საწოლს მიჯაჭვული ხელოვანთა მუზა - კვირის პალიტრა

საწოლს მიჯაჭვული ხელოვანთა მუზა

1907 წელს მექსიკაში დაიბადა გოგონა, სახელად მაგდალენა კარმენ ფრიდა კალოი კალდერონი, რომელსაც მოგვიანებით მსოფლიო ფრიდა კალოს სახელით გაიცნობს. ის მრავალი დიზაინერის, ხელოვანისა და რეჟისორის მუზა გახდება. ქალი, რომელიც თავისი ცხოვრებითა­ და შემოქმედებით, არტისტული ხედვით, მრავალი გამოცემის მთავარი თემა ყოფილა. "კვირის პალიტრის" მკითხველს ვთავაზობთ ინტერვიუს ბარსელონის უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიის მიმართულების დირექტორთან, პროფესორ ირენ ბალესტერ ბიუჯისთან, რომელიც წლების განმავლობაში იკვლევდა ფრიდა კალოს ცხოვრებას.

420019902-2062449774114898-8103706643186477759-n-1706480278.jpg

საბედისწერო შემთხვევა

- დღეს ფრიდა კალოს ეთაყვანებიან როგორც ნოვატორ არტისტს, პოლიტაქტივისტსა და ფემინისტს. ფრიდას შემოქმედება დაკავშირებულია სიურრეალიზმთან, ჯადოსნურ რეალიზმთან, მექსიკასთან, იმ პერიოდის მოვლენებთან. მის ნახატებში ვხვდებით ინტიმურ თემატიკას, მექსიკურ კულტურას, მის ძიებას. 6 წლის ასაკში მას პოლიომიელიტი განუვითარდა, რამაც ცალი ფეხის კიდური დაუთხელა, რასაც ფრიდა გრძელი კაბებით მალავდა. პოპულარული ქალი მხატვრის შემოქმედებითი­ ცხოვრება ხატვით სულაც არ დაწყებულა, მას ექიმობა სურდა, როდესაც საზარელი ტრაგედია დაატყდა თავს 18 წლის ასაკში. 1925 წელს ტრამვაისა და ავტობუსის, რომელშიც ფრიდა იჯდა, შეჯახების შედეგად ამოვარდნილმა რკინის ხელსაჭიდმა ხერხემალი, კუდუსუნი და ნეკნები მძიმედ დაუზიანა. მხატვარმა ერთხანს სიარული შეძლო, მოგვიანებით კი ლოგინად ჩავარდა და სიკვდილამდე საშინელ ტკივილს უძლებდა. ავარიის შემდგომ ფრიდამ თავი დაანება სამედიცინო სასწავლებელს და ხატვა დაიწყო, სადაც კარგად არის ასახული მისი განცდები. სწორედ საწოლს მიჯაჭვულმა შექმნა­ ყველაზე მეტი ნამუშევარი. მისი 143 ტილოდან 55 ავტოპორტრეტია. 1953 წელს ფრიდას უკვე დიდხანს ჯდომა აღარ შეეძლო, თან განგრენა განუვითარდა, რამაც ფეხის ამპუტაციამდე მიიყვანა.

ფრიდა და დიეგო

- 1928 წელს ფრიდამ გაიცნო მექსიკელი მხატვარი, მურალისტი დიეგო რივერა, რომელიც 21 წლით უფროსი იყო მასზე. დიეგოს ორი უიღბლო ქორწინება გამოევლო და მათ დაქორწინებას სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ფრიდას ოჯახი, თუმცა 22 წლის ფრიდა და 42 წლის დიეგო დაოჯახდნენ და ამ ქორწინებამ სამუდამოდ გასტანა, მიუხედავად უამრავი სირთულისა, ღალატისა და სკანდალებისა, რომლითაც სავსე იყო მათი ოჯახური ცხოვრება.­ დიეგოს მრავალრიცხოვანი რომანების მიუხედავად, ყველაზე მძიმე ფრიდასთვის მისი ქმრისა და დის რომანი აღმოჩნდა, რაც დიეგომ არ უარყო, ეს კი 1940 წელს განქორწინების საბაბი გახდა. განშორების მიუხედავად, წყვილმა ვერ შეძლო ცალ-ცალკე ცხოვრება და ერთი წლის შემდეგ შერიგდნენ. რომანები არ აკლდა ფრიდასაც, მას რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა როგორც კაცებთან, ასევე ქალებთან, თუმცა დიეგოსადმი მიწერილ ერთ-ერთ წერილში ვკითხულობთ: "ჩემს თავზე მეტად მიყვარხარ, ჩემს ფიქრებსა და განცდებზე მეტად, შენ, ალბათ, ასე ვერასდროს შემიყვარებ... მე გაღმერთებ". 1953 წელს ფრიდამ პირველი პერსონალური გამოფენა გამართა მეხიკოში, სადაც სასწრაფო დახმარების მანქანით მიიყვანეს, რადგან ექიმების რეკომენდაციით გაუნძრევლად უნდა წოლილიყო. გამოფენიდან რამდენიმე თვეში ფრიდას მარჯვენა ფეხის ამპუტაცია გაუკეთდა.

