"კუკუშკის“ გაჩერება არ შეიძლება, ის ხეობაში უნდა დავაბრუნოთ!“ - კვირის პალიტრა

"კუკუშკის“ გაჩერება არ შეიძლება, ის ხეობაში უნდა დავაბრუნოთ!“

ბორჯომ-ბაკურიანში წელსაც ბარაქიანად თოვს, ტრადიციულად დამსვენებელიც ბევრია და ბორჯომ-ბაკურიანის ხეობაშიც "ტრადიციული" სიჩუმეა - ანუ შესაძლოა ეს სიჩუმე ტრადიციულად გადაიქცეს, თუ ყველასთვის საყვარელი "კუკუშკა" კვლავ არ ამოქმედდება. მატარებელი უკვე მეოთხე წელიწადია გაჩერებულია და აქაურობას­ აღარ ახმიანებს. ის 1902 წლიდან ჩვენს ეპოქამდე გაუჩერებლად მოძრაობდა და ამ ხნის განმავლობაში საქართველოში დაბადებულ ყველა თაობას დაატარებდა.

როდესაც საბოლოოდ გაქარწყლდა მითი, რომ "კუკუშკა" პანდემიის გამო იყო გაჩერებული, სოცსივრცე "კუკუშკას" დაბრუნების მოთხოვნებით გაჯერდა. ამ რკინიგზის პერსონალს "კუკუშკის" გაჩერების მიზეზად ოთხი წლის წინ სწორედ პანდემია დაუსახელეს, რის გამოც ყველა ფიქრობდა, რომ შინ დროებით მიდიოდა. თუმცა ტყუილად, დღეს ბევრი აქაური რკინიგზელი გათავისუფლებულია სამსახურიდან, რაც ლოგიკურია, როდესაც მატარებელი აღარ არის, მემანქანე რაღა საჭიროა! ეს იმ დროს, როდესაც ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზას (თავისი "კუკუშკით", ეიფელის ხიდით და სადგურებიანად) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. საქართველოს კანონმდებლობით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს იცავს კანონი, რომელიც არავის აძლევს უფლებას ისე მოექცეს მათ, როგორც სურს. ამ კანონის წყალობით ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზის დაზიანება, რა თქმა უნდა, დასჯადია. თუმცა რკინიგზა­ შესაძლოა დაზიანდეს უმოქმედობითაც და ეს კარგად იციან იმ რკინიგზელებმა, რომლებიც ათეული წლებია რკინიგზაში მუშაობენ. მათ შორის არის მემანქანე თემურ თედიაშვილი­, რომელიც "კუკუშკაზე" მემანქანედ რამდენიმე ათეული წელი მუშაობდა, დღეს კი მუშად მუშაობს.

- ალბათ, ძალიან გენატრებათ იმ ულამაზესი გზის გავლა, რომელზე ყოველდღე დადიოდით. უცხოელ ტურისტებს ხშირად უთქვამთ, რომ მსგავსი რამ მსოფლიოში იშვიათია.

- ტურისტებისგან ეს მეც ბევრჯერ მომისმენია. ერთხელ შვეიცარიელი ტურისტი­ "გამიგიჟდა", ჩვენი 37-კილომეტრიანი ბორჯომ-ბაკურიანის ხეობა რომ გავატარე, გამუდმებით იმეორებდა, რა სილამაზეაო! თარჯიმანი ახლდა და შევეკითხე, შე კაცო, ნუთუ შვეიცარიის ალპებზე უფრო ლამაზია აქაურობა-მეთქი. რას ამბობო! შვეიცარიის ალპებში მარტო ალპებს ხედავ, ზედ მცენარე არ არის, აქ კი სულ სიმწვანეაო! მაგისთანა ტურისტი იმ 45 წელიწადში, როცა მატარებელს დავატარებდი, ბევრი მინახავს.

