ძველი-ახალი მესიჯბოქსი როგორ პიარკამპანიას ირჩევენ პარტიები
როგორია დღეს პოლიტიკური სპექტრის მესიჯბოქსები და არის თუ არა მოლოდინი, რომ ეს მესიჯები არჩევნებისთვის იმუშავებს, ამ საკითხებზე პოლიტიკის ანალიტიკოსებს, რამაზ საყვარელიძესა და დავით ზურაბიშვილს ვესაუბრეთ.
"ოცნება" ითვლის უკეთესად..."
რამაზ საყვარელიძე: - "ქართული ოცნების" მესიჯბოქსი ნამდვილად იქნება ეროვნულობის დაცვა. თუმცა, ალბათ, ამ ფორმულირებით სხვა პარტიებიც შემოვლენ არჩევნებში. არიან კონსერვატიული პარტიები, რომლებისთვისაც ეროვნულობის დაცვას წამყვანი ადგილი უკავია, ოღონდ სავარაუდოდ, ამ სულისკვეთების მექანიზმებზე ილაპარაკებს მხოლოდ "ოცნება", რადგან ეს მექანიზმები, ჯერ ერთი, მის ხელშია, როგორც ხელისუფლებაში მყოფისთვის, და მეორეც, მან გადადგა ძალიან ქმედითი ნაბიჯები. თუნდაც ის, რომ რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, გამყარდა ჩინეთთან ურთიერთობა, რადგან ჩინეთის "შუა დერეფნის" პროექტი სწორედ ეროვნული ინტერესების დაცვაა. შესაძლოა ეს მომენტი "ოცნებამ" არც კი გამოიყენოს, მაგრამ ჩემთვის ეროვნულობის დაცვაში ეს ნაბიჯი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია.
- როგორ ფიქრობთ, "გარეჯი საქართველოას" ამ არჩევნებზე რა ჩაანაცვლებს?
- ახლაც, ალბათ, პატრიოტული თემა იქნება მნიშვნელოვანი, მაგრამ საარჩევნო სლოგანის წინასწარ განსაზღვრა მიჭირს, რადგან ამაზე შეიძლება არსებითად იმოქმედოს ივანიშვილის დაბრუნებამ. ივანიშვილმა ილაპარაკა კორუფციის თემაზე და არ არის გამორიცხული, აქცენტისთვის ერთ-ერთი ეს აღმოჩნდეს.
- სწორია ეს გათვლა, ექნება შედეგი?
- ივანიშვილმა თქვა, "ოცნებას" კონკურენტი არ ჰყავსო, და ეს მართლაც ასეა. როცა კონკურენტი არ გყავს, მაშინ სისწორეს და შეცდომას ერთი ფასი აქვს. "ქართული ოცნება" ვერ წააგებს, და თუ ვერ წააგებს, ვერანაირი სლოგანით ვერ დაუშვებს დიდ შეცდომას, ამიტომ მეეჭვება, შეცდომის დაშვების ძალიან დიდი საფრთხე ემუქრებოდეს. რასაც, სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით ოპოზიციურ პარტიებზე.
- ოპოზიცია რა შეცდომას უშვებს?
- ეს არის მთავარი სათქმელის არარსებობა. რა არის ოპოზიციის მთავარი სათქმელი? - ეს არის "შევცვალოთ ხელისუფლება". მეტს ხომ არაფერს არ ამბობენ? რუსული "ოცნება", რუსი ივანიშვილი, გარდა იმისა, რომ ძალიან მომაბეზრებელია, პოლიტიკაში ძალიან წამგებიანია. ამით გამოდის, რომ ოპოზიცია მხოლოდ იმიტომ უნდა აირჩიონ, რომ შეცვალონ ხელისუფლება. ეს ამოცანა აქვს ხალხს? 2012 წელს ეს ამოცანა იდგა, რადგან ციხეები გადავსებული იყო, ახლა კი აღარ არის. ერთ-ერთი, რაც შეიძლება დღეს საქართველოში მცხოვრებ ხალხს უნდოდეს, შეიძლება სწორედ პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერება იყოს. ბოლო ხანებში ეს სურვილი იმანაც გააძლიერა, რომ ქართველებმა თავი დაჩაგრულად იგრძნეს, უფრო ევროპელებისგან დაჩაგრულად, ვგულისხმობ სტატუსის არმოცემის ამბებს. "ქართულმა ოცნებამ" ეს იცის და იყენებს კიდეც. ოპოზიციაზე კი ვერ ვიტყვი, რომ იცის, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნისთვის აუცილებელია ძლიერი ოპოზიცია და დაუშვებელია "ოცნების" დატოვება მხოლობით რიცხვში. სამწუხაროდ, იმედს, რომ სახელმწიფოებრივი ალტერნატივა გაჩნდება, ოპოზიცია ვერ ამართლებს. შესაბამისია მათი მესიჯბოქსებიც. ვერ ვხვდები, რაზეა გათვლილი ეს ყველაფერი. მაგალითად, "ლელო" ის პარტიაა, რომელსაც ყველაზე კარგად უნდა ეხერხებოდეს დათვლა, არადა, საერთოდ, აცდენილია ამას. თავის დროზე კაკო ბაქრაძე ამბობდა, ქართველებმა თვლა არ ვიცითო, მას შემდეგ რამდენი წელი გავიდა და მაინც ვერ ვისწავლეთ. ისევ "ქართული ოცნება" ითვლის უკეთესად და დიდი ეჭვი მაქვს, ეს ივანიშვილის დამსახურებაა.
