდევ მინდოდა ვყოფილიყავი ზოოპარკის დირექტორი, ოღონდ გალიებში კი არა, ცხოველები­ ბუნებრივ ნაკრძალში მყოლოდა გაშვებული. ეს ბედნიერება იქნებოდა, მაგრამ ამ ოცნებას ვეღარც ავისრულებ", - მეუბნება ცნობილი ადვოკატი ციცინო ცხვედიანი, რომელიც პროფესიის გარდა, ცხოველების შესაშური სიყვარულითაა შეპყრობილი.

"რა გადაავსე სახლი ძაღლებით..."

- აბსოლუტურად ყველანაირი ცხოველი მიყვარს, ხვლიკი და გველიც კი და არც მეშინია მათი. ძაღლების შიში საერთოდ­ არა მაქვს, რაც არ უნდა აგრესიული და დიდი იყოს, მაგრამ პიტბულსა და როტვეილერს არასდროს გავეკარები, რადგან სხვა ფსიქიკის ჯიშია, ძველი დროიდან­ სპეციალურად გამოყვანილი და ადამიანებზე დაგეშილი. რამდენიმე წლის წინ ყორა­ნქედის მამათა მონასტერში მომიწია ყოფნამ. ერთი დიდი ნაგაზი ჰყავდათ დაბმული და გამაფრთხილეს, ისეთი ავია, ერთი მოძღვრის და მორჩილის გარდა, ვერავინ ეკარება, ღამ­ღამობით ვუშვებთ და მაშინ გარეთ არავინ გამოდისო. ავდექი და მივედი ამ ძაღლთან, ლორდი ერქვა, მეთამაშა, წამოსვლა რომ დავაპირე, ხელზე პირი ჩამავლო, არ მიშვებდა, ყველანი გაოცებული­ მიყურებდნენ. წინამძღვა­რმა მითხრა, რას წარმოვიდგენდი, ასეთ ძაღლთან ვინმე თუ მივიდოდა უშიშრადო. ვფიქრობ, ძაღლები გრძნობენ, ძალიან რომ მიყვარს და არ მერჩიან.

ბავშვობაში არ მახსენდება ქუჩაში ამდენი უპატრონო ძაღლი. სადაც ცხოველს დავინახავ, ამ დაუცველ არსებებს გულგრილად ვერ ჩავუვლი, ვაჭმევ, ვეფერები, ვაბინავებ, სანდო ადამიანს ვაბარებ ან სახლში მიმყავს. აეროპორტის დასახლებაში ვცხოვრობთ და უბანში რაც კი ძაღლი გამოივ­ლის, ყველას ვკვებავთ. ჩემს ქალიშვილს ჩემსავით უყვარს ცხოველები, დანარჩენებს რომ ჰკითხო, არ უყვართ, კი მეჩხუბებიან და მებუზღუნებიან, მაგრამ ეცოდებათ და არანაკლებ ზრუნავენ მათზე. ზურას (მეუღლე, ადვოკატი ზურაბ როსტიაშვილი) რომ უნახავს ძაღლს რაღაც უჭირს, ექიმთან­ წაიყვა­ნეთო, გვეუბნება, არადა, თითქოს სულ წუწუნებს, რა გადაავსე სახლი ძაღლებით, აქ არ იცხოვრებაო. სინამდვილეში, თვითონაც ეცოდება, ზრუნავს მათზე და საკვებსაც ყიდულობს. ახლა 4 ძაღლი (კოკერსპანიელი შელი, სამი კი გაურკვეველი ჯიშის) და სამი კატა (შავი, წითური და მეინკუნის ჯიშის ფოცხვერივით კატა) მშვენივრად ეწყობიან ერთმანეთს. ყოფილა პერიოდი, შინ 7 ძაღლიც გვყოლია.

420110782-1419753492263547-6429657338784513469-n-1706477621.jpg

"წასულებში მეც მიმათვალეს..."

