"თანამედროვე მოდას სილაღე, სილამაზე და ქალურობა აკლია“
რა არის მოდა, როდის იყო ის ტენდენციური, რის შემდეგ გახდა დემოკრატიული და რა ითვლება 2024 წელს ტრენდულად, ამის შესახებ დიზაინერ თინათინ მაღალაშვილს ვესაუბრეთ.
- მოდა ცოცხალი ორგანიზმია. მას მდიდარი ისტორია აქვს, ცივილიზაციის განვითარებას მიჰყვება. თუ ადრე ათასწლეულები სჭირდებოდა ცვლილებებს, მერე კი ასწლეულები, მე-20 საუკუნეში უკვე ყოველ 10 წელიწადში იცვლებოდა, ხოლო 2000-იანებიდან ყოველ წელიწადში ერთხელ იცვლება. ეს არის დიდი მორევი, სადაც ტრიალებს ძველი, ახალი და მომავლის ტენდენციები და ამ მორევიდან ადამიანმა უნდა ამოარჩიოს, მოასწროს, მოირგოს საკუთარი სტილი. ეს საინტერესო პროცესია, საინტერესო სფერო, სადაც სულ ცვლილებებია ფერების, სტილის, რაც მოდაში ძალიან მნიშვნელოვანია. შანელი ამბობდა: "მოდა გადადის მოდიდან, სტილი კი რჩება". შესაძლოა დიზაინერებმა შექმნან მრავალფეროვანი კოლექციები, მაგრამ იყოს ერთი მთავარი სტილი, რომელიც წლების შემდეგ ისევ განმეორდება.
ახლა ტრენდულია ბრწყინვალე 90-იანების სტილი. როდესაც ვუყურებ ჩემი შვილების თაობას, სწორედ ისე იცვამენ, როგორც მე სტუდენტობის დროს. 90-იანი წლები ყველასთვის ნოსტალგიური იყო. ეს ის პერიოდია, როცა ქალი იყო ლამაზი, ბუნებრივი, ლაღი. ეს სილაღე, სილამაზე და ქალურობა აკლია თანამედროვე მოდას.
- იყო პერიოდი, როდესაც ქალური ფორმები, სილუეტები, თუნდაც სინაზე დახვეწილობა, თითქოს უკანა პლანზე გადავიდა.
- ოვერსაიზმა ჩაყლაპა. სასიხარულოა, რომ წელს დაბრუნდა ქალურობა, ტანზე მოყვანილი სილუეტი, თუმცა ოვერსაიზი ისევ ინარჩუნებს პოპულარობას პარალელურ სამყაროში, სადაც არის ფუტურიზმი, აბსტრაქცია. ამ ყველაფერს ყოველთვის მიჰყვება პარალელურ ხაზად კლასიკა, დახვეწილი ელეგანტური სტილი. უხეშად რომ ვთქვათ, სადაც არის ბალენსიაგა, იქ ყოველთვის არის შანელი და დიორი, მდიდარი კულტურისა და სტილის მქონე მოდის სახლები.
- რომელთაც ვერაფერი ჩაანაცვლებს.
- გეთანხმებით, იმიტომ, რომ ახალს ვერავინ ვერაფერს გამოიგონებს. ტრიალებს ის საინტერესო სტილი, რომელიც დავიწყებულია. შემდეგ კარგად დავიწყებული ახლად შემოგვაქვს. წელს ტანზე მოყვანილი სილუეტების გარდა, ტრენდულია მიდი-კაბები ორიგინალური ჭრილებით. უცნაური ასიმეტრიული ჭრილები ისევ მოდურია. ისევ ტრენდულია ბიზნესსტილი, მაგრამ წელს სიმსუბუქე შეიძინა, მსუბუქი ქალური ფორმები, დაიმატა ბაფთები, დეკორი, ნაქარგები. ბიზნესსტილში არის ფაქტურული მრავალფეროვნება, ბრჭყვიალა ზედაპირები, მოხატული პრინტები, ისევ მოდურია მწერების პრინტები, ნაქარგები და ა. შ. ასე რომ, ბიზნესსტილში შევიდა ცოტა პრეტ-ა-პორტე, ქუჩის სტილი, ანუ ბიზნესსტილში ყველაფრის მიქსი მოხდა. ბიზნესსტილს შეიძლება შეუსაბამო კლასიკური ფეხსაცმელი, ან სპორტული.
- ფერებზე რას გვეტყვით?
- ამერიკის ფერის ინსტიტუტი ბაზრის მოთხოვნებს, ტენდენციებს იკვლევს, წელიწადში ორჯერ მისი თანამშრომლები იკრიბებიან და დეკემბერში წლის მთავარ ფერს აცხადებენ. ფერის ინსტიტუტს 50-წლიანი ისტორია აქვს. თავიდან მხოლოდ საღებავებს ქმნიდა და მოდის სამყაროს ამარაგებდა. 60-იანი წლების დამდეგიდან კი შექმნა პალიტრა, სადაც შედიოდა ყველა ფერი, ნახევარტონი, რომელთაც კოდები მიანიჭა. ეს დიდი სიახლე იყო მაშინდელი სამყაროსთვის. დიზაინერებს შეეძლოთ იოლად აერჩიათ სასურველი ფერი. პარადოქსია - შემოდგომაზე დიზაინერები და მოდის სახლები უკვე აჩვენებენ გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებს და შემდეგ ცხადდება ფერი. ასე რომ, კი, ვამბობთ, რომ 2024 წლის ტენდენციური ფერი ატმისფერია, მაგრამ მოდის სახლებმა უკვე გამოიტანეს კოლექციები, სადაც დომინირებს ალუბლისფერი, მუქი წითელი, შავი, თეთრი, მწვანის ტონალობა, ვერცხლისფერი, ოქროსფერი, ბრჭყვიალა ზედაპირები და ჯერ ატმისფერი არ ჩანს. ალბათ, მას შემოდგომის კოლექციებში ვნახავთ.
- როგორი ფეხსაცმელია 2024-ში ტრენდული?
- შემოვიდა 90-იანების პლატფორმა. პარალელურად ვხვდებით კლასიკურ ფეხსაცმელს წვეტიანი ცხვირით, ოთხკუთხედი ქუსლით.
- რომელი ნივთები უნდა იყოს ყველა ქალის გარდერობში?
- კარგი იქნება ჰქონდეთ უკვდავი შანელის პატარა შავი კაბა და მას მოარგონ სხვადასხვა ბროში, რომელიც წელს ძალიან მოდურია, ან შეუხამონ სხვა სამკაული, შარფი, ჩანთა... მრავალფეროვნებისთვის აქსესუარს დიდი მნიშვნელობა აქვს.