"ვინ დაუჭერს "ლელოს" მხარს?!"
დავით ზურაბიშვილი: - ხელისუფლების მესიჯბოქსი ძალიან მარტივია - თვითონ არიან ძალიან რელიგიურები, ტრადიციული ღირებულების დამცველები და მათ უპირისპირდებიან უსამშობლოები, ეკლესიის მტრები, რომლებიც ადამიანებიც კი არ არიან, მაგრამ ხელისუფლება იმდენად დემოკრატიულია, რომ ამათ იტანს დემოკრატიის ხათრით, თორემ ესენი რა ასატანები არიან. ახალი არაფერია - დემონიზება, მტრის ხატი "ნაცმოძრაობის" სახით და პლუს თავის ყველაფრის დამცველად წარმოდგენა. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გამოიკვეთა, რომ ეკლესიას და რელიგიას მტრობენ. მეორე მხარეს, "ნაცმოძრაობას", გარდა იმისა, რომ ივანიშვილი რუსეთია, სხვა მესიჯბოქსი არც ჰქონია და არც ახლა ექნება.
- "რუსი ივანიშვილის" ძახილი იმდენად მოსაბეზრებელი გახდა, ექნება გავლენა?
- რა თქმა უნდა, ვერ ექნება, მით უმეტეს, თუ ხელისუფლებამ რაღაც საშინელი პრორუსული არ ჩაიდინა. თუ ასეთი რაღაც არ მიქარა, როგორიც იყო, დავუშვათ, "აგენტების კანონის" მიღება. თუმცა, როდესაც ხელისუფლება რაღაც ანტიდასავლურს აკეთებს, მაშინვე რეაგირებს საზოგადოება და ეს არ ხდება მხოლოდ "ნაცმოძრაობის" თემა. ახლა როგორიც არის, ასე რომ გააგრძელოს, ცხადია, "ნაცმოძრაობის" ეს მესიჯი არ იქნება ეფექტური, ბიძინას დემონიზება გაცილებით რთულია, ვიდრე სააკაშვილისა და "ნაცმოძრაობის". ამათი დემონიზება რთული კი არა, საზოგადოების ერთ ნაწილში უკვე მომხდარია. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, როდესაც ხელისუფლება ახალი შეცვლილი იყო, ადამიანებს რომ ველაპარაკებოდი, კი, "ნაცმოძრაობა" და "ნაცმოძრაობის" მმართველობა მათთვის მიუღებელი იყო, მაგრამ სიტყვა "ნაცი" მათთვის არ იყო რაღაც ვამპირის თუ ურჩხულის ფსევდონიმი. ახლა ზოგს რომ ვუსმენ, დაახლოებით ასე აღიქვამენ. როგორც ადამიანსა და ქვეყნის მოქალაქეს კი არ აღიქვამენ, არამედ როგორც რაღაც არსებას, ადამიანისადმი მტრულად განწყობილს. ამიტომაც ასეთი მესიჯბოქსების ჭიდილით ისევ ხელისუფლება გაიმარჯვებს. უფრო მნიშვნელოვანია, დანარჩენ ოპოზიციას ჰქონდეს განსხვავებული მესიჯბოქსი.
- "ლელოს" მესიჯბოქსზე რას ფიქრობთ? ხაზარაძე დღეებს უთვლის ივანიშვილს, რამდენ ხანში იქნება მოსკოვში. ახლა სიმბოლოც გაჩნდა მის კამპანიაში - თქვა, რომ საქართველოში თავისი "ფორდ მუსტანგით" იმოგზაურებს. რა შედეგი ექნება ამას?
