„ჩვენში უკულტურობა ზეობს, ნელ-ნელა ველურებად გადავიქცევით...“ - კვირის პალიტრა

„ჩვენში უკულტურობა ზეობს, ნელ-ნელა ველურებად გადავიქცევით...“

"რამდენი ძველი და ახალი საგანძური გვაქვს მუსიკაშიც, თეატრშიც, პოეზიასა და მწერლობაშიც, რითაც ცხადად ჩანს, ერთი მხრივ, ჩვენი ერის თვითმყოფადი შემოქმედებითი გენია, თვალუწვდენელი სიმაღლე, უნიკალურობა, და მეორე მხრივ, საოცრად ორგანული ერთიანობა ევროპულ კულტურასთან... თანაც, ეროვნულის, ევროპულისა და აზიურის საკვირველი სინთეზი ქართული კულტურისა და მსოფლმხედველობის, ეთნოფსიქოლოგიის უმთავრესი თავისებურებაა", - ჩვენი სტუმარია ადამიანი, რომელსაც­ პატრიარქი საგალობლებს კარნახობს;­ ადამიანი, რომლის სახელთანაც არაერთი­ დიდი წარმატებაა დაკავშირებული. ახლახან­ მიხეილ თუმანიშვილის სახელ­ობის­ ხელო­ვნების საერთაშორისო ფესტივალის­ ჯი­ლდო “გადაეცა სრულყოფილებისათვის ხელო­ვ­ნებაში. ჩვენი სტუმარია სამების­ საკა­თედრო ტაძრის მგალობელთა გუნდ­ის რეგენტი, ხელოვნებათმცოდნე და დირიჟორი­ სიმონ ჯანგულაშვილი:

- თუ ცეცხლი არ გიკიდია იმ მუსი­კის­ სიყვარულით, რასაც ასრულებ, არ გამოვა­ არაფერი. ამას ქმნი სხვებთან ერთად. რეპეტიციებზე გრძნობ, რომ პატარა ნაპერწკალს აგდებ, ხოლო ცეცხლი ინთება.

- ძალიან ახალგაზრდამ შექმენით გუნდი,­ რომელმაც დიდი აღიარება მოგიტანათ.

- ჩვენი გუნდი მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით 1998 წელს შეიქმნა. 20 წლის ვიყავი, ბიჭები უფრო პატარები­ იყვნენ. ბევრს ახლა თავისი გუნდები ჰყავს­ და სხვადასხვა ტაძარში რეგენტობენ. მაშინ სამების ტაძარი ჯერ არ იყო აშენებული.­ თავიდან ნარიყალაზე, წმინდა ნიკოლოზის­ ტაძარში ვგალობდით. მახსოვს, წმინდა ნიკოლოზს როგორ ვთხოვდი, აქედან არ წამიყვანო-მეთქი. და თუ წამიყვან, აი, იქ, სამების ადგილზე წამიყვანე-მეთქი. მერე ისე აეწყო, რომ იმ ტაძრიდან გამოგვიშვეს, ეს ამბავი პატრიარქამდე მივიდა და დაგვიძახეს­ საპატრიარქოში. უწმინდესმა პირდაპირ მე მომმართა, თქვენზე ამბობენ, რომ კარგად გალობთ და მღერითო. გვითხრა, თქვენ სიონში, ჩემს წირვაზე უნდა იგალობოთო. ეს ისეთი მოულოდნელი­ იყო, თან 90-იანი წლებია, წარმოიდგინეთ, რამხელა სიხარული­ იყო ამის მოსმენა. მალე უწმინდესმა ისევ დამიძახა და მითხრა, თქვენ უნდა ჩამოაყალიბოთ სამების გუნდიო. კონსერვატორიის პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი და ვუპასუხე, ამის გამოცდილება არა მაქვს-მეთქი. უწმინდესმა გამიღიმა და მითხრა, თუ ერთმანეთს გაიტანთ, ჩამოაყალიბებთ გუნდსო. აი, ასე დავიწყეთ. უწმინდესის სურვილია, რომ გუნდი 100-კაციანი იყოს, მაგრამ ეს ძალიან ძნელია.

