ბურუსით მოცული კატასტროფა: ვინ ჩამოაგდო Ил-76?! - კვირის პალიტრა

ბურუსით მოცული კატასტროფა: ვინ ჩამოაგდო Ил-76?!

24 იანვრის დილას რუსეთის ბელგოროდთან სატრანსპორტო თვითმფრინავ Ил-76-ის ჩამოვარდნის გამო დიდი ვნებათაღელვა და გაურკვევლობა მთელი კვირაა გრძელდება.

რუსული ვერსიის თანახმად, ამ თვითმფრინავით გადაჰყავდათ ბელგოროდში 65 უკრაინელი სამხედრო ტყვე, რომლებიც უკრაინის საზღვართან რუსულ სამხედრო ტყვეებზე უნდა გადაეცვალათ. თვითმფრინავში ასევე იყვნენ ეკიპაჟის ექვსი წევრი და ტყვეების თანმხლები სამი პირი. ერთადერთ ვიდეოკადრში, რომელიც თვითმხილველმა გადაიღო, ჩანს ცეცხლწაკიდებული Ил-76-ის პიკირება და მიწაზე დაცემისას აფეთქება, ასევე კვამლის ღრუბელი ცაში, რაც ძალზე წააგავს საზენიტო რაკეტის აფეთქების კვალს, რაც დასტურდება კიდეც ჩამოვარდნილი Ил-76 -ის ფრაგმენტებზე მსხვილი ნახვრეტების აღმოჩენისას, რასაც, როგორც წესი, დიდი გაბარიტების და შორსმფრენი საზენიტო რაკეტის საბრძოლო ქობინში განთავსებული დამაზიანებელი ელემენტები ახდენენ დეტონაციისას დიდი სისწრაფით გატყორცნის შემდეგ, ამიტომაც, დიდი ალბათობით ეს უკრაინელების გაშვებული "პეტრიოტის" საზენიტო რაკეტის ნამოქმედარია, მით უმეტეს, ბოლო თვეებში სწორედ ასეთმა "მომთაბარე" "პეტრიოტმა" ჩამოაგდო რამდენიმე რუსული სამხედრო თვითმფრინავი. შეიქმნა რთული სიტუაცია - ერთი მხრივ, უკრაინის მხარეს საამაყოდ ექნებოდა საქმე, რადგან კვლავ გამოუვიდა მორიგი "საზენიტო ჩასაფრება" და უკრაინის ჩრდილოეთ საზღვრიდან 50-ოდე კმ-ის სიღრმეში, უშუალოდ რუსეთის ციდან "ჩამოხსნა" რუსეთის საოკუპაციო ძალების მძიმე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი. თუმცა, მეორე მხრივ, თუკი ამას მართლაც შეეწირა 65 უკრაინელი სამხედრო, ეს დიდი ტრაგედია იქნება უკრაინელებისთვის.

2-ili-1706481464.png
რუსული Ил-ის სატრანსპორტო კაბინაში ადამიანები ასე "ჩაწყობილი" სხედან და ადვილი წარმოსადგენია, რა საშინელება დატრიალდებოდა, როდესაც თვითმფრინავი პიკირებაზე გადავიდოდა...

იბადება რამდენიმე კითხვა, რომლებიც პასუხებს მოითხოვს: ჰქონდა თუ არა უფლება და ხომ არ დაარღვია უკრაინამ ომის კანონები რუსული Ил-76-ის ჩამოგდებით? მიუხედავად იმისა, რომ რუსული Ил-76 ტიპის თვითმფრინავები სამოქალაქო ავიაციის თვითმფრინავების ფერებად გადაღებილი დაფრინავენ (ეს წესი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მოდის, როდესაც სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებს "აეროფლოტს" აწერდნენ შენიღბვის მიზნით), ისინი რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციას ეკუთვნის, აღჭურვილი არიან ორი 23 მმ კალიბრის ავტომატური ქვემეხით კუდის ნაკვეთურში და შეუძლიათ 500 კგ კალიბრის ოთხი საავიაციო ბომბის წაღება და საბრძოლო გამოყენება.

შესაბამისად, მტრის საჰაერო სივრცეში საჰაერო სამიზნის ჩამოგდება არც ერთ საერთაშორისო კონვენციას არ არღვევდა, მით უმეტეს, უკრაინაზე თავდასხმის დღიდან მოსკოვმა თავად ჩაკეტა რუსეთის სამხრეთ ნაწილის 11 აეროპორტი და ბელგოროდის დაკეტილ აეროპორტთან გამოჩენილი საჰაერო სამიზნე ვერ იქნებოდა სამოქალაქო დანიშნულების.