- "ლელო" იმავე "ნაცმოძრაობის" მესიჯბოქსზე ზის, არჩევნებს ჩვენ მოვიგებთ და ივანიშვილი მოსკოვში გაიქცევაო. "ნაცმოძრაობის" რიტორიკისგან არაფრით განსხვავდება. ამით რას ცდილობს, არ ვიცი, რადგან პოლიტიკური ტექნოლოგიის თვალსაზრისით, ძალიან მცდარი ნაბიჯია, როდესაც ცდილობ სხვისი მესიჯით მიიღო ხმები. ის ამომრჩეველი, ვისაც მიაჩნია, რომ ივანიშვილი რუსია და მისთვის მთავარია, ბიძინა გააგდოს, მხარს დაუჭერს იმას, ვისაც ბიძინას გაგდების მეტი შანსი აქვს და 2%-იანს უფრო მეტი შანსი აქვს თუ 15%-იანს? რა თქმა უნდა, 15%-იანს და ამიტომ მხარს დაუჭერს იმას და არა შენ. ამიტომაც, შენ 2-3% რომ გაქვს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიმეორო 15%-იანის მესიჯი. გაუგებარია, "ლელოს" ხმა ვინ უნდა მისცეს, გარდა ახლობლებისა. რასაც "ლელო" ამბობს, თუ ეთანხმები, "ნაცმოძრაობას" უნდა მისცე ხმა და ვინ დაუჭერს ამათ მხარს?!
- რითი ხსნით "ლელოს" ამ შეცდომას?
- ელემენტარული უცოდინარობით. ხაზარაძე წარმატებული ბიზნესმენია, მაგრამ პოლიტიკა აბსოლუტურად სხვა სისტემაა. მე არ მინახავს ბიზნესმენი, ვისაც პოლიტიკაში შეცდომა არ დაეშვას. სხვათა შორის, ივანიშვილსაც იგივე შეცდომები ჰქონდა - ყველაფერს მხოლოდ ბიზნესის გადმოსახედიდან უყურებენ...
- ითქვა, რომ "ლელომ" ცნობილი პიარმენეჯერი დაიქირავა. ელოდებით, რომ მათ მესიჯბოქსში რამე შეიცვლება?
- მე ამ პიარკამპანიებზე და მით უმეტეს, საზღვარგარეთიდან ჩამოყვანილების დაგეგმილზე კარგი წარმოდგენა არა მაქვს. რამდენი ასეთი გვინახავს ჯერ კიდევ ჟვანიას დროიდან... ალასანიას დროსაც მახსოვს, ამერიკელი პიარკამპანიის წარმომადგენელი გვყავდა და ისეთ დღეში ჩაგვაგდო, ჭკუიდან გადაგვიყვანა. ისიც მახსოვს, შვარცენეგერის პიარის წარმომადგენელი რომ ატარებდა გამყრელიძის კამპანიას და მერე კარგა ხანს მას "ექიმი, მეწარმე, ლიდერის" სლოგანის გამო მასხრად იგდებდნენ. ზოგადი სქემები იცის ყველამ, მაგრამ ადგილობრივ სპეციფიკას თუ არ ითვალისწინებ, არაფერი გამოვა. მაგალითად, ალასანიას პიარკამპანიის ხელმძღვანელი ვერაფრით დავარწმუნე, რომ აღმართული ცერა თითი საქართველოში არ ნიშნავს პირველს და მხოლოდ ნიშნავს იმას, რომ კარგად არის საქმე. ეს ვერაფრით გავაგებინე, რადგან ამერიკულად თვლას რომ იწყებ, ჯერ ცერა თითს შლი და მერე სხვებს, ამიტომ ამერიკელებისთვის ეს პირველს ნიშნავს. ალასანია კი იმას უჯერებდა და არა მე და საბოლოოდ გამოვიდა, რომ ამ ჟესტის გამო საქართველოში ყველამ დაგვცინა. ამიტომაც არა მაქვს გადაჭარბებული წარმოდგენა უცხოელებზე. შეიძლება გირჩიონ, როგორ ჩაიცვა, როგორ გაიღიმო, მაგრამ ამასაც სპეციფიკა აქვს - საქართველოში შეიძლება სხვა რაღაც ჭრიდეს, რუსეთში სხვა, ამერიკაში სხვა. აქაურ სიტუაციაში უნდა იხარშებოდე კარგად და მერე ზოგადი პრინციპები მოარგო სიტუაციას.