"კუკუშკა" და მისი გზაც ისე მიყვარს, როგორც საკუთარი სახლი. "კუკუშკასთან" დამშვიდობების შემდეგ იმავეს ვგრძნობ,­ რასაც, ალბათ, იმ მშობლიური სახლის მიტოვებისას იგრძნობენ, რომელშიც 45 წელი ცხოვრობდნენ. რკინიგზელები ვხედავდით, რომ ყველაფერი ნელ-ნელა "კუკუშკის" გაჩერებისაკენ მიდიოდა, მაგრამ მაინც არ გვჯეროდა. ვფიქრობდი, სახელმწიფო ამ მატარებელს არ გააჩერებს-მეთქი!

421061620-293763223686345-5343816851891428482-n-1706478283.jpg

- მართლაც არ იყო ეს ადვილი წარმოსადგენი: უპირველესად რკინიგზა ისტორიულია, 2017 წელს მატერიალური ძეგლის სტატუსიც აქვს მინიჭებული, თანაც, ამოქმედების დროიდან, 1902 წლიდან არ გაჩერებულა. არც მეორე მსოფლიო ომის დროს და არც გასულ 90-იან წლებში, როდესაც ყველაფერი დადუმდა.

- 90-იან წლებში ეს რკინიგზა რომ არ ყოფილიყო, რა ეშველებოდა ხეობის მოსახლეობას. ოთხი წლის წინ ჩვენთვის არც უთქვამთ, რომ მისი გაჩერება იყო ჩაფიქრებული. გამოგვიცხადეს, პანდემიის გამო უნდა გავჩერდეთო. თუმცა სამსახურში რომ დავბრუნდით, "კუკუშკა" არც მაშინ ამუშავე­ბულა. 18 კაცი გაგვიშვეს. მითხრეს, საპენსიო ასაკის გამო გიშვებთო. ასაკი მართლაც მაქვს, მაგრამ მუშაობაში ხელი არ შეუშლია. ამჟამად მუშად ვმუშაობ.

- თავად "კუკუშკა" ახლა სად არის, არ დააზიანებს წლობით უქმობა?

- რომ არ დაიჟანგოს, რკინიგზის რელსები და შპალები არ გამოვიდეს მწყობრიდან, ვაგონებს რიგრიგობით უბამენ ელმავლებს და დაჰყავთ ამ რკინიგზაზე.

- სპეციალისტები ამბობენ, რკინიგზის ლიანდაგები უკვე ისეთი გაცვეთილი იყო, რომ მოძრაობა აღარ შეიძლებოდა.

- მართლაც ასეა. ბოლო წლებში­ ახალი­ რელსებიც აღარ შემოდიოდა, ამიტომ­ ისევ ძველ რელსებს­ გადაადგილებ­დნენ ხოლმე. მაგალითად, თუ რელსი შედარებით დატვირთულ მონაკვეთში (ვთქვათ, მოსახვევში) მეტად გაიცვითებოდა, მოხსნიდნენ და შედარებით უსაფრთხო მონაკ­ვეთში გადაიტანდნენ. იქიდან კი საღ რელსს წამოიღებდნენ და დაზიანებულ მონაკვეთში ჩასვამდნენ. ადრე, "კუკუშკის" სიჩქარეც მეტი იყო, - საათში 25 კილომეტრი, გზას ბორჯომიდან ბაკურიანამდე 2 საათში ვფარავდით. მერე სიჩქარე შეგვიმცირეს, საათში 15კმ/წთ-ზე დაგვიყვანეს და უკვე 2 საათი და 20 წუთი მაინც გვჭირდებოდა გზის დასაფარად. მაშინაც ყველაფერი რიგზე არ იყო, მაგრამ მაინც ვახერხებდით მუშაობას.