ერთი ლეკვი შემოგვეზარდა, თავისით მოსული, ფიზიკურად დიდი იყო, კარგი ჯიშების ნაჯვარი. ბავშვებმა ბისი დაარქვეს და მათთან ერთად გაიზარდნენ, დამალობანა-დაჭერობანას თამაშობდნენ, ხან ქვიშაში ჩაფლავდნენ ყელამდე, ძაღლი მათ ემორჩილებოდა, ბავშვებს რომ უხაროდათ, მასაც უხაროდა... ყოფილა პერიოდი, როცა შინ არ გვყოლია ძაღლი, მაგრამ გარეთ ყველა­ ჩემი ძაღლი იყო, ბევრს ვპატრონობდი. ვიპოვეთ ტერიერი ბაჯო, უცელქესი, სადღაც გაეჩხირა ფეხი, წიოდა და კიოდა, ერთი კლიენტი ტრავმატოლოგი ქალი მყავდა და ღამის 3 საათზე მივუყვანე ტრავმატოლოგიურში. მთელი განყოფილება ფეხზე დადგა, მაია ექიმის ადვოკატის ძაღლმა ფეხი მოიტეხაო. ლეკვს ყველა გამოკვლევა-პროცედურა ჩაუტარეს, რასაც ადამიანს უკეთებენ, ფეხი თაბაშირში ჩაუსვეს და გამოგვატანეს. მაშინ იშვიათი­ იყო ცხოველების დახმარება და პერსონალი იქით მიხდიდა მადლობას, როგორი კარგი ხალხი ყოფილხართ, საწყალი ლეკვი რომ შეიცოდეთო. ბაჯო გამოჯანმრთელდა, სახლი მოვუწყვეთ, ბისისთან ერთად იყო და ლეკვებიც გააჩინა. დროთა განმავლობაში ორივე გამოგვეცალა ხელიდან. მათთან ერთი ფოტო მაქვს გადაღებული, ჩემმა ქალიშვილმა ფეისბუკში დადო და დაასათაურა: "ცხონებული ბისი, ბაჯო და დედაჩემი". ამაზე ძალიან ვიცინეთ, წასულებში მეც რომ მიმათვალა.

მერე იყო ჯესიკა - ბოქსიორი, რომელიც უფროს ქალიშვილს ვუყიდეთ. ამაზე უკეთესი ზნის ძაღლი არ მეგულება, შეგიძლია ბავშვებთან მარტო დატოვო და იყო იმედიანად. ამ ძაღლს შეუძლია პატრონის გულისთვის კამეჩსაც შეებრძოლოს და სპილოსაც. სულ მაინტერესებდა, რატომ ერქვა ბოქსიორი და მერე მივხვდი, როცა ამ უშიშარი 6 თვის ძაღლის ბრძოლა ვნახე მასზე ბევრად დიდ ქუჩის ძაღლთან (ნაცნობი ქუჩის ძაღლი დაიცვა უზარმაზარი უცხო ძაღლისგან), ფილმში მეგონა თავი - გაქანებული ძაღლი 3 მეტრის დაშორებით ჯერ შეყოვნდა, ჩაიმუხლა, ძალას კონცენტრირება გაუკეთა, მერე ეცა ამ უზარმაზარ ძაღლს და ისეთი ძალით დაარტყა მკერდში თათები, გადააყირავა. ჯესიკას კანის­ დაავადება გაუჩნდა და ვერ გადავარჩინეთ. მერე კარგა ხანს არ გვყოლია ძაღლი და ახლობელმა გვაჩუქა კოკერსპანიელი ენცო, რომელიც შელის მამაა. ენცოც გადარეული იყო, შინ ვერ ვაჩერებდით, ტრასის გადაღმა შეყვარებული გაუჩენია­ და იმას სტუმრობდა­ ხოლმე. ერთხელაც ტრაგიკულად დასრულდა მისი სტუმრობა - ტრასაზე მანქანამ გაიტანა. ძლივს გადავიტანეთ ეს ამბავი... აღმოჩნდა, რომ ენცოს ქალბატონი მაკედ ყოფილა­ და გადავწყვიტეთ მისი შვილი წამოგვეყვანა. შელი გიჟია და გადარეული, ამავე დროს, ჭკვიანი გოგოა და მოფერებაზე გიჟდება. ის ჩემი ქალიშვილის გოგოა, სულ თან დაჰყვება, ნუგბარაც ადვოკატია და პროცესები როცა აქვს, შელი მანქანაში ელოდება ხოლმე.

"ვარკეთილელი მიაც ვიშვილეთ"

- დიდი ეზო გვაქვს, სადაც შუააზიური­ ნაგაზი ალაბაი და კიდევ რამდენიმე ძაღლი გვყავს შეფარებული. უბანში, რაც კი მიუსაფარი ძაღლი გამოჩენილა, თითქმის ყველაზე ვზრუნავთ. ყველანი აცრილები არიან და პერიოდულად ჭიაზე ვამუშავებთ. ვარკეთილელი მია შემთხვევით შემოგვრჩა­ - "ფეისბუკში" დაწერეს, ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობს პატარა ძაღლი, რომელსაც მანქანამ დაარტყა და ფეხები ჰქონდა დამტვრეული, ითხოვდნენ, ვინმეს­ 1 თვით შეეფარებინა, ვიდრე გაივლიდა. წამოვიყვანეთ, ვუმკურნალეთ, ფეხზე დავაყენეთ და დადგა დრო, იმ უბანში ჩამოგვესვა (იმ დროს ბევრი ძაღლი გვყავდა). ერთხელაც იმ ადგილას გავიარეთ და ზურას ვუთხარი, აქ უნდა დავაბრუნოთ მია-მეთქი. შეიცხადა, რაო? აქ ხომ ისევ მანქანა დაარტყამს და მოკვდებაო. მერე თქვა, ნეტავ ვის აწუხებს, ერთი მოცუცქნული ძაღლია და ჩვენთან დარჩესო. დავიტოვეთ მია, რომელმაც ჩვენს ეზოში რამდენიმე წელი იცხოვრა.