- დღეს კი სიქსტეს კაპელაში დაუვიწყარი საღამო გამართეთ...

- ეს ჩვენი პატრიარქის დამსახურებაა, მისი დიდი ხნის იდეა იყო. უნდა აღინიშნოს რომის პაპის დამსახურებაც, რომელმაც­ პატრიარქის სიყვარულის გამო უპრეცედენტო რამ გააკეთა. როცა მას შევხვდი, ვუთხარი, გმადლობY, რომ ევროპის გული გაგვიხსენით და აქ გვამღერეთ-მეთქი. ეს ქართული მუსიკის დამსახურება და მადლია. სიქსტეს კაპელაში ტურისტს 5 წუთით უშვებენ, ფოტოს გადაღებისა და ხმამა­ღალი ლაპარაკის უფლებას არ გაძლევენ, ჩვენ კი 2-საათიანი რეპეტიცია და შემდეგ კონცერტი გვქონდა. მერე კიდევ 1 საათით დაგვტოვეს­ და ფოტოები გადაგვაღებინეს.

- არაერთ ქვეყანაში გიმოგზაურიათ, რომელს გამოარჩევთ?

- უწმინდესთან ერთად იერუსალიმში გახლდით. მაცხოვრის შობის 2000 წლისთავის აღსანიშნავ სადღესასწაულო მსახურებაში ვმონაწილეობდით, ასევე მაცხოვრის­ საფლავზე, ბეთლემში ჩატარებულ დიდ წირვებშიც. შემდეგ იერუსალმის მთავარ დარბაზში კონცერტი გავმართეთ. წამოსვ­ლის­ წინადღეს მაცხოვრის საფლავზე მივე­დით.­ გვიცნეს, საქართველოს პატრიარქის მგალობლები არიანო და ურიგოდ შეგვიშვეს... დაუვიწყარი იყო პატრიარქთან ერთად ათონის მთაზე მოგზაურობაც. მაშინ პირველად აღევლინა საპატრიარქო წირვა ივერიის ღვთისმშობლის ხატთან. უწმინდესი ხატის წინაშე დიდხანს უხმოდ, ტირილით ლოცულობდა. ყველას ცრემლი გვედგა თვალზე.

- უწმინდესი რომ გამორჩეულია, ყველა აღიარებს. თუმცა შეუძლებელია მისი მუსიკალური ნიჭი ცალკე არ აღინიშნოს.

- ამდენი წელია მის გვერდით ვარ და ვერ ვისწავლე მისგან ყოვლისმიმტევებელი და უპირობო სიყვარული. მისი ცხოვრება თავგანწირვაა ხელოვნებისა და მეგობრებისთვის, როგორც კომპოზიტორი კი გენიალური საგუნდო შედევრების ავტორია, საოცარი სიმფონიურო ნაწარმოებების ავტორი. როდესაც მისი შედევრის, "მემორის" მეორე ნაწილი გია ყანჩელმა მოისმინა, თქვა, გენიალურიაო.

418933536-189662534207052-7327634372855542043-n-1706478128.jpg

- და ასეთ ადამიანს ხშირად გულს ვტკენთ...

- ჩემი აზრით, პატრიარქის ყველაზე­ დიდი ტრაგედია ის არის, რომ მისი აღზრდილები თუ გამორჩეულნი და ნაკურთხნი­ ძალიან სუსტები და ცოდვილები ვართ, არ ვასრულებთ მის დარიგებებს, მის მსოფლმხედველობას, რომელიც რწმენის, ფილოსოფიის, მეცნიერებისა და ჰუმანიზის, უმაღლესი და უპირობო სიყვარულის იდეალებს, ღირებულებებსა და მის სინთეზს ემყარება.

- ერთხელ თქვენგან ასეთი ფრაზა მოვისმინე, საქართველოში უკულტურობა ზეობსო...