ისხდნენ თუ არა უკრაინელი სამხედრო ტყვეები ჩამოგდებულ რუსულ Ил-76-ში? ამ კითხვაზე ამომწურავი პასუხი არც სამი დღის შემდეგ (ამ სტატიის დაწერის დროს) გაცემულა, რადგან რამდენიმე საეჭვო გარემოება იკვეთება: პირველი - რუსული მხარე ამტკიცებს, რომ ჩამოგდებულ თვითმფრინავში ექვსკაციანი ეკიპაჟის გარდა, 65 უკრაინელ სამხედრო ტყვეს მხოლოდ... სამი კაცი აცილებდა, რაც წარმოუდგენელია, რადგან სამი კონვოირი არ ეყოფა 65, გინდაც ხელშეკრულ ტყვეს, რომლებსაც ფეხები გახსნილი ექნებოდათ და მონდომების შემთხვევაში თავისუფლად შეძლებდნენ (ეკიპაჟის წევრები მხედველობაში მისაღები არ არიან, რადგან ისინი ფრენის დროს თავიანთ საქმეს აკეთებენ და არ ევალებათ ტყვეების გაკონტროლება) თვითმფრინავის აღებასა და კიევის აეროპორტში როგორც გამარჯვებულებს დაბრუნება ნაალაფარი 200-ტონიანი რუსული Ил-76-ით...

ისიც გასათვალისწინებელია, რომ თუკი უკრაინელი სამხედრო ტყვეები მართლაც იყვნენ თვითმფრინავში, მაშინ მათთან აუცილებლად უნდა ყოფილიყო ტყვეების გაცვლის კომისიის რამდენიმე წარმომადგენელი მაინც. არადა, მანამდე გაცვლილი უკრაინელი ყოფილი სამხედრო ტყვე იხსენებს, რომ ასეთივე Ил-76-ით ბელგოროდის აეროპორტში ჩაფრენისას მათ არანაკლებ 20-ავტომატიანი კონვოირი აცილებდა.

3-ili-1706481464.png
ჩამოგდებული და მიწაზე აფეთქებული რუსული Ил-ის ერთ-ერთი ფრაგმენტი

არის მეორე უცნაურობაც - აფეთქებული თვითმფრინავის ფრაგმენტების სიახლოვეს არ უპოვიათ ცხედრები. თუმცა ამას შეიძლება ახსნა მოეძებნოს - თუკი საფრენი აპარატი ჰაერშივე ფეთქდება და ფრაგმენტებად იშლება, მაშინ შიგ მსხდომთა სხეულები მართლაც დიდ ფართობზე გაიფანტება, ამ შემთხვევაში კი საზენიტო რაკეტის ახლოს აფეთქებით მძიმედ დაზიანებული რუსული Ил-76 პიკირებაში გადავიდა და ცხვირით "ჩაერჭო" მიწაში, რის შემდეგაც აფეთქდა. შესაბამისად, მასში მსხდომი მგზავრები, რომლებიც ორივე ბორტის გაყოლებაზე ასაკეც სკამებზე სხედან (და არა ისე, როგორც სამგზავრო თვითმფრინავებში, ერთმანეთის ზურგს უკან) და ამასთანავე, არ არიან დაბმული უსაფრთხოების ქამრებით, თვითმფრინავის პიკირებისას წინ, ცხვირის მხარეს გადაცვივდებოდნენ და მათი ძალზე დაზიანებული ცხედრების ფრაგმენტების გამოცალკევება ძლიერ დეფორმირებული ფიუზელაჟის ნაწილებიდან გახდებოდა საჭირო.

იცოდა თუ არ უკრაინის მხარემ, რომ რუსული Ил-76-ით ბელგოროდში უკრაინელი სამხედრო ტყვეები მიჰყავდათ გასაცვლელად? ამ კითხვაზე პასუხი უმთავრესია - თუკი იცოდნენ და მაინც ჩამოაგდეს, ეს ყველაფერს ცვლის...

როგორც ირკვევა, უკრაინის შეიარაღებული ძალების დაზვერვის მთავარმა სამმართველომ იცოდა, რომ 24 იანვარს სამხედრო ტყვეები უნდა გაეცვალათ რუსეთ-უკრაინის საზღვართან, რადგან ტყვეების გაცვლას სწორედ ბუდანოვის სამხედრო დაზვერვა კურირებს. მაგრამ იცოდა კი უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაურობამ, რომელიც სწორედ იმ "მომთაბარე" "პეტრიოტების" საზენიტო გათვლებს აძლევს დავალებებს, რომლებსაც ბელგოროდის ოლქის ციდან აქამდეც ჩამოუგდიათ რამდენიმე რუსული სამხედრო თვითმფრინავი შორსმოქმედი "პეტრიოტის" რაკეტებით? ხომ არ მოხდა შიდაუწყებრივი გაუგებრობა თავად უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის სტრუქტურებს შორის? ან ამ ყველაფრის უკან ხომ არ დგას პრეზიდენტ ზელენსკისა და მთავარსარდალ ზალუჟნის შორის არსებული დიდი ხნის უთანხმოება, რათა ეს ფაქტი გამოყენებულ იქნეს ზალუჟნის გადასაყენებლად?

