„რომელ კურორტზე უნდა წახვიდეთ, რომელ სტადიაში, რამდენი დღით, რომელ სეზონზე - ამას დიდი მნიშვნელობა აქვს“
სად და როგორ დავისვენოთ, ეს კითხვა მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, თუ შინ პატარა გვყავს, რომლის ჯანრთელობა და იმუნიტეტიც საზრუნავია. ამიტომ დღეს ჩვენი რესპონდენტი ექიმი-კურორტოლოგი, მედიცინის დოქტორი მარინა ტაბიძე იქნება:
- პირველ რიგში, ვისაუბროთ იმაზე, რისთვის არის საჭირო დასვენება. სიტყვა "რეკრეაცია" ნიშნავს ძალის აღდგენას. ადამიანმა უნდა აღიდგინოს დაკარგული ფიზიკური, ინტელექტუალური და ემოციური პოტენციალი, რომელსაც ის ყოველდღიურობაში სამუშაოზე თუ სხვადასხვა პრობლემის გადაწყვეტაში ხარჯავს. თუ აღვადგენთ ამ სამივე ფაქტორს, ესე იგი, ორგანიზმი ძლიერია და ებრძვის გარეგან ფაქტორებს, რაც ყოველ ნაბიჯზეა.
- ბავშვისთვის მთაში დასვენება უფრო მნიშვნელოვანია თუ ზღვაზე?
- მთის კლიმატი ადამიანის ორგანიზმში სხვადასხვა ფიზიოლოგიურ ძვრას იწვევს. ჯერ ერთი, ძლიერდება იმუნიტეტი, ძლიერდება ჟანგვა-აღდგენითი პროცესები და ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგება, რაც თავისთავად სხვადასხვა ბიოქიმიურ ძვრას იწვევს ორგანიზმში. რაც უფრო მაღლა ავდივართ მთაში, ჟანგბადის პარციალური წნევა მით უფრო კლებულობს, ხოლო როდესაც ჰაერში ჟანგბადის რაოდენობა მცირდება, ორგანიზმი იწყებს ძალის მობილიზაციას, რათა წონასწორობა დაიცვას. ზუსტად ამ დროს ძლიერდება ჟანგვა-აღდგენითი პროცესები, ჟანგბადით მომარაგება და რაც მთავარია, ძლიერდება სისხლის წარმოქმნა, ანუ სისხლში ჰემოგლობინის რაოდენობა მატულობს. ამიტომ მთის კლიმატი, მით უმეტეს, ზამთარში, ძალიან კარგია ისეთი ბავშვებისთვის, რომელთაც აქვთ ანემია, დასუსტებული არიან რომელიმე ინფექციური დაავადების შემდეგ ან გადაიღალნენ. აუცილებელი არ არის მაინცდამაინც ისეთ ფეშენებელურ კურორტებზე წავიდეთ, როგორიც ბაკურიანი ან გუდაურია. საქართველოში თითქმის ყველა სოფელი, სადაც არ არის მავნე წარმოებები, კურორტია, სადაც სუფთა ჰაერია, წყალი, მდინარეა, წიწვოვანი ტყეა... თბილისს გარშემო აკრავს ბავშვთა კურორტები: კიკეთი, მანგლისი, კოჯორი, საგურამო, ოქროყანა, ტაბახმელა მდებარეობს ზღვის დონიდან 800-1200 მეტრზე და არ არის ძალიან დამტვირთავი ბავშვის ორგანიზმისთვის. აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ 2 წლამდე ბავშვებს 2000 მეტრ სიმაღლეზე მაღლა უჭირთ გაძლება, თუნდაც ბაკურიანში, როდესაც ბავშვი შესაძლოა საბაგიროთი გაასეირნონ. 2-5 წლამდე ბავშვის 2500 მეტრზე საბაგიროთი აყვანა არც შეიძლება, მისთვის ეს მძიმე გადასატანია. 5 წლის მერე ბავშვი უკვე ადაპტირებულია და შეუძლია ამ სიმაღლეზე ყოფნა. მაღალმთიანი კურორტები, მაგალითად, ბაკურიანი და შოვი, რომელიც 1800 მეტრზე ზემოთაა, იმ ზრდასრულ ადამიანზეც მოქმედებს, რომელსაც აქვს ჰიპერტონიული ან გულის დაავადებები.
- რამდენი ხანია დასვენების, ანუ კურორტული მკურნალობის კურსი?
- მინიმუმ 3 კვირა. ბავშვის ორგანიზმს 5-დან 10 დღემდე სჭირდება ადაპტაცია ახალ გარემოსთან. შაბათ-კვირა ინტელექტუალური და ემოციური დასვენებისთვის არის, და არა ფიზიკურისთვის, იმიტომ, რომ ორგანიზმი ვერ ასწრებს დასვენებას.
- ზღვის კურორტების სიკეთეებზეც ვისაუბროთ.
- მთის კლიმატი მატრენირებელია, ზღვა კი ამშვიდებს. ზღვის კომპლექსი - ჰაერის, მზისა და ზღვის აბაზანები ძალიან სასარგებლოა. ყველა კურორტს თავისი ჩვენება და უკუჩვენება აქვს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომელ კურორტზე უნდა წახვიდეთ, რომელ სტადიაში, რამდენი დღით, რომელ სეზონზე. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს კურორტის შერჩევისას.
საკურორტო ბიზნესის ფასები საქართველოში
ტურისტები ზამთრის კურორტებზე მაღალი ფასების გამო ჩივიან. ბიზნესი კი ამბობს, რომ ზამთრის კურორტებზე ფასები ყველა ქვეყანაში მინიმუმ ორმაგია, ამიტომ საქართველო გამონაკლისი არაა. ამასთან, სოცქსელებში ხშირად იწერება, რომ გუდაურში კვება ძალიან ძვირია. მაგალითად, დამსვენებელს ხაჭაპურში 45 ლარი, ერთ ხინკალში 2,5 ლარი, პურში 10, პიცაში 43 ლარი, 1 ბოთლ წყალში 5 ლარი, ხოლო ჭიქა ყავაში 18 ლარის გადახდა უწევს. საკურორტო ბიზნესის წარმომადგენლები სამასპინძლო ბიზნესში სიძვირის მიზეზებად დედაქალაქიდან მოზიდული პერსონალის ხელფასსა და შორ მანძილზე დისტრიბუციის ხარჯებს ასახელებენ.