415148306-394291139803811-8807757131498741636-n-1706477621.jpg

მგელო და საადვოკატოს ჯუსტინა

- პანდემიის დროს უბანში გამოჩნდა უცნაური მგლისფერი ძაღლი, უხეში ბეწვით,­ კარგი აღნაგობის და სახეზე წვერებით. უბანში დადიოდა და რადგან ვაჭმევდით, მოგვეკედლა, ჩვენს ავტოფარეხში იძინებდა ხოლმე. ზაფხული იყო, დავბანეთ­, გავაშრეთ და როგორიც დაბანამდე იყო, ისევ ისეთი გახდა. თურმე ასეთი ყოფილა­. შეფერილობისა და იერის გამო მგელო დავარქვით. ასეთი ზრდილი, ჭკვიანი ძაღლი მე არ ვიცი, მისი ყეფა არ გაგვიგონია.­ მერე შევამჩნიეთ, რომ მგელო წონაში იკლებდა, და ჩემმა ქალიშვილმა ვეტექიმთან წაიყვანა.­ ვეტექიმს უთქვამს, ირლანდიური ვულფჰაუნდია­ (მგელმგუდავი), ძალიან იშვიათი ჯიში, საქართველოში­ არც არის და მიკვირს, საიდან გაჩნდა, ვინ გაიმეტა გარეთ გამოსაგდებადო. მერე დავგუგლე და ერთი-ერთში­ იყო ის თვისებები, რითაც გვაოცებდა - არ ყეფდა, ადამიანების მიმართ აგრესია არ ჰქონდა, ძაღლები ვერაფერს უბედავდნენ. აღმოჩნდა, რომ მგელოს ჯანმრთელობა ჰქონია შერყეული და წლამდე იცხოვრა ჩვენთან.

ჩემს გოგონას ჩვენს საადვოკატო ოფისთან ერთი ძაღლი შეხვდა, რომელიც ყველას მისდევდა, უსინათლო იყო, შეეცოდა, მანქანა­ არ დაეჯახოსო, და მეექვსე სართულზე ამოიყვანა. ყოველ დილა-საღამოს ამ ძაღლს ამოვიჩრიდით იღლიაში, ჩავიყვანდით და ამოვიყვანდით. საახალწლოდ ზურამ ისიც შინ წამოიყვანა - ახალი წლის დღეებში იქ არავინ იქნება, მარტო ცოდოაო, მერე დარჩა კიდეც ჩვენთან.­ ჯუსტინა დავარქვით და გასტერილება დავუპირეთ, რაზეც უარი გვითხრეს. აღმოჩნდა, რომ ტრავმირებული ყოფილა, ფაშვი ჰქონია გახეული და არც ერთი ორგანო­ თავის ადგილას არ იყო, გული მუცელში ჰქონდა... შელი თუ სადმე­ მიგვყავდა, ჯუსტინაც უნდა წაგვეყვანა, სათევზაოდაც დაგვყავდა. მოკლედ, გავულამაზეთ ცხოვრება და სიკვდილამდე ბედნიერი იყო.

416365666-1403331130278902-5746708921940436783-n-1706477621.jpg

"ჩემმა ექსპერიმენტმა გაამართლა"