ამ რკინიგზის გაჩერება არ შეიძლება! ის განძია! ვისაც ეს არ უნახავს, ვერავინ წარმოიდგენს, რა ბედნიერია ხალხი "კუკუშკით" მგზავრობის დროს. ერთხელ ამერიკელები დაგვემგზავრნენ. ცოლი მთელი გზა მატარებლის მოძრაობას იღებდა, კაცი კი ჭკუაზე აღარ იყო ბედნიერებით, არ იცით, ამ კადრებით ამერიკაში რამხელა ფულის გამომუშავება შეიძლება, მთელ მსოფლიოში ვმოგზაურობთ, მაგრამ არ გვინახავს, ასე ორგანულად იყოს ერთმანეთთან შერწყმული ბუნების სილამაზე, ისტორია და თანამედროვეობააო. "კუკუშკას" ბოლომდე ჩეხური ელმავალი დარჩა და ჩეხები­ გიჟდებოდნენ, ნუთუ ეს სილამაზე ჩვენ გავაკეთეთო! არადა, ამ სილამაზის მთავარი საიდუმლო ის არის, რომ გზის ხეობაა ულამაზესი.

- გეთანხმებით, თუმცა ადამიანის ნახე­ლავიც განსაკუთრებული და ისტორიულია.

- კი, ესეცაა. ის, რომ რკინიგზა ვიწროლიანდაგიანია, რომლის მსგავსი მსოფ­ლიოში იშვიათია, ესეც უნდა ითქვას. გარდა ამისა, ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზას 36-გრადუსიანი დახრილობა აქვს. ესეც მსოფლიო რკინიგზების მარგალიტია, ანუ მატარებელი ყოველ კილომეტრში 36 მეტრის სიმაღლეზე ადი-ჩადის. ამ დროს ავარია რომ არ მოხდეს, "კუკუშკას" აქვს თვითმუხრუჭები, რომლებითაც თავს იკონტროლებს, აღმართ-დაღმართებში თავისით მუხრუჭდება და ანელებს მოძრაობას. იმიტომაც გაძლო "კუკუშკამ" საუკუნის განმავლობაში გაუჩერებლად. რუსეთის იმპერატორებმა ის სათავისოდ გააკეთეს, ყველაფერი იღონეს, რომ მეფური ყოფილიყო, მერე კი ჩვენ დაგვრჩა როგორც უნიკალური სიმდიდრე, რომლის მოვლისთვის სახელმწიფოს ჭკუა-გონებაა საჭირო. მართალია, რკინიგზა სახელმწიფო ობიექტია და­ მგზა­ვრობა შედარებით იაფი იყო, მაგრამ ბოლო წლებში სახელმწიფო "კუკუშკისაგან" სხვა შემოსავალსაც იღებდა - არასამუშაო საათებში ხალხი მატარებელს ქირაობდა და ამ ხეობის სილამაზეში აწყობდა დღესასწაულებს.

- როგორც ცნობილია, სახელმწიფოს ჯერ "კუკუშკის" აღდგენა არა აქვს დაგეგმილი, თუმცა დათვლილია, რომ მხოლოდ მატარებლის აღდგენას 90 მილიონი ლარი ესაჭიროება.

- ეგ ჩვენც ვიცით, მაგრამ სახელმ­წიფომ ხომ უნდა იფიქროს, რას კარგავს­ "კუკუშკის" დაკარგვით. როცა ქვეყანაში­ მთავარი შემოსავალი ჯერჯერობით ტურიზმია, ასეთი ტურისტული ობიექტი რატომ­ უნდა გააჩერო. ამასთან, საქართველო­ში თაობა არ ყოფილა, რომელსაც "კუკუშკით" არ ემგზავროს, ახლანდელი ბავშვები კი ამ სიამოვნებას ტოვებენ და მაგაზე მტკივა გული: რომელი დისნეილენდი საქართველოში გვაქვს, რომ ბავშვებს ეს სიამოვნებაც მოვაკლოთ?! "კუკუშკაზე" ხომ სიმღერებია შექმნილი, ამიტომაც ხეობაში უნდა დავაბრუნოთ, უეჭველად და ულაპარაკოდ!