- "ოცნების" პიარკამპანიის ხელმძღვანელი მოშე კლუგჰაფტის კამპანიამ ხომ იმუშავა?
- მან იცის თავისი საქმე და როგორც ცნობილია, ის წარმატებულია სიძულვილის კამპანიებში. ამან კი ნამდვილად იმუშავა წინა არჩევნებზეც და ახლაც იმუშავებს. ალბათ, იქნება ისევ სისხლიანი ბანერები.
- გასაგებია, რომ "ოცნება" ორიენტირებულია ხალხის "ნაცებით" შეშინებაზე, მაგრამ ისევ ამაზე აპელირება არ მოძველდა?
- ყველაფერი დამოკიდებულია არა იმაზე, "ოცნება" რას ამბობს და "ნაცმოძრაობა" როგორ იქცევა, არამედ იმაზე, თუ სხვა ალტერნატივა რამდენად ძლიერია. თუ არ არის ძლიერი, მაშინ მოქმედებს.
- გახარიას მესიჯბოქსი განსხვავებულია და ის ალტერნატივა ვერ იქნება?
- გახარიას მესიჯბოქსი ნამდვილად არ იმეორებს სხვისას, მაგრამ მისი პრობლემა ის არის, რომ სრულფასოვანი ალტერნატივა ვერ არის. თუმცა ფაქტია, სხვა პარტიებთან შედარებით, ეს პარტია უკეთესად გამოიყურება და ვფიქრობ, 5%-იან ბარიერს გადალახავს, მაგრამ 15-20% რომ ჰქონდეს, ამის პერსპექტივას ვერ ვხედავ. ამიტომაც, თუ ალტერნატივაზე ვსაუბრობთ, სრულფასოვანი ალტერნატივა ვერ იქნება. ვისაც "ნაცები" არ უყვარს, ყველა მისკენ რომ წავიდეს, წარმოუდგენელი მგონია. გახარიას პრობლემა კიდევ ის იქნება, რომ "ოცნების" პროდასავლელი ამომრჩეველი, თუ "ოცნებამ" რაღაც ძალიან ანტიდასავლური არ ილაპარაკა, "ხალხის ძალის" ენით არ დაიწყო ლაპარაკი და პლუს კიდევ რაღაც არ შეცვალა, მაგალითად, ღარიბაშვილი რომ გაუშვას და ვიღაც ისეთი მოიყვანოს, ვინც დასავლეთისთვის უფრო მისაღები ტიპაჟი იქნება, მაგალითად, კახა კუჭავას მსგავსი ტიპი, ჩემი აზრით, ეს გახარიას პარტიისკენ გადახრილ "ოცნების" ამომრჩეველთა რიცხვს შეამცირებს.
- მელიასა და გვარამიას ფაქტობრივად დაანონსებულ ახალ პარტიას რა შანსი ექნება?
- არ ვიცი, მათთან ურთიერთობა არ მქონია და გარედან როგორც ჩანს, გვარამია და მელია თუ ერთად იქნებიან, ეს იქნება "ნაცმოძრაობა 2", რადგან გვარამია ძალიან არის ასოცირებული "ნაცმოძრაობასთან". ეს იქნება იმის ნიშანი, რომ სააკაშვილს მარჯვენა ხელი "ნაცმოძრაობაში" აქვს, მარცხენა კი აქ. შესაძლოა ამათაც გადალახონ 5%-იანი ბარიერი, მაგრამ ეს იქნება მთლიანად "ნაცმოძრაობის" ხარჯზე. ძალიან ცოტა იქნება ე.წ. შუაშისტ ამომრჩეველთა ის ნაწილი, ვინც მათ მისცემს ხმას. ამ შუაშისტებიდან ვისთვისაც "ნაცმოძრაობა" მიუღებელია, იქით არ წავა. ცალკე მელია და ვთქვათ, დეკანოიძე თუ იქნებიან, უფრო მეტი შანსი მგონია, აქეთ წამოვა ის ხალხი, ვისთვისაც "ნაცმოძრაობა" უფრო ნაკლები უბედურებაა, ვიდრე "ოცნება". გვარამია ძალიან არის ასოცირებული "ნაცმოძრაობასთან" და ახლა მშვიდობაზე, ერთობაზე და "არ უნდა დავიჭიროთ არავინ" განცხადებები რამდენად შეუცვლის იმიჯს, ძნელი სათქმელია. თუმცა, მგონია, მათ 5%-ის გადალახვის შანსი ორივე შემთხვევაში ექნებათ, მაგრამ მხოლოდ "ნაცმოძრაობის" ხარჯზე.
რუსა მაჩაიძე