- ერთი ექსპერიმენტი გამომივიდა: ადვოკატ ქართლოს ღარიბაშვილის მეზობელმა ქართლოსთან ერთად ქორწილში დაგვპატიჟა. მანქანა ქართლოსის ეზოში დავაყენეთ. მას ერთი დიდი ნაგაზი რიჩი ჰყავდა, ძალიან აგრესიული. ქართლოსის ეზოშ­ი სხვა სტუმრებსაც ჰყავდათ მანქანა გაჩერებული და წამოსვლა რომ დავაპირეთ, გვითხრეს, მანქანა ვერ გამოგვყავს, ძაღლი გამოვარდნილა და შიშით ვერ შევდივართო. ზურას ვუთხარი, წამოდი, ჩვენ არაფერს დაგვიშავებს-მეთქი. ვიცოდი, რიჩი მიმიშვებდა და გეტყვით, რატომ ვიყავი ამ ძაღლში ასე დარწმუნებული. ქართლოსი არ შეგვიწუხებია, მის გარეშე წავედით და როცა ეზოში შევედით, ძაღლი ყეფით გამოვარდა ჩვენკენ, რიჩი-მეთქი, დავუძახე და სვლა შეანელა, მერე შემომახტა და დამიწყო ლოკვა. ზურა გაშტერდა, მასთანაც მივიდა, მანქანაში ჩავსხედით და წამოვედით. ზურამ გზაში მკითხა, ეს რა იყოო. ვუთხარი, ექსპერიმენტი ჩავატარე, დაგავიწყდა, რომ რიჩის ნანახი ვყავართ-მეთქი? მაშინ 4 თვის ლეკვი იყო და მას მერე 3-4 წელი იყო გასული. 2 თვის ასაკიდან ლეკვი იმახსოვრებს სუნს, რაზეც კარგი ან ცუდი ასოციაცია უცოცხლდება და რეაქციაც შესაბამისი აქვს. მას ჩემს სუნზე კარგი მოგონება ჰქონდა და კუდის ქიცინით შემეგება.

419459763-387839220502541-7295483986378181944-n-1706477621.jpg

"მე და გველუკები"

- არც გველების მეშინია... როცა გველს გადავეყრები, ვესაუბრები მშვიდად, თბილად. გაგებული მაქვს, რომ გველს რეაქცია აქვს ჰაერის ვიბრაციაზე, შესაბამისად, მკვეთრ მოძრაობებზე და არც აგრესიული ხმები უნდა გამოუშვა. გველთან არ უნდა იმღერო საბრძოლო მარში, მაგრამ "იავნანას" თუ იმღერებ, პრობლემა არაა (იცინის). გიურზას გარდა, საქართველოში არც არის საშიში გველები და იქით თუ არ იგრძნეს საფრთხე, თავს არ გესხმიან. ზაფხულში, როდესაც ხშირ ბალახში მივდივარ, ან ტბაზე ჩავდივარ სათევზაოდ, სადაც შეიძლება გველი იყოს, ვესაუბრები: აბა, ჩემო გველუკებო, როგორ ხართ, ხომ ხართ კარგად, ანუ ვაგრძნობინებ, რომ არა ვარ საშიში. ვინმემ რომ მომისმინოს, იფიქრებს, ეს ქალი სულელიაო. ხელშიც ამიყვანია. ერთხელ თევზაობის მერე ზურგჩანთაში დამხვდა, გამოვიყვანე­ და დედასთან გავუშვი. ერთხელაც თევზაობის დროს ჭიაყელები გამითავდა და მათ ქვების ქვეშ ვეძებდი, ავწიე ქვა და დახვეული გველი დამხვდა, გულწრფელად მოვუბოდიშე, უკაცრავად, მყუდროება დაგირღვიე-მეთქი, და ისევ დავაფარე ქვა. მერე ვფიქრობდი, ხომ არ გავგიჟდი, გველს ვებოდიშები-მეთქი.

"ჩვენი უმცროსი ძმები"

- ასე მგონია, წინა ცხოვრებაში მეც რომელიღაცა ცხოველი ვიყავი... ძაღლებს ისე ველაპარაკები, როგორც ადამიანებსა და თანასწორებს. დარწმუნებული ვარ, შაბურასაც, ბისისაც და დანარჩენებსაც ყველაფერი ესმოდათ - ვუყვებოდი, რა მოხდა­ იმ დღეს, როგორ ხასიათზე ვიყავი და ისინიც მისმენდნენ. ვერ აღვიქვამდი, რომ ისინი იყვნენ ცხოველები, მე კი ადამიანი. მათ ფიქრებსაც კი ვკითხულობდი. ინდიელები ცხოველებს უმცროს ძმებს უწოდებენ. მეც მიმაჩნია, რომ ჩვენი უმცროსი ძმები არიან. ჩემთვის არც იმას აქვს მნიშვნელობა, ჯიშიანია თუ უჯიშო. სხვათა შორის, უჯიშოები უფრო მოსიყვარულე და ჭკვიანები არიან. ხშირად ადამიანებს ცხოველები იმიტომ კი არ ჰყავთ, რომ უყვართ, იმიტომ, რომ მოდაშია, ან იმ დროს უნდოდათ, მერე რაღაც პრობლემები რომ შეექმნათ, გამოაგდეს... ცხოველისთვის დიდი სტრესია პატრონის შეცვლა. ჩვენ გვყავს ძაღლები და კატებს ვყავართ ჩვენ - ეს აქსიომაა. თანდათან დავრწმუნდი, რომ ძაღლებისთვის ადამიანები ღმერთებივით არიან.