სიცოცხლის ბოლოს მას, როგორც საუკეთესო მხატვარს, ბევრ ქვეყანაში იცნობდნენ. 1954 წელს 47 წლის ფრიდა ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. მარტო დარჩენილმა დიეგომ ერთ ინტერვიუში თქვა: "მე დავკარგე სიყვარული, ფრიდა, სამუდამოდ. ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი მოგონება სწორედ ის არის, რომ ფრიდა მიყვარდა".

ნახატი 34 მილიონად

419971869-1040549723905031-6682082980833242232-n-1706480278.jpg

- 2007 წელს ლუვრის მუზეუმმა შეიძინა ფრიდა კალოს ნახატი, შესრულებული 1938 წელს, სახელწოდებით "ჩარჩო" და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მექსიკელი ხელოვანის ნამუშევარი საერთაშორისო მუზეუმში მოხვდა. ეს ნახატი ამჟამად ჟორჟ პომპიდუს ცენტრში ინახება. ფრიდას ნახატების ფასი წლების განმავლობაში მატულობს. 1977 წელს "სოთბის" აუქციონზე მისი ფერწერული ტილო "იმედის ხეო, იდექი სწორად" 19.000 დოლარად გაიყიდა. 1984 წელს ფრიდა კალოს შემოქმედებას მექსიკის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა, რის გამოც მისი ნამუშევრები საერთაშორისო აუქციონებზე იშვიათად ხვდებოდა. 1990 წელს მისი ნახატი "დიეგო და მე" მილიონ დოლარზე მეტად გაიყიდა - ფრიდა კალო იყო პირველი ლათინოამერიკელი ხელოვანი, რომლის ნახატები ხშირად მილიონზე მეტად ფასობდა. 2021 წელს იგივე ფერწერული ტილო "სოთბის" აუქციონზე 34,9 მილიონად გაიყიდა. ნახატი, სადაც ფრიდას შუბლზე გამოსახულია მისი მეუღლე დიეგო რივერა, მხატვარმა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, 1954 წელს დაასრულა.

ძალიან მნიშვნელოვანია ფFრიდა კალოს გავლენა მოდაზე, ნაკლებად ცნობილი ფაქტია, რომ ფრიდა მოდურ გამოცემა "ვოგის" ფურცლებზე პირველად 1937 წელს გამოჩნდა - "მექსიკელი ქალები" ერქვა სტატიას, სადაც ფრიდაზეც იყო ნაამბობი. 1939 წელს დაიბეჭდა მისი ფოტოც, რომელიც მაშინდელმა შეყვარებულმა ნიკოლას მურეიმ გადაუღო, გარდაცვალებიდან 60 წლის შემდეგ კი, 2012 წელს, ჟურნალმა "ვოგმა" ფრიდა ყდაზეც დაბეჭდა. მისი ნაწნავებიანი ვარცხნილობა, გადაბმული წარბები, კორსეტი და ფერადოვნება ბევრი ხელოვანის მუზა გამხდარა, მათ შორის, "დიორის" კრეატიული დირექტორის მარია გრაცია ჩიურის, რომელმაც 2023 წლის ერთ-ერთი კოლექცია მექსიკაში წარადგინა, მოდელები კი ფრიდას სტილში შემოსა. სხვადასხვა პერიოდში ფრიდას შემოქმედების გავლენა განიცადეს დიზაინერებმა კაროლინა ერერამ, დოლჩე& და გაბანამ, ჟივანშიმ.