- აბა, რა გითხრათ? საქართველოში არაფრად მივიჩნევთ ჰამლეტ გონაშვილს... გამუდმებით ვლანძღავთ ჩვენგან განსხვავებული გემოვნების ან მოსაზრებების ღვაწლმოსილ ხელოვანებს, არ ვუფასებთ ადამიანს მის შემოქმედებას და შენატანს ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობაში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენში უკულტურობა ზეობს. ველურებად გადავიქცევით ნელ-ნელა და გავქრებით, სამაგიეროდ, აღზევდებიან სხვადასხვა კანტორაში მოკალათებული ფულზე დახამებული უტიფარი ჩინოვნიკები, ზოგი ჰალსტუხით, ზოგი პანაღიით რომ მალავს საკუთარ უგულობას. კიდევ ერთი უბედურება სჭირს ჩვენს თანამედროვეობას, ქართული რადიკალიზმის კიდევ ერთი გამოვლინება. ყველამ ვიცით "ნაცებისა" და მათი იდეოლოგების "ყველაფროლოგობა", დილეტანტობა, მათი იდეოლოგია, რომ ყველაფერი ქართული ცუდია, საბჭოთაა, ნაგავშია გადასაგდები, უკიდურესი (ნეო)ლიბერალიზმი, რომელიც კრიმინალამდე და შიზოფრენიამდე მიდის. სამწუხაროდ, მეორე მხარესაც გაჩნდა რადიკალიზმი - იმდენად ცდილობენ ამ რადიკალიზმის მომხრეები, მქადაგებლები და დამნერგავნი, რომ დაუპირისპირდნენ ზემოთქმულთა ნათქვამსა და ნაქნარს, რომ საპირისპირო რადიკალიზმში ჩაცვივდნენ - ყველაფერი დასავლური ძალიან ცუდია და ყველაფერი საბჭოთა ძალიან კარგი იყო. ამ ხალხის იდეოლოგია კატეგორიულია, გაყინული, ფუნდამენტალისტური, დილეტანტური... ეს ყველაზე მეტად გამოჩნდა სტალინზე ისევ გააქტიურებული დისკუსიისას.

1923 წლამდე სტალინი იყო ეროვნებათა კომისარი რუსეთში და მისი იდეაა საბჭოთა კავშირის მოწყობის მოდელიც და მისი დანერგვაც. ის ზრუნავდა კარიერაზე, ზრუნავდა, რომ რუსული იმპერიის მმართველი გამხდარიყო ლენინის მერე, დაემარცხებინა ტროცკი­, სხვები და თვითონ ყოფილიყო იმპერატორი. თავის კარიერიზმს შესწირა სამშობლო - ყველაფერი გააკეთა, რომ 1921 წელს დაეპყროთ საქართველო რუსებს­, რომ დაესაჯა საქა­რთველო - ჩვენი მიწები ირგვლივ ყველა მეზობელს დაურიგა. მისი წყალობით სამუდამოდ დავკარგეთ ტაო-კლარჯეთი, რომელიც 1921 წლამდე ჩვენი იყო, საინგილო, ლორე-ტაშირი, ყარაია, დვალეთი.

მისი პირდაპირი იდეით შეიქმნა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ავტონომიები. დროა, შევხედოთ სინამდვილეს თვალებში!­ ამ ულვაშიანმა ბოროტებამ საკუთარ კარიერას შესწირა სამშობლო. ცხადია, სტალინი იყო საქართველოს ყველაზე დიდი მტერი! მან ჩვენ სამუდამოდ დაგვაკარგვინა ტერიტორიების ნახევარი!

არ უნდა გავტყდეთ. არადა, რა ძნელია...

თუკი დააკვირდები ბევრ რამეს (სამყაროს ჰარმონიას, ხელოვნებას, სიყვარულს), ხედავ, რომ სამყაროში არსებობს, მეფობს სიყვარული, სიკეთე, ღმერთი...

შეგვეწიოს ჯვარზე ნაწამები და მოკლული სიყვარული.

რუსუდან შაიშმელაშვილი