კიდევ ბევრი ვერსია შეიძლება დაიბადოს, მაგრამ ჯერ გასარკვევია მთავარი - 65 უკრაინელი სამხედრო ტყვე მართლაც იჯდა თუ არა ჩამოგდებულ რუსულ Ил-76-ში?

რუსულმა პროპაგანდისტულმა ტელეგრამარხებმა Ил-76-ის ჩამოგდებიდან მესამე დღეს რამდენიმე მოკლე ვიდეორგოლი გაავრცელეს. პირველ მათგანზე მოჩანს სათვალთვალო ვიდეოკამერით გადაღებული ერთ-ერთ რუსულ აეროპორტში Ил-76-ში პატიმრების გადასაყვანი მანქანებიდან ადამიანების ჩასხდომის მომენტი, თუმცა ძნელია დადგენა, რამდენიმე საათში სწორედ Ил-76 ჩამოაგდეს თუ ეს ვიდეოკადრები სულ სხვა პროცესს ასახავს.

მეორე ვიდეორგოლი აჩვენებს კატასტროფის ადგილზე ნაპოვნ ორ ცხედარსა და მათ ტატუირებას, ასევე უკრაინელი მოქალაქეების სამ დოკუმენტს, რისი ავთენტიკურობაც დასადგენია, რადგან უკრაინული მხარე ეჭვობს - რუსული სპეცსამსახურები კატასტროფის ადგილზე იმიტომ არ უშვებენ საერთაშორისო დამკვირვებლებს, რომ თითქოს იქ ფრონტის ხაზზე დაღუპული უკრაინელი მებრძოლების ცხედრების მიტანა სურთ.

P.S. მიუხედავად იმისა, რომ 27 იანვრის­თვის, ჯერ კიდევ შეუძლებელი იყო იმის დარწმუნებით მტკიცება, რომ რუსული Ил- 76-ის ჩამოგდებისას მასში მართლაც ისხდნენ უკრაინელი სამხედრო ტყვეები, მაინც ვიტყვით - ეტყობა, მართლაც ასე იყო და უკრაინელი მეზენიტეების დიდი სიხარული ამხელა რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების გამო მალევე დიდი სინანულით შეიცვლება მძიმე ტყვეობაგამოვლილი თანამებრძოლების ავიაკატასტროფაში დაღუპვის გამო.

მსგავსი ფაქტი აფხაზეთის ომის დროსაც მოხდა...

ომის დროს საბრძოლო მოქმედებების ზონაში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების ფრენა ყოველთვის სარისკოა, რადგან ისინი აღიქმებიან სრულიად კანონიერ საჰაერო სამიზნედ, რადგან განეკუთვნებიან მოწინააღმდეგის სამხედრო უწყებას და გადააქვთ ან გადაჰყავთ სამხედრო დანიშნულების ტვირთები და მებრძოლები, მაგრამ არცთუ იშვიათად მათ სამოქალაქო პირებიც გადაჰყავთ, რაც ძალზე ამძიმებს სიტუაციას მათი ჩამოგდების შემთხვევაში...აფხაზეთის ომის დროს, 1992 წლის 14 დეკემბერს, ტყვარჩელიდან გუდაუთისკენ გაფრენილი შვეულმფრენი აფხაზეთის სვანეთში, სოფელ ლათასთან ქართულმა მხარემ საზენიტო "სტრელათი" ჩამოაგდო. დაიღუპა შვეულმფრენში მყოფი 80-ზე მეტი კაცი, რაც მაშინ მსოფლიო ავიაციის ისტორიაში ჩაიწერა როგორც ერთი შვეულმფრენის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა მაქსიმალური რაოდენობა... სამწუხაროდ, დაღუპულთა შორის იყვნენ ქალები და 35 ბავშვი, რაც აფხაზური მხარისთვის უდიდეს ტრაგედიად იქცა, რაშიც მათ ქართველებს დასდეს ბრალი... მაგრამ საზენიტო რაკეტის გამშვებებს საიდან უნდა სცოდნოდათ, რომ მათი სოფლის თავზე მფრენ კამუფლირებულ რუსულ სამხედრო-სატრანსპორტო Ми-8МТ-ში რუსი და აფხაზი სამხედროების გარდა, კიდევ ამდენი ბავშვი და ქალი იქნებოდა (საერთოდ, ამ ტიპის შვეულმფრენი მხოლოდ 24 მგზავრის გადასაყვანადაა განკუთვნილი)? ხოლო რუსული სამხედრო შვეულმფრენი, რომელსაც ქართულ მხარესთან შეუთანხმებლად გადაჰყავდა მებრძოლები და გადაჰქონდა იარაღი გუდაუთიდან ბლოკირებულ ტყვარჩელში, სრულიად კანონიერ სამიზნეს წარმოადგენდა, ისევე როგორც უკრაინელი მეზენიტეებისთვის რუსულ ბელგოროდთან გასულ კვირას ჩამოგდებული სამხედრო-სატრანსპორტო Ил-76